ჩვენ ჩვენს წინაპრებს გულწრფელ და არა მხოლოდ სიტყვიერ პატივს მაშინ ვცემთ როცა სხვისი წინაპრების პატივისცემას ვისწავლით.
წინაპრებმა მარცვალ მარცვალ, აგურ-აგურ, ასო-ასო შეაკოწიწეს ის რასაც ჩვენ დღეს ვფლობთ. ერთნი სახელოვანი ისტორიული პიროვნებები იყვნენ (ფარნავაზიდან ერეკლე II-მდე, იან ჰუსიდან მენდელამდე, იულიუს კეისარიდან ფელინიმდე, ჯორჯ ვაშინგტონიდან მერლინ მონრომდეე) და მეორენი ჩვენთვის უსახელო (ვინც აშენებდა აქვედუკებს, იბრძოდა დიდგორში და კრწანისში, აშენებდა თამარმეფის ხიდებს და ჩინეთის კედელს, ნოქალაქევის გალავნებს და ეიფელის კოშკს, გამოჰყავდა ვაზის, ხორბლის თუ ცხენის ჯიშები, უვლიდა შთამომავლებს).
დღეს, კომუნისტების დროინდელი წინაპრების ტირადა სადღეგრძელოების იშტაზე აღარა ვართ.
იმ ილუზიებით სავსე დროის შემდეგ სამყაროს სხვანაირს ვხედავთ, უფრო ღიას და დეტალურს.
მხოლოდ ის თეზა რომ "კაგდა რუსკიე პო ლესამ ბრაძილი, გრუზინი ევანგელეი პერევაძილი" საკმარისი აღარ არის მაღალი თვითშეფასებისა და სიამაყისათვის.
დავინახეთ მსოფლიო, რომლის დღევანდელი წარმატებული ყოფა მათ წინაპრებზე, წინაპართა ნამოქმედარზე დგას.
ყველა ამჟამად ფეხზე მდგარ ქვეყანას ჰყავს პატივსაცემი წინაპრები. წინაპრები რომელთაც სახელობით იცნობს და უცნობი წინაპრები რომელთაც დატოვეს კვალი.
ჩემი ინტერესი დღეს ის უსახელო ხალხია ვინც დალაგებული, მოწესრიგებული და წესების დამცველი ქვეყანები ააშენეს. ისინი იყვნენ კარგი ინჟინრები, მშენებლები, მელიორატორები, ხელოსნები ერთი სიტყვით კარგი სპეციალისტები. იყვნენ ძალიან შრომისმოყვარენი ააგეს უამრავი სახლი, სასახლე და ციხესიმაგრე, იყვნენ ძალიან ჭკვიანები- გამოიგონეს ბიგბენის გასახსნელი ხიდი და ჰოლანდიური დამბები
იყვნენ პატრიოტები უამრავი ადამიანი შეგნებულ რისკზე წავიდა სამშობლოს დასაცავად და შეეწირა თავის ქვეყანას, იყვნენ წესიერები - შექმნეს წესები, ტრადიციად და ეროვნულ სიამაყედ გადასცეს შთამომავლებს წესები და წესების დაცვა - ქუჩაში მოძრაობის, ეტკეტის, იერარქიული, სამსახურეობრივი თუ პოლიტიკური მოღვაწეობის წესები, წესები.
ევროპის ქვეყანათა მაცხოვრებლებს მათმა წინაპრებმა არა მარტო მდიდარი ქვეყანა დაუტოვეს არამედ, წესიერი ცხოვრებით წარმატების მიღწევის მექანიზმები და ფორმულები დაუფუძნეს.
ეს ჩვენი უბედურებაა რომ ჩვენი მნიშვნელოვანი წინაპრები ძალიან შორს გვყავს. აღარ გვახსოვს და ვერც გვეხსომება ის წესები, წესიერების ის ჩარჩოები, რომელიც არათუ გრიგოლ ხანძთელის დროს, დავით აღმაშენებლის დროს და სულხან საბას დროს იყო, არამედ აღარ გვახსოვს წესები ერეკლე მეორის დროსაც. ყველაზე დასანანი ის არის რომ საერთოდ არ ვიცით ოდესმე იყო კი საქართველო წესიერი და კანონდამცველი ქვეყანა. და გვგონია რომ ის ქვეყანა რომელიც უნდა ავაშენოთ საბოლოოდ თავისუფალი უნდა იყოს წესებისა და კანონებისაგან. ჩვენ შეცდომით ამ მიზანს დემოკრატიას ვუწოდებთ და არ ვითვალისწინებთ დემოკრატიის ძირითად საფუძველს: სხვადასხვა პიროვნებების თავისუფლებას კანონიერებისა და წესების ფარგლებში.
Monday, March 31, 2008
წინაპრები
Posted by cartwheel at 4:42 PM 1 comments
Labels: ვინიგრეტი, პროგნოზი, საზოგადოება, ხალხი
გაზაფხულმა ზამთარზე იმძლავრა
ზამთარი გატყდა,
გაზაფხული გატყდა,
ზაფხული გატყდა,
შემოდგომა გატყდა.
გაზაფხულს ყოველთვის ზაფხული, ზაფხულს ყოველთვის შემოდგომა, შემოდგომას ყოველთვის ზამთარი გატეხავს, ზამთარს კი გაზაფხული.
გაზაფხულმა,
ზაფხულმა,
შემოდგომამ,
ზამთარმა იმძლავრა.
გაზაფხულმა ზამთარზე, ზაფხულმა გაზაფხულზე, შემოდგომამ ზაფხულზე, ზამთარმა შემოდგომაზე იმძლავრა.
ყოველთვის იქნება ბრძოლა გაზაფხულსა და ზაფხულს, ზაფხულსა და შემოდგომას, შემოდგომასა და ზამთარს შორის.
ამ ბრძოლების დროს იქნება დროებითი მოგება წაგებები, დროებითი სუბსარქისები და ნასესხებები, მაგრამ გამარჯვებლი ყოველთვის წინასწარ ცნობილი იქნება.
იმედია
საქართველო გაიმარჯვებს.
Posted by cartwheel at 4:09 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი
Saturday, March 29, 2008
ადამიანები ისტორიაში
........................................... ?!?!?............................
ქრისტე 30 წლის ასაკამდე მოწაფეების გარეშე ცხოვრობდა და არ ქადაგებდა.
მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები უდაბნოში.
იუდა სამი წელი იყო ქრისტეს ერთგული მეგობარი, თანამზრახველი და თანამაბრძოლი.
ნაპოლეონი სანამ ევროპის დაპყრობას დაიწყებდა 12 წელი იყო საფრანგეთის მმართველი.
ჰიტლერი მსოფლიო ომის დაწყებამდე 10 წელი იყო გერმანიის წარმატებული მმართველი.
სტალინი სანამ 37 წლის რეპრესიებს დაიწყებდა 18 წელი იყო საბჭოთა კავშირის მმართველი.
ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომამდე თურქეთთან ომი დაიწყო და დამარცხდა.
ნიკიტა ხრუშჩოვი გამეფებამდე სტალინის ეგზოტიკური გამრთობი იყო.
ეს ადამიანები ისტორიაში შევიდნენ ძირითადი, რადიკალური გადაწყვეტილებით და არა დინებით.
ახლა არავის ახსოვს რას აკეთებდა
ქრისტე 30 წელი,
იუდა სამი წელი,
ნაპოლეონი 12 წელი,
ჰიტლერი 10 წელი,
სტალინი 18 წელი
დავით აღმაშენებელი 8 წელი ითმენდა თბილისის არაბების ხელში ყოფნას
..
Posted by cartwheel at 11:32 PM 1 comments
Friday, March 28, 2008
ადვილი
ცივილიზაციის გვერდითი მოვლენები*:
ადვილია მკვლელობა - აღარ სჭირდება ზიზღი და რისხვა.
ადვილია ბრძოლა – ტექნიკასთან მუშაობა.
ადვილია ომის დაწყება. ეს უკვე გამოვიარეთ
ადვილია თანამოაზრეთა მობილიზაცია.
მტრის ხატის შექმნა -Tundac sakuTari prezidentisagan.
ადვილია პროტესტის გაღვივება.
დამოუკიდებლად ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობები, მასმედიის მზადყოფნა, პერფორმანსები
ადვილია სხვის თავგადასავლებში "მონაწილეობა"
ფილმები, სპეცეფექტები, დღეში ერთ ბიოგრაფიას გჩუქნიან.
თუ მე ბავშვობაში 10 წლის ასაკამდე ერთხელ, ბემბი როცა ვიყავი მონადირეებმა დედა მომიკლეს და ეს ახლაც მახსოვს, ახლანდელი 10 წლის ბავშვები უკვე იყვნენ ანაკონდას მუცელში, ალიენის ხახაში, პროდიჯის სცენაზე, ეჭირათ ჰარი პოტერის კვერთხი და ეკეთათ ბეჭდების მბრძანებელი ბეჭედი. და შედეგად.. ალბათ არც არსად არ ყოფილან. და ზრდასრულობისას არც არაფერი ეხსომებათ ამ ვირტუალური დომხალისაგან.
ადვილია პორნოგრაფიის ნახვა
ინტერნეტით შესაძლებელია 10 წუთში 100 ბოზს ჩახედო თვალებში და არამარტო თვალებში.
შეიძლება წაიკითხო დოსტოევსკი და თქვა "აი როგორი ყოფილა ადამიანი. მე წავიკითხე, მე დოსტოევსკისთან ერთად გამოვიკვლიე ის და ახლა ვიცნობ მას. ვერ მომატყუებენ იდეალისტი პროპაგანდისტები" პორნოგრაფიის ნახვის შემდეგ შეიძლება ანალოგიური აღმოჩენა გააკეთო "აი როგორი ყოფილა ადამიანი. ცხოველი რომელმაც ევოლუციის განმავლობაში რატომღაც დაკარგა კუდი, ღორის ფუნჯიანი კუდის მსგავსი კუდი. ის დღესაც ცხოველია, თავისი ხორცის წონა ცხოველი. ადვილია მისი ცხოველობის დანახვა, სულ ცოტა პირობები უნდა შეუქმნა ამისთვის.
და შედეგად..
და ყოველივე ამ ცივილიზაციის შედეგად ადამიანი ადვილად: მოკლავს, იომებს, შეიზიზღებს, პროვოცირებს, გულს აიცრუებს,magram აღარ აღტაცდება.
*გვერდითი მოვლენა მედიცინეს ენაზე ნიშნავს რომელიმე მადიკამენტის, პროცედურისა თუ მეთოდის შედეგად განვითარებულ დაუგეგმავ შედეგს. მაგალითად ალერგიის საწინააღმდეგო წამლების გვერდითი ეფექტია ძილიანობის ეფექტი.
Posted by cartwheel at 1:39 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, თინეიჯერს, პორნო საიტი, ჯერარდაბადებული საქართველო
Wednesday, March 26, 2008
ევოლუციის დასასრული.The End Of Evolution
ევოლუციის დასასრული.The End Of Evolution
ევოლუციის დასასრული.
ბევრ ასპარეზზე ადამიანმა თავისი თავისი პოტენციალის მაქსიმუმს უკვე მიაღწია.
მაგალითად:
ქანდაკება მიქელანჯელოს დროის იტალიაში
კლასიკური მხატვრობა ჰოლანდიური სკოლა
კლასიკური მუსიკა ბეთჰოვენის დროინდელ ევროპაში
ოქრომჭედლობა რკინის, ხის, სპილოსძვლის, ბროლისა და ფაიფურის ნაკეთობები.
ხიდების მშენებლობა ჩრდილოეთის ზღვაში
ფოტოგრაფია (მას შემდეგ რაც ტელესკოპი ჰაბლით 70 სინთლის წელიწადის სიგრძის ნისლეული გადაიღეს.
საბოლოო ფორმა მიიღო მამაკაცის კოსტუმმა, ფეხსაცმელმა,
გემმა, იახტამ, გლისერმა, სკუტერმა.
უკვე 10 წელია მსუბუქი ავტომობილების ფორმაც უნიფიცირებული და ოპტიმალური გახდა. თუ მანამდე სულუეტით გაარჩევდი მანქანის მოდელს (გაიხსენეთ 20-30 წლის წინანდელი მერსედესი, სიტროენი, როლსროისი ფორდი), ახლა მათი კონტურები თითქმის იდენტურია. და მხოლოდ დიზაინერული ნიუანსებით ინარჩუნებენ ცნობადობას.
თვითმფრინავების მოდელები კი უფრო ადრიდან, დაახლოებით 50 წელია არ შეცვლილა.
რკინის გემების ფორმა თავიდანვე თითქმის ოპტიმალური იყო ისევე როგორც ესკალატორისა და ლიფტის.
ავტოკალამი ე. წ. პასტა 30 წლისაა, უნიტაზი 200წლის, გაზქურა 200წლის.
ტელევიზორი ლსდ ეკრანით თითქმის იდეალურია უკვე 5 წელია.
ციფრული ფოტოაპარატი ფაქტიურად იდეალურია 3-4 წელია.
ინდივიდუალურ კომპიუტერს აქვთ განვითარების პერსპექტივები, მაგრამ თავის საქმეს ანუ მომხმარებლის დახმარებას რეალური სამუშაოს შესრულებაში თითქმის უნაკლოდ (ვორდი- ექსელი 100%, არქიტექტურულ, დიზაინერულ, საბუღალტრო, საწარმოო, ფერმერული და სხვა მრავალი პროგრამა 90%-ით) ასრულებს.
აგერ ჩვენს თვალწინ დაიბადა და გაიზარდა მობილური ტელეფონი. სულ რაღაც 5 წელიწადში შეიძინა უამრავი დამატებითი ფუნქცია. ლამაზი ნივთი რომელიც ჯიბეში გიდევს, ხელში ადვილად მოგყვება და რომელიც გაკავშირებს ნებისმიერ ადგილზე მყოფ ადამიანს ნებისმიერი ადგილიდან აუდიო-ვიდეო ფორმატში, არის ამავე დროს ფოტო-ვიდეო აპარატი, გაჩვენებს ინტერნეტ საიტებსა და ტელეარხებს. მობილურით სამსახურიდან დაბრუნებისას შეგიძლია შეუკვეთო შენს მიკროტალღოვან ღუმელს საჭმელი გაცხელებული დაგახვედროს, მობილური ტელეფონით შეგიძლია აკონტროლო საკუთარი უძრავ მოძრავი ქონების დაცულობა. აწარმოო შენი ბლოგასაითი.
200 წლის შემდეგ, 500 წლის შემდეგ რა შეიცვლება?
ხელმისაწვდომობა უფრო.. შემცირდება ვიდრე დღეს.
არავითარი ინდივიდუალური მფრინავი მანქანები, ენერგო შეზღუდულობის გამო ალბათ თვითმფრინავებით მხოლოდ პრეზიდენტები იფრენენ, ავტომობილები თალხნად და ნელა იმოძრავებენ მზის თუ რაღაც სხვა ბატარიებზე.
ქანდაკება
მხატვრობა
მუსიკა
ოქრომჭედლობა რკინის, ხის, ბროლისა და ფაიფურის ნაკეთობები.
ხიდები
ფოტოგრაფია
მამაკაცის კოსტუმი, ფეხსაცმელი, გემი, იახტა, გლისერი, სკუტერი.
მსუბუქი ავტომობილი
თვითმფრინავი გემი ესკალატორისა და ლიფტი
ავტოკალამი, უნიტაზი, გაზქურა, ტელევიზორი , ციფრული ფოტოაპარატი , ინდივიდუალურ კომპიუტერი, მობილური ტელეფონი მე მგონი, რომ უმნიშვნელოდ შეიცვლება
ha ras ityvi?
The end of evolution EOE
mosula?
Posted by cartwheel at 10:35 AM 3 comments
Labels: Discovery, ვინიგრეტი, მე ათეისტი, პროგნოზი, ჯერარდაბადებული საქართველო
უფრო კარგი ვიდრე დღევანდელი საქართველო
ტელე გადაცემაში არ მახსოვს ვინ თქვა - ჩემი საქმე (თუ არ ვცდები გამომცემლობაზე იყო ლაპარაკი) უფრო კარგია ვიდრე დღევანდელი საქართველოა კარგიო. მე მგონი კარგი კრიტერიუმია საქმიანობის შეფასებისათვის.
გააკეთე შენი საქმე იმაზე უკეთ ვიდრე დღეს საქართველოა და .. იქნებ საქართველოც უკეთესი გახდეს.
მე მგონი საქართველოს უკვე აქვს უფრო კარგი პოლიცია, ჯარი, სადაზღვევო სისტემა, სამშენებლო პოტენციალი, პოლიგრაფია, ნაწილობრივ მედიცინა, თბლიისის ცენრტი, ბათუმი, გორი, სიღნაღი, თბილისი-იგოეთის მაგისტრალი, რაგბი ვიდრე დღევანდელი საქართველოა.
ამ სიაში შევარდნაძის დროს აუცილებლად შევიყვანდი მასმედიასაც მაგრამ დღეს სამწუხაროდ ასე არ არის. მასმედიამ და უპირველესად ტელევიზიამ ვერ შეძლო ახალი ქვეყნის შენებაში ადექვატური მონაწილეობის მიღება. კერძოდ ვერ შეძლო ბალანსის დაცვა რეფორმებს მოყოლილ ტკივილსა და პროგრესულ შედეგს შორის.
სამაგიეროდ საქართველოს ჰყავს ძალიან დაბალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე პოლიტიკური სპექტრი. ეს პოლიტიკოსები დღევანდელ საქართველოზე დაბალი დონისანი არიან და საქართველოსაც ქვემოთ ექაჩებიან.
Posted by cartwheel at 9:54 AM 0 comments
Labels: ანალოგია, ოპოზიცია, საზოგადოება
Tuesday, March 25, 2008
თინეიჯერს
თუ ცხოვრებაში პირველად პორნო საიტში იბუჯარე და გგონია რომ ადამიანს დამალული, უფრო ნაღდი არსი დაინახე, თუ ტელევიზორში ეს ვითომ ავტორიტეტები და ვითომ პოლიტიკოსები ვერ გატყუებენ და ხვდები რომ შენი გამოყენება უნდათ, თუ შეწუხდი სისხლითა და მკვლელობებით შეზავებული ახალი ამბების ყურებით, თუ რატომღაც “რეალითი" ჩაძირვებსა და ლათინურ სერიალებსაც შერჩი და თუ ამ ყველაფრის შედეგად ადამიანის, კაცობრიობის სოციალურ და ჰუმანურ არსსში ეჭვი შგეპარა, იმედგაცრუებული ხარ და ყველა ადამიანი შენიღბული უგულო პრაგმატული მომხვეჭელი გგონია გაიხსენე რომ..
გაიხსენე რომ ამ ქვეყნად არსებობდნენ პროფესორი ჟორდანია, გია აბესაძე, იანუშ პალახი. სოკრატე რომელმაც ჩვ. წ. აღ მე-4 საუკუნეში იცოდა რომ დედამიწა მზის გარშემო ტრიალებდა. ნიუტონი, კოპერნიკი, გალილეო გალილეი და ჯორდანო ბრუნო, აინშტაინი, იანუშ კორჩაკი, ბენჯამინ სპოკი. ანტონიო გაუდი, მაგელანი, ამუნდსენი, მარტინ ლუთერ კინგი, მაჰატმა განდი, ციოლკოვსკი, მენდელეევი, მენდელი, მენდელსონიც იქვე, “დისქავერისა” და “ზონ რეალითი”-ს გადაცემების პერსონაჟები. “დისქავერის” ჭკვიანი მანქანების გამომგონებლები, მეგამშენებლობების მშენებლები, ინჟინრები.
“ვიასატ ჰისტორის” ძლევამოსილი და თავგანწირული გმირები, “ენიმალ პლანეტის” ცხოველებში დაინახე პრიმიტიული სოციალურობის საფუძვლები რომელიც ადამიანმა, მათზე ნელმა, მოუქნელმა და სუსტმა ადამიანმა იმდენად დახვეწა ,რომ საერთო ძალისხმევით უძლიერესი და ყველაზე შეგუებული გახდა, მიაკითხე არხებს "კულტურა" და "მეცო", " VH 1" უყურე გადაცემებს "ყველაზე ჭკვიანი" ნახე ფილმები...
წაიკითხე წიგნები...
სტუმარმასპინძელი, დოჩანაშვილი .. უჰ ბევრია..
დაფიქრდი, რომ არსებობენ ადამიანები რომელთა საქმიანობა არ წყდება: პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, რეანიმატოლოგები, ქირურგები, ანესთეზიოლოგები.
ნახე კონცერტები და კლიპები... პავაროტი და ნეტრებკო, “გუგლერსით” დაათვალიერე ევროპის ქალაქები და სოფლები.
დაფიქრდი იმაზე, რომ ცივილიზაციის ავტორები არიან უსახელო გამომგონებლები : დამწერლობის, აგურის, რკინის იარაღის, პამპერსის, ხიდის, არხის გუთნის, უღლის, ქაღალდის აბრეშუმის, უნიტაზის, პიჯაკის, წისქვილის, ურმის, ჭის, ლიფტის, ხვნა-თესვის, მწყემსვის, ჯარის, საზღვრის, ცეცხლის, მტრედისა და რადიო ფოსტის გამომგონებლები.
დაფიქრდი იმაზე, რომ შენ და შენი სამშობლო სარგებლობ არა მარტო შენი საგვარეულოსა და შენი სამშობლოს მიღწევითა და გამოგონებებით, არამედ მთელი მსოფლიოს გამოცდილებით, გამოგონებებითა და ნამუშევრით: გაქვს ავტომობილი, მობილური, სარეცხი მანქანა, იკვებები ბრაზილიური ქათმითა და ახალ ზელანდიური კარაქით, თბები თურქმენული გაზითა და გადაადგილდები იტალიური ვინ იცის სად მოპოვებული ბენზინით.
გაიხსენე რომ ხელითა, და საჭრეთელით ააშენეს პართენონი, პირამიდა, და სვეტიცხოველი, დასერეს მთელი სამცხეჯავახეთი ტერასებით.
რომ არსებობდნენ 9 ძმა ხერხეულიძე, 9 აპრილის გმირები, ფერეიდნელი ქართველები, ნახე რემბრანტი, გოია, პისარო და აივაზოვსკი, მოუსმინე შოპენს, რაველსა და ბიტლზებს (დიახ მოუსმინე ოღონდ დრო დაუთმე და ისე მოუსმინე).
და დამშვიდდები.
დაიბრუნებ რწმენას რომ სიცოცხლე და ადამიანად ყოფნა ყველაზე დიდი, დაუმსახურებელი საჩუქარია რაც კი ამ უკიდეგანო სამყაროში არსებობს და შენ ევოლუციის ლაბირინთებში შემთხვევით კუდდაკარგული პორნოგრაფიის პერსონაჟი ცხოველი კი არა, ცივილიზაციის, პროგრესისა და შენი ქვეყნის ისტორიის - თანაავტორი, სამყაროს მეფე ჰომო საპიენსი ხარ.
Posted by cartwheel at 6:17 PM 4 comments
Labels: ვინიგრეტი, თინეიჯერს, პორნო საიტი, საზოგადოება
ლაიერ, ლაიერ! - ლოიარ, ლოიარ!
ადვოკატი VS პროკურორი
არ მახსოვს როდის შევიტყვე პირველად ამ პროფესიების არსებობა, ალბათ იმ დროს როცა ქვეყანაში ჩემთვის მათსავით (ადვოკატსა და პროკურორსავით) უამრავი გაუგებარი პროფესია იყო - კომკავშირის თუ პროფკავშირის მდივანი, პარტორგი, რაიკომის მდივანი და სხვა.
თავიდანვე არ დავინტერესებულვარ ამ პროფესიების დანიშნულებით. ალბათ ისეთივე უსარგებლო და მიუწვდომლად ჩავთვალე როგორც აქ ჩამოთვლილი სხვა პროფესიები.
გამოხდა ხანი, უკვე ახალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ შევარდნაძისდროინდელ საქართველოში ახალი ტელევიზიები შეთანხმებულივით მხოლოდ ადვოკატებსა და პროკურორებზე ალაპარაკდნენ და მაშინ კი გავიგე მათი დანიშნულება და ერთმანეთისაგანაც გავარჩიე.
ხანდახან გიფიქრია კაცს, რატომ აირჩია ამ კაცმა ესეთი ცუდი პროფესია, რომლის აღწერა ზღაპრებში აუცილებლად სიბოროტის სიმბოლო იქნებოდა.
პროკურორი - ბრალმდებელი, ადამიანი, რომელმაც თავის საქმედ გაიხადა ისედაც დაჭერილი და გაუბედურებული ადამიანისათვის მეტი სასჯელის მიღწევა. და ადვოკატი ადამიანი, რომლის წარმატებაა განსასჯელისთვის სასჯელის შემსუბუქება.
ადვოკატი ალბათ ყველა ზღაპარში კარგი, კეთილი კაცი იქნება. ჩვენი ტელევიზია ადვოკატების სერიალს დაემსგავსა, ყველა სასამართლო საქმეს აუცილებლად ადვოკატების თვალით უნდა შევხედოთ და საწყალ მსჯავრდებულს უნდა ვუთანაგრძნოთ, რომელსაც მუდამ აბრალებენ არჩადენილ დანაშაულს, ან პოლიტიკური დაკვეთით სჯიან ან არაკომპეტენტურობით. "ეს კაცი რეალური დამნაშავის მაგივრად დაიჭირეს და აი ჩვენი მოუწესრიგებელი სასამართლო როგორ უგულოდ წირავს ადამიანს".
თუ დალაგებული ევროპული ქვეყნის მოქალაქემ იცის რომ სასამართლოზე მოსამართლეს საქმე მიჰყავს პროურორისა და ადვოკატის პოზიციების შეჯერებით, ჩვენ მაყურებლები ძირითადად ადვოკატის მხარეს ვიჭერთ.
შევარდნაძის დროს რატომღაც ამ ადვოკატური სერიალის შემხედვარეს მეც სწორედ ადვოკატები მყავდა დადებით გმირებად. კარგად მეტყველებდნენ, კონკრეტული გაჭირვებული ადამიანის ინტერესებს იცავდნენ. მას შემდეგ ქვეყანაც შეიცვალა და მრავალმა ადვოკატურმა სერიალმაც გაირბინა ჩვენს თვალწინ.
ახლა, 2007 წლის ბოლოს როცა საქართველოში ადვოკატებმა მოინდომეს პოლიტიკაში მოსვლა, უფრო დაკვირვებით ვუყურებ მათ საქმიანობას. და ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე რომ, ჩემს მხარეზე ადვოკატი კი არა, პროკურორია.
პროკურორის მიზანია სამართლის აღდგენა მას შემდეგ რაც რეალური, კონკრეტული დანაშაული უკვე მომხდარია. ვიღაც ჩემნაირი მოქალაქე დააზარალეს, შეურაცხყვეს, მოატყუეს, მოერივნენ, დაამცირეს და ეხლა სახელმწიფოს ჯერია აღადგინოს სამართლიანობა.
პრურორიც კითხულობდა ზღაპრებს ბავშვობაში და პროკურორსაც ეკითხებიან საკუთარი ბავშვები, ვინ არის კეთილი და ბოროტი, რა არის პატიება და რა არის სასჯელი.
წარმოიდგინეთ რომ პროკურორიც მოიცვას იმ გულჩვილობამ რომელიც ჩვენ გვეუფლება დაპატიმრებულთა და მათი ადვოკატების ხილვისას. ანდა რაღა წარმოდგენა გვინდა უბრალოდ უნდა გავიხსენოთ 5 წლის წინანდელი საქართველო - გულჩვილი თუ გულჩვილობას ამოფარებული კორუმპირებული პროკურორების ქვეყანა.
სამწუხაროდ ზღაპრების პერსონაჟები ისეთივე მრავალფეროვანნი არ არიან როგორც რეალური ადამიანები. ზღაპრებში ცხოვრობენ ბოროტები, კეთილები, ძლიერები და მოხერხებულები, უკვდავები და მოკვდავები.
რეალური ცხოვრება არ ვიცი, მაგრამ სატელევიზიო ვირტუალური ცხოვრება კი დასახლებულია რთული პერსონაჟებით, უპრინციპო პრაგმატისტებით, რომლებიც წარმატებისათვის ყაჩაღსაც ლამაზად შეფუთავენ და მის დასაცავად ცრემლებსაც საჭირო ოდენობით დაღვრიან. ექსტრემალურ პირობებში კი არა, ყოველდღიურად. ეს ხომ მათი პროფესიაა – ადვოკატობა. ჩემ სიტყვებზე უკეთ ამ პროფესიის ავანჩავანს ჯიმ კერი და მისი “ლაიერ, ლაიერ”-ი შეგიქმნით.
პროკურორი კი რეალურ ბოროტ ბოროტმოქმედებს უპირისპირდება სახელმწიფოს სახელით, ჩვენი სახელით.
ოქრუაშვილის ავტორიტეტიც მაშინ არ შეიქმნა როცა პროკურორი იყო და ქვეყნის ძველ ძლიერთა ამა ქვეყნისა ციხეებში სვამდა?
მაგრამ ის მაშინ მხოლოდ სააკაშვილის თამაშის, მოგებული თამაშის მოთამაშე ყოფილა და შინაარსით მაინც იმად დარჩა რა პროფესიაც აირჩია - ადვოკატი ლაიერ, ლაიერ!- ლოიარ, ლოიარ!.
.
.
Posted by cartwheel at 5:30 PM 0 comments
Labels: ადვოკატი, პროკურორი, საზოგადოება
Monday, March 24, 2008
სალამურა
წინა წლებში დიდი დისკუსია გაჩაღდა საქართველოს კინემატოგრაფიის მომავალზე. ითქვა ისიც რომ დროა საქართველოს სახელმწიფომ სახელმწიფო ფულითა და ნიჭიერ ხელოვანთა მონაწილეობით გადაიღოს ფილმი კოლოსი თუ ფილმი ბლოკბასტერი დავით აღმაშენებლის შესახებ.
არა, ცუდი ამაში არაფერია თუ არ ჩავთვლით საქართველოს ფინანსური რესურსებისა და დროის შეზღუდულობას.
დროის შეზღუდულობაში მხედველობაში მაქვს იმ დროის სიმცირე რაც დღეს საქართველოს, როგორც მსოფლიო პოლიტიკის ბრენდს აქვს ამ ეტაპზე, საქართველოსადმი გლობალური ინტერესის ეტაპზე.
შუასაუკუნეების ბრძოლებისა და ლეგენდარული ლიდერების მამაცობის შესახებ მსოფლიო უკვე 70 წელია იღებს ისტორიულ ფილმებს. ასეთი ფილმების ბუმი თუ არ ვცდები XX საუკუნის 80-იან წლებზე მოვიდა. შეიქმნა ბევრი დიდ ბიუჯეტიანი, საუკეთესო მსახიობების მონაწილეობით გადაღებული ფილმი. შემდეგ ამ ჟანრის მიმართ ინტერესი განელდა და მას შემდეგ ეპიზოდური წარმატებებ მხოლოდ უუზარმაზარ ბიუჯეტიან და გლობალური მასშტაბის ინტერესის მქონე თემაზე გადაღებულმა ფილმებმა - "გლადიატორი", "მაკედონელი", "ქრისტეს ვნებანი", "300" მოიპოვეს.
ყველა ერს ჰყავს ერთი ან რამოდენიმე სათაყვანებელი წარმატებული მეფე. მსოფლიო მზად არ არის თაყვანი სცეს ყველა მათგანს. დღევანდელ შეკუმშულ, ინფორმაციით გაძეძგილ, ნევროზულ მსოფლიოში კინემატოგრაფის მიმართ მოთხოვნები შეიცვალა. მაყურებელი მეტი ინტერესით ნთქავს საბავშვო და თინეიჯერებისათვის განკუთვნილ პროდუქციას. ამის დასტურია ჰარი პოტერისა და სტუდიებში დამზადებული მულტფილმების გლობალური წარმატებები.
ამასთანევე თვალშისაცემია ერთი ახალი კანონზომიერება – თუ არსებობს ეფექტური ფაბულა (მაგალითად ბავშვები ჯადოქრობის სკოლაში, პატარა გობლინები სამყაროს გადამრჩენელები, უმნიშვნელო მოზარდი-სპაიდერმენი ) მასზე ბევრი სცენარისტი მუშაობს, ფაბულას ხორცს ასხამს.
ქართველებს გვაქვს ასეთი ფაბულა – სალამურა.
ბიჭი რომელიც დღე ჭიამაიებს მწყემსავს და ღამე სძინავს, გოგო რომელიც ციცინათელებს მწყემსავს და დღე სძინავს. სალამურა ღამეს ვერ იტანს, ბაია კი დღეს. ისინი შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს შეუყვარდებათ ერთმანეთი, ბაია დაიკარგება მას მოიტაცებს მეფე ქონდარუხი. სალამურა ბაიას გამოსახსნელად უამრავ სიძნელეს შეებმება.
რითი არ არის ძალიან მაგარი ფაბულა?
წარმოიდგინეთ ჰოლივუდის დონეზე გადაღებული თავისი ბევრი ბევრი კარგი წვრილმანებით რომელიც სცენარისტების ჯგუფმა უნდა მოიფიქროს და კარგი ტექნიკით უნდა იქნეს გადაღებული.
აქ თავს მოიყრის როგორც ზრდასრული, ასევე თინეიჯერი მაყურებლის ინტერესები: უთანასწორო ბრძოლა სამართლიანობისთვის, სენტიმენტები, ზღაპარი, ბოროტება და სიკეთე, ტოლერანტები და ქსენოფობები, პრაგმატისტები და იდეალისტები. მოკლედ ბევრი რამის ჩადება შეიძლება მასში. ვიზუალურად ფილმს გაალამაზებს დღისა და ღამის ლამაზი გასაყარები, ციცინათელები და ჭიამაიები.
ეს ფილმი შეიძლება საჩუქარი გახდეს დღევანდელ მოზარდთა მშობლებისათვის მთელ მსოფლიოში, რომელთაც სურვილი აქვთ საკუთარ შვილებს მორალურად გამართლებული და შეფარულად დიდაქტიკური ფილმი აჩვენონ.
Posted by cartwheel at 12:30 PM 1 comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, სალამურა
Sunday, March 23, 2008
18 ნომერი ტროლეიბუსი.1994 - 95 წ.
ნომერი18 ტროლეიბუსი
View Larger Map">MAP
1994 თუ 95 წლებში ვაკეში ტროლეიბუსების სპილენძის მავთულები მოიპარეს და საბურთალოდან მომავალი ტროლეიბუსი ნომერი18-ის მარშრუტი შეამცირეს ვაკის პარკამდე. ე. ი. საბურთალოდან მომავალი მგზავრი ვაკის პარკთან უნდა ჩამოსულიყო და სხვა ტრანსპორტით, მრშრუტკით ან ავტობუსით გაეგრძელებინა გზა.
ეს ის წლები იყო როცა უდენობას, ულიფტობას, უწყლობას, უგაზობას, უტრანსპორტობას კბილზე კბილის დაჭერით ვუძლებდით, ან ვერ ვუძლებდით. მიტინგები და მანიფესტაციები ვიღას ახსოვდა, ხალხი გაოგნებული იყო ომების წაგებითა და მხედერიონი-გვარდია თუ რაღაც ჯანდაბა საძმოების თავხედობით.
ჰოდა ეს დროა და წყნეთის ქუჩიდან ამოსვლისას რამოდენიმეჯერ დავინახე, რომ ვაკე საბურთალოს აღმართიდან ვაკის პარკისკენ ადამიანების დიდი ჯგუფები, თითქმის დემონსრტაციები მოძრაობდნენ.
არა, განწყობით მანიფესტანტებს არ ჰგავდნენ; ჩვეულებრივი დაბოღმილი სახეები, ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ, უმეტესობა რაღაც ჩანთებს მოათრევდა საწინააღმდეგო გვერდზე გადახრილი, ეს სცენა პირველად რომ დავინახე მართლაც მანიფესტაცია მეგონა მაგრამ რამდენიმეჯერ რომ განმეორდა დავინტერესდი და სიმართლეც შევიტყვე.
18 ნომერი ტროლეიბუსი, რომელსაც მგზავრები ვაკის პარკამდე მოჰყავდა უკან დღევანდელი "ქართუბანკის " შენობასთან ბრუნდებოდა. ეს შენობა მაშინ მხედრიონის იყო და თავის მანქანებსაც ამ შენობის წინ აჩერებდნენ. ტროლეიბუსები შემობრუნებისას თითქმის ებჯინებოდნენ მათ მანქანებს და ხშირად უკან დახევაც უწევდათ შემოსაბრუნებლად. თურმე ერთხელ ერთი ტროლეიბუსი იქ გაჩერებულ მხედრიონელის მანქანას დაჯახებია. რაც მოყვებოდა ამ ამბავს ადვილი წარმოსადგენია. მძღოლი უცემიათ და ტროლეიბუსების იქ მობრუნება აუკრძალიათ (სიტყვიერადაც საკმარისი იქნებოდა) მას შემდეგ ტროლეიბუსების მარშრუტი კიდევ უფრო დამოკლებულა და ტროლეიბუსები დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს აღმართის ზედა მხარეს უკან ბრუნდებოდნენ. მგზავრებს (ხნიერს თუ ახალგაზრდას , ქალს თუ კაცს, ტვირთიანებს თუ უტვირთოებს, ბავშვებსა და ორსულებს) 400 მეტრი მანძილის ფეხით გავლა უწევდათ.
ის ბოღმა რაც ამ ადამიანებს თვალებში ედგათ ახლაც მახსოვს. ითმენდნენ, ბოლომდე მოითმინეს, გულშემატკივარი და წინამძღოლი ავტორიტეტები მაშინ ყველა ერთბაშად იმ მხედრიონის ქებაში იყვნენ და .. იარეს ასე 6 თვე დაახლოებით სანამ ვაკეში მიმავალი ტროლეიბუსის მარშრუტი არ აღდგა.
Posted by cartwheel at 1:24 PM 3 comments
Labels: 1991 წელი, საზოგადოება, ტერორი, უწესობები
Saturday, March 22, 2008
ხევსური მონადირეები და ფრენკი
ეს მოშინაურებული ჯიხვია. წამოიზრდება და რქენას დაიწყებს
ფრენკი ინგლისელი ეუთოს დამკვირვებელთა თიმლიდერი იყო. რაღაც ბრიტანულ ქედმაღლობას გრძნობდნენ სხვა ქვეყნელი ეუთოს დამკვირვებლები და არ უყვარდათ ეს კაცი. მისი ახირებებიდან მე "პრესონალ სპეისი" დამამახსოვრდა. საპატრულო მარშუტზე (მაგალითად - შატილი, ანატორი, მუცო ანატორი, შატილი) სიარულისას მიოთხოვდა მისთვის "პერსონალ სპეისი" დაგვეცვა ე. ი. 3 მეტრის მანძილზე ახლოს არ მივახლოვებოდით. მე რამდენიმეჯერ შევეპასუხე მას, მაგალითად გავაფრთხილე ადგილობრივი ჯარისკაცებისათვის სტვენით არ დაეძახა, გადაადგილებისას მანძილი იმდენი გვქონოდა რომ ერთმანეთში საუბარი შეგვძლებოდა.
ერთერთი პატრულირებისას შესვენებაზე გული გადამიშალა "ძალიან მომწონს საქართველოო, ჩემი ცოლიც აქ ჩამოვიყვანე თბილისში "ვორდვიჟენში" დაიწყო მუშაობა. ახლა შვებულება მიწევს და ვარძია უნდა ვნახოთო, აქეთ, ხევსურეთში ყველა მწვერვალზე ვარ ნამყოფი თებულოს გარდა და იქაც უნდა ავიდეო, ახლა აქ რომ ვართ, ასეთ სილამაზეში ალპებში რომ ვიყოთ ზემოთ ერთი ჯგუფი იქნებოდა, ქვემოძთ მეორე და ჩვენ აქ გასაჩერებლად მხოლოდ 5 წუთი გვექნებოდაო. ქართველებს კარგი ქვეყანა გაქვთ, მაგრამ ეს ჯიხვები რომ არ დახოცოთ და ევროპელ ტურისტებს ბინოკლით დაანახოთ, იგივე ფულს გადაგიხდიან რაც ეს მოკლული ჯიხვი ღირსო.
ეს იყო 2002 წელს შატილის ახლოს, სოფელ ხონესჭალაში. მაშინ მე ვიფიქრე რომ ქართველი ჯერ კიდევ 100 წელი ვერ მივიდოდა ასეთ საზოგადო პასუხისმგებლობამდე, რომ ნადირობაზე ყველას ერთად უარი ეთქვათ და გარეული ჯიხვების ნაკრძალი შეექმნათ.
რამდენიმე დღეში ჩვენი ხევსური მძღოლი ადგილობრივი ნადირობის ამბებს მიყვებოდა და ჩემთვის წარმოუდგენელი რამ გავიგე: თურმე ხევსურები მხოლოდ მამრ ჯიხვებზე ნადირობენ, ხოლო მდედრებსა და პატარებს არ ხოცავენ. "მამალი ჯიხვები ჩრდილოეთ კავკასიიიდან გადმოდიან და აქ იშვიათად ჩნდებიან, ჩვენი ჯიხვები ძირითადად მდედრები და მათი შვილები არიან. ისინი საკმაოდ ბევრნი და ადვილად საპოვნები არიან, მაგრამ აქ მათ არავინ ერჩისო" წარმოვიდგინე დღეების განმავლობაში კლდეებზე ჯიხვის მაძებარი მონადირე, რომელმაც ჯიხვები დაინახა, ჩუმად მიეპარა მიზანშიც ამოიღო და ჭოგრიტში რომ დააფიქირა ჯიხვებს შორის მამრი არ იყო, თოფი გადაიკიდა და მამრი ჯიხვის საძებნელად განაგრძო გზა. მე მგონი ასეთი საზოგადო პასუხისნმგებლობა აქეთ რომ გვქონდეს თბილისელებს მართლა კარგი ქვეყანა გვექნებოდა.
Posted by cartwheel at 10:24 PM 4 comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, ხევსურეთი
Friday, March 21, 2008
სახელმწიფოს ძალა
ეს იმ ძალათა ერთობლიობაა რომელსაც მისი მოქალაქეები აძლევენ თავის მთავრობას თავისივე უსაფრთხოების, სტაბილური განვითარებისა და ქვეყნის მთლიანობის დასაცავად.
მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტით უზრუნველყოფს ჯარის, სასამართლოსა და პოლიციის ფუნქციონირებას.
ჯარის პოლიციისა და სასამართლოს ფუნქციონირება დემოკრატიულ ქვეყნებში რეგულირდება არა მხოლოდ მთავრობისა და პარლამენტის არამედ საზოგადოების მიერაც.
სწორედ საზოგადოების შეკვეთა არის განმსაზღვრელი პოლიციისა და ჯარის მოქმედებათა მასშტაბებსა და მეთოდებზე. მაგალითად ყველა ჩენგანს უნახავს ამერიკული თუ ევროპული ფილმები სადაც ავტომანქანათა უშველებელი კოლონა ელოდება თავის რიგს გაჩხრიკოს და გაატაროს პოლიციის ბლოკპოსტმა, რომელიც პოლიციის მიერ კონკრეტულ დანაშაულზე ეჭვმიტსნილის მოძებვნისა და დაპატიმრებას ისახავს მიზნად. მოსახლეობა მშვიდად ხვდება ამ საგზაო წინააღმდეგობას და იცის რომ მისი დაგვიანება, მისადმი ნასროლი ეჭვიანი მზერა და თუნდაც გაჩხრეკვა ემსახურება მისსავე სურვილს მისმა ცოლ-შვილმა უსაფრთხო ქვეყანაში იცხოვროს.
ასევე ხშირად გვინახავს ფილმებში სასამართლოები ნაფიც მსაჯულთა მონაწ ილეობით. ნაფიცი მსაჯულები ეს არიან არაკომპეტენტური მოქალაქეები, რომელნიც ესწრებიან სასამართლო პროცესს და ერთობლივი დასკვნა გამოაქვთ არის თუ არა კონკრეტული ეჭვმიტანილი დამნაშავე.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ ეს სიტუაციები ქართულ რეალობაში. ყველა ადამიანი,
რომელიც "დამამცირებელი" ცდის შემდეგ გაივლის უფრო მეტად "დამამცირებელ" ჩხრეკვას პირად შეურაცყოფად მიიღებს ამ პროცედურას და პოლიციის და შესაბამისად მთავრობის დაუძინებელ მტრად გადაიქცევა.
მეორე სიტუაციაში, კონკრეტული დამნაშავის მიმართ გულაჩუყებული ნაფიცი მსაჯულები არაადექვატურად მსუბუქ სასჯელს მოითხოვენ ან სულაც გაამართლებენ თვალის ჩაკვრის თანხლებით.
ქართული საზოგადოება არ აძლევს სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურებს შეკვეთას დამნაშავეთა დასჯაზე. არ იღებს პასუხისმგებლობასა და მონაწილეობას მართლმჯულების აღსრულებაში. ამ უფლებას მართლმსაჯულება ძალით ფლობს და იყენებს.
საზოგადოება უთანაგრძნობს დამნაშავეს და ადვოკატს (ამის დასტურია ის რომ ადვოკატები ჩვენთან უფრო ხშირად ჩანან ტელევიზიით, ვიდრე მინისტრები და პარლამენტარები ერთად. პროკურორის მოსაზრება ძალიან იშვიათად გაიელვებს ხოლმე ტელეეთერში და ისიც ბრალდებულის ადვოკატისა და ნათესავების კომენტარების თანხლებით.
ასეთ რეპორტაჟებს ერთი ზღაპრის სახელი აქვს -"საწყალი ხალხი და ბოროტი სახელმწიფო". სახელმწიფო როგორც სისტემა, სტრუქტურა და იერარქია ჩვენ, ქართველებს არ მოგვიგონია და რა ისტორიული ფესვები ჰქონდა ქართულ ხელმწიფო სტრუქტურასა თუ იერარქიას ჩვენ აღარ გვახსოვს.
ის ისტორიული მახსოვრობა, რომელიც აქვთ რუსებს, ევროპელებსა და ამერიკელებს ჩვენ არ გვაქვს. ამ ჩამოთვლილ ქვეყანათა მოქალაქეები არანაირი გაჭირვების საზღაურად არ მოითხოვენ სახელმწიფო იერარქიის დამსხვრევას. არანაირი წყენის გამო არ იყვირებენ პრეზიდენტს არ ვცნობ და მე ჩემი სახელმწიფო თუ ეროვნული საბჭო მაქვს რომელსაც მთავრობად ვაცხადებო.
ქართული საზოგადოება მართლმსაჯულებასთან მიმართებით თავის თავს იდენტიფიცირებს უსამართლოდ დაჭერილ კრიმინალთან და არა სახელმწიფოსთან.
Posted by cartwheel at 5:20 PM 0 comments
Labels: ადვოკატი, პროკურორი, საზოგადოება
რა სარგებლობა მოაქვს ოპოზიციას
მოდი, დღეიდან უფრო ადამიანურები ვიყოთ, ამომრჩეველთა 47% ხომ ამას თხოულობს, თქვეს საქართველოს მთავრობაში და დაფიქრდნენ. უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იგრძნოს რომ ჩვენ სწორედ მათზე ვზრუნავთ. მოდი ნუ დავუნგრევთ ეზოების მაგივრად ჩაჭუჭყნულ ავტოფარეხებს, რომელთა აშენების ნებართვაში წერია რომ ეს არის დროებითი ცხაურის ტიპის სადგომი, რომელიც აღებული უნდა იყოს მფლობელის ხარჯით მერიის მოთხოვნისთანავე. ნუ დავუნგრევთ ამ გარაჟებს ამით ხომ კიდევ 1000 კაცი არ იგრძნობს თავს ჩვენი მთავრობისაგან დაჩაგრულად. მერე რა რომ იმ გარაჟების ადგილზე საბავშვო თუ სპორტულ მოედნებს ავაშენებდით და მასზე 5000 ბავშვი და მოზარდი ითამაშებდა ყოველთვიურად, ამ ბავშვებს საარჩევნო ხმის უფლება არ აქვთ და მათი მშობლები კი მადლიერები მაინც არ იქნებიან. მაინც თავის გარაჟის პატრონ მეზობელს უთანაგრძნობენ და ჩვენ ძალმომრევებად და კერძო საკუთრების მტრებად ჩაგვთვლიან. ნუ ავაშენებთ სტადიონებს, საბავშვო საქანელებს, ჩვენ მეეზოვეებსაც ნაკლები ფართი ექნებათ დასაგველი. ამ შენება დასუფთავების ბიუჯეტი კი ღირსეული ადამიანების მომადლიერებაზე დავხარჯოთ: ერთი სტადიონის აშენების ნაცვლად შეგვიძლია იმ უბნის მაცხოვბელ 25 პედაგოგს, 25 ვეტერანს, 25 ინვალიდს და 25 ომში დაღუპულთა ოჯახს მთავრობისაგან საჩუქრად ერთჯერადად გადავცეთ 4 კილო სარდელი. არა ეს სია შესაცვლია, ომებში დაღუპულთა ოჯახების ნაცვლად ჩავსვათ ხელოვნების მუშაკები, მათში კი პრიორიტეტი მსახიობებს უნდა მივანიჭოთ, მათი ხმა ისმის, სხვისი კი არა. არ შევღებოთ სახლები, დავაგოთ გზები, დავდგათ შადრევნები და ეზოს განათებები მერე რა რომ 1000 მუშა და ხელოსანი აღარ მიიტანს სახლში ყოველთვიურად დაახლოებით 1000 ლარს და მათ პენსიონერებსა და ბავშვებს მოაკლდებათ სარჩო, სამაგიეროგ ჩვენი სახელით, მთავრობის სახელით შეგვიძლია თბისის ყველა ოჯახს ერთჯერადად ვაჩუქოთ 1 კილო სარდელი. ამას უფრო დაგვიფასებენ ვიდრე ფასადებსა და შადრევნებს.
მართალია სტუმრად მყოფი ვიღაც პოტენციური ინვესტორი უარს იტყვის ჩვენთან ინვესტირებაზე და უფრო სუფთა და შესაბამისად ღირსებული და წესიერი ხალხის ქვეყანას მონახავს თავისი ფულის მშვიდად დასაბანდებლად, მაგრამ რა, ჩვენი ხალხისათვის, ამომრჩევლისათვის სულ ერთი ყოფილა ბიუჯეტი და ინვესტიცია, მისი უდიდებულესობა მოსახლეობის მესიჯი გაგებულია მათ უნდათ სარდელი, ბევრი სარდელი. უნდათ და მიიღებენ. მოდი, დღეიდან უფრო ადამიანურები ვიყოთ, ამომრჩეველთა 47% ხომ ამას თხოულობს, თქვეს საქართველოს მთავრობაში და დაფიქრდნენ.
Posted by cartwheel at 1:19 PM 0 comments
Labels: ოპოზიცია, საზოგადოება
Thursday, March 20, 2008
დემოკრატია
გე ცოდება თუ გე შინია?
აქ მანქანა არ გააჩეროთ თორემ!!! ვიტყვი.. - კაი ერთხელაც მოვითმენ.
ყველას თავს ვერ მოაწონებ
დღეს ბუზღუნი აშკარად არ გვაკლია, გვაკლია კი არა ყელამდე ჩაფლულნი ვართ ცნობილი პოლიტიკოსებისა თუ უცნობი მორბენალი სტრიქონების ავტორთა უზრდელობითა და ღრიტინით. რა ვიცი იქნებ დღეს სწორედ ეს გვშველის? საერთოდ დემოკრატია გენიალური გამოგონებაა, მართალია ცოტა ძნელი სასწავლია, მაგრამ ბევრი ჭირის წამალია.
ერთი წლის წინ მუსულმანებმა აღმოაჩინეს რომ ერთერთ დანიურ ჟურნალში მუჰამედზე კარიკატურა ეხატა. ატყდა მსოფლიო მასშტაბის გნიასი, ლამის საღვთო ომი ყველა ყველაზე, გახსოვთ ალბათ უამრავ მუსულმანურ ქვეყანაში შეუტიეს ევროპული ჯვრიანდროშიანი ქვეყნების საელჩოებს, მიტინგ-დემონსტრაციებში მილიონები ღებულობდა მონაწილეობას. მომიტინგეები პოულობდნენ ევროპული ქვეყნებისათვის შეურაცხყოფის მიყენების ვიზუალურ ფორმებს; წვავდნენ დროშებს, ფიტულებს, ვირებს ახატავდნენ ევროპულ დროშებს, ბოლო ხმაზე გაჰკივოდნენ წყევლას. ევროპული ქვეყნები უხერხულად იშმუშნებოდნენ, მდგომარეობის გამწვავებას ყველა მოერიდა. მრისხანების 10-15 დღე ჩათავდა და რა... მუსულმანებს არავინ მოუკლავთ, არავინ გაუტაციათ, მთავრობებმა სიმშვიდე შეინარჩუნეს. ეს თითქმის გამოუვალი სიტუაცია დემოკრატიამ დააცხრო. იმ დემოკრატიამ რომელიც პროგრესის პარალელურად შეიპარა მუსულმანურ ქვეყნებში. ამ ხალხმა ტელევიზიით, პრესით დაინახა რომ მათი აღშფოთება საკმაოდ ნათლადაა გადმოცემული და დანახული ამ აღშფოთების ადრესატის - ევროპის მიერ.
ამ მოვლენებს მალე კიდევ ერთი გლობალური რელიგიური სკანდალი მოჰყვა. რომის პაპმა - რაიციგერმა ახსენა რომელიღაც ძველი ნაწერი რომელშიც მუსულმანობა აგრესიის მომტან რელიგიადაა შეფასებული. ამ განცხადებაზე პასუხი უკვე არა მარტო ხალხმა, არამედ მუსულმანური ქვეყნების რელიგიურმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა მოითხოვეს, რომის პაპს მოუწია მათთან აუდიენციაზე თავისი ნათქვამი განემარტა და სამომავლოდ ძმური სიყვარული შეეთავაზებინა.
რომის პაპის სკანდალი ძალიან სწრაფად ჩაცხრა, არც სალმან რაშდის სიკვდილის შემკვეთმა ხომეინის მიმდევრებმა არც არაბებმა არც ავღანელმა და პაკისტანელებმა აღარ მოინდომეს ტელეკამერების წინ მუქარებისა და ხმლების ტრიალი.
რატომ? იმიტომ რომ მისი უდიდებულესობა დემოკრატია და საჯაროობა ე. ი. მასმედია მაშინვე მთელ მსოფლიოს მოსდებდა რომ მუსულმანები რისხვით არიან სავსე და ამით... რაიციგერის სიტყვები გამართლდებოდა.
Posted by cartwheel at 10:53 AM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება