Thursday, February 25, 2010

რჩევები, რომელთაც ვერასდროს ვეტყვი ადრესატებს.






-კბილები იმკურნალე, სუნი გაქვს.
-ხშირად დაიბანე, სუნი გაქვს.
-ნუ იგინები, არ გიხდება.
-ვისაც ელაპარაკები თვალებში უყურე,
-გაიმართე,
-ოფლიანი ნუ გადამკოცნი.
-ეგ წვერი ან მოუშვი, ან იპარსე.
-ხურდა ზუსტად დაუბრუნე.
-დაბალწელიან შარველს ნუ იცვამ, ნურასოდეს ჩაიცვამ.
-გასაყიდ პურთან ნუ ეწევი.
-აბა გავიქეცი-ს ნუღა იტყვი.
-წიგნი წაიკითხე, სულ ერთია რომელი, ერთერთი მაინც.


რჩევები, რომელთაც ვერასდროს ვეტყვი ადრესატებს.
ვერ გავბედავ.

კბილები იმკურნალე, სუნი გაქვს.
ამის გამო ბევრი გერიდება და ზურგს უკან დაგცინის.
ჟვაჩკა იხმარე.
ადვილია და იაფი.

ხშირად დაიბანე, სუნი გაქვს.
შენ ვერ გრძნობ, ჩვენ ვგრძნობთ.

ნუ იგინები, არ გიხდება.
თითქმის რესპექტაბელური ხარ, რომ არ ჩავთვალოთ ეგ შენი გინება.

ვისაც ელაპარაკები თვალებში უყურე,
ნუ აცეცებ, ნუ იბღვირები დამნაშავესავით.


გაიმართე,
ხერხემალი სულის სარკეაო.

ოფლიანი ნუ გადამკოცნი.
საშინელებაა წინასწარ რომ იცი, გაოფლილ გაზეპილი რომ გადამკოცნი. არ მჭირდება.

ეგ წვერი და თმა ან მოუშვი, ან იპარსე.
მოუწესრიგებელი ადამიანები ეჭვს ბადებენ, რომ საქმეს ვერ დაასრულებენ.


ხურდა ზუსტად დაუბრუნე.
ხო გგონია, რომ ფულიანია და შენს 10 თეთრს არ მიაქცევს ყურადღებას, არადა როგორ მიაქცევს, რომ იცოდე, მთელი ცხოვრება ემახსოვრება.

დაბალწელიან შარველს ნუ იცვამ, ნურასოდეს ჩაიცვამ.
დაბალი ფეხები გაქვს ისედაც, და ამ შენი წელის გამოჩენით ადასტურებ, რომ იქ, სადაც ჩემი კეთილგანწყობილი წარმოსახვით ტაკო უნდა გქონდეს, თურმე წელი გაქვს. გაუშნოებს.

გასაყიდ პურთან ნუ ეწევი.
პურს სიგარეტის სუნი მალე აჰყვება. და შენგან აღარ იყიდიან.

აბა გავიქეცი-ს ნუღა იტყვი.
არ გიხდება ამხელა კაცს.

წიგნი წაიკითხე, სულ ერთია რომელი, ერთერთი მაინც.
თვალებზე გაწერია რომ ჩერჩეტი ხარ, ორი წიგნიც კი გეყოფა, რომ თვალები თევზისა აღარ გქონდეს.
არასდროს მოიხსენიო უცნობი ადამიანი სიტყვით პიროვნება.

ნურასოდეს ჩემოეყრდნობი მანქანას გარედან მანქანაში მჯდომიერე ბიჭთან ლაპარაკისას, საერთოდ ნუ დაელაპარაკები მანქანაში მჯდომიარეს, გადმოვიდეს და ისე დაგელაპარაკოს.


ღიპი დაიგდე, არ გიხდება.


/სამწუხაროდ ზოგი რჩევა მეც მეკუთვნის;(/


თქვენც დაამატეთ ანონიმური რჩევები

Wednesday, February 24, 2010

უიკენდი სიღნაღში

სიღნაღი უთოვლო ზამთარში.

კიდევ ერთი უიკენდი. შაბათს სიღნაღში ვიყავი.

საერთოდ მიმაჩნია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში საუკეთესო უიკენდების პერიოდი გაზაფხულია, როცა ბალახი უკვე მწვანეა და სანამ გადახრუკვა მოუსწრია.

სიღნაღიც კარგი იქნება გაზაფხულზე, მაგრამ ახლა, ჯერ კიდევ ზამთარში წასვლა იმან გადაგვაწყვეტინა, რომ სიღნაღს შორი, კავკასიონის ხედები ამშვენებს, [აქედან მარცხნივ სადღაც კავკასიონის ძირში ყვარელია, როცა დედამისი ილია ჭავჭავაძეს აჩენდა ამ მთების ჩრდილოეთიდან ლეკები გადმოვიდნენ და ყვარელი ააოხრეს, ილია დედამისმა ეზოში მდებარე კოშკის მესამე სართულზე შეხიზნულმა გააჩინა.
აქედან მარცხნივ ასევე მთის ძირში ლაგოდეხია და აზერბაიჯანი. ფეხქვეშ (ფერხთქვეშ) კი ვაქირი, წნორი და ალაზნის ველი]

ეს ხედები კი ზამთარშია უფრო ლამაზია (დათოვლილია) და თანაც ზამთარში, როცა როცა ჰაერი ცივია, უფრო გამჭვირვალეა. შორს მდებარე ობიექტი ახლოს და კარგად ჩანს. ამ გათვლებმა გაგვიმართლა. სიღნაღიდან ხედი მართლაც ულამაზესი იყო. კავკასიონის დათოვლილი მთები მართლაც გაცილებით უფრო ახლოს და დეტალურად ჩანდა, ვიდრე ზაფხულში. ხედი სიღნაღის გადაკიდებული რესტორნიდან.
სიღნაღის გალავანი.


მე მგონი, ერთ ორ კვირაში, როცა ალაზნის ველი ამწვანდება და ჯერ კიდევ სიგრილე იქნება სიღნაღიდან ხედი (ალაზნის ველი და დათოვლილი მთები ერთად) ყველაზე კარგი იქნება. მაშ დაირაზმეთ!




სიღნაღის მუზეუმმა ეს ლუვრახალმოვლილი კაცი მაინც გამაოცა.
მუზეუმის პირველ სართულზე ჩვ. წ. აღ. მდე მე-5 , მე-3 მილენიუმის დერგები, მინუს 25-ე საუკუნის ოქროს ლომი (საქართველოსთვის ეს ლომი იგივეა, რაც ლუვრისთვის მონალიზა) და რამაც გამაკვირვა მინუს მე-15 საუკუნის ხელოსანთა ინდივიდულაური შტამპები (რომლითაც თავის ნახელავებს ნიშნავდნენ, ბრენდ ნიშანს ადებდნენ).
ერთმანეთის გვერდით მინუს მე-15 საუკუნეში გაკეთებული 3 მთელი მსოფლიოსთვის უნივერსალური დიზაინ სიმბოლოა ბრინჯაოში ჩამოსხმული:
სვასტიკა, მშვიდობის სიმბოლო და ჯვარი (ჩვენმა მჩხიბავმა "ექსპერტებმა" ჯვაროსნულ ჯვარად რომ მონათლეს). და ეს ყველაფერი იმ დროს, როცა არავინ იცოდა თუკი ეს სიმბოლოები 35 საუკუნის შემდეგ ფაშიზმის , ასევე 35 საუკუნის შემდეგ მშვიდობის და 15 საუკუნის შემდეგ ქრისტიანობის სიმბოლოდ იქცეოდნენ.




.და... მინუს მე-10 საუკუნის ცხენებშებმული ურემი თავისივე ურმის ბორბლებით CartWheel/ქართვილ/.

Monday, February 22, 2010

ორსეს მუზეუმი, პომპიდუს მუზეუმი, ორანჟერეა, ბათუმის რკინიგზის სადგური





ორსეს მუზეუმი, რომელიც ლუვრის შემდეგვ პარიზის უმთავრესი მუზეუმია, აშენდა როგორც პარიზის რკინიგზის სადგური,  სადგურის შენობა სენის ნაპირზე ააშენეს, ლუვრის გადაღმა. შენობა ძალიან ლამაზი გამოდგა, უზარმაზარი შუშით გადახურული სივრცე, მოჩუქურთმებული ქვის სვეტებით, მაგრამ  ეკონომიკამ, მოთხოვნამ და მიწოდებამ თავისი სიტყვა თქვა. სადგური გაუქმდა. ულამაზესი შენობა მსოფლიოს უღირსშესანიშნავეს ადგილას უპატრონო ეკლესიას დასმსგავსა. წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, მისი მფლობელები ხან გაყიდვას უპირებდნენ, ხან დაშლას. მხსნელი გადაწყვეტილება მოგვიანებით მოვიდა.

1977 წელს პრეზიდენტმა ჟისკარ დესტენმა გადაწყვიტა 1848 დან 1914 წლამდე შექმნილი ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმის განთავსება ორსეს ყოფის რკინიგზის სადგურის შენობაში.
მუზეუმი1986 წელს ფრანსუა მიტერანმა გახსნა.
პარიზს და ადამიანებს მას შემდეგ გვაქვს უმშვენიერესი მუზეუმი- ორსეს მუზეუმი. 
თუმცა ამ მუზეუმში ყოფნისას ისეთი ნახატები გაქვს სანახავი, რომ მუზეუმის გრანდიოზულობა გავიწყდება და ერთი სურათიდან მეორეში მოგზაურობ. აქ იმპრესიონისტების უმდიდრესი კოლექციაა. 
ლუვრის შემდეგ აუცილებლად სანახავია. 
თუკი წინადღით ჩემსავით ლუვრში მინუს 40 საუკუნიდან გამოყევი კაცობრიობის დიდ და მიხვეულ-მოხვეულ მსვლელობას ჰარმონიის მისაღწევად, შენთვის ცის გახსნასავით იქნება ორსეს მუზეუმის კოლექცია. პირველი დარბაზი მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ფერწერას ეძღნება. ეს ჯერ კიდევ კლასიკაა, აქ ერთადაა კლასიკური ჰარმონიული ტექნიკა და კლასიკას დამატებული ახალი სათქმელი, ახალი შინაარსი. და.. გადადიხარ იმპრესიონისტების დარბაზში, დარბაზებში.

და პირველ აღტაცებას იმის გამო რომ ცნობილ ნახატებს რეალში ხედავ, რომ ეს ნახატები მართლაც მაგრებია, ძლიერი და ნოვატორული ტექნიკით, აღმოაჩენ  რომ, ეს რაღაც ახალია, ეს ლუვრშიც კი არ განგიცდია- იღლები იმ ემოციებისგან, რომელსაც ეს სურათები შენგან მოითხოვს.  იმპრესიონისტები გითრევენ, შენგამ დამოუკიდებლად გითრევენ. შენ ხდები მონაწილე იმ მცირე ფილმებისა, რომლებიც კედლებზე მოოქროვილ ძველებურ ჩარჩოებშია მოქცეული. 
ალბათ ესაა ის გრძნობა, რომელსაც ვიღაც ჩემდღეში მყოფმა დაარქვა ხელოვნებასთან ზიარება. 
ლუვრიდან აღტაცებული გამოხვალ, აღტეცებული იმ ადამიანებით, ვინც საუკუნოვანი მიზანი - ჰარმონია იპოვეს და აითვისეს, ორსედანაც აღტაცებული გამოხვალ. აღტაცებული იმით რომ ცოტა ხნით იყავი მანე,რენუარი,ვან გოგი და გოგენი. 




პარიზის დათვალიერების პირველი 3 დღე შეიძლება ისე გაატარო, რომ 200 წელზე ახალს მხოლოდ ერთეულ შენობას გადააწყდე. ეს იმას ნიშნავს რომ დიდი ხნის განმავლობაში ისტორიაში ცხოვრობ. სადაც არ უნდა გაიხედო ისტორიაა, მიხვედი, ნახე და რეალობას დაუბრუნდი კი არა, არამედ მიხვედი და დღეების განმავლპბაში დარჩი მსოფლიო ისტორიის უმნიშნელოვანეს და ულამაზეს პეროიოდში - ბაროკო- როკოკოში.
ამ ქალაქს ეტლების პერიოდის სტუმარის თვალით უნდა შეხედო, არადა მართლაც ასეთია პარიზი ეტლების პერიოდიდან მოყოლებული - დიდებული, ლამაზი, რთული და ყველაზე ყველაზე. .


პარიზის ფილიგრანული არქიტექტურისა და ლუვრის ჰარმონიის მწვერვალების შემხედვარე ხვდები, რომ არ შეიძლება ეს სილმაზე ასეთი დიდი და ყოვლისმომცველი დიდხანს შეგინარჩუნდეს თავში. გული რაღაც სხვას გთხოვს, არეულს, ქაოსურს, ემოციურსა და ნაღდს. პარიზში როგორს ჰარმონიის მწვერვალებია, ასევე იდეალური ჰარმონიის მოყირჭების საწინააღმდეგო ამბოხის მწვერვალებიცაა - იმპრესიონიზმი და მოდერნიზმი. ორსეს მუზეუმი, ორანჟერეა და პომპიდუს ცენტრი.


ხო, ზუსტად ეს სიტყვა მიტრიალებდა, მოყირჭება.
ალბათ მოყირჭების ტალღაზე წარმოიქმნა იმპრესიონიზმი და შედევრები დაგვიტოვა.
იმპრესიონისმისგან მოჯადოებული დავრჩი.
იმპრესიონიზმი ახალი ჰაერია, ახალი ინტერაქციაა, და მას მხოლოდ ორსეს მუზეუმში და ორანჟერეაში ნახავ. მათ გარეშე პარიზიდან არ უნდა წამოხვიდე.

მაგრამ, იმავე მოყირჭების ტალღაზე წამოჭრილი ტალღის გაგრძელება - მოდერნიზმი, რომელიც პომპიდუს მუზეუმშია განთავსებული, იმის მიუხედავად რომ მსოფლიო ავტორიტეტების გვარებითაა დახუნძლული (პიკასო, მალევიჩი, შაგალი) ხვდები, რომ ხელოვნების განვითარების ჩიხია. ევოლუციის ყრუ შტო. მოდერნიზმმა ჩემზე განჯადოების ეფექტი იქონია: არანაირი ემოცია და ინტერაქცია, ჩემთვის ფერწერის ეს ნაწილი სრულიად უსარგებლო ისტორიული, ჩავლილ მოდის ექსპონატებად გადაიქცა.




ბათუმის რკინიგზის სადგური, რომელიც მახინჯაური-ბათუმის გზაზე შენდებოდა აჟამად უფუნქციოა. ბათუმის სადგური მახინჯაურში მუშაობს, მშენებარე სადგური კი უფუნქციოდაა დარჩენილი. 
არადა დიდი, ლამაზი შენობაა. თითქმის დასრულებული. 
ამ შენობის ისტორია პარიზის ორსეს მუზეუმის ანალოგიით დაიწყო, მაგრამ როგორ გაგრძელებდა სრულიად უცნობია. 
       

ფრანგი პარიზელები



წინასწარი შაბლონური ინფორმაცია, რომელიც ფორუმიდან მომყვებოდა და რომელსაც უცნობისადმი ზოოლოგიური შიში მიმკვეთრებდა, იყო რომ პარიზელები გულცივი და ქდდმაღალი ხალხია, რომ ისინი
დემონსტრაციულად არ დაგელაპარეკებიან თუკი ინგლისურად მიმართე.
არადა ჩვენი იქ ყოფნის ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ალბათ 10ჯერ გვიწევდა გამვლელებისათვის სხვადასხვა სირთულის შეკითხვით მიმართვა.
ყველა ჩვენი ადრესატი გილისხმიერი, თავაზიანი და სწორედაც რომ დემონსტრაციულად კეთილგანწყობილი აღმოჩნდა.
ძალიან გულისხმიერნი და თავაზიანნი არიან. პირველივე ადამიანი, რომელსაც ქუჩაში შეეკითხები გიპასუხებს, მიგასწავლის, შეეცდება დაწვრილებით აგიხსნას თუ როგორ მიხვიდე დანიშნულების ადგილას, გაგიღიმებს, გაგრძნობინებს რომ გითანაგრძნობს. ახალგაზრდებიც არ დაგზარდებიან, მაგრამ ხნიერი პარიზელები ცალკე მყავს მოსაფერებლები.

ძალიან კეთილგანწყობილები, ტაქტიანები და სტუმართმოყვარეები აღმოჩნდნენ.
ქართველებს გვანან მეთქი დავწერე.
პასუხი ზოგმა ინგლისურად გაგვცა, ზოგმა კი ფრანგულად, მაგრამ ისეთი ჟესტიკულაციით, რომ გაგვაგებინა როგორ უნდა მიგვეღწია დანიშნულების ადგილემდე.
ინგლისური ძირითადად მოხუცებმა არ იციან მაგრამ პასუხს არასდროს დაგზარდებიან.
საერთოდ პარიზელი ხნიერი ხალხი ცალკე თემაა. უმრავლესობა კარგად ჩაცმული, ღირსეული გამომეტყველების მქონე ადამიანია. ქუჩაში უამრავ ჯან გაბენს, ივ მონტანსა და ჯან მარეს შეხვდებით გრძელი პალტოებითა და კაშნეებით კინოვარსკვავებს გვანან.მათთვის სრულიად უსარგებლო ერთწუთიან საუბარში არ გაქვს გრძნობა, რომ შენ მათთვის უცნობი გადამთიელების უწყვეტი ნაკადის 1/ 30 000000 (ერთი 30 მემილიონედი) ხარ. ეს ქალაქი წელიწადში 30 მლნ ტურისტს მასპინძლობს, და მოსახლეობის თანდაყოლილი ზრდილობისა და კულტურის დახმარებით კარგადაც მასპინძლობს.




სპონტანური ურთიერთობები:



-ჩვენს თვითმფრინავს პარიზში ჩაფრენა დააგვიანდა ვინაიდან პრაღაში დაგეგმილი 1 საათის ნაცვლად 4 საათი გავჩერდით, გარეთ -24 გრადუსი იყო და თვითმფრინავის ფრთებს სპეციალური სითხით დამუშავება დასჭირდა. ჩვენი თანამგზავრი ერთერთი ქალბატონი, რომელსაც ბილეთი ჰქონდა პარიზი ლიონის თვითმფრინავზე, ძალიან ნერვიჯლობდა, ვაითუ ჩემს რეისს ვერ ჩავუსწროო, არადა არც ფრანგული იცოდა და არც ინგლისური.ლიონში შვილებთან მიდიოდა.
ლიონის რეისი მართლაც გაფრენილი დაგვხვდა. ჩვენ ქალბატონს პარიზის აეროპორტის მოსამსახურესთან მივყევით. ცნობათა ბიუროში არაბი შუახნის მამაკაცი დაგვხვდა, გულისხმიერად მოგვისმინა, დაგვამშვიდა, მიგვასწავლა თუ რომელი პორტისთვის უნდა მიეკითხა ქალბატონს და გვითხრა, ამ საქმეს ფორ ჰანდრით დოლარს დასჭირდებაო.
სანამ მე გუნებაში ვრწმუნდებოდი, რომ ფორ ჰანდრითი ოთხასია და არა ორმოცი, ჩემი მეგობარი გამოერკვა და შეუბრუნა "იუ არ ჯოუკინგ, იეს?" არაბმა სერიოზი სახით დააპირა თამაშის გაგრძელება, რომ მისივე თანამშრომელმა ცისფერთვალა ქერა ქალმა, რომელიც გვერდითა ფანჯარაში პასუხობდა მგზავრებს და რომელსაც საკუთარ სკამზე ჰქონდა მიყუდებული ხელჯოხი, აიღო ეს ხელჯოხი, და გაბრაზებულმა მოუქნია არაბს, დასარტყამად არა, საკუთარი ბრაზის სადემონსტრაციოდ, რომ მისი კოლეგა პარიზში ჩასულ შეშინებულ გადამთიელებს ეკაიფებოდა. არაბი გატყდა და გაიცინა. ქალბატონს ახალ თვითმფრინავზე ბილეთი უფასოდ გამოუწერა . შეპასუხება მეც შევეცადე, "იტს ნოტ ფერსთ ოფ ეიპრილ" მეთქი, სიცილით ვუთხარი, იმით გახარებული, რომ გაუთვალისწინებელ ხარჯსაც ავცდით და ლამარას შემდგომ პატრონობასაც.
ორივენი კარგები იყვნენ, არაბი რომელიც კეთილგანწყობილი ღიმილით გაგვეხუმრა და მისი მეზობელი ქალბატონიც, რომელმაც არაბის ხუმრობას დროზე მოუღო ბოლო, ვიდრე შეწუხებას მოვასწრებდით.


-კონსიერჟის სასახლის მეთერთმეტე საუკუნის კედლის საათის ახლომახლო, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს გვერდზე ვიწრო ქუჩა უნდა გადაგვეკვეთა, მე წინ ვიყავი და ტროტუარიდან გზაზე ფეხჩადგმულმა ჩემიანებს დაველოდე, ამასობაში დავინახე, რომ ამავე გზაზე გზაჯვარედინს კვეთდა და შემოდიოდა ფრანგული პოლიციის ლურჯი მიკროავტობუსების კოლონა, დაახლოებით 10მდე მანქანა მიჯრით.
მე ეს რომ დავინახე, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე ავბრუნდი და ჩემ თანამგზავრებს დაველოდე.
კოლონა გაჩერდა, მე ჩავთვალე რომ საპირისპირო მხროდან მოძრავ მანქას უთმობდა გზას, მაგრამ აღმოჩნდა რომ კოლონა ჩვენ გვითმობდა გზას, დაბნეულობა რომ შეგვატყო პირველი მანქანის მძღოლმა, ღომილით, ხელით მაჩვენა - გადაბრძანდითო. გადავედით და კოლონა მერე შევიდა თავისივე სამინისტროში.ა, ეს კოლონაა, გუგლერსში ვიპოვე, იმავე ადგილას.

-ეიფელის ლიფტების რიგში ლიფტიორი ქალბატონი გამოგველაპარაკა - ჩვენზე ამბობენ, რომ გულცივები ვართ და ძალიან ვწუხვარო, იქით შეიქნა ჩვენი სანუგეშებელი - ყველაფერს ვხედავთ, ძალიან კარგები ხართ მეთქი. შევპირდი პარიზელების გულისხმიერების შესახებ ჩემს ბლოგზე დავწერ მეთქი.
აჰა, ვუსრულებ.

Re.:თავიდან "ქეთო და კოტეს" გავლენით მეხამუშებოდა მეთქვა ფრანგული სიტყვები - მეგონა ფილმებისმიერი ირონია, მარიაჟობა გამომივიდოდა , მაგრამ იმ მოხუცის "პაღდონ" ის შემდეგ აღარ მოვრიდებულვარ, პარდონ, ბონჟურ, მერსი თურმე ჩვეულებრივი სიტყვებია თანაც მიხვდები ამ რომ ამ ქალაქში აუცილებელი.


p.s.ის ის იყო გრძელ, წაბლისფერ პტოებში ჩაცმული მოხუცდბი ჩემთვის უკვე რესპექტაბელური, ღირსეული სიბერის სტერეოტიპად ჩამოყალიბდა, რომ გუშინ აქ ვაკის პარკის წინ გაჩერებაზე ავტობუსიდან ზუსტად ასეთივე პალტოში გამოწყობილი ქართველი მოხუცი ჩამოვიდა. მისი ფრანგი თანატოლებისგან განსხავებით იმდენად შეწუხდბული სახე ჰქონდა, რომ შევწუხდი.
ვოცნებობ საქართველოზე. სადაც ხნიერ მამაკაცებს ისეთივე ღირსეული იერი და გამომეტყვება ექნებათ, როგორიც დღეს პარიზელ ხანშიშეშულებს აქვთ.

ქვა პარიზში



6 დღე პარიზის ისტორიულ ცენტრში ვიტრიალე.
ტერიტოტიულად ეს ადგლი თბილისზე ბევრად პატარა არ არის. წარმოდგინე თბილისისხელა ღირსშესანიშნაობა, სანახაობა. ისტორიული პარიზში შეღებილ სახლს თითქმის ვერ ნახვ, ყველა სახლი ულამაზესი ქვის ჩიქურთმებიანი ზედაპირითაა შემოსილი. თითეული სახლის სილამაზე უზარმაზარი შრომის ფასადაა მიღწეული, მითუმეტეს ათასგვარი ინსტრუმენტის, ბენზინის თუ ელექტო ძრავიანი ქვის სამტვრევი- საბურღი საპრიალებელის გამოგონებამდე.
ეს ისტორიული პარიზია, აქ ყველაზე ახალი ნაგებობა მეოცე საუკუნემდეა აგებული, ზოგი პატარა უბანი კი , მეთხუთმეტეში. საშუალო, გადაუჭარბებელი შეფასებით ის ალაქი, რომელშიც დადიხარ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტეს დასაწყისშიც ასეთი იყო უკვე.
წარმოიდგინე ეტლებისა და ქუჩის ფარნების ეპოქა და... ეს ქალაქი. მე ახლა პირდაფჩენილი დავდიოდი და მაშინდელი პარიზის სტუმარი ხომ საერთოდ დაკარგავდა მეტყველების უნარს.
ამ ქალაქში იანვარშიც კი ქვა რომლითაც შემოსილია სახლები თბილი და რბილია, გრანდიოზულ კომფორტულ და ჩახუჭუჭებულ ავეჯს გავს.
ჩვენი ნიკორწმინდისა და სვეტიცხოვლის მნახველსაც კი გააკვირვებს ის, თუ რა სუბსტანციად შეძლეს გარდაექმნათ ქვა ფრანგებს. ეს ქვა რბილი, წელვადი და დრეკადია .
ალბათ ოფლში და ფანტაზიაში უნდა ჩაალბო ასეთად რომ იქცეს.
გაოცებს ამ სილამაზის მასშტაბურობა და უწყვეტობა, შეიძლება ჩიხის ჩიხში ისეთი ნაგებობა აღმოაჩინო შენი ქალაქის სიმბოლოდ რომ იქცეოდა აქ რომ ყოფილიყო.

პარიზის მეტრო



პარიზის მეტროს უამრავი სალანძღავი ეპითეტი ეძღვნება. ალბათ ყველა ქვეყნის ინტერნეტფორუმშია თემა პარიზზე და ალბათ ყველა ამ თემაში პარიზის მეტრო მოხსენებულია როგორც უშნო,ბინძური და პარიზისათვის შეუფერებელი. იქნებ ეს მართლაც ასეა.
ჰარმონიის მწვერვალებს (როგორებითაცაა დახუნძლული მიწისზედა პარიზი) მიწისქვეშ ცვლის გაჭირვებულ-ტექნოკრატიული, მომჭირნედ რაციონალური მეტროსადგურები.


პარიზის მიწისქვეშეთი უზარმაზარი, რთული, ძნელად ასათვისებელი , ვიწრო და დაბალჭერიან გვირაბებიანი ქსელითაა დაფარული.
პარიზის ცენტრში მეტროსადგურები მართლაც უხერხულობის გრძნობას ბადებს:
მიწისქვეშ გვირაბები 3-4 სართულად კვეთს რომლებიც ერთმანეთს ვიწრო საქვეითო გვირაბებითა და კიბეებით უკავშირდება.
მეტროსადგურის დარბაზები ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, რომ სხვადასხვა ქალაქში გგონია რომ ხვდები.
თუმც მეტროსა და ქალაქის უნიფიცირებული რუკები ყველგანაა გაკრული და რეალობაში გაბრუნებს. რუკებზე სხვადასხვა ხაზებს არაბული ციფრი და კონკრეტული ფერი შეესაბამება.

ვაგონის კარები უმეტეს მატარებლებზე გარედანაც და შიგნიდანაც შენ თვითონვე უნდა გააღო. ღილაკს უნდა დააჭირო, ან ძველებურ ომნიბუსური სახელური ასწიო. თუ გასვლა ვერ მოასწარი და უკან დაბრუნება მოგიწია ამისათვის (უკანა ხაზზე გადმოსაჯდომად) შეიძლება 4 განსხვავებული კიბის, 3 მოკლე ესკალტორისა და.. 1 ბილეთისჩასაგდები კარების გავლა მოგიწიოს. ხო, ბილეთი არ უნდა გადააგდო მეტროდან ამოსვლამდე, იგივე ბილეთი შეიძლება დაგჭირდეთ რომელიმე ხაზთაშორის კარებში.

ახლა ვაგონსშიგნით. ვაგონები საბჭოთასთან შედარებით ვიწროა და ცალკეული შემადგენლობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია სილამაზით, კომფორტით, სართულთა რაოდნობითაც კი (არსებობს ორსართულიან შემადგენლობები).
მეტროს ესკალატორი, მეტროს ვაგონები ეს უნივერსალური ადგილია მთელს მსოფლიოში სადაც ადამიანებს ლეგალური უფლება აქვთ ურცხვათ მიაშტერდნენ ერთმანეთს და წინასწარგანსაზღვრული გაგრძელებისარმქონე წამიერი ურთიერთობაც კი დაამყარონ უცნობებთან.
პარიზის მეტროში პორტრეტებად ხედავ იმ ხალხს, ვისაც მიწისზემოთ მხოლოდ ჩაურბენ. ძირძველი პარიზელები, ფრანგულენოვანი ჩინელები, ზანგები და არაბები. მაქმანებიანი უსიმპატიურესი ბებიები (რომლებიც გვერდზე გავლისას გეტყვიან - პაღდონ*) და რასტაკამანი ყვითელთვალება უშავესი ზანგები რა თქმა უნდა ვოქმენითა და სიმღერასაყოლილი რითმული წაზმუვლებით.

საზოგადოებაში, სადაც ყველა ადამიანს გაცილებით დიდი პერსონალური სივრცე ეთმობა, ვიდრე ჩვენთან, მეტროს ვაგონში ეს სივრცე ძალიან პატარავდება მაგრამ ნაწილობრივ მაინც რეგულირდება - ვაგონებში თითქმის ყველა სკამი აკეცვადია და თუკი ვაგონში ხალხი მატულობს მსხდომიარენი ფეხზე დგებიან, რათა დასადგომი ადგილები მეტი დარჩეს.
ძველ პარიზში მეტროს ჩასასვლელებს Hector Guimard-მა Alfred Mucha**- ს სტილში გააკეთა 1899-1905 წლებში, რაც ჩემთვის იმის დასტური ხდება რომ ეს სადგურები და თვითონ მეტრო ძალიან ძველია და შესაბამისად მე მას ვპატიობ სივიწროვეს, არასტანდარტულობას და სირთულეს.




ერთი პლიუსი, რაც პარიზის მეტროს აქვს ჩვენს მეტროსთან შედარებით არის ის,რომ მეტროთი ფაქტიურად ყველგან მიხვალ, სადგურები ჩვენსაზე უფრო ახლოახლოა და ამით მოხერხებულია.

ჩახვიდეთ თუ არა მერტოში თქვენი გადასაწყვეტია: მე მაგალითად 2 დღე დამჭირდა გაშინაურებისათვის და შემდეგი 3 დღე თანხაც დავზოგე და დასამახსოვრებელი ფსევდოურთიერთობებიც წამომყვა პარიზელებთან, რაც მე ახლა "ტკბილად მახსენდება". რაც შეეხება თანხის დაზოგვას - პარიზში ტაქსი ძვირია და თანაც ძალიან მოუხერხებელია, ტაქსში მხოლოდ ტაქსის გაჩერებაზე შეგიძლია ჩაჯდე, ეს გაჩერებები კი შორშორსაა და ძნელი მისგნებია (შეიძლება ერთი მეტროს გაჩერება გაიარო სანამ ტაქსის გაჩერებას მიადგები). ავტოუსზე კი ვერაფერს გეტყვით არასდროს ვმჯდარვარ. ყველაზე რაციონალური რჩევა კი ის იქნება რომ ჩემსავით ცენტრში დასახლდეთ (ანუ არ დაზოგოთ) და ფეხით იაროთ (ანუ დაზოგოთ). პარიზში ხომ ფეხით სიარულია მთავარი თავგადასავალი.



*
თავიდან "ქეთო და კოტეს" გავლენით მეხამუშებოდა მეთქვა ფრანგული სიტყვები - მეგონა ფილმებისმიერი ირონია, მარიაჟობა გამომივიდოდა , მაგრამ იმ მოხუცის "პაღდონ" ის შემდეგ აღარ მოვრიდებულვარ, პარდონ, ბონჟურ, მერსი თურმე ჩვეულებრივი სიტყვებია თანაც მიხვდები რომ აუცილებელი.


**

მრავალფეროვანი პარიზი





პარიზი მრავალფეროვანია, ჯერ მარტო აუცილებელი სანახავი ღირსშესანიშნაობები აქვს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული 10 მდე. სასურველი სანახავი კი უამრავი.
არქიტექტურული თვალსაზრისით ერთმანეთისგან განსხვავებულია ცენტრი, მონპარნასი, მონმარტრი და თანამედროვე უბნები.
თუმცა ჩემი სათქმელი ამ შემთხვევაში პარიზის არქიტექტურული
მრავალფეროვნება არ არის.
მე ამჯერად პარიზის იმ მრავალფეროვნებაზე ვკლაპარაკებ, რომელიც პარიზის არქიტექტურულ მრავალფეროვნებას ჩრდილავს.
ეს მრავალფეროვნებაა ხალხის მრავალფეროვნება:
მეგაპოლისში რომ ხალხი ჭრელი უნდა იყოს ადვილი გამოსაცნობია, მაგრამ პარიზი სიჭრდლით მაინც გაგაოცებთ.
ქუჩაში შემხვედრთა დაახლოებით 30% ჩინელია, 15 - 20 ზანგი, 10 არაბი და დანარჩენი ევროპელი, მათში უმეტესობა კი იმედია (ზამთარში მაინც) საკუთრივ ფრანგი. შევეცადე ეს პროპორცია ტურისტების გარეშე დამეთვალა.
პარიზის მეტროს ვაგონებში ამ სიჭრელეს ყველაზე თვალსაჩინოდ ნახავ.
20-25 წლის წინ ერთერთ ფრანგულ ფკლმში, რომელიც რასიზმის პრობლემისადმი იყო მიძღვნილი, ფრანგი
ახალგაზრდები ბრაზობენ არაბებზე, რომლებიც ფრანგ გოგოებს ეცეკვებიან დისკოტეკაზე - ზანგები რომ იყონ კიდევ არაფერს ვიტყოდით, ზანგები ხომ ცეკვისთვის არიან გაჩენილნი, მაგრამ ეს არაბები ვიღა არიანო. ეს ფრაზა იმიტომ გავიხსენე, რომ არაბები ქუჩაში (ყოველ შემთხვევაში დღეს) ძირძველ ფრანგებს წარმოადგენენ, თუმცა იმიგრანტთა შედარებით ახალი ნაკადებიც სრულად ადაპტირებულები ჩანან, ჩინელები ერთმანეთს ფრანგულად ეჩხუბებიან, ვოქმენიანი ზანგები ფრანგულ რეპებს ღიღინებენ და რაც ყველაზე მნიძვნელოვანია ყველა ერთ წესს, პარიზში ცხოვრების წესს ემორჩილება.
იმ ფილმის პერსონაჟებს ალბათ ვერ წარმოედგინათ, რომ საფრანგეთის "არაფრანგებით" დაკომპლექტებული ნაკრები ბრაზილიას მოუგებდა ფინალში და თანაც არაბი ბიჭის ორი თავური გოლით.
ფილმის პერსონაჟებისა რა გითხრათ და ხალხი კი ალბათ რამდენიმე თაობაა მზადაა მრავალფეროვნებისთვის.
ბოლოსდსბოლოს ყველა ფრანგი ერთხელ მაინც ნამყოფია ლუვრში, სადსც საკუთარი თვალით უნახავს უძველესი ეგვიპტელი ზანგებისა და მონგოლოიდების ძეგლები, მოუსმენია დარიოს მეფის ჩანაფიქრის შესახებ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი აეშენებინა ბაბილონური, საკუთრივ სპარსული და ეგვიპტური სამშენებლო და დიზაინ ტრადიციების შეზავებით.
ფრანგებსაც აქვთ პრეტენზია მსოფლიო დედაქალაქის პატრონობაზე და იციან რომ პარიზის ამ სტატუსს დიდი მასშტაბები და დემონსტრაციული გახსნილობა ჭირდება. ამიტომაცაა ამ ქალაქში ჩერჩილისა და კენედის ქუჩები, მეტრო სტალინგრადი,ტროკადერო და ა.შ.
დღევანდელმა ფრანგმა პატროიტული მიზნის, მსოფლიო დედაქალაქის პარიზში დაფუძნებისათვის კარი გაუღო ჭრელ მსოფლიოს, ის არამარტო ცხოვრების უფლებასა და პირობებს აძლევს ძალიან განსხვავებული კულტურული ბექგრაუბდის მქონე ხალხს, არამედ უშურველად უთმობს თავის ელიტარულ გენებს ახალგამოჩეკილ ფრანგებს. მომავლის ფრანგები არ იქნებიან ტრადიციული თეთრკანიანი ევროპელები, შორი დამემკვიდრების, ჰეტეროზისის უპირატესობები მათ საშუალებას მისცემთ უფრო ჯანმრთელი და ლამაზი ფენოტიპი შექმნან, ამის წარმატებული მაგალითებიც ხომ აქვთ ისტორიაში: რუსეთი (სლავები და მონღოლები), სამხრეთ ამერიკა. ახლა ფრანგები ცდილობენ ზერასის შექმნას. რამოდენიმე სასკოლო ექსკურსიას შევხვდი პარიზის მუზეუმებში. მოსწავლეთა 90% შერეული რასისა აღმოჩნდა. 2-3 თაობის შემდეგ თუკი სკოლაში კლასიკური ევროპული ექსტერიერის მქონე მოსწავლე ისწავლის, ალბათ უმრავლესობა მას ეჭვით შეხედავს, ალბათ პრინციპული რასისტების შთამომავლი არისო.
ფრანგისათვის საფრანგეთის წარმატების მოდელი ლუვრშია, სადაც თვალნათლად ხედავ, რომ კაცობრიობის ისტორიაში, ისტორიის გარიჟრაჟიდან მოყოლებული ზესახელმწიფოს არსებობის უცვლელი პირობა დივერსიფიკაცია და ტოლერანტობაა.
ევროპისა და მსოფლიოს სტადიონებზეა, სადაც საფრანგეთი ახალი გენების წყალობით საფეხბურთო გრანდი გახდა.
პარიზისა და მსოფლიოს პდიუმებზეა, სადაც ფრანგული სააგენტოების სახელით სილამაზის ეტალონებად ათასი ჯიშ-ჯილაგის წარმომადგენელი ლამაზმანები წარმოგვიდგებიან.

Tuesday, February 16, 2010

ისევ H1N1


თავიდან გადავწყვიტე, რომ პარიზული სერიალი დამემთავრებინა და მერე გადავსულიყავი სხვა თემაზე, პარიზულები ჯერ კიდევ მოსაყოლი მაქვს, მაგრამ ერთი საკითხი, რომელიც დღესვე მინდა დავწერო ეს ავადსახსენებელი H1N1ია .
აქამდე მის შესახებ არაფერი მითქვამს, იმის მიუხედავად, რომ ყოველ მორიგეობაზე თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 10-20 ასეთი ავადმყოფის მიღება მიწევდა, და იმ ოთხ ადმყოფთაგან, რომლებიც მე დავაინტუბირე, ველაპარაკე, ავუხსენი რომ მათთვის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა აუცილებელი იყო, მათივე თანხმობით დავაძინე და აპარატულ სუნთქვაზე გადავიყვანე, 2 მოკვდა, ორივე ორსული. დაახლოებით ორი კვირა იცოცხლეს რეანიმაციაში, საშინელი ფილტვებით.
ორივესთან ურთიერთობა კინოსავით მახსოვს, ჩემი ახსნა და დაპირება, მათი ქოშინით დაღლილი და იმედიანი თანხმობა. ჩემი პირობა ვერ შესრულდა, მათი სიცოცხლე დღევანდელმა მედიცინამ საუკეთესო აპარატურითა და პერსონალით, ვერ იხსნა, მხოლოდ უმნიშვნელოდ გაახანგრძლივა.
გუშინ, როდესაც ჩათვლილი გვქონდa, რომ ეს ვირუსი ისტორიას ჩაბარდა, რომ თავისი მსხვერპლი უკვე მიღებული აქვს, ახალი შემთხვევა მოგვივიდა, 19 წლის ორსული, ყველაზე მძიმე ფორმით მათ შორის ვინც საავადმყოფოში შემოსვლის მომენტში იყო აქამდე.
ისიც ხელოვნურ სუნთქვაზე გადავიყვანე, ისიც წინასწარი ახსნა-დათანხმების შემდეგ.
...
ძალიან მცირე შენსი აქვს გადარჩენის, ძაალიან მცირე.
ცალი თირკმელი აქვს, ისიც დაავადებული.


აქამდე ამ ვირუსზე არაფერი მითქვამს, ალბათ იმიტომ, რომ ტელევიზია ობიექტურად აშუქებდა მოვლენებს, ჩვენ ექიმებიც ხშირად ტელევიზიიდან ვგებულობდით სიახლეებს.
გუშინ გავიხსენეთ იანვრის ტალღის ბოლო რეპორტაჟი, თებერვალში ისევ იქნება ახალი ტალღა, ოღონდ შედარებით სუსტიო.
გუშინდელი შემთხვევა ალბათ იმ პროგნოზირებული ტალღის პირველი პაციენტია, ოღონდ უკვე ძალიან მძიმე.

ეს ვირუსი ამორჩევით ებრძვის ორსულებს, ძალიან ცუდ დღეში აგდებს. ბევრი ორსული უპრობლემოდ მორჩა, ზოგი სახლშიც კი, მაგრამ ვინც სირთულის ზღვარი გადალახა ვერცერთი გადარჩა.


საერთოდ ეს ვირუსი მართლაც ასეთი იყო, სუსტი, ვითომც არაფერი, მაგრამ ზოგიერთისათვსი უმძიმესი ფორმებით მიმდინარე.

ხომ გახსოვთ სეზონური წუწუნები, "ეს რა ჯანდაბა ვირუსია, 5 დღე თავს ვერ ვწევ, მოვრჩი შემიბრუნა, ყველაფერი მტკივა", H1N1 ასეთი არ არის, სუსტი ვირუსია, ზურგს უკან დამალული ცელით.
ხოდა ჩემო მკითხველებო, გააფრთხილეთ ორსულები თქვენს გარშემო, ისევ ნიღბების აკვრის დროა, კიდევ ერთი თვე იყავით ფრთხილად, თუ გაციება შეატყეთ თავს, ექიმთან წასვლა არ გადადოთ.

Monday, February 15, 2010

პარიზი - ინგლისი



პირველი რასაც თბილისში პარიზში წასვლის მსურველი გებულობ ის არის, რომ იქ ინგლისურად არავინ დაგელაპარაკება.
ქვემოთ ნახავთ ჩემს ქება დიდებებებს ფრანგების, მათი სტუმართმოყვარეობის, თავაზიანობის და ტაქტიანობის შესახებ.
ინგლისურ შეკითხვაზე ყველა გამვლელი შეეცდება გიპასუხოს, ინგლისური თუ არ იცის საკმარისად, ფრანგულად გაგაგებინებს.
აქ სხვა პლასტზე მაქვს ლაპარაკი, საფრანგეთი - ინგლისი ორი უდიდესი ურთიერთ მოქიშპე, მტერი, მეტოქე და მსოფლიო ბატონობაზე კონკურენტი ერია.
მათი ისტორია მართლაც აკინძულია ერთმანეთის წინააღმდეგ ომებით, თუმცა რევერანსებიც ერთმანეთისთვის ნიჭიერად და უხვად უსრულებიათ.
ბოლო პირუეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდათ.
მას შემდეგ რაც საფრანგეთმა პარიზი და საფრანგეთის უმეტესი ნაწილი ჰიტლერს დაუთმო და მთავრობა შიდა ემიგრაციეში გადავიდა პროვინციაში, ბრიტანეთის ფლოტმა საფრანგეთის ფლოტს, რომელიც იმ დროს ალჟირის ნაპირებთან იყო დისლოცირებული ულტიმატუმი წაუყენა, ან დაეთმოთ ხომალდები მათთვის, ან გაენადგურებინათ თვითონვე. ჩერჩილს ეშინოდა, რომ უმეთაუროდ (უქვეყნოდ) დარჩენილი ფლოტი ჰიტლერს ჩაუვარდებოდა და ბრიტანეთს შემოუტევდა.
ფრანგებმა არცერთი წინადადება არ მიიღეს, ინგლისელებმა ისინი გაანადგურეს, მაშინ 1000 ფრანგი მეზღვაური იქნა მოკლული.
4 წლის შემდეგ 1000-ზე მეტი ინგლისელი გმირულად დაიღუპა საფრანგეთის მიწაზე საფრენგეთის ფაშისტებისაგან გასანთავისუფლებლად.
ფრანგებსა და ინგლისელებს შორის ისტორიული მეტოქეობა მართლაც ირეკლება საფრანგეთზე, პარიზზე.
საფრანგეთი შეგნებულად თუ ქვეშეცნეულად ეწინააღმდეგება ინგლისური ენის უკვე მსოფლიოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო სტატუსს.
საფარანგეთში ვერსად ნახავ ინგლისურ წარწერას. ერთადერთი ნივთი, რომელზეც ინგლისური წარწერა აღმოვაჩინე მუზეუმკარტა იყო. მუზეუმ კარტა სპეციალურად ტურისტებისათვის განკუთვნილი ბილეთია, რომლითაც ერთი, ორი ან ოთხი დღის განმავლობაში პარიზის ნებისმიერ მუზეუმში შედიხარ, თანაც ურიგოდ, სპაციელური "ელიტარული" შესასვლელით. ჩვენ 45 ევროიანი მუზეუმკარტები ვიყიდეთ, 4 დღიანი და ბოლოს რომ გამოვთვალეთ მოგებულები დავრჩით, თანაც ერთი გენახათ რა სიამაყით ჩავუვლიდით ბურჟუა ევროპელების რიგებს, ამოვიღებდით "იზ შიროკიხ შტანინ" ამ ბილეთს და ყველა კარი უმალ იღებოდა. ჰოდა ამ მუზეუმკარტას მოყვება ორგვერდიანი თაბახი მუზეუმების ჩამონათვალით, იქაც კი ფრანგული შავად ეწერა, ქვემოთ კი ინგლისურად, ოღონდ ღია ვარდისფრად ძლივს რომ წაგეკითხა.
ლუვრში, სადაც ყველა ექსპონატი 3D თვალებით შესაჭმელია და გინდა რომ მის შესახებ ყველაფერი შეიტყო, ინგლისურ წარწერას ვერ ნახავ. ფრანგული დასახელებები კი რებუსებს ჰგავს - მიშელ ანჟელ, დელაკროიქს არკვიე შენ ვინაა.

ფრანგებს ალბათ იგივე სჭირთ რაც ჩვენ რუსებთან მიმართებაში.
ჩვენ რუსეთს სამხრეთ-ჩრდილოეთ კავკასიის რაკურსით ვუყურებთ, ფრანგები კი ინგლისს როგორც ლამანშის გადაღმა მდებარე ამწუთას დროებით აღზევებული მეტოქეს.ამასობაში სარკოზი მანჩესტერს გულშემატკივრობს.

Wednesday, February 10, 2010

პარიზი-რუსები


ზამთარში პარიზში სტუმრობას კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს- ზამთარში იქ ცოტა რუსია, ალბათ ზამთარში თუკი წასვლაა სითბოში წასვლას ამჯობინებენ.
პლიუსი მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ მათ თვითკმაყოფილ ფიზიონომიას იშვიათად ნახავ.
ერთადერთი ჯგუფი მახსენდება მონალიზას დარბაზში შემოცვივდნენ, წინ მიუძღვოდათ ჩირაღდანივით ზეაწეული დახვეულ გაზეთიანი
გიდი, რომელმაც შემოსვლისთანავე ყველას გასაგებად განაცხადა - "ზდეს პიაწ მინუტ, ნი ბოლშე!"
("ნუ ი ჩტო, უ ნას ვ მასკვე მეტრო" გამახსენდა ერთი რუსი ტურისტის ნათქვამი საქართველოში, ანტიკური ქალაქის ციხეგოჯის გვირაბში ჩასვლისას რომ განაცხადა).
რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობა საუკუნოვან გადაჯაჭვულ ისტორიას მოიცავს.
ამ ქვეყვებს დიდი სიყვარულისა და დიდი სიძულვილის ტალღების შემდეგ ერთმანეთის მიმართ რაციონალური პატივისცემა ჩამოუყალიბდათ.
ლუვრის დათვალიერებისას გახსენდება რომ ერმიტაჟი, პეტერბურგის გრანდიოზული, უმდიდრესი მუზეუმი თვითონ ლუვრისმნახველმა რუსებმა ერმიტაჟად-ფრანგულად პატარა ოთახად მონათლეს.
ნაპოლეონის დროს, ევროპის მუდმივი ამრევი ამბალის- რუსეთის ჭკუაზე მოსაყვანად მთელი ევროპა გაიწია აჰა შენ ნაპოლეონო, და აჰა რუსეთი თუ შეგიძლია მას ეჭიდავეო.
ეს ისტორია კი იმით დამთავრდა, რომ დამარცხებულ ნაპოლეონს გამოკიდებულმა რუსმა ჯარისკაცმა პარიზის ყველა სამიკიტნოს კარი ჩექმით შეაღო და დაიყვირა "ბისტრო ნახუი, ჟრაც დავაი" და აქიდან წამოვიდა სიტყვა ბისტრო, Bistrot ფრანგულ მანერზე. დღესაც კაფეების მესამედს ბისტროტ აწერია.
პარიზის ცენტრში მგებარე, ყველაზე პომპეზური, მოოქროვილი და ულამაზესი ხიდი ალექსანდრეს ხიდი, ეძღვნება ალექსანდრე მესამეს, რუსეთის იმპერატორს და რუსეთ საფრანგეთის მეგობრობას, ეს ხიდი ნიკოლოზ მეორემ გახსნა.
ნაპოლეონი კი, ავანტიურისტი, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო საფრანგეთი, რომლის მმართველობის შემდეგ "საფრანგეთში შინელის ჩამცმელი ადამიანი აღარ დარჩა ცოცხალი", ულამაზეს სარკოფაგში, ულამაზეს სასახლეში 6 კუბოში განისვენებს. მე მგონი ნაპოლეონს კრახი იმიტომ აპატიეს, რომ მიზეზი მიეცათ ნაპოლეონის მიერ აღებული ქალაქების ჩამონათვალში, რომელიც ნაპოლეონის კუბოს გარშემოა ამოტვიფრული (austerlic, ვარშავა,rivol, iena ..) მოსკოვიც ეწეროს. და აწერია კიდევაც - მოსკოვი ნაპოლეონის მიერ აღებული ქალაქი.

სდღეს ისტორიის გათვალისწინებით, საფრანგეთი (რიმელიც მესიანისტურ-ექსპანსიურ მიზნებს ისედაც შეჩვეულია) თავის თავზე იღებს რუსეთის მორჯულებას. ჯერ არვიცი შეწირავს თუ არა ამ მისიას საფრანგეთი საქართველოს, მაგრამ "მისტრალის" მიყიდვა რომ ამ ისტორიის ერთი ხვეულია ჩემში ეჭვს არ იწვევს.
mere davamTavreb, ar mcalia:(

Monday, February 8, 2010

პარიზის ქუჩები: ქუჩაში მოძაობის წესები.






ქუჩაში მოძრაობის მიღებულ (და არა ოფიციალურ) წესებს განვიხილავ როგორც მასში მონაწილე ხალხის ზოგად ეთნო თუ ქალაქური ფსიქოპორტრეტის მთავარ მაჩვენებლად. არაერთხელ დამიწერია გაბრაზებულს ჩვენი ქალაქის უზრდელ მოქალაქეებზე სწორედ ქუჩაში მოძრაობის თბილისური რეალიების შემხედვარეს.
პროექტისც კი დავწერე ამ თემაზე(თუმცა ჯერ ვერ დავაბინავე).
პარიზში წასვლამდე მქონდა წარმოდგენა, რომ ქუჩაში მოძრაობის მონაწილე ობიექტები (მანქანები/მოტო/ველო ტრანსპორტი და ქვეითები) განუხრელად უნდა ემორჩილებოდნენ შუქნიშნებსა და ქუჩის სტოპხაზებს. ყოველთვის ვბრაზდებოდი, როდესაც თბილისში ვაწყდებოდი ავტომობილის მძღოლსა და ქვეითს შორის ნებისმიერი სახის ურთიერთობას (მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ქვეითის მუდარიანი თვალები მძღოლის მიმართ- მაცალე გზაჯვარედინის გადასვლაო, ან მანქანის დაძვრისწინა ქვეითის წვივზე მიგდება, უკანა მანქანის სიგნალი შუქნიშნის გაყვითლებისთანავე არის ურბანულ-ტრანსფორმირებული რატომღაც შერჩენადი დედის გინება და საერთო ჯამში ჩემი ერის სირცხვილი).

მაინტერესებდა, როგორ ხერხდება ქალაქში, რომელსაც ამ საკითხში თბილისთან შედარებით 10-ჯერ მეტი ობიექტური პრობლემა აქვს (მოსახლეობის რაოდენობა, ავტოსთან ერთად მოტო და ველო ტრანსპორტის სიმრავლე, სხვადასვა კულტურის ტურისტთა ტაბუნების ნიაღვარი და სხვა) ავტო და ქვეითთა მოძრაობის რეგულირება ცივილიზაციის ფარგლებში.
მაინტერესებდა როგორ ინარჩუნებს ღირსებას ქვეითი და მძღოლი, რა ჯადოსნური ელექსირი აქვს ამისთანა ფრანგულ ჟანდარმერიას, რომ ასეთ ქალაქში მოძრაობა დაარეგულიროს.
პირველივე დღეს გავერკვიე. მოძრაობა მართლაც დარეგულირებულია, თითქმის იდეალურად დარეგულირებული, იმდენად იდეალურად, რომ ქაოსს ჰგავს, მაგრამ იდეალურ წესრიგზე უფრო ეფექტურია.
აღმოჩნდა რომ ქუჩაში მოძრაობას პოლიცია არ არეგულირებს. ქუჩაში პოლიციელი ერთადერთ პაწაწინა რატომღაც უშუქნიშნო გზაჯვარედინზე იდგა და ქვეითებს ეხმარებოდა, ქვეითთა უპირობო პრივილეგიას კიდევ უფრო ზრდიდა.

მაშ ასე, პოლიციელები არა. მაშ რა?
ჩამოვთვლი:
-შუქნიშნები თითქმის ყველა 50 მეტრშია,
-გადასასვლელი ასევე ყველა 50 მეტრშია და აუცილებლად დახაზულია.
-ქვეითებს აუცილებლად, ყველა გზაჯვარედინზე აქვთ შუქნიშანი.
-ქუჩაში მოძრაობის მონაწილეთაგან პრივილეგირებულნი არიან ქვეითები.
ეს აქამდე სტანდარტულ ცივილური, ახლა კი კონკრეტრულად პარიზული -
-ავტომობილები განუხრელად ემორჩილებიან შუქნიშნებს, მაშინ როდესაც ქვეითს შეუძლია გადაირბინოს ქუჩა ქვეითთათვის წითელ შუქზე ერთი პირობით, თუკი ავტო/მოტო/ველოს არ მოუწევს მოძრაობის შენელება თავისივე კუთვნილ მწვანე გზაზე, არათუ დამუხრუჭება, შენელებაც კი დაუშვებელია.
-ქვეითებს შეუძლიათ ისარგებლონ თავისი უპირატესობით, მაგრამ ამ სარგებლობასაც თავისი "ბოდილენგვიჯის" წესების დაცვა ჭირდება. მაგალითად, თუკი ერთი ფეხი მაინც ჩამოდგმული გაქვს ტროტუარიდან და გადასვლას აპირებ, გზა შენია, მაგრამ თუკი ტროტუარიდან გზაზე ჩამოსული კეთილგანწყობილი ჟესტით მანქანას უთმობ გზას, მძღოლი დაიბნევა, შეწუხებული ფრთხილად გაგივლის და შეიძლება უკმაყოფილომაც მოგაბურტყუნოს რამე.


ერთი შეხედვით ქუჩა ხალხს და მანქანებს +მოტოციკლებსა+ველოსიპედებს ვერ იტევს , პერიოდულად ეს ყველაფერი ქაოსს დას უწესრიგობას ემსგავსება, მაგრამ მთავარი წესი ყოველთვის შენარჩუნებულია.

-მთავარი ერთი წესი, რომელიც ქუჩაში მოძრაობას არეგურირებს მაინც ერთია - ერთმანეთის პატივისცემა ქვეითთა უპირატესობის მუდმივი დემონსტრირება.

შედეგად 6 დღის განმავლობაში ჩვენ საცობი არ გვინახავს, არც შეურაცხყოფილი ქვეითი. სიგნალები არის, იშვიათად გაბმულიც, მაგრამ უფრო გამოფხიზლების მიზნით, ვიდრე შეგინების.
გადაჭედილ და უხვ შუქნიშნიან ვიწრო ქუჩებში მხოლოდ მოტოციკლები დაქრიან პირუეტებით (ხაზებს ადვილად და ოსტატურად იცვლიან) მაგრამ გზაჯვარედინების სიახლოვეს არათუ მოტოციკლები, ველოსიპედებიც საერთო წესს ემორჩილებიან.

Sunday, February 7, 2010

პარიზელები. მოქალაქეთა ექსტერიერი





ზამთარში პარიზში ქუჩაში შემხვედრ მოქალაქეთაგან დაახლოებით 20% ჩინელია, 20% ზანგი, 15 პროცენტი არაბი და.. 45% საკუთრივ ფრანგი.
და... ამ 45% ფრანგში კი სადღაც 25% ქართველია. ააა??
ხო. არ მოგესმათ, ქართველი.
ექსტერიერზე მაქვს საუბარი, სინამდვილეში ქართველი არცერთი არ შემხვედრია ერთი კვირის განმავლობაში.

ეს ფაქტი გამაოცებელთაგან პირველი იყო ჩემთვის - ფრანგები ძალიან ჰგვანან ქართველებს,
იმდენად ჰგვანან, რომ თავიდან ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა მიმემართა ამ კაცისთვის უცხოურ ენაზე და არა ქართულად.

ბაქოში ჩახვალ,ერევანში, მოსკოვში თუ პრაღაში სწრაფადვე მიხვდები, რომ ეს ხალხი შენი ჯიშისანი არ არიან და მათ მათსავე ენაზე უნდა ელაპარაკო, აი პარიზში კი ეს გრძნობა არ გაქვს, 5 კაცში ერთს სუფთა ქართული გარეგნობა აქვს, ლუი დე ფიუნესი, ანუკ ემე, ჟან გაბენი ვარიაციებით.
ეშმაკმამც დალახვროს, თვალები მოვიფშვნიტე - მეტროსადგური სტალინგრადი