Thursday, May 15, 2008

ფრაზა-ორიენტირი




ეს ფრაზა ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ორი მიზეზის გამო:

ჯერ ერთი - ის ჭია რაც მე მაწუხებს და რის სათქმელადაც მე ამ ბლოგს უკვე მეშვიდე თვეა ვუკირკიტებ, ამ ორ წინადადებაშია ნათქვამი.

ეს ფრაზა ფაქტიურად არის კანონი, დემოკრატიული საზოგადოების კანონი.

დღევანდელი, ათასი სასტიკი ისტორიული სოციალური ექსპერიმენტის შესახებ უამრავი ნიჭიერი ფილმისა და მსოფლიო მაშტაბების პოლიტიკური ნიუსების მნახველი, გლობალური ისტორიული განვითარების გამოცდილების მქონე ხალხი მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნის საზოგადოებას თუ ეს საზოგადოება დემოკრატულია.

ანუ ეს ფრაზა დღევანდელი მსოფლიოში არის არა დემოკრატიული საზოგადოების, არამედ - საზოგადოების არსებობის კანონი.


მეორე- რაც ჩემთვის მართლაც გასაკვირი აღმოჩნდა, ეს არის ამ ფრაზის ავტორობა.

"ცხელ შოკოლადში" ლანა ღოღობერიძის "პარიზული დღიურების" განსხვავებული მიმართულების ჩანაწერების კითხვისას გადავაწყდი ამ ფრაზას. ფრაზას რომელიც ორჯერ წავიკითხე და.. გამეხარდა. ეს წინადადება სრულად ხსნის ჩემს სათქმელს, ის ჩემი საიტის სლოგანად გამოდგება.


და მთავარი! თვითონ ფრაზა.

“დემოკრატიის მანქანას სპეციფიკური საწვავი სჭირდება. ეს საწვავი სამოქალაქო ღირსების განცდაა.დემოკრატია, დემოკრატიული საზოგადოება აშენდება მაშინ, როცა მოინახებიან ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან რაღაც გაღონ იმისათვის, რომ საზოგადოებამ მთლიანობაში გაიმარჯვოს.

დემოკრატია ვითარდება იქ სადაც არსებობს საზოგადოებრივი ზნეობა.”


ადრე ვწერდი სხვა ფრაზა-ორიენტირის შესახებ, რომლის ავტორი ნოდარ ნათაძეა.
ეს ფრაზაც ასევე ფრაზა-ორიენტირია. დიდი მადლობა ქალბატონ ლანას ერთერთი მკითხველისგან.

ბოლოსდაბოლოს მეც, სწორედ ასე არ ვფიქრობდი და ვფიქრობ, როცა უარი ვთქვი აფხაზეთში ნაბრძოლობის შეღავათების მიღებისათვის ვეტერანად დარეგისტრირებაზე?

მე ამ ჩემი ნაბიჯით ყოველწლიურად დაახლოებით 1000 ლარს ვკარგავ 2002 წლიდან (ანუ ჩემი ხელფასი ჩვეულებრივად იბეგრება და არა ვეტერანებისათვის მოგონილი შეღავათიანი სქემით).

მაგრამ დღეს კი არა, შევარდნაძისდროინდელი ექიმის 120 ლარიანი ხელფასიდან რომ ვუტოვებდი სახელმწიფოს 300 ლარს ყოველწლიურად, უფრო ამაყი ვიყავი, ვთვლიდი რომ ეს ფული 18 პენსიონერის ერთი თვის პენსია იმ ღატაკ სახელმწიფოს ჯობდა დარჩენოდა ჩემგან. იქნებ რამე საზოგადოდ სასარგებლო გაეკეთებინა ამ ფულით. კიდევ რა არის ჩემი პიროვნული გადაწყვეტილება დემოკრატიის სასარგებლოდ, ახლავე მოგიყვებით.

ღუდუშაურის ცენტრში ექიმები რთული გასაუბრებისა და საექიმო CV-ის გათვალისწინებით მიგვიღეს და 2002 წელს, იმ დროისათვის მეფური 1000 ლარიანი ხელფასები მოგვაკუთვნეს.

ღუდუშაურის კლინიკა მართლაც იყო ერთადერთი ასე ვთქვათ, ფანჯარა ევროპაში, ცივილიზაციაში. ყოველ შემთხვევაში ექიმებისა და საუკეთესო აპარატურის მეშვეობით გადარჩენილი ავადმყოფებისათვის. ხელფასის კუდი იმ დროს მომავალ ხელფასს წვდებოდა.

დღეს 2008 წელს ჩვენი ხელფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა და მსყიდველობითი უნარი კი მნიშვნელოვნად 2-3 ჯერ შემცირდა. ჩვენ სულ ალბათ 50-მდე კაცი ვიქნებით საქართველოში, რომელთაც ფაქტიურად იგივე ხელფასი გვაქვს, რაც შევარდნაძის დროს და თანაც მხოლოდ ხელფასზე ვცხოვრობთ.

და მიუხედავად ასეთი უსამართლობისა, მე ამ ხელისუფლების მომხრე ვარ.

ვაფასებ იმ შესრულებულ საქმეს რაც მათ საზოგადოებისათვის გასწიეს, საქართველოსათვის გასწიეს.
და არ ვაყენებ საკითხს ასე - "მერე მე აქედან რა? მე მომცენ ჩემი კუთვნილი და მერე დახარჯონ შადრევნებში"

ვიცი, ვიცი კი არა დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს უპირველესი ხარჯი უნდა იყოს ენერგეტიკა, საინვესტიციო გარემოს შექმნა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლება.

აქედან ყველა ის, მაცივრის გარეთა ხარჯი, რაც მოსახლეობას ზედმეტი გონია (გზები, ფასადები, ძეგლები, შადრევნები) აუცილებელია 1. ინვესტიციების მოსაზიდად 2. მოქალაქეთა თვითშეფასების, მოტივაციის ასამაღლებლად.

მე ჯერ არ მშია.

წელს რა ინვესტიციაც მიიღო საქართველომ, იგივე რომ მიიღოს შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ჩემი, ექიმის ხელფასიც

გასამმაგდება

მოკლედ ჩემი წვლილი ამ საზოგადოებაში ის არის, რომ არ ვწუწუნებ და ხელისუფლების დამხობას არ ვცდილობ საერთო ქვაბიდან უფრო დიდი ლუკმის მოხელთების მიზნით.

No comments: