ერთი ჩემიანი, წესიერი ადამიანი, რომელთანაც არაერთი ხანგრძივი და ხმაურიანი კამათი მქონდა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე (ის თავგადაკლული ოპოზიციონერია, მე ვინც ვარ) მას შემდეგ რაც შეიტყო ბურჯანაძე გადადგაო, მტკიცებას მოჰყვა, აი ხომ გითხარი ბყრჯანაძე ცუდი ქალია, რაღაცა ცუდს იზამს აუცილებლადო და აჰა, რა დროს მაგის გადადგომა იყოო.
მეორე, ასევე აქტიური ოპოზიციონერი ჩემიანი, ასევე წესიერი ადამიანი, რომელიც ასევე არგუმენტებს აფრქვევდა ხელისუფლების გასამტყუნებლად, როცა ვუთხარი საქართველო ახლა უფრო სუსტი ხვდება გარე აგრესიას ვიდრე იყო ოპოზიციის ნოემბრის აქციებისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ მეთქი, დამეთანხმა და პრეზიდენტი გაამტყუნა- რატომ ნიშნავდა ამ ვადამდელ არჩევნებსო. თვითონ კი ხმა რა თქმა უნდა ოპოზიციურ კანდიდატს მისცა.
და საერთოდ, თბილისელებს რომ შევხედოთ გვერდიდან. უმეტესობა თავის მსჯელობაში გაორებული და დაბნეულია.
ადრე ვამბობდი თბილისში სააკაშვილის დამარცხება იგივე პროლეტარული ბუნტია მეთქი, მაგრამ მიშამ მოიგო რუსთავი და ზესტაფონი. ე. ი. მხოლოდ პროლეტარობაში არ ყოფილა საქმე. პროლეტარებს, ისევე როგორც გლეხებს ესმით რომ შედეგის მიღწევამდე საფეხურები, სტადიები უნდა გაიარო. უნდა გეყოს ნებისყოფა საქმე ბოლომდე მიიყვანო.
მე მგონი დიდი ქალაქების ოპოზიციური განწყობა მოდის იმ ფაქტიდან, რომ მთავრობა დიდ ფულს ხარჯავს მათი ბინების გარეთ, და არ ურიგებს მათ ფულს ბინების შიგნით დასახარჯად.
საქმე ხელფასის ოდენობაში არ არის, ჩვენ ყველამ გამოვიარეთ კუპონებისა და 60 ლარიანი ხელფასის დრო, ჩვენ მაშინ ვიცოდით რომ სახელმწიფო უძლური და ღატაკი იყო. არც გვქონდა მოთხოვნა ხელფასის გაზრდაზე. 20$-იანი ხელფასი რომ 25$ მდე გაეზარდათ ამისათვის მიტინგობანა არც ღირდა და ვერც გაზრდიდნენ. დღეს სახელმწიფო გვაქვს, დიდი ფული იხარჯება საზოგადო საჭიროებებზე; ჯარზე, გზებზე, შადრევნებზე, განათებაზე, და... მოსახლეობას გაუჩნდა მოთხოვნილება მიიღოს ის ხელფასი, რომელიც იქნებ ეკუთვნოდა კიდევაც, მთელი ამ წლების განმავლობაში.
არადა საქართველოს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს. საქართველო მდიდარ ქალაქში სამუშაოს საძებნელად გამოსულ კაცს ჰგავს, სახლ-კარი გაპარტახებული აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის ახალი პიჯაკი შეიძინა, ძველი სამოსი გაიუთოვა, გაიპარსა და დღევანდელი სადილის ხორცის ნაცვლად ჰალსტუხი იყიდა.
ვუსურვოთ წარმატება. გაეძლოს კუჭის ძახილისათვის - "გაყიდე პიჯაკი და ჰალსტუხი, მიყიდე ძეხვი და შაქარი".
გაეჩუმებინოს მეორე მე – კუჭის ყურყური, მუცლის გვრემა და – გადაეწყვიტოს სამომავლო პრობლემები.
Friday, May 30, 2008
გაორებული ხალხი
Posted by cartwheel at 12:10 AM
Labels: ოპოზიცია, საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment