Tuesday, May 6, 2008

1991 წლის აჯანყების იდეოლოგია


პოლუსები

1991 წელს ამბოხების იდეოლოგია, თუ იყო იდეოლოგია მაშინ საერთოდ, იდგა თბილისის ელიტის მოსაზრებებზე, ბუში უფროსის მხარზე ხელის თათუნის თანხლებით.

მაშინ თბილისში რამდენიმე აზრმა გაიმარჯვა:

#გამსახურდია არ არის დემოკრატი, საქართველო ევროპული დემოკრატიის ღირსია.

#გამსახურდია და ესე იგი საქართველოც მის გამგეობაში პათეტიკური იდეოლოგიის ტყვეობაშია.

#მათ გადაკეტეს სამტრედიის რკინიგზა რუსეთის შესაშინებლად რითაც კარაქისა და ძეხვის გზა გადაკეტეს ჩემს მაცივრამდე.

#საქართველო და გამსახურდია მარტოა რუსეთისა და ამერიკის წინაშე. ე. ი. წაგებულია.

#გამსახურდიას მეუღლე ერევა სახელმწიფო საქმეებში. საქართველო მათ თავისი კანტორა ხომ არ გონიათ?

#მშიშარა გამსახურდიამ ძვირიანი დაჯავშნული მერსედესი იყიდა სახელმწიფოს ფულით, ჩემი ფულით.

#ის ხალხი ვინც გამსახურდიას გვერდზე ედგა, განუდგნენ მას, ალბათ ჩემზე კარგად იციან რომ გამსახურდიას პრეზიდენტობა არ შეიძლება.

#გამსახურდია თავის პირად მტრებს გია ჭანტურიას, გოგა ხაინდრავას, ჯაბა იოსელიანს სახელმწიფოს ძალით ციხეში სვამს.

#გამსახურდიას ხელისუფლებამ კინოს სახლთან მიტინგის დარბევისას იარაღი ისროლა და 3 ადამიანი დჭრა.

#გამსახურდია თავისი რიტორიკით გვიმხედრებს არაქართველებს.

მოკლედ, მე ამ მოსაზრებების კოლაჟში უმთავრეს ღერძად მიმაჩნდა თბილისის საზოგადოების ბუნებრივი, ლოგიკური პროტესტი ავტორიტარიზმზე.

ქართული საზოგადოებრივი აზრის ხერხემალს, ინტელიგენციას (მაშინ ძალიან უყვარდათ ეს სიტყვა) მართლაც შეეძლო ებრძოლა უფრო დემოკრატიული საქართველოსათვის, ებრძოლა რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით.
მაგრამ მაშინაც აზვირთდა ეგზალტირებულ-ისტერიულ-შურიანი მასა რომელმაც ეს ელიტის მიერ შექმნილი იდეოლოგია გამოიყენა სამხედრო გადატრიალებისათვის. ბრძოლის ბედის გადამწყვეტელი იარაღი კი რა თქმა უნდა რუსეთმა გაიღო.

ძალაუფლება ხელში ჩაიგდო არა თბილისის ელიტამ, არამედ სხვადასხვა კალიბრის ყაჩაღების ბრბოებმა, რომელთაც მოსვლის დღიდანვე დაიწყეს ომში სიცოცხლის რისკების კომპენსაცია ქვეყნის ათწლეულებით ნაკოწიწები ქონების, მრეწველობის, მეურნეობების საერთო საკუთრების ჯიბეებში გადანაწილებით.

შედეგი ყველას გვახსოვს, სიღატაკე, პურისათვის ღამეული რიგები, ავტომეტების გაუთავებელი კაკანი, ქარხნების გაყიდვა ჯართის ფასად, სახელმწიფო სტრუქტურების რღვევა და კორუფცია, წაგებული ომები და ნახევარი მილიონი ლტოლვილი..

სიკვდილები!
.
.
.

.. დემოკრატიის დაკონსერვება, სხვაგვარადმოაზროვნეთა მიტინგების ავტომატებით დახვრეტა, ცენზურა და რეპრესიები, "სეთურის ხალხის" იარლიყი ყველასათვის ვინც მათთან არ იყო, რუსეთის კლანჭებქვეშ გატრუნვა, რუსეთის ეკონომიკისათვის მართვის სადავეების მიცემა და ა. შ.

არავითარი დაახლოება ევროპა ამერიკასთან.
პირიქით საქართველომ დაიმსახურა ათწლიანი დამღა ევროპა-ამერიკის თვალში - ეს ბხუტუს ტომი ევროპის განაპირას, ისევ რუსეთმა ჯობია მართოსო.

მოკლედ, რას ვამბობ.

1991 წლის თბილისური აჯანყების იდეოლოგია: დემოკრატია, არაძალადობა, გახსნილობა, გამჭვირვალეობა, ევროპა-ამერიკაზე ორიენტაცია, საქართველოს 100%-ით საწინააღმდეგოდ მოუბრუნდა.

დღევანდელი ელიტის ("ცნობადი სახეები", ხელოვანი ავტორიტეტები, ჟურნალისტები, ე. წ. ექსპერტები, პოლიტიკოსები) იდეოლოგია: მეტი დემოკრატია, არაძალადობა, ნაკლები კლანურობა და სხვა, შეიძლება მართლაც გულწრფელი კეთილი სურვილები იყოს, მაგრამ დღევანდელი ოპოზიციის გამარჯვებით ისევ ის ხალხი მოვა სათავეში ვინც 1991 წლის შემდეგ ქვეყანას ძიძგნიდა და 2003 წლის შემდეგ თავის დროს კბილების კრაჭუნით ელოდება.

No comments: