ერთერთი ოპოზიციური დეპუტატობის კანდიდატის სარეკლამო სლოგანია "გაიხსენე ახლო წარსული და ისე მიიღე გადაწყვეტილება".
გამიჩნდა სურვილი ჩავკითხოდი, კერძოდ რომელი ახლო წარსული უნდა მივიღო ორიენტირად. საიდან უნდა მოვთვალო წარსული? ფარნავაზიდან, ერეკლე მეორიდან, გასაბჭოებიდან თუ პერესტრკიდან?
ჩემი არაკლასიფიცირებული, არაკვალიფიციური და სუბიექტური შეფასებით, როცა ლაპარაკი ქვეყნის წარსულზეა, ახლო წარსული 1991 წლიდან იწყება. მეც ამ კანდიდატის მსგავდ ვბრაზობ როცა ვაწყდები სიტუაციას სადაც ხალხს საკუთარი ახლო წარსული (ჩემ შემთხვევაში 1991 წლიდან მოყოლებული წარსული) დავიწყებია და მძიმე გამოცდილება წყალს უნდა გაატანოს.
მაგრამ ჩემგან განსხვავებით ამ ხსენებული კანდიდატის ახლო წარსული თურმე ლოზუნგის "არა ძალადობას" გამოჩენიდან იწყება.
ჩემთვის ის წარსული, რომელიც თურმე ჩემი გადაწყვეტილებისათვის ორიენტირად უნდა მივიღო ძალიან ხანმოკლეა.
ბავშვობის ბაკურიანიდან მახსოვს. მარხილის ცხენებს თვალებზე ისეთ ტყავის გაუმჭვირვალე სათვალეებს უკეთებდნენ გახედვა მხოლოდ წინ, მედროგის სასურველი მიმართულებით რომ შეძლებოდათ.
მე მგონი წინასაარჩევნოდ პარტიების უმრავლესობამ ეს ტაქტიკა აირჩია - შეაბან თვალთახედვის შემამცირებელი ტყავის სათვალეები ამომრჩეველს და ამით შეუმცირონ ანალიზის უნარი.
თითქოს 15 წელი ისეთ ქვეყანაში არ გვეცხოვროს, რომელიც ვერ ახერხებდა პოლიციელთათვის მებაჟეთათვის, სამხედროთათვის, პროკურორთა და მოსამართლეთათვის ხელფასის მიცემას, სადაც ყველა კერძო ინტერესი (გარაჟის მიშენება მრავალსართულიან სახლზე თუ სპორტული მოედნის ნარჩენზე) ყოველთვის იმარჯვებდა საერთო ინტერესზე. სადაც შიდა ომების მთელმა კასკადმა უამრავი ადამიანი შეიწირა და უამრავი ომგამოვლილი კი ომისშემდგომი დეპრესიითა და ნარკომანიით სამუდამოდ სოციალურ გვამად აქცია.
სადაც ქვეყნის ტაქტიკოსებმა და სტრატეგებმა საქართველოს სახელით ომები წააგეს და გამარჯვებულ სეპარატისტებს საზღვარზე რუსეთის მესაზღვრეები დაუკანონეს. რითაც დღეს საქართველო ხელფეხშებორკილი დატოვეს, სადაც პრეზიდენტობდა კაცი რომელმაც თქვა არ დავბრუნდები, გადაფურთხებულს არ ავლოკავო და.. დაბრუნდა. გამოაცხადა კაზინოებს დავხურავო და.. ვერ დახურა, თქვა აშენებულ სახლებს ხალხს ხომ ვერ წავართმევ, 37 წელი ხომ არ არისო და.. ვერც წაართვა. სადაც აჭარის საზღვარზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მანქანასა და იარაღს ატოვებინებდნენ, კოდორის ხეობაში კი პოლიციისა და ხელისუფლების გარეშე დარჩენილი შეიარაღებული და უკონტროლო ყაჩაღები წელიწადში 20-ზე მეტ ადამიანს კლავდნენ,სადაც სახელმწიფო თავზე ნაცარს იყრიდა, კი გაგაღატაკეთ, უსახლკაროდ დაგტოვეთ, მიწები დაგიკარგეთ, ხელფასს ვერ გაძლევთ და ჭაობშიც ყელამდე სტაბილურად ვართ ჩაძირულები, მაგრამ კეთილი ადამიანები ვართ და ხელს არ შეგიშლით ივაჭროთ გზაჯვარედინებზე, აიღოთ ქრთამი, შეჭამოთ ბაჟი თუ დეღეგე, დაგეგმოთ ბიზნესი მუდმივი კორუფციული გარიგებებითო.
ის რაც ჩემთვის სრული კოშმარი იყო, ოპოზიციის დიდი ნაწილისათვის, როგორც აღმოჩნდა დისკომფორტს არ ქმნიდა ახლო წარსულში.
მე აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში. შენ?
Friday, May 2, 2008
"გაიხსენე ახლო წარსული და ისე მიიღე გადაწყვეტილება".
Posted by cartwheel at 12:04 AM
Labels: 1991 წელი, ოპოზიცია, საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment