2014 წლის თებერვალია.აქტიური სათხილამურო სეზონია,დღის ბოლოა. ახალ გუდაურში საბაგირო გაჩერდა. "გუდაური პალასში", ოთახში აღმოვაჩინე რომ პური არ გვაქვს და ქვემოთ ვარ ჩასასვლელი. ღია კაფეში ან რესტორანში უნდა ვიყიდო პური. 3 წუთის საქმეა. დამეზარა ჩაცმა-დახურვა და ეგრევე ჩავედი, როგორც ოთახში ვიყავი, უქუდოდ და უკურტკოდ. ღია კაფეს წინ დაყრილი პუფებზე ხალხი გლინტვეინს წრუპავს, დაღლილი ნასიამოვნები ხალხის ბურჟუაზიულ ნაზ სიმსუბუქეს გუდაურელი ჭარმაგი ზედმეტად გარუჯული კაცი არღვევს, გამყიდველი ქალები მხარს უბამენ -ეგე იმათ დაყინავს ამაღამ, გვითითებს ჩრდილის მთაზე, სადაც ვხედავთ რომ ერთი მოთხილამურე პირაღმა წევს თოვლში, მუხლებმოხრილი, მეორე მოშორებით წამოდგომას ცდილობს. ჩვენგან მათამდე ალბათ კილომეტრზე მეტია სწორი ხაზი, ოღონდ 45°ით აღმა, და შუაში დიდი გაუკვალავი ხეობაა. საღამოს 5 სთია, ექვსი დაიწყო. მალე დაბნელდება. იმ ორი ადამიანის იქ დატოვება მათ სიკვდილს ნიშნავს. მთვრალები იქნებიანო, ისმის ვერსიები. უფრო ყოჩაღი რომელიცაა წამოდგა და ალბათ 20 მეტრში ისევ წაიქცა. პირველი უმოძრაოდაა პირაღმა, იქნებ ფეხი აქვს მოტეხილი. ღამე მინუს 12-ია გუდაურში, იქ, მთაზე უფრო მეტი სიცივე იქნება. ეგ ჭიანჭველასხელა ადამიანები განწირულნი არიან გაყინვისთვის. ვბრაზობ რომ იმ მთვრალი და უპასუხისმგებლო ფრაერების გამო უნდა ვინერვიულოთ ამდენმა ხალხმა. "ამდენი ხალხი" ჯერ 10-15 სეირის მაყურებელი "ხალხი" ვართ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ წინ დიდ მასობრივ ეპოპეას ვერ ავცდები, და ვხვდები რომ "საჰაერო სირენა" მე უნდა ჩავრთო. გავრბივარ ზემოთ ვერტმფრენების მოადანისკენ და გზად 112-ში ვრეკავ - მაშველები, გუდაურში, სასწრაფოდ, ყველა ერთად, ტექნიკა მოიყვანონ, 20 წუთში ბნელდება, ორი ადამიანი გაიყინება ჩრდილის მთაზე.. ქოშინ ქოშინით ვამბობ თოვლში აღმა მიმავალი. მაძლევენ ორ ნომერს, მაშველების უფროსები, ნიკო და იაგო და გუდაურის განვითარების სააგენტოდან საშა (შეიძლება სახელი მეშლებოდეს) ასევე ქოშინით ვურეკავ მათაც. რეაგირება ხდება ძალიან სწრაფად-ვერტმფრენების მოადანთან ჩემი ასვლიდან 3 წუთში მაშველები უკვე იკრიბებიან. მე ამასობაში ვერტმფრენების ყარაულის ჯიხურში შევვარდი და პილოტის ტელეფონი მოვითხოვე, ყარაული არაფერს მეკითხება ისე მაძლევს ნომერს,უსიტყვოდაც ნათელია რომ ვჩქარობ, ვქოშინობ და.. ახლაღა ვამჩნევ რომ უქუდოდ და უკურტკოდ ვარ. პილოტი მპასუხობს, რომ წარმოუდგენელია ვერტმფრენის დაძვრა. მხოლოდ ძრავის გახურებას უნდა 20 წუთი, თვითონ ქვედა გუდაურშია, 20 წუთში კი დაბნელდება და მთებში სიბნელეში ფრენა შეუძლებელია. ძალიან ცივა. უკვე ბინდდება. ყარაული თავის ქუდს მაძლევს, შეკრებილი მაშველები ჩრდილის მთას უყურებენ. პირაღმა მწოლიარე ისევ წევს, მეორე ცოტა კიდევ ჩამოსულა და ისევ წაქცეულია. 10 წუთში დაბნელდება. მართალია მაშველები 2 სკუტერით და ერთი მტკეპნელით არიან, მაგრამ იქამდე სინათლით მისვლა სრულებით წარმოუდგენელია. უზარმაზარი გაუკვალავი მასშტაბები, შუაში ხეობა, ორიენტირები არაა, და რომც იყოს, ღამდება. ერთია საიმედო, ძლიერი ფანრები აქვთ. გადაწყდა, მტკეპნელი მანქანით (რატრაკით) რომელსაც უფრო ძლიერი განათება აქვს ხეობიდან ავიდეს, ხოლო მეორე ჯგუფმა სკუტერებით ჩრდილის მთას ზემოდან, ქედიდან დაუაროს. სირთულე ისაა, რომ ყველანი ეჭვობს, რამდენად მიადგებიან იმ წერტილებს, რომლებსაც ახლა ჯერ კიდევ ხედავენ, მაგრამ მერე სიბნელეში ორიენტირები აღარ ექნებათ. ვხვდები რომ ახლა ზუსტად ის დროა როცა ყველას ყურადღება უნდა მოვიპოვო. უკვე გასასვლელად მომზადებულ მაშველებს ვაყოვნებ, ყურადღებას ვითხოვ და ასე ვიქცევი : ხედავთ? მე აქ ვდგევარ, ის კაცი იქაა, საათის ისარივით გავდე მოზრდილი ფიცარი, რომელიც როგორც საათის ისარი ზუსტად "უთითებს" ერთ წაქცეულ მოთხილამურეზე, მეორე ფიცარი მეორეზეა "დამიზნებული". აი ხომ ხედავთ, ვეუბნები, რაც არ უნდა დაბნელდეს, მე ზუსტად გეტყვით როგორ მიაღწიოთ იმ ადამიანებამდე. უბრალოდ მობილურით ვიყოთ კავშირზე. მაშველებმა გაიგეს რომ მე მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მექნებოდა და მართლაც, მას შემდეგ სამ-ოთხჯერ ხანგრძლივად მელაპარაკნენ მიზნის მიღწევამდე...პოვნის ოპერაცია სრულ სიბნელეში ალბათ ნახევარ საათზე მეტი გაგრძელდა. ვხედავდი ორ შუქს, რომელიც ერთი ზემოდან და მეორე ქვემოდან მიიწევდა დაზარალებულებისკენ. ტელეფონით ვეხმარებოდი რომ ზუსტად იმ ადგილამდე მისულიყვნენ, რომლებიც მქონდა მონიშნული ფიცრის ისრებით. ტელეფონით შევიტყვე, რომ ის ყოჩაღი, რომელიც წაქცევა-წაქცევით მოძრაობდა, სახლში ჩასულა ხეობით (?ალბათ ქუმლისციხეში) და პოლიციაში დაურეკავს, სახლში ვარ, გადავრჩი, შემეშვითო. მეორე, რომელიც უმოძრაოდ იწვა პირაღმა და მოხრილი ფეხებით უფრო ძნელი აღმოსაჩენი გამოდგა. ზუსტად ეგ ადგილი არის მეთქი, ვეუბნებოდი, აი მანდ უნდა იყოს მეთქი და.. მორჩა ოპერაცია, ვბრუნდებითო, მივიღე პასუხად -ეგ წაქცეული და ფეხმოტეხილი კაცი... ტალახი აღმოჩნდა (დამთხევა არ გინდა, ამხელა თოვლიან მთაზე ერთადერთი ადგილია უთოვლოდ ატალახებული, და ისიც ზუსტად ადამიანის ზომის და ფორმის, წამოწოლილი და ცაში მაყურებელი, "შველას ცასღა თხოვს"). ვაიი!! ალბათ ოცი გაბრაზებული მაშველი,ყარაული, პილოტი,112-ის ოპერატორები,გუდაურის ადმინისტრაცია, მეც, გაყინული გუდაურის ყინვიანი სიოთი. სულ ჩემი "საავტორო"? და რა, ტალახი "გადავარჩინეთ"? ტელეფონით ვპატიჟებ ყველა მონაწილეს, ჩემთან ჩაიზე, ნუ, იგულისხმება სუფრაც.. მინდა ჩემი "ცოდვა" გამოვისყიდო, მაგრამ ვერავის ვითანხმებ. გავიდა ორი წელი და მე მათ მადლობას ახლა ვეუბნები, შორიდან და დაგვიანებით. გამომეხმაურეთ მაშველებო, ვისაც ეგ დღე "მწარედ" გახსოვთ. აქ სინათლეა, ყველაფერი ჩანს. იმ დღეს ბნელოდა.
Sunday, May 29, 2016
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment