Thursday, March 20, 2008

რატომ იქნება მომავალში ბავშვი ჩლუნგი?



თუ რევოლუციამდელ ბავშვს სათამაშოც კი არ ჰქონდა რომ განვითარებულიყო, განევითარებინა წარმოსახვა, დღეს ბავშვს პირიქით, მცირე ასაკიდანვე ყველა შეგრძნებით, მხედველობით, სმენით, თამაშისა თუ ტელეხედვის დახმარებით მიეწოდება სხვის მიერ (უამრავი ავტორის, გამომგონებლის ..) წარმოსახული, მოფიქრებული და ტვინნაჭყლეტი, დანასიზმრი თუ ნაფიქრი.

ამიერიდან უამრავი პოტენციური ფიროსმანი, ცაბაძე, ყიფიანი და ჰიუგო არ მოეკიდებიან ხელოვნებას და სპორტს. ისინი პასიურ მიმღებლებად დარჩებიან ვინაიდან მათი დასაპყრობი მწვერვალები უკვე დაპყრობილია.
საკმარისია ერთი კვირის განმავლობაში უყურო ტელევიზორს, რომ იმდენ ფანტასტიკურ სცენასა და მძაფრ ემოციას მიიღებ, რომ მთელი ცხოვრება გაგყვება ნანახი. შემდეგ ასეთივე ემოციურ-ვიზუალურ-აუდიო შეტევას ალბათ უფრო მშვიდად შეხვდები, ანუ აიცრები გაოცებაზე.

საერთოდ მძაფრი ემოციები; აღტაცება, შიში, სიძულვილი, სიხარული, თანაგრძნობა შემცირდება და გაიშვიათდება.

თანამედროვე ხელოვნება რამდენიმე გზით ხელს უშლის ახალი ლომონოსოვის, ედისონის, დალის გაზრდას.
რა იქნება მომავალში, ერთი ასი წლის შემდეგ, როცა მოზარდი დაფიქრდება თავის მომავალ პროფესიაზე- “ახალი რა უნდა ვთქვა. აღიარებას ვერ მივაღწევ. მდიდარი ქვეყნები ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტსმენებისათვის ისეთ პირობებს ქმნის რომ, ჯობია ისევ იმ ქვეყნებმა განავითარონ ხელოვნებაც, მეცნიერებაც და სპორტიც”. ის აირჩევს საქმეს რომელიც აღარ მისცემს მისი ინდივიდუალობის გამოხატვის საშუალებას... ანუ “ყველა მელოდია უკვე დაწერილია, ყველა სიუჟეტი მოფიქრებულია, ყველა ილუზია დახატულია”

ეს პროცესი დღეს უკვე მიდის. მისი შედეგია პოტენციური შემოქმედების თავმოყრა ისეთ პროფესიებში, რომელიც ხელოვნებასთან ახლოსაა, მაგრამ მის მუშაკებს მომავალში აღარ განიხილავენ როგორც ხელოვანთ. ასეთი პროფესიებია: სცენარისტი, დეკორატორი, დიჯეი, ჟურნალისტი, მულტფილმების მხატვარი... ამ პროფესიების წარმომადგენელი ბევრი ღირსეული ადამიანი მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე ქმნიდა, წერდა, ხატავდა, .. მათი შრომის შედეგად იქმნებოდა პროდუქცია, რომელსაც გამოყენების ვადა აქვს და მას შემდეგ რაც ეს ვადა გავა - კვდება. ის და მისი შემქმნელი ხალხი აღარავის ააღარ ახსოვს. ეს პროდუქტია ფილმები, დადგმები, მულტფილმები, დეკორაციები, პანოები, კონცერტები და ა. შ. ამ პროფესიის ხალხს საკუთარი შთამომავლობაც არ მიიჩნევს ხელოვლებად, არ იციან მათი შემოქმედება და არ ამაყობენ შემოქმედი წინაპრით. რატომ, იმიტომ რომ ამ ნახევრად ხელოვნებმა თავისი ადგილი ვერ ნახეს მსოფლიო ხელოვნებაში, ჩათვალეს რომ მათი სათქმელი უკვე ნათქვამია სხვის მიერ, და არ გახდნენ ხელოვანნი. თავისი ნიჭი შეზღუდეს და შემოსავლის წყაროდ გაიხადეს შოუბიზნესი.

შოუბიზნესი და ხელოვანი ხალხი კარგად იყვნენ და ჩვენმა შვილებმა რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რა შემთხვევაში ჩაერთვებათ მათ ახლის კეთების, მიღწევის, შექმნის, სწავლისა და სწავლების ჟინი?
ვინ ეტყვით მათ რომ ის რასაც აკეთებენ რუტინა კი არა, მნიშვნელოვანია?

No comments: