Tuesday, June 24, 2008

ტაოკლარჯეთი


20-ში დავბრუნდით თურქეთიდან.


მოვიარეთ ტაოკლარჯეთი და კაპადოკია.

კულტურული შოკი ალბათ ამას ქვია.
ეს გრძნობა მოყოლით არ გადმოიცემა, უნდა იგრძნო, უნდა დაიონახო, უნდა დაიღალო, უნდა გეტკინოს, უნდა შეწუხდე

და შედეგად იქნები


უფრო ამაყი და უფრო გულმოკლული

უფრო ძლიერი და უფრო უსუსური

უფრო მდიდარი და უფრო ხელმოკლე

კმაყოფილი და იმედგაცრუებული


მოკლედ
გირჩევთ წახვიდეთ, ერთხელ მაინც ცხოვრებაში აუცილებლად წახვიდეთ ტაო კლარჯეთში.

ეს თქვენც შეგიძლიათ,
შეგიძლიათ გიდისა და ტურ-ოპერატორის გარეშეც.

ჩემი საიტი მსურველებს ვირტუალურ მეგზურობას გაგიწევთ.




უფრო სწორედ იპოვეთ ლინკი "ტაო-კლარჯეთი-კაპადოკია"და იქ ჩვენი მარშუტის, ქრონოლოგიის, სანახაობებისა და სასტუმროების ზუსტ აღწერას ნახავთ.




ეს საიტი ჩვენი ჯგუფის მიერაა დაარსებული.
ჯგუფში შედიოდნენ;

17 სკოლის მოსწავლე მოზარდი (მე-6 დან მე 11 კლასის მოსწავლეები, ყველა განსხვავებული ნატურა, განსხვავებული მოლოდინებითა და შეფასების კრიტერიუმებით)

4 ზრდასრული.ქართულ-ბრიტანული სკოლის 2 მასწავლებელი (ამავე დროს ჯგუფის ხელმძღვანელები და წინამძღოლები)

მე (როგორც ექიმი)
მძღოლი (ერთი მძღოლი 3000 კლილომეტრზე 9 დღის განმავლობაში)

ეს საიტი
ამ ჯგუფის ერთობლივი საიტია
ნახეთ

Wednesday, June 11, 2008

სამოგზაუროდ ტაო-კლარჯეთსა და კაპადოკიაში



დიდი დღე ჩემსა და ჩემი ნიკას (12 წლის) ბიოგრაფიებში.

12 და 20 ივნისის ჩათვლით (9 დღე, 8 ღამე) მივდივართ სამოგზაუროდ ტაო-კლარჯეთსა და კაპადოკიაში.

თითქმის ყველა იტორიულ ქართულ ძეგლს ვნახავთ (ბანა შეიძლება ვერ მოვასწროთო).

"ქართულ-ბრიტანული სკოლის" ბავშვების ჯგუფს მივყვებით.

ორგანიზაციას მათი მასწავლებელი ალეკო გვიწევს. შარშან იყო ტაო-კლარჯეთში ბავშვებთან ერთად და გამოცდილება აქვს.
წინასწარ მადლობა მას.

დიდი მოლოდინები გვაქვს;
ტაო-კლარჯეთი - ისტორიული საქართველო გრანდიოზული ეკლესიებითა და ულამაზესი ბუნებით.
ჩემს ბავშვობაში ტაო კლარჯეთი რუქაზე თუ მენახა თორემ LIVE-ში ვარძიაშიც კი ვერ წახვიდოდი საბჭოთა კავშირის სასაზღვრო ჯართან წინასწარი თანხმობის გარეშე იმ მოტივით, რომ მტერის- თურქეთის საზღვართან ახლოს მისვლა შეზღუდული იყო.

სახლში 1977 წლიდან გვქონდა ავტორის ნაჩუქარი გერმანელი როლფ შრადეს მიერ გამოცემული წიგნი-ფოტოალბომი "Die Kunst des alten Georgien" 1977წ. გერმანულად. იქ იყო ტაო კლარჯეთის ძეგლების ფოტოები და ეს წიგნი ოჯახის სანახაობად იყო ქცეული - ყველა სტუმარს ამ წიგნის და განსაკუთრებით ტაო კლარჯეთის ძეგლების დათვალიერებას ვთავაზობდით.

კაპადოკია
ბუნება და ეკლესია მონასტრები ერთად მსოფლიოს მერვე საოცრებაა.

კაპადოკია
წმინდა გიორგის,
წმინდა ნინოსა და
წმინდა ნიკოლოზის სამშობლოა.
სანტა კლაუსი ჯადოსნურ კაპადოკიაში დაიბადა და ჯადოსნურ ლაპლანდიაში გადასახლდა.


მოკლედ, კაცობრიობის ცივილიზაციის ფესვებს ხელი უნდა შევახო.

მიმაქვს 7 მეგაპიქსელიანი CANON-ი და 1560 Mb მახსოვრობა.

Tuesday, June 10, 2008

სამსახურიდან დათხოვნა

SAQARTVELO!
შენ დრო არ გაქვს, ხვალ უნდა შეგაფასოს აფხაზმა.
შენ დრო არ გაქვს, ხვალ უნდა შეგაფასოს ოსმა.
შენ დრო არ გაქვს, ხვალ უნდა შეგაფასოს რუსმა.
შენ დრო არ გაქვს, ხვალ უნდა შეგაფასოს ევროპამ.
შენ დრო არ გაქვს, ხვალ უნდა შეგაფასოს ამერიკამ.

ამ შეფასების საფუძველზე ან გადარჩები, ან ჩაიძირები.

QARTVELO!
როგორ უნდა შეცვალო მდგომარეობა ისე რომ არავის აწყენინო. შენ მოგწონს ცხოვრება ფილმებში, გინდა შენი ქვეყანაც იყოს ისეთივე განვითარებული, კომფორტული იყოს.
გარშემო ისეთივე კეთილგანწყობილი პროფესიონალები აკეთებდნენ სახელმწიფოს საქმეს (პოლიციელი, ექიმი,მასწავლებელი, მაშველი, ჯარისკაცი...) როგორც ევროპასა და ამერიკაშია, მაგრამ როცა გესმის რომ რომელიმე უწყებაში ძველ თანამშრომლებს ათავისუფლებენ და ახლებს კონკურსით ღებულობენ, თვლი რომ ხელმძღვანელები ბოროტი, უგულო ადამიანაბი არიან და მათ ისევე როგორც მთავრობას შენი თანაგრძნობა არა აქვს.

როგორ მომართვას მე სახელმწიფომ კვალიფიციური, პროფესიონალი, კეთილგანწყობილი და ფიზიკურად თავისი მოვალეობის შემძლე პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, მაშველი თუ ოფიცერი, თუ ის ადამიანები რომლებიც თავის საქმეს დღევანდელი მოთხოვნების მიხედვით ვერ ასრულებენ?

უნდა შეცვალოს!
უნდა შეცვალოს და ვისაც მიიღებს მასაც იგივე შიში უნდა ჰქონდეს რომ შეცვლიან თუ საქმეს თავს ვერ გაართმევს.

სასწრაფო-"03"

იყო



ქალა-ტვინის ტრამვისას ადამიანის ყოფნა-არყოფნა დამოკიდებულია ჩატარებული დახმარების სისწრაფეზე, სიზუსტეზე და სათანადო აღჭურვილობის გამართულობაზე.



იყო

ავარიის შედეგად გონდაკარგული ავადმყოფი შეიძლებოდა საავადმყოფოში მოსვლამდე მომკვდარიყო სასუნთქი გზების სისხლით ან კუჭის შოგთავსით გადაკეტვის მიზეზით. ან მომკვდარიყო საავადმყოფოში ტვინის უჟანგბადო პირობებში დაზიანების შედეგად.

ასეთი ავადმყოფი საავადმყოფოში მოჰყავდათ გულისხმიერ თბილად ჩაცმულ დეიდა-ბებიებს, რომლებიც გულწრფელად ვიშვიშებდნენ და უთანაგრძნობდნენ ავადმყოფს.
მაგრამ გადარჩენისათვის საჭირო ღონისძიებები არ ჰქონდათ ჩატარებული.

ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:

დახმარების წესების უცოდინრობა

აპარატურის არქონა

ორგანიზაციული გაურკვევლობა - რა სჯობდა, დროის დახარჯვა ადგილზე სტაბილიზაციისათვის, თუ დაუხოვნებლივ გადაყვანა ახლომდებარე კლინიკაში.

ექიმთა ასაკითა და ფიზიკური კონდიციებით სათუო იყო, შეძლებდნენ კი ეს ადამიანები სწრაფ, ზუსტ და მოქნილ მოქმედებებს.


სასწრაფო-"03"
არის




დღეს 03-ს ჰყავს ახალგაზრდა მცოდნე და ენერგიული რეანიმატოლოგით დაკომპლექტებული რეანიმაციული ბრიგადები და აპარატურით აღჭურვილი რეანიმობილები.

მათი დახმარებით უკვე ბევრი ადამიანი გადარჩა სიკვდილს ან მუდმივ ინვალიდობას.

ასეთი ავადმყოფი 03 ის მისვლისთანავე ღებულობს ინტენსიურ დახმარებას; 1 ან 2 პერიფერიული ვენური კათეტერით სისხლის შემცვლელების ინფუზია, სასუნთქი გზების გათავისუფლება, აპარატული ხელოვნური სუნთქვა, მოტეხილობების იმობილიზაცია. წნევის, პულსისა და სატურაციის მონიტორინგი ეს ის ღონისძიებებია, რომელთაც ადამიანის გადარჩენაში უმთავრესი როლი შეუძლიათ ითამაშონ.

ახლა 03ის ყველა ბრიგადა ღჭურვილია რაციით. დისპეტჩერები წინასწარ ათანხმებენ და ამზადებენ კონკრეტული მძიმე ავადმყოფისათვის პროფილურ კლინიკას რაც ასევე ბევრი ავადმყოფისათვის საბედისწერო შეცდომებისა და დროის კარგვის თავიდან აცილების ტოლია.


შენ ხვალ უნდა შეგაფასოს მსოფლიომ!

Saturday, June 7, 2008

BARCAMP





დღეს, იმ დროს როცა ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, ის სხდომა, რომლის ჩაშლას და პიკეტირებას გულდათუთქული გვპირდებოდა ოპოზიცია, კუს ტბის გზაზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში პირველი ქართული BARCAMP-ი გაიხსნა.
ჩემს უფროს შვილს რომ ვურჩევდი წამომყოლოდა ვუთხარი - ზუსტად არ ვიცი რა არის ეს ბარკამპი და რა მოხდება, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ კარგი ადამიანები იქნებიან მეთქი.

ასეც აღმოჩნდა.
თუ დაინტერესდით ესტუმრეთ BARCAMP-ის მასპინძლის საიტს
WWW.DGIURI.COM

ქართული ანბანი




Think again

ვთქვათ მიზანი გაქვს უცხოპლანეტელ არსებებს ასწავლო დამწერლობა.

დედამიწაზე არსებული ანბანებიდან უნდა ამოარჩიო ერთი შემდეგი კრიტერიუმებით:

-ცალკეული სიმბოლოს ადვილად, სწრაფად, შორიდან გარჩევადობა.
-სიმბოლოების ერთმანეთისგან ადვილად, სწრაფად, შორიდან გარჩევადობა.
-ადვილად, სწრაფად დაწერის შესაძლებლობა.
-სწრაფად ხელნაწერის გარჩევადობა.
-ნუ, სილამაზეც არ აწყენთ.


შეხედე თავიდან, შეხედე კრიტიკულად, შეაფასე და რას აღმოაჩენ!
ქართული ანბანის 80% უპირობო ლიდერია.

ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ უ ო პ ჟ რ ს ტ უ ჩ ფ ქ ღ ყ შ ც წ ჯ ჭ ხ ჰ

მაგარია!

ნუ, რამდენიმე ასოს დათმობა შეგვიძლია; მაგ. ტ,ბ,უ,ჯ,ჰ ლათინური უფრო ადვილად იწერება ・ T,B,U,J ・თუ მაინცადამაინც პ-სა და ზ-საც შეველევით P სა და Z-ის სასარგებლოდ.




დანარჩენი საუკეთესოა,
ა b გ დ ე ვ თ ი კ ლ მ ნ u ო რ ს t ჩ ქ z ღ ყ შ p ც წ j ჭ ხ
სამყაროს ანბანია!

ეუჰ, ავმაღლდი ზურაბ ქაფიანიძემდე.

პავკა მოროზოვის წითელი წიგნაკი


დღეს ახალი პარლამენტის პირველი სხდომაა.
ოპოზიციას "სულ რაღაც" 80 დებუტატი დააკლდა სანუკვარ მიზნამდე - პარლამენტისათვის ქვორუმის და შესაბამისად ლეგიტიმაციის დაბლოკვის შესაძლებლობამდე.
დღევანდელ დღეს დავით გამყრელიძე, გაერთიანებული ოპოზიციის ახალი ლიდერი პარლამენტის ფიზიკურ დაბლოკვას შეგვპირდა.

ვნახოთ.
მანამდე კი ისევ დავით გამყრელიძე.
ვინ არის ის.
ექიმი, მეწარმე, ლიდერი რომელსაც თურმე სწამს ღმერთი (რომელი?) და თურმე შესწევს ძალა (რისი?).

რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ეშმაკური როქირების შედეგად არამარტო აცდა პარლამენტს გარეთ დარჩენას არამედ, პირიქით გაერთიანებული ოპოზიციის გამოკვეთილ ლიდერად იქცა.

მაინც რა შეუძლია ჩვენგან განსხვავებით ამ კაცს ისეთი, რომელშიც მისი რწმენა, განსაკუთრებული რწმენა ეხმარება?

1986-თუ 1887 წელს, როდესაც თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, მისი სტუდენტობისას, გათავისუფლებულ (ე. ი. სწავლა რომ არ მოეთხოვებოდა) კომკავშირის მდივნად მუშაობისას, მან როდესაც შემთხვევით ჩემი ძმაკაცის, დღეს მართლაც კარგი ექიმისა და ფსიქოლოგის, კომკავშირის საწევროების ჟურნალში, საწევროს სავალდებულო ყოველთვიური -1 მანეთის გადახდის დასადასტუბელო ხელმოწერების გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად ჯვარი აღმოაჩინა, კომკავშირის სამდივნოს კრება შეჰყარა.

კრებამ იმსჯელა უღირსი სტუდენტის არაკომკავშირულ საქციელზე რომელიც მის მიერ კომკავშირელის საწევრო წიგნაკის აბუჩად აგდებაში მდგომარეობდა. სასჯელი კი პროკურორმა დავით გამყრელიძემ უმაღლესი- ინსტიტუტიდან გარიცხვა მოითხოვა.



-"შენ იცი თუ არა რატომაა ეს წიგნაკი წითელი? შენ ამ ჯვრის დასმით პავლიკ მოროზოვისა და სხვა გმირულად დაღუპული კომკავშირლების სისხლით წითლად შეღებილი წიგნაკი შებილწე!".
დავით გამყრელიძე

მიმართა დღევანდელმა მორწმუნე ლიდერმა თავჩაღუნულ ჩემს ძმაკაცს, რომელიც ამ ბოროტი ხულიგნობის გამო სასჯელის - ინსტიტუტიდან გარიცხვას სამდივნოს ერთერთი, მართლაც ღვთისნიერი წევრის პირადმა თავდებობამ გადაარჩინა.

გამყრელიძემ კი დაადასტურა რომ შესწევს ძალა, შესწევს ძალა გააკეთოს ის რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია ჩვენ, ჩვეულებრივ წესიერ ადამიანებს და შეუძლია მას - პავკა მოროზოვს.

Friday, June 6, 2008

პოლიტიკოსი და პილოტი


პოლიტიკოსი და პილოტი უნდა შეაფასო არა (მხოლოდ) ყოველდღიური რუტინული

სამუშაოს დროს, არამედ ექსტრემალურ სიტუაციაში მოქმედებით.

პოლიტიკოსის ყველაზე ღირებული უნარები იმ სიტუაციაში ჩნდება, როცა მისი საქციელი, ქმედება არის გზაჯვარედინზე გზის არჩევის ტოლფასი, როცა ერთი მიმართულებით ნაბიჯი ხსნაა მეორე მხარეს კი დაღუპვა.

საქართველოს ხელისუფალს პილოტთა 99,9%-ისა და ევროპული ქვეყნების ლიდერთა 80%-საგან განსხვავებით აუცილებლად (ე. ი. 100%-ში) მოუწევს ქვეყნისათვის აუცილებელი რთული, ბევრისათვის საბედისწერო და მტკივნეული გადაწყვეტილების (გადაწყვეტილებების) დაუყოვნებლივ მიღება.

საქართველოს ლიდერს სწორედ ექსტრემალური, დაძაბული, სუბიექტური ემოციების ბურუსში გახვეულ სიტუაციაში მოუწევს სწრაფი და უშეცდომო ორიენტირება.

უნდა იქონიოს ერთის მხრივ სისხარტე, პრინციპულობა, უშიშარობა, რისკიანობა და მეორე მხრივ ჯორის ამტანობა.
და რადგანაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები საქართველოს მართვის უფლებისათვის მებრძოლი პოლიტიკოსები არიან, სწორედ ასეთ სიტუაციებში უნდა მოხდეს მათი უნარიანობის შეფასება.

2003 ეიფორიული წლის შემდეგ საქართველო რამოდენიმეჯერ იყო განსაცდელში.
სროლა ცხინვალთან, ხიდების აფეთქება აჭარაში და კოდორის კვიციანის ამბოხება მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური იყო.

დღევანდელი ოპოზიცია ამ მოვლენების დროს იშვიათ ბრძნულ-პესიმისტურ პროგნოზებს აფრქვევდა და ძირითადად ტელემაყურებლის როლით კმაყოფილდებოდა (მართალია ბერძენიშვილები და დავითაშვილი აქტიურად იბრძოდნენ ასლანის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ ისინი ჯერ ნაციონალების სიაში ისხდნენ).


უფრო აქტიური იყო ოპოზიცია კვიციანის ავანტიურის დროს.
კოდორის ხეობიდან შემოთვლილ მუქარას, აქ ფეხი არ დაადგათ, მე ვარ აქ მეფეო უკრიტიკოდ შეხვდნენ. პრეზიდენტის პრინციპული პასუხის შემდეგ კი დაირაზმნენ და ერთობლივი კომუნიკე გამოაცხეს.
უსუფაშვილი კვიციანის ამბოხის დროს ოპოზიციის ერთობლივი კომუნიკეს გამნცხადებელი და ალბათ ავტორიცაა.

კომუნიკე პატრიოტულ, ღირსების მქონე ქვეყანაში ამ პოლიტიკური განცხადებისათვის ხელმომწერთათვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ჩვენთან ეს არ მოხდა.

პოლიტიკური პარტიების ჯგუფმა მაშინ სრულიად უსუსური, კაპიტულანტური, ან სულაც ვირეშმაკული პოზიცია დაიკავა.

კვიციანის ფეოდალურ ღალატს პოლიტიკური გამართლება მოუძებნეს, ხელისუფლებას სისხლისღვრის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა აკიდეს და ხელების ფშვნეტით, ახლა სააკაშვილი კისერს მოიტეხავსო გვერდზე გადგნენ.

კუკავა კვიციანის ამბოხის დროს, რუსთავი2-თან სადღაც გურიიდან სატელეფონო ინტერვიუში ამბობდა,"ჩვენ, ხალხი, იმდენად აღშფოთებულნი ვართ ხელისუფლების ქმედებებით, რომ ამიერიდან მთელ საქართველოს ხანძრად მოედება ოპოზიციის ახალი ტაქტიკა, რომელიც ჯერ მხოლოდ კოდორის ხეობაშიაო. აქ (სადაც იყო) იგივე განწყობაა ხალხში"-ო.

კოდორის კრიზისის ის რისკიანი გამოსავალი, რომელიც ხელისუფლებამ თავის თავზე იტვირთა საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი GAMARJVEBA აღმოჩნდა ვიდრე ეს ჩვენ მაშინ გვეგონა.
ჩვენ ეს ომი მაშინ კინაღამ თბილისშივე წავაგეთ "ყველა მინუს ერთი" პოლიტიკური პარტიის ქვეშაfs/jvია პოზიციის გამო.

Wednesday, June 4, 2008

რესპუბლიკელების განცხადება


რესპუბლიკელების მიერ განცხადება გაკეთდა.

დავით უსუფაშვილი ზუსტად იმას ამბობს, რაც მე აქ მეწერა 9 თვით ადრე.

”პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ 2003 წელს ხელისუფლება პარლამენტის პიკეტირებამ და პარლამენტის შენობაში ხალხის შესვლამ კი არ შეცვალა, არამედ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომამ.
შესაბამისად, გასააზრებელია არა ის, თუ როგორ უნდა მოხერხდეს პარლამენტის შენობის პიკეტირება, არამედ ის, მოყვება თუ არა ამ აქციას სააკაშვილის გადადგომა და ხელისუფლების შეცვლა. ქვემოთ მოყვანილი არგუმენტები გვაფიქრებინებს, რომ ამ აქციით ვერ ხერხდება ხელისუფლების შეცვლა. პირიქით, გარდაუვალია სახელისუფლებო რეპრესიული მანქანის კიდევ უფრო გაძლიერება.”
დავით უსუფაშვილი
03.06.08 !!


კი მაგრამ, სად იყო უსუფაშვილი 2007 წლის ნოემბერში, 2008 წლის იანვარში, ვინ ყავდათ საპზიდენტო კანდიდატად რესპუბლიკელებს საპრეზიდენტო არჩევნებზე?

თუ მაშინაც ნაცადი გზით არჩიეს თავისი მიზნის მიღწევა?

2003 ში პოლიტიკური სტატუსი იმით გაინაღდეს, რომ მათთვის ჯერ კიდევ მაშინ საძულველი სააკაშვილის ნავში ჩასხდნენ.

ახლა კი "გაერთიანებულების" ნავით აპირებდნენ პოლიტიკაში ცურვას, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებზე წარუმატებლობის შემდეგ ჩათვალეს რომ წაგებულებთან ძმაკაცობა მათ არ არგებდათ. ჩათვალეს რომ ცალკე უფრო მეტ ხმებს მიიღებდნენ ვიდრე გაერთიანებბულთა სიით.

შეცდნენ, მაგრამ შეცდნენ "ძალიან ცოტათი".

კერძოდ უსუფაშვილის ეს განცხადება 3 ივნისს, არჩევნების შემდეგ კი არა, 3 აპრილს ან თუნდაც 3 მაისს რომ გაეკეთებინათ, პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული ჰქონდათ და იქნებ სულაც დიდი პროცენტით.

მაგრამ დროის მანქანა არ გამოუგონებით ჯერ.

ჭკუის ჭანჭიკების ამარა უნდა დავრჩეთ მომავალშიც.

როგორც აღმოჩნდა რესპუბლიკელებს ჭანჭიკები აქვთ მაგრამ სამწაროდ კარგად გასარეცხ-დასაზეთი.

რეტროსპექტივა ამ თემაზე.

ნოემბრის აქციებით სააკაშვილი მართლაც რომ გადამდგარიყო წარმოიდგინეთ გამარჯვებულები როგორ დაჭამდნენ ერთმანეთს.






“ვთვლით, რომ გამოსავალი სიმართლეშია – ხალხს პირდაპირ უნდა ვუთხრათ, რომ 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში აგორებულმა საპროტესტო ტალღამ 2008 წლის იანვრის შუა რიცხვებში პიკს მიაღწია და 2008 წლის მაისის ბოლოსთვის თითქმის საწყის ნიშნულამდე დაეცა".
დავით უსუფაშვილი
03.06.08 !

"ახლა საჭიროა შეცდომების გაანალიზება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება სრულიად ახალი მეთოდებით. ერთ-ერთი ბოლო შეცდომა იყო 26 მაისს მოსული ხალხის რაოდენობით ამჩატება და პარლამენტის პიკეტირებისთვის ხალხის მოწვევა. ეს შეცდომა დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს და ხალხს უნდა შევთავაზოთ პოლიტიკური პროცესის გაგრძელების კონკრეტული გეგმა”.
დავით უსუფაშვილი
03.06.08 !



“ჩვენ, ხალხს ოპოზიციამ ბოდიში ქუჩაში მუხლმოყრილმა რომ მოგვთხოვოს მერე ვიფიქრებ, ჰიპოთეტურად ვიფიქრებ, მათ გვერდზე მიტინგზე შემეძლება თუ არა დადგომა” რომ ვთქვი, მე მგონი ეს პროცესი - ბოდიშების პროცესი დაიწყო.
აბა თქვენ იცით.

Monday, June 2, 2008

საპასუხო აგრესია დაიბადა

ოპოზიციამ პრაიმტაიმში სალომე ზურაბაშვილის პირით ახალი მიზანი გააცხადა - საქართველოს დისკრედიტაცია.


უკუქმედება ტოლი და საპირისპიროა ქმედების.

ოპოზიციის ოფოფების შემხედვარე, ჩემსა და როგორც არჩევნებმა აჩვენა საქართველოს მოხლეობის უმრავლესობაში საპასუხო აგრესია დაიბადა.
ამ აგრესიის შედაგად ჩვენ გავამართლეთ ხელისუფლება, ვაპატიეთ ადამიანების ცემა, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი 7 ნოემბერს.

მე მეშინია რომ ოპოზიცია საქმეს სისხლამდე მიიყვანს.


-----------------------GAXSOVDES 1991!-------------------

და ამით ჩვენ, დღევანდელი ქართველები უფრო სქელტყავიანები, ცუდები და აგრესიულები გავხდებით, რადგან შემდეგ უკვე სისხლს ვაპატიებთ ხელისუფლებას.

ვაპატიოთ კი არა იქნებ მადლობაც ვუთხრათ ამ ცხრათავიანი გველეშაპის ადგილზე მოსმისათვის.


მაგრამ, იმედი რომელიც ადრე რამდენჯერმე გამიცრუვდა, ექნებ ახლა მაინც გამართლდეს - 10 ივნისს პარლამენტთან არ მოვიდეს იმდენი ხალხი რომ სამართალდამცავებს ძალის გამოყენება მოუწიოთ.

ვნახოთ.

ვინც მთავრობის წინააღმდეგ იარაღს აიღებს ჩემი მტერი იქნება.

და მე იმ ადამიანის მიმართ უფრო მეტი აგრესია, ბრაზი და ზიზღი მექნება ვიდრე რომელიმე დღევანდელი აფხაზი ან ოსი ჯარისკაცის მიმართ.

მასმედია- ინტერნეტ ფორუმი-ბლოგსაიტები


თბილისის ინტერნეტ ფორუმში დავაპირე დაპოსტვა, დავრეგისტრირდი კიდევაც, მაგრამ პოლიტიკურ თემებში ჩართვისათვის ბარიერი დამხვდა: თურმე მინიმუმ 40 პოსტი უნდა გქონდეს გაგზავნილი ფორუმზე, პოლიტიკურში პოსტვის უფლება რომ დაიმსახურო. ხოდა, სხვა თემები იმდენად არ მაინტერესებს, გეგმის შესასრულებლად 40 პოსტი მომსვლოდა თავში.
2 კი დავდე არაპოლიტიკური, 6 თვის განმავლობაში და თავი დავანებე.

რას ვიზამ, მე ხომ თვითონ ვარ წესებისა და წესიერების მომხრე და ახლა წუწუნს ხომ არ დავიწყებ.
ალბათ მართლაც საჭიროა რაღაც ბარიერი, თუნდაც 40 პოსტით მოპოვებული ავტორიტეტი, რომ ფორუმი დოღრიალათა საგინებელ ადგილად არ იქცეს.

კითხვით კი ვკითხულობ, ასე თვეში ორ-სამჯერ.

მომწონს ფორუმის ენა, ძრითადად მოსწრებული, უკომპრომისო, პირდაპირი, იუმორით, სარკაზმით სავსე.
გადაცდენებიც ბევრია, ბუნებრივია. ეს ხომ მცირე აუდიტორიიანი "პრაიმტაიმია" სადაც მონაწილეები არ არიან შეზღუდული კარიერით, სტატუსით, ბიოგრაფიითა და კომერციულ-რეიტინგული მოსაზრებებით.

ანუ უფრო ალალი და მჭიდროა.

შუაში არ ზის მსაჯულ-კატალიზატორი წამყვანი.

ხოდა იმის თქმა მინდა, რომ ფორუმი გაცილებით უფრო მოაზროვნე, კრიტიკული და კონსტრუქციულია, ვიდრე მასმედია.

ვთვლი რომ დინამიურია და შესაბამისად უფრო ობიექტურიც. აქ შეიძლება ადამიანმა გააკრიტიკოს ყველა, გააკრიტიკოს ის ვისაც აქებდა, მიემხროს იმას ვინც თავიდან მასში უნდობლობას იწვევდა. ამ ღია კამათში იბადება საერთო აზრი, რომელიც გაცილებით ახლოა საზოგადოების აზრთან ვიდრე ანგაჟირებული პოლიტიკოსების მოძღვრებები პრესა-ტელევიზიით.


მასმედია - ინტერნეტ ფორუმი
ეს დაახლოებით იმას გავს, კრივი რომ კიკბოქსინგს შევადაროთ; კიკბოქსინგი (ფორუმი) შეიძლება უფრო სანახაობრივი და მრავალფეროვანი იყოს ვიდრე ბოქსი (მასმედია), მაგრამ უძლიერესი მამაკაცის სახელს, 10 ჯერ მეტ ჰონორარსა და 10 ჯერ მეტ თაყვანისმცემელს ბოქსში ჩემპიონი მოიპოვებს კიკბოქსინგის ჩემპიონთან შედარებით.


ანუ ფორუმი გავლენიანობაში აგებს მასმედიასთან. (თუმცა მასმედიის ზოგიერთ საშუალებას, ზოგიერთ გაზეთს შეიძლება გავლენიანობით ჯობდეს კიდევაც).

მასმედია-ინტერნეტ ფორუმი-ბლოგსაიტები.

თუ მასმედია ბოქსია, ინტერნეტ ფორუმი კი კიკბოქსინგი, ბლოგსაიტები კი ერთადაა ლიტერატურაც და მუზეუმებიც.
არ ყვირის, იქნებ არც ისმის დღევანდელ საქართველოში, მაგრამ ტვინის ქერქში მეტი ნაოჭები აქვს.




მადლობა ინტერნეტის, ვებ საიტების, ბლოგსაიტების გამომგონებლებს.

მადლობა
WWW.ბლოგსპოტს,
WWW.Wორდპრესს,
WWW.ფლიკერს,
WWW.Youტუბს
და სხვებს,
საიტებს რომელნიც ყველა ინტერნეტ მომხმარებელს უფასოდ აძლევს საშუალებას შექმნას საკუთარი ვებსაიტი, ბლოგასიტი, ინტერნეტ ფოტო ალბომი, ინტერნეტ ვიდეოთეკა და სხვა.

ეს მეხუთე კოლონაა

საქართველო განსაცდელშია.

ყველა დროებითი შტილის მერე ვიმებოვნებდი, რომ ამ ოპოზიციის დაძახილზე ხალხი აღარ მოვა მეთქი, მაგრამ უკვე მერვე თვეა ვცდები - ხალხი არ მოდის კი არა, არამედ მატულობს.

თბილისში 26 მაისს, 26 მაისის საპროტესტოდ (ცოტათი მაინც 26 მაისის საპროტესტოდ) მიტინგზე ბევრი ხალხი მივიდა. 200.000 კაცი მოვიდაო უხაროდათ ოპოზიციონერებს. რაოდენობა არ ვიცი მაგრამ ნამდვილად ბევრნი იყვნენ.

ამ ხალხს, მათ 80%-ს მაინც, საქართველოს სწრაფი უმტკივნეულო კაპიტულაცია და კორუფციის დაბრუნება აწყობს.

ეს მეხუთე კოლონაა -


ძალა რომელიც ყოველთვის სსრკ-ს მისტირის და გულში იმედი აქვს რომ ეს დამოუკიდებლობანა მალე დამთავრდება.


მათი მიზანი არის ცხოვრება უზრუნველ ჭაობში, საბჭოთა კავშირში, ძლიერ იმპერიაში სადაც ქართველებს უზრუნველი და თბილი ნიშა გვექნება - ვაშლი, ყურძენი, ბორჯომი, კორუფცია, ცოტა ტურიზმი და ფოლკლორიც სპეციად.

მეხუთე კოლონა ძლიერია და შემდგომი გაძლიერების გზაზეა.

მეხუთე კოლონამ თავი დროებით შეაფარა ამორფულ მრავალთავიან ზიზღის ბუდეს- “გაერთიანებულ” ოპოზიციას, მაგრამ როგორც კი პირველი მიზანი - საქართველოს დასუსტება და მეთაურის გარეშე დატოვება მიღწეული იქნება, ამ წვრილ-წვრილ ლიდერებს სათითაოდ მოიქნევს კუთხეში.

დადგება მათი დრო- კაპიტულანტების დრო, იმპერიის ყმების დრო, ტაშ-ფანდურის დრო, მასშტაბური პიარ აქტების დრო. - ლტოლვილთა 10-10 ოჯახის დაბრუნება, ბედნიერი რუსეთი, კვლავ რომ ეღირსათ ქართული ვაშლი და ბორჯომი და ღვინო, ქართული ფილმები რუსულ არხებზე, დოკუმენტური ფილმები კოტეზე და სოფიკოზე, როგორც იქნება ვეღირსებით ქართველების საქებარ რეპორტაჟებს რუსულ ახალ ამბებში, როგორ ვყვარებივართ, როგორ მოგვნატრებია ერთმანეთი, მოკლედ კვლავ რუსეთის განსაკუთრებული სიყვარულის კლანჭებში გავიტრუნებით. დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები მშვიდი კორუფციული ბიზნესებით იცხოვრებენ, პატარ-პატარა პოლიტიკური თანამდებობებიც ექნებათ, ძველი დამსახურებისათვის.

მთავრობას კი ახალი ორჯონიკიძე წაუძღვება. მშვიდობის და წესრიგისმყოფელი რუსეთი კვლავ იდგება ქართველებსა და აფხაზ-ოსებს შორის. ეს მათი წმინდათაწმინდა სტატუსი ჰგიებს უკუნისამდე (შევარდნაძე კაუსტიკურ სოდაში არ ჩაიხრჩობს თავს, ეკუთვნის კია).

და საქართველოსაგან დარჩება არა ქვეყანა,
არამედ წაკუზული ქართველები რუსეთის პროვინცია ვაშლის ნაჭამის ფორმის გრუზიაში.
ამ ხიფათს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცნობიერებს.

უფრო სწორედ ამ პერსპექტივას საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის ხიფათად, ნახევარზე ნაკლები კი მიზნად.

მადლობა ღმერთს, ცივილიზაციას, დემოკრატიას და მსოფლიო საზოგადოებრიობას იმისათვის რომ ამ პირობებში ქვეყანას საშუალება აქვს არჩევნებით და არა ომით გადაწყვიტოს თავისი შემდგომი განვითარების გზა.

1921 ან თუნდაც 1991 წელი რომ ყოფილიყო "მართალს" რუსული იარაღი გამოავლენდა.

"პრაიმტაიმის" მორბენალი სტრიქონი




დავუშვათ "პრაიმტაიმის" მაყურებელთა 60% მორბენალ სტრიქონებს კითხულობს. ანუ 1 მილიონი მაყურებლიდან 600.000 კითხულობს.
კითხულობს 120 კაცის ანუ მაყურებელთა 0.0002%, და საქართველოს მოსახლეობის 0,00004%-ის სმს-ით გამომზავნილ აზრებს.

ეს ადამიანები, მორბენალი სტრიქონების ავტორები, არ არიან საზოგადოების აზრის გამომხატველები არც რაოდენობრივად (0,00004%), და არც ხარისხობრივად.
ხარისხში მხედველობაში მაქვს ის, რომ მათი შერჩევა რანდომიზირებულად კი არ მოხდა, საშუალო სტატისტიკური მოდუსის მოსაძებნად, არამედ გარკვეული პოზიციის მატარებელი და ამავედროს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ანგაჟირების მქონე, ბრაზიანი ადამიანები დაჯგუფდნენ ამ პოსტების გამოსაგზავნად.
ანუ აქ გამოთქმული აზრი არა საშუალო სტატისტიკურ, არამედ მცირე ჯგუფში მოხვედრილ მოქალაქეს ეკუთვნის.
ე.ი. ეს სტრიქონები თავისი სოციალური დატვირთვით
1.უმნიშვნელოა
2.არაზუსტია.

ადამიანთა პოპულაციაში 5% ჭოტია, 5% ტოროლა, 90% პროცენტი კი არც ერთია და არც მეორე.
ასე მოიტანა ევოლუციამ, ზოგმა გვიანამდე უნდა გვიყარაულოს, ზოგმა დილიდანვე.
მაგრამ რა იქნებოდა ჭოტებმა, სანამ ღვიძავთ ყველა 95% რომ არ დააძინინ, ხოლო ტოროლებმა დანარჩენი 95% გააღვიძოს?

ყველა ცუდ დღეში ჩავარდებოდა.

ანუ მოხდებოდა ის რასაც აკეთებს პრაიმტაიმის მორბენალი სტრიქონი.
მორბენალი სტრიქონების სირბილის შედეგი არის პოზიციათა პოლარიზება და კონფლიქტის გაფუება.

Sunday, June 1, 2008

www.ბავშვი.ge-ს დაბადების დღე




1 ივნისი - გილოცავთ ზაფხულის დადგომას.
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე
1 ივნისი - რუსთავი2-ის დაბადების დღე
1 ივნისი -Superman,s birthday!
It's a bird! It's a plane! It's Superman!
და

1 ივნისი - ჩემი საიტის - www.ბავშვი.გე-ს დაბადების დღე.


www.ბავშვი.გე-- 2 წლისა გახდა!

ცხოვრობს თავისი ცხოვრებით.

ყოველდღიურად დაახლოებით 40 ადამიანს, 40 ახალგაზრდა მშობელს აძლევს პასუხებს მათთვის საჭირო შეკითხვებზე.

შესაბამისად ყოველდღე 40 ბავშვი უკეთეს მოვლა-აღზრდა-ზედამხედველობას ღებულობს.

www.ბავშვი.გე-
"მათთვის ვინც ბავშვზე ზრუნავს"
რესურსი დარეგისტრირდა: 15:41 - 1.06.2006 » ბოლო ვიზიტი დაფიქსირდა: 18:22 - 1.06.2008
სულ უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა: 22.172
დღეს: ჰიტები: 56 » უნიკალური ვიზიტორები: 19
გუშინ: ჰიტები: 201 » უნიკალური ვიზიტორები: 32

მიღწევა

2006 წლის ეროვნული ინტერნეტ კონკურსი 2006-ში გამარjვება
ნომინაცია
კულტურულ-საგანმანათლებლო რესურსი

--------- I ადგილი--------------


P.S. :) ვინაიდან ეს საიტი ძალიან ბევრ ინტერნეტ მომხმარებელს სჭირდება, მივიღებ თქვენს დასხმარებას ამ საიტის პრომოციაში.


გილოცავთ იუბილარებო!