Thursday, February 21, 2008

კრიტერიუმები

ერთერთში სიბრძნეა

შეფასება
ორი მძღოლის საუბრიდან: რომელია კარგი "კალოტკა"?
- N კარგია, რკინის შემცველობა მეტი აქვს და დიდხანს არ ცვდება.
- არა N კარგი არ არის იმიტომ რომ რკინის შემცველობა დიდი აქვს და "აპორნი დისკს" ცვეთს.
რაგბის გულშემატკივრობა რამოდენიმე წელია დავიწყე. რამდენიმე ისტორიულ ჯახს სტადიონზე დავესწარი. ჩემი ბავშვობის დინამოსდროინდელი დიდი სიხარულები გამიმეორდა საქართველო-რუსეთის, საქართველო-რუმინეთისა და საქართველო-პორტუგალიის მატჩების ჩვენს სასარგებლოდ დასრულებით. მაგრამ დღემდე მოყვარული გულშემატკივარი ვარ. რაგბის ის რამდენიმე წესი, რომელიც ვიცი და რომლითაც ვარჩევ თამაშის პერიპეტიებს, საკმარისი არ არის თამაშის "წასაკითხად". ხშირად მე ისეთი რამ მგონია წარმატება რაზეც სტადიონის გულშემატკივრებს იმედგაცრუების ოხვრა აღმოხვდებათ. ბოროტი მსაჯის მიერ ჩვენი გუნდის დაჩაგვრა რომ მგონია - სტადიონი მორჩილად გასუსულია, ზოგჯერ რომ ვიფიქრებ - აუ ეს რა უიღბლობა მოუვიდა ჩვენს რაგბისტს მეთქი აღმოჩნდება რომ უიღბლობა კი არა თავგანწირული გამიზნული ტაქტიკური პატარა გამარჯვება ყოფილა.
მოკლედ რაგბი გულშემატკივრობის მიუხედავად ჩემთვის ჯერ კიდევ ქაოსურ თამაშად რჩება. მაგრამ ერთი რამ ვიცი, რაგბი ქაოსური კი არა რთული წასაკითხი თამაშია. რამდენიმეპლანიანი კომბინაციები თამაშის რთულ წესებს ემორჩილება და სიძლიერისა და შეუპოვრობის გარდა სწრაფ ანალიტიკურ აზროვნებასა და დიდ კოლექტიურ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მე მშურს რაგბის ნამდვილი გულშემატკივრების და იმედია თანდათან იმდენად შევისწავლი ამ თამაშის წესებს რომ ჩემი რეაქციები სტადიონის უმრავლესობის ემოციებს დაემთხვევა. თუმცა დღესდღეისობით რაგბის საგულშემატკივროდ მისულთა დაახლოებით 47% ჩემსავით ვერ ერკვევა თამაშში და ჩემსავით თამაშის გარდა გვერდით მჯდომი გულშემატკივრის კომენტარებს ელოდება.

როგორ უნდა შეაფასოს პოლიტიკოსი/ ხელისუფალი ამომრჩეველმა?
ეს საქმე სახელმწიფოებრივობის მინიმუმ 50 წლის ისტორიის მქონე დალაგებული ქვეყნის მოქალაქისათვის გაცილებით ადვილი და გაკვალულია. მან უნდა შეაფასოს ალტერნატივები დემოკრატიასა და მეტ დემოკრატიას შორის, სოციალურ გარანტიებსა და მეტ სოციალურ გარანტიებს შორის, ეკონომიკის წინსვლასა და მეტ წინსვლას შორის, წესრიგსა და მეტ წესრიგს შორის. უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის ადგილი და როლი მსოფლიო ცივილიზაციაში, გლობალურ პოლიტიკაში, შეაფასოს საკუთარი და ნაცნობ მეგობრების ცხოვრების დონის ცვლილება, ქვეყნის შენების, მრეწველობის, თავდაცვისუნარიანობის მდგომაობა და ცვლილებების მიმართულება.

რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასოს ხელისუფალი და პოლიტიკური მოძრაობა მოქალაქემ იმ ქვეყანაში რომლის სახელმწიფოებრიობა დე იურე 17 წელია აღიარა მსოფლიომ, მაგრამ რეალური სახელმწიფო იერარქიისა და სტრუქტურების შექმნა მხოლოდ მეოთხე წელია დაიწყო. მისი გლობალური პოლიტიკური სტატუსი, ეკონომიური ფორმაცია, გეოპოლიტიკური გარემო დიამეტრულად შეიცვალა დროის ხანმოკლე პერიოდში. როგორ უნდა შეაფასოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ ხელისუფლება თუ ჩამოთვლილ პრობლემებს ემატება უცხო ძლიერი სახელმწიფოს მუქარა და ამავე სახელმწიფოზე ისტორიულ გეოგრაფიულ ეკონომიკური გადაჯაჭვულობა? წინა ფორმაციის მიერ ისეთი მექანიზმების დატოვება, რომელიც ხელ ფეხს უბორკავს ნებისმიერ სასიკეთო ცვლილებას. -დაინტერესებული ქვეყნის "სამშვიდობო" ჯარი შენივე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ სეპარატისტებს შენგან იცავს, ქვეყნის ინფრასტრუქტურა დამპალია და გამოსაცვლელი, ადამიანები თავს ირჩენენ ისეთი საქმიანობით (გარე ვაჭრობა, ჯართის გატანა, შეშის ჭრა, საბაჟო გადასახადებების დაფარვა, მოქალაქეთა გამოძალვა) რომელთა აღმოფხვრის გარეშე დაღმართზე მყოფ ქვეყანას დაღუპვა თუ არა, გლობალურად სწრაფად განვითარებადი მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური შეჯიბრებიდან საშვილიშვილოდ ამოვარდნა ელის.
როგორ უნდა შეაფასოს ამომრჩეველმა ხელისუფალი ქვეყანაში, სადაც შიდა პოლიტიკური ტეროტიზმის ნალექი იმდენად საგრძნობია რომ, მოსახლეობის უმრავლესობა არათუ ვერ ბედავს კრიმინალურ აგრესიული უმცირესობაზე დომინირებას (ქუჩაში მოძრაობისას, რიგში, ეზოში), ვერ ბედავს ასევე ხმამაღლა მოუწონოს ხელისუფლებას წესრიგის დამყარება და კრიმინალური ავტორიტეტების მანამდე დაუძლეველი ავტორიტეტის დამხობა.

პოლიტიკოსობა საქართველოში ადვილია. ქვეყანა დუღს და ყველა ცალკეული დაბნეული და მხოლოდ სურვილის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი თავის ენერგიულ და სხაპასხუპით მეტყველ ლიდერს ეძებს. ეძებს და პოულობს. ეს ლიდერებიც ხუთოსანი მოსწავლეებივით ტიტინებენ თავისი მომხრეების სათქმელს.


საქართველოს მართვა პოლიტიკოსობიგან განსხვავებით ძალიან ძნელია. საქართველო მრავალეროვანი, ტერიტორიულ-ეთნიკურად რთული, მძიმმე ისტორიული და ეკონომიკური წარსულით ჩახლართული, ღარიბი და წაგებული ქვეყანაა.


მოდი ვიფიქროთ ხელისუფალთა შეფასების კრიტერიუმებზე.

No comments: