Saturday, May 31, 2008

ფრთხილად! უსუსურები მოდიან!


გამსახურდიას ხელისუფლების ომითა და სისხლით დამმარცხებელი ხელისუფლება უკიდურესად უსუსური მმართველი აღმოჩნდა.

წაგებული ომები, დაუცველი მოქალაქეების მტერთან მიტოვება-გაწირვა...
სხვა მნიშვნელოვნებს აღარ ჩამოვთვლი.

საყოფაცხოვრებო უსუსურობები, რომელიც იყო.
-გაი-ს ეცვა ძალიან გახუნებული მარგანცოვკისფერი, რომელიღაც ქვეყნის ჩამოწერილი წინსაფრები.
-ჯარს არ ეცვა ფორმა. ოჯახი ყიდულობდა ჯარისკაცის ფორმას. ბატინკებს ბევრი ვერც ყიდულობდა.
-კერძო პირს ყველგან შეეძლო რაღაც თავისი მიეშენებინა სახლზე, ეზოში თუნდაც ეს ნაგებობა; გარაჟი, ლოჯია ძალიან უშნო ყოფილიყო ან თუნდაც მთელი სამეზობლოსთვის შეეშალა ხელი.
-რიტუალების სასახლე, შენობა რომელიც ზარ-ზეიმით გამოაცხადეს თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოდ და რეალურადაც ესეთი იყო, კერძო საცხოვრებელ სახლად მიჰყიდეს ციხეს გამოქცეულ რუს ბიზნესმენს.
-15 წლის მანძილზე თბილისის მერიამ გადმორგო ჭადარი რუსთაველზე, ფოსტის წინ, და
-ააშენა გაურკვეველი ბეტონის კიბე თუ გვირაბი ავლაბრის დაღმართზე, კლდეში. "საუკუნის მშენებლობა" 2წელი გრძელდებოდა და მისთვის 2 წელი გადაკეტილი იყო დაღმართის ერთი ხაზი.
-1997 წლის ზაფხულში ურეკში დასვენებისას ვხედავდით რომ ზღვაში თევზსაჭერ გემები ტრიალებდნენ და მიხაროდა, ეკონომიკის სრული პარეზის პირობებში ვიღაცამ მაინც მოახერხა საქმის ორგანიზება, ვიღაცა მაინც ცხოვრობს თავისი დაჭერილი თევზით მეთქი. ეს აღტაცება ადგილობრივმა მეთევზემ გაგვიქარვა - ესენი თურქული "ტრალშიკებია" ფსკერს "ტრალავენ" - ფხეკენ ათასწლეულების განმავლობაში ფსკერზე ნაგროვებ ორგანულ ფენას, რომელიც თევზებისათვის საკვებს წარმოადგენს, აგროვებენ და შემდეგ ალბათ თურქეთის სანაპიროებთან ჩაყრიანო, ჩვენს სანაპიროს კი მომავალში თევზი დააკლდებაო.

ფრთხილად! BRAZIANI უსუსურები მოდიან!

Friday, May 30, 2008

სააკაშვილმა რა ჰქმნა?


რიგი მომავალ საქართველოში -----რიგი დღევანდელში


რა ქნას მომავალი საქართველოს იდეალურმა პრეზიდენტმა წესიერი ქვეყნის ასაშენებლად ?

პოლიცია, პატრული, საზღვარი, საბაჟო,განათებული ეზოები, დახაზული ქუჩები, გზაჯვარედინების ვიდეო კონტროლი და სხვა წესიერი ქვეყნის ასაშენებლად გაკეთდება.

ამით მხოლოდ ისედაც წესიერი კაცს მიეცემა წესიერად ცხოვრების სტიმული,
უწესოებს კი ამ ღონისძიებების გარდა პლიუს პერმანენტულად უნდა უჩვენოს;

-ასფალტზე ლოყადადებული ყაჩაღის დაჭერა,
-ფარული კამერით გადაღებული კორუფციული გარიგებები,
-ხელებატრიალებული კორუმპირებული ჩინოვნიკები,
-ადამიანები, რომელთაც პიროვნული გავლენიანობისა და სიმპატიის მიუხედავად კანონი იჭერს.
-უნდა იზრუნოს სამართალდამცავთა მაღალ რეიტინგზე,
-უნდა დაიცვას პოლიციელები შავი პიარისაგან.
-უნდა იყოს პრინციპული,
-უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების შესრულების ნებისყოფა მიუხედავად იმისა მოსწონს ეს ხალხსა და მასმედიას თუ არა.
-თუკი სამშობლოს გაძლიერებას (მილიარდიან ინვესტიციას, ქვეყნის ექსტერიერს) კერძო მფლობელთა ინტერესები ეღობება უნდა შეძლოს ამ ბარიერის გადალახვა ისე რომ ხალხმა არ ჩათვალოს რომ მოძალადეა.
- პირადად უნდა იყო წესიერების სიმბოლო.



რა ქნა სააკაშვილმა როგორც პრეზიდენტმა 2003 წლიდან?

იგივე! თითქმის იგივე, რაც უნდა ქნას მომავალი საქართველოს იდეალურმა პრეზიდენტმა წესიერი ქვეყნის ასაშენებლად.


თითქმის იგივე.

ვინც მოქმედებს შეცდომასაც ის უშვებს:

კერძო ინტერესებთან ჭიდილში სახელმწიფოს მოძალადის დამღა დაემჩნა.
პოლიციის მაღალი რეიტინგის შენარჩუნების სურვილით გვირგვლიანის საქმის პროტეჟირებით მასმედიამ 5 თვიანი უფასო დეტექტიური სერიალი მიიღო საჩუქრად, ოპოზიციამ კი საფუარი, მეხუთე კოლონის საფუარი.

მაგრამ ძირითადად მაინც, არა მხოლოდ წარმატებები, არამედ გათვლილ მსხვერპლზე წასვლაც (განთავისუფლებული პოლიციელები, მებაჟეები, უმუშევრად დარჩენილი გარე მოვაჭრეები, გარაჟებ და ლოჯიებ დანგრეული ოჯახები) ამ ერთი მიზნის, საქართველოს წესიერ, განვითარებად და მშენებარე სუფთა ქვეყნად გადაქცევას ემსახურებოდა.

მე ოპოზიციასთან პრეტენზია ნაკლები მაქვს, მე მაწუხებს საქართველოში 200.000 მომიტინგეში 80%-ის თავგანწირვა – დაიბრუნონ უწესობის, საყოფაცხოვრებო თუ საზოგადოებრივი უწესობის უფლება, შეწყვიტონ საზოგადოს შენება გალამაზება, აღჭურვა, აღდგენა, მოვლა ერთი მიზნით – მეტი სარდელი შეხვდეთ ქვეყნის ბიუჯეტიდან.

დანარჩენ 20%-ს კი წესიერ იდეალისტებს ვურჩევ, ვურჩევ კი არა ვთხოვ.
- გაახილეთ თვალები.




ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზეა შემდგარი, წონასწორობის დაცვა უჭირს, თქვენ მას ლაყე კვერცხს უდებთ ხელში და ყურადღებას უფანტავთ, იმედია არა საბედისწეროდ.

წესიერი ქვეყანა


ჩემი მეგობარი მიშას ხსენებაზე წითლდება, იფოფრება და ავტომატივით აყრის; გიჟი, სულელი, გადარეული.

ლესელიძიდანაა.

გაეკიდები ხელზე საკოცნელად მეთქი, ვეუბნები ხოლმე გასაღიზიანებლად.

აბა ბიჭო, მეტი საქმე არა მაქვს მე მაგას გავეკიდოო.


არ წარმოუდგენია აფხაზეთში დაბრუნება.
მიაჩნია, რომ რაც ხელისუფლების მიერ კეთდება, მისთვის არ კეთდება, მისი მიზნის - სახლში დაბრუნებისათვის არ კეთდება.

მე კი პირიქით მგონია

საქართველოში რაც კეთდება ხელისუფლების მიერ, კეთდება ერთი მიზნით აფხაზეთში დასაბრუნებლად.

დიახ ყველაფერი!

საქართველო უნდა გახდეს წესიერი ქვეყანა.

პრეზიდენტი 2003 წლიდან მოყოლებული ერთს თხოულობს საკუთარი მოსახლეობისაგან - წესიერებას.
შანსს არ უშვებს რომ შეაქოს ხალხი ორგანიზებულობისა და წესიერების მცირე გამოვლინებისათვის.

მხოლოდ წესიერ საქართველოს გაუჩნდება მიზიდულობა აფხაზებისა და ოსებისათვის.

ისე, როგორც ჩვენ გვიზიდავს წესიერი ევროპა, წესიერ საქართველოც გაუჩნდება გულშემატკივრები და თეთრად, თუნდაც შავად მოშურნეები.

საქართველომ წესიერებით, დემოკრატიულობით, პროფესიონალიზმითა და სამართლიანი შიდა კონკურენციით უნდა აჯობოს რუსეთს, და არა სიმდიდრითა და სამხედრო ძალით.

შეუძლებელია საქართველომ იმაზე მეტი თანხა გაიღოს აფხაზეთისათვის, რასაც გაიღებს რუსეთი.

შეუძლებელია საქართველომ იმაზე მეტი ტანკი და თვითმფრინავი იქინიოს, რაც რუსეთს აქვს.

საქართველოს შანსი წესიერი ქვეყნის შექმნაშია.

და პირიქით, მას შემდეგ, რაც აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მითიურ დამოუკიდებლობაზე უარი თქვეს, საქართველოსთვის მთავარი წინააღმდეგობა თავის სეპარატისტულ რეგიონებთან მისი უწესობა, ანარქიულობა და წინასწარგანუსაზღვრებლობაა.

ჩვენ მძიმედ, ნელა, ზიგზაგებით, მაგრამ მაინც მივდივართ წესიერი ქვეყნისაკენ. ეს სვლა ძალიან შენელდა 2007 წლის ნოემბრის აქციებით, მაგრამ მტერი უარესსაც გეგმავდა .
-საქართველოს უწესობის კი არა, ანარქიის ჭაობში უპირებდა ჩახრჩობას. არ გამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში ჯერ.

ხელისუფლების მიერ ყველაფერი წესიერი საქართველოსათვის კეთდება. წესიერი ქვეყნის აშენების მიზნით გადაიმტერა, შეგნებულად გადაიმტერა თავისი მოქალაქეები: ყოფილი პოლიციელები, მებაჟეები, გარე მოვაჭრეები, გარაჟ-ლოჯიების მფლობელები, კორუფციული ბიზნესის მფლობელები, პრივილეგირებული კრინინალები.

ეს არის ომი.
ეს არის ომი საქართველოდ გასაერთიანებლად. უსისხლო ომი, სისხლიანი ომის რაციონალური ალტერნატივა.
ამ ომში კარგი ადამიანები არ კვდებიან, ამ ომში საეჭვო ადამიანები საეჭვო ქონებას და საეჭვო თავფისუფლებას კარგავენ.
უსამართლობები ხდება?
ხდება! გეთანხმები.
ადამიანები კვდებიან?
არა! არც ქართველი, არც აფხაზი და არც ოსი ა დ ა მ ია ნ ე ბ ი არ კვდებიან!

ამ სტრატეგიამ ყინულში ბზარები უკვე გააჩინა – სანაკოევს წარმოიდგენდით ადრე?
შეგიძლია წარმოიდგინო, რას ეტყვის სანაკოევი უბრალო ოს გლეხს სადღაც ჯავაში თავის აზრზე გადმოსაყვანად?

უკან წუმპეში!?



მაისაშვილის ფრაზა მენიშნა.
მენიშნა კი არა, მაპროვოცირა ამ პასუხზე.

მაისაშვილმა თქვა - ნაციონალების ამომრჩევლები სოროებში შემძვრალი მოსყიდული ხალხია, რომლებიც ხმამაღლა ვერ ამხელენ რომ ხმა სააკაშვილს მისცესო.

აი მე ვამბობ, იმ ტრიბუნიდან ვამბობ რომელიც მაქვს. და ამას ვამბობ უკვე მერვე თვეა, ვამბობ კი არა, ამჯერად უკვე ვყვირი! ხალხო გამოფხიზლდით - საქართველოს უკან ექაჩებიან, წუმპეში ექაჩებიან.

საქართველოს ხელში ჩაგდებას ცუდი ადამიანები ცდილობენ.

ხელისუფლება ცდილობს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ მრავალთავიან ჰომოსოვეტიკუს გველეშაპს.

შევიკრიბოთ, შევიკრიბოთ ის ხალხი ვინც 2003 წლის წვიმიან ნოემბერში ქუჩაში შიმშილმა და ზიზღმა კი არ გამოგვიყვანა, არამედ საქართველოს სიყვარულმა, საზოგადოს, საერთოს პატივისცემამ.

შევიკრიბოთ ისენი ვინც ამ 4 წელიწადში შევიცვალეთ. ვისაც შეგვიძლია აღიარება რომ ამ ხელისუფლებამ შეგვცვალა, შეგვცვალა უკეთესობისაკენ. ვისაც აღარ გვეშინია მაფიოზებისა და ქურდების,

ვინც მიხვდა
-რომ სახელმწიფოს მიერ გაღებული საზოგადო, საერთო ხარჯი საერთო ჯამში ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის გაღებული ხარჯია,
-რომ ჩემი პიროვნული ღირსება ჩემი ეზოს, ქუჩისა და ქალაქის სილამაზესა და სისუფთავეშია,
-რომ თუ მინდა ჩემს ნატანჯ, რეგიონში ყველაზე სუსტ ქვეყანას ჯარი, საზღვარი და პოლიცია ჰქონდეს, ჯერ მე არ უნდა მოვითხოვო სარდელი და ხინკალი.

შევიკრიბოთ ვინც მივხვდით, რომ საქართველოს გამარჯვების შანსი წესიერი, კონსოლიდირებული და სტაბილური დემოკრატიის აშენებაშია და მთავარი საფრთხე ამ გზაზე არის შიდა აშლილობა, შადიმან ბარათაშვილობა, სერგო ორჯონიკიძეობა, სიგუობა, კიტოვან ჯაბა იოსელიანობა და დოღრიალობა.

შევიკრიბოთ იმის მიუხედავად რომ სამსახურები გვაქვს და არ გვცალია, რომ ჩვენი ძირითადი მონაპოვარი სამსახურში მიღწეული პროფესიული სტატუსია და ანგაჟირებულობასა და კონფლიქტურობას ჩვენგან არავინ ელოდება. შევიკრიბოთ იმის მიუხედავად რომ ხელისუფლებაც კი შეიძლება განაწყენდეს ჩვენი აქტივობით, იქნებ სულაც ჩვენი ნაბიჯი ხარისათვის წითელი ნაჭრის აფრიალებად იქნეს აღქმული, მაგრამ მაინც შევიკრიბოთ. მე მზად ვარ.

მამუკა კაციტაძემ თქვა სადაც ვიწროა იქ გაწყდესო, და გაწყდეს მაგისი.

კი მაგრამ, რატომ არა?


მიშას ხშირად ადარებენ პუტინს და ხელებს ასავსავებენ - ოღონდ ეგ არა, ოღონდ ეგ არა!

კი მაგრამ, რატომ არა?

პუტინმა 2000, წლის სულის მღაფავი, გაწეწილი და წაგებული რუსეთი აქცია 2008 წლის უძლიერეს და უგავლენიანეს ქვეყნად.

ელცინის რუსეთის ტერიტორიის მხოლოდ 2% იყო სეპარატისტული და რუსეთის მიერ გაუკონტროლებელი და ამის გამო ქვეყანა კორუფციასა და სიღარიბეში ლივლივებდა.

რუსეთმა შეძლო აღმასვლა სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერებით, ოლოგოკრატიის დამარცხებით, კონტროლითა და ცენტრალიზაციით.

პუტინი რომ არ ყოფილიყო ამ რეფორმების წინამძღოლი და ყოფილიყო ვთქვათ ჩერჩილი, რეიგანი ან ნემცოვი, ანუ სიმპათიური ჰაბიტუსის მქონე პოლიტიკოსი,
ან ვთქვათ პუტინი ყოფილიყო არა რუსეთის, არამედ მექსიკის ან პაკისტენის პრეზიდენტი და ასეთივე შედეგებისათვის მიეღწია,

დავიჯერო ასე ხელაღებით უსაყვედურებდნენ სააკაშვილს ენერგიულ ცენტრალიზაციას და პუტინთან პარალელებს?

საქართველოს მდგომარეობა გაცილებით უარესი იყო 2003 წელს ვიდრე რუსეთისა 2000 წელს.
საქართველოს ისედაც მცირე ტერიტორიის აფხაზეთის (20%) და სამხრეთ ოსეთის (15%) საქართველოსაგან განდგომილი იყო, აჭარა(20%) კი თავნებობდა (სულ დაახლოებით55%).
რუსეთისაგან განსხვავებით საქართველო დღესაც ფაქტიურად იგივე მდგომარეობაშია. მართალია საქართველომ შემოიმტკიცა აჭარა და ზემო აფხაზეთი ე. ი. დაიხსნა 25% ტორტმანისაგან. . მისი ტერიტორიის 30% კვლავაც მხოლოდ დე იურეა საქართველო, და ეს სტატუსიც სერიოზულ რყევებს განიცდის.


ეს რუსეთი ხომ ჩვენი მუდმივი პარადოქსული ორიენტირია, რაც მასში ცუდია სწრაფადვე გადმოვიღებთ ხოლმე, ზოგჯერ რუსეთსაც ვასწრებთ ცუდში, კარგის გადმოღებაზე კი უცებ გვახსენდება ჩვენი ქართული განსაკუთრებული ღვთითკურთხეული გზა, რომელიც კორუფციას, ნეპოტისმს (ძმაკაც-ნათესავთა კლანურობა), ხვეწნა-მათხოვრობასა და დოღრიალობას აყენებს სამუშაო მოდუსად.

მიშას პასუხისმგებლობა




საქართველო არ იცნობდა და ვერც გაიცნობდა ირაკლი ოქრუაშვილს, სალომე ზურაბიშვილს, კუკავასა და გუნავას.

ლევან და დავით ბერძენიშვილები, გოგა ხაინდრავა ისეთივე დავიწყებული ქიმერები იქნებოდნენ როგორც სიტყვაზე თედო პაატშვილი, ირაკლი შენგელაია და სახელი რომ არ მახსოვს ის შარმანაშვილი.

ისინი ფიგურებად პოლიტიკაში მიშა სააკაშვილმა დაგვისვა.

არავინ არ მოუსმენდა დღეს ამ ადამიანებს რომ არა მიშასთან აღებული ტრამპლინით მათი პოლიტიკაში შემოგრიალება. არც ძალაუფლების ეიფორიით იქნებოდნენ დადოპინგებულები და არც პარლამენტარის ხელფასით სტიმულირებლები.


მე მაინტერესებს ეთანხმებოდნენ თუ არა ბერძენიშვილები, დავითაშვილი, ხაინდრავა, კუკავა და სხვანი სააკაშვილს, როცა ის მათი გუნდის ლიდერი იყო?

თუ თავიდანვე თვლიდნენ, რომ მათი სათქმელი მერე უნდა ეთქვათ, მას შემდეგ რაც:

-პარლამენტში მოხვდებოდნენ ნაციონალების სიით.

-ხალხში 2003 წლის ვარდების რევოლუციის ეიფორია გადაივლიდა.

-ვარდების რევოლუციით დაბნეული სააკაშვილის მტრები გონს მოვიდოდნენ
და დაირაზმებოდნენ.

-სააკაშვილის ხელისუფლება საჭირო რეფორმების წარმართვისას აიღებდა პასუხისმგებლობას ადამიანების სამსახუბიდან დათხოვნასა და კორუფციული ბიზნესების დახურვაზე, რის შედეგად ბევრი ადამიანი ამ ხელისუფლებისაგან რეპრესირებულად ჩათვლიდა თავს.

-საქართველოსთვის ჯერ გამოუცდელი რეფორმები მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ, თუნდაც იმ ნაწილის მიერ, რომელიც რეფორმებით არ დაზარალებულა, მაგრამ რეფორმების შიში პერესტროიკიდან აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი, მტრულად იქნებოდა მიღებული.

-დაზარალებული მასა და მუდმივად უკან, საბჭოეთში მაყურებელი ე. წ. მეხუთე კოლონა გაერთიანდებოდა და წინამძღოლს მოითხოვდა.

გაორებული ხალხი


ერთი ჩემიანი, წესიერი ადამიანი, რომელთანაც არაერთი ხანგრძივი და ხმაურიანი კამათი მქონდა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე (ის თავგადაკლული ოპოზიციონერია, მე ვინც ვარ) მას შემდეგ რაც შეიტყო ბურჯანაძე გადადგაო, მტკიცებას მოჰყვა, აი ხომ გითხარი ბყრჯანაძე ცუდი ქალია, რაღაცა ცუდს იზამს აუცილებლადო და აჰა, რა დროს მაგის გადადგომა იყოო.

მეორე, ასევე აქტიური ოპოზიციონერი ჩემიანი, ასევე წესიერი ადამიანი, რომელიც ასევე არგუმენტებს აფრქვევდა ხელისუფლების გასამტყუნებლად, როცა ვუთხარი საქართველო ახლა უფრო სუსტი ხვდება გარე აგრესიას ვიდრე იყო ოპოზიციის ნოემბრის აქციებისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ მეთქი, დამეთანხმა და პრეზიდენტი გაამტყუნა- რატომ ნიშნავდა ამ ვადამდელ არჩევნებსო. თვითონ კი ხმა რა თქმა უნდა ოპოზიციურ კანდიდატს მისცა.

და საერთოდ, თბილისელებს რომ შევხედოთ გვერდიდან. უმეტესობა თავის მსჯელობაში გაორებული და დაბნეულია.

ადრე ვამბობდი თბილისში სააკაშვილის დამარცხება იგივე პროლეტარული ბუნტია მეთქი, მაგრამ მიშამ მოიგო რუსთავი და ზესტაფონი. ე. ი. მხოლოდ პროლეტარობაში არ ყოფილა საქმე. პროლეტარებს, ისევე როგორც გლეხებს ესმით რომ შედეგის მიღწევამდე საფეხურები, სტადიები უნდა გაიარო. უნდა გეყოს ნებისყოფა საქმე ბოლომდე მიიყვანო.

მე მგონი დიდი ქალაქების ოპოზიციური განწყობა მოდის იმ ფაქტიდან, რომ მთავრობა დიდ ფულს ხარჯავს მათი ბინების გარეთ, და არ ურიგებს მათ ფულს ბინების შიგნით დასახარჯად.

საქმე ხელფასის ოდენობაში არ არის, ჩვენ ყველამ გამოვიარეთ კუპონებისა და 60 ლარიანი ხელფასის დრო, ჩვენ მაშინ ვიცოდით რომ სახელმწიფო უძლური და ღატაკი იყო. არც გვქონდა მოთხოვნა ხელფასის გაზრდაზე. 20$-იანი ხელფასი რომ 25$ მდე გაეზარდათ ამისათვის მიტინგობანა არც ღირდა და ვერც გაზრდიდნენ. დღეს სახელმწიფო გვაქვს, დიდი ფული იხარჯება საზოგადო საჭიროებებზე; ჯარზე, გზებზე, შადრევნებზე, განათებაზე, და... მოსახლეობას გაუჩნდა მოთხოვნილება მიიღოს ის ხელფასი, რომელიც იქნებ ეკუთვნოდა კიდევაც, მთელი ამ წლების განმავლობაში.

არადა საქართველოს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს. საქართველო მდიდარ ქალაქში სამუშაოს საძებნელად გამოსულ კაცს ჰგავს, სახლ-კარი გაპარტახებული აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის ახალი პიჯაკი შეიძინა, ძველი სამოსი გაიუთოვა, გაიპარსა და დღევანდელი სადილის ხორცის ნაცვლად ჰალსტუხი იყიდა.

ვუსურვოთ წარმატება. გაეძლოს კუჭის ძახილისათვის - "გაყიდე პიჯაკი და ჰალსტუხი, მიყიდე ძეხვი და შაქარი".

გაეჩუმებინოს მეორე მე – კუჭის ყურყური, მუცლის გვრემა და – გადაეწყვიტოს სამომავლო პრობლემები.