Friday, May 30, 2008

უკან წუმპეში!?



მაისაშვილის ფრაზა მენიშნა.
მენიშნა კი არა, მაპროვოცირა ამ პასუხზე.

მაისაშვილმა თქვა - ნაციონალების ამომრჩევლები სოროებში შემძვრალი მოსყიდული ხალხია, რომლებიც ხმამაღლა ვერ ამხელენ რომ ხმა სააკაშვილს მისცესო.

აი მე ვამბობ, იმ ტრიბუნიდან ვამბობ რომელიც მაქვს. და ამას ვამბობ უკვე მერვე თვეა, ვამბობ კი არა, ამჯერად უკვე ვყვირი! ხალხო გამოფხიზლდით - საქართველოს უკან ექაჩებიან, წუმპეში ექაჩებიან.

საქართველოს ხელში ჩაგდებას ცუდი ადამიანები ცდილობენ.

ხელისუფლება ცდილობს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ მრავალთავიან ჰომოსოვეტიკუს გველეშაპს.

შევიკრიბოთ, შევიკრიბოთ ის ხალხი ვინც 2003 წლის წვიმიან ნოემბერში ქუჩაში შიმშილმა და ზიზღმა კი არ გამოგვიყვანა, არამედ საქართველოს სიყვარულმა, საზოგადოს, საერთოს პატივისცემამ.

შევიკრიბოთ ისენი ვინც ამ 4 წელიწადში შევიცვალეთ. ვისაც შეგვიძლია აღიარება რომ ამ ხელისუფლებამ შეგვცვალა, შეგვცვალა უკეთესობისაკენ. ვისაც აღარ გვეშინია მაფიოზებისა და ქურდების,

ვინც მიხვდა
-რომ სახელმწიფოს მიერ გაღებული საზოგადო, საერთო ხარჯი საერთო ჯამში ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის გაღებული ხარჯია,
-რომ ჩემი პიროვნული ღირსება ჩემი ეზოს, ქუჩისა და ქალაქის სილამაზესა და სისუფთავეშია,
-რომ თუ მინდა ჩემს ნატანჯ, რეგიონში ყველაზე სუსტ ქვეყანას ჯარი, საზღვარი და პოლიცია ჰქონდეს, ჯერ მე არ უნდა მოვითხოვო სარდელი და ხინკალი.

შევიკრიბოთ ვინც მივხვდით, რომ საქართველოს გამარჯვების შანსი წესიერი, კონსოლიდირებული და სტაბილური დემოკრატიის აშენებაშია და მთავარი საფრთხე ამ გზაზე არის შიდა აშლილობა, შადიმან ბარათაშვილობა, სერგო ორჯონიკიძეობა, სიგუობა, კიტოვან ჯაბა იოსელიანობა და დოღრიალობა.

შევიკრიბოთ იმის მიუხედავად რომ სამსახურები გვაქვს და არ გვცალია, რომ ჩვენი ძირითადი მონაპოვარი სამსახურში მიღწეული პროფესიული სტატუსია და ანგაჟირებულობასა და კონფლიქტურობას ჩვენგან არავინ ელოდება. შევიკრიბოთ იმის მიუხედავად რომ ხელისუფლებაც კი შეიძლება განაწყენდეს ჩვენი აქტივობით, იქნებ სულაც ჩვენი ნაბიჯი ხარისათვის წითელი ნაჭრის აფრიალებად იქნეს აღქმული, მაგრამ მაინც შევიკრიბოთ. მე მზად ვარ.

მამუკა კაციტაძემ თქვა სადაც ვიწროა იქ გაწყდესო, და გაწყდეს მაგისი.

No comments: