ფოტოაპარატის არქონა ორჯერ ვინანე.
ერთხელ როდესაც თბილისიდან ჭიათურაში მიმავალმა ხეობაში ჩამწკრივებული ფაცხა რესტორნების გვერდზე, სტუმრის მისაზიდად გალიებში გამომწყვდეული საცოდავი დათვების რიგის მანქანიდან ცალი თვალით თვალიერებისას გადავაწყდი ასეთ სცენას.
მწვანე ლორთქო ბალახიანი მოლი, ზედ ოჩიფეხებზე დადგმული გაურანდავი ტოტებისგან შეკრული გალია, ზომით დაახლოებით 2მეტრი X 1მეტრზე. გალია მიწიდან დაახლოებით ერთ მეტრზე იყო აწეული.
გალიაში გამწარებული ენაგადმოგდებული მგელი ბორგავს, გაუჩერებლად ტრიალებს. ბოლთას ცემს მეთქი, უნდა დამეწერა და მივხვდი, რომ ბოლთის ცემა უფრო ნელი და აუჩქარებელი პროცესია, მგელი კი ფაქტიურად გარბოდა ერთ ადგილზე.
და მთავარი!
ამ მწვანე ხასხასა მოლს, რომელზეც გალია იდგა 4-5 სარდელივით ვარდისფერი მსუქანი ღორი აუჩქარებლად ჩიჩქნიდა. მანქანაში რა თქმა უნდა არ მესმოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნებიერადაც ღრუტუნებდა რომელიმე ძირხვენასა თუ მატლის მოპოვებისას. არაფრად აგდებდნენ მგელსა და მის წრიალს. იქვე საქმიანობდნენ, გალიიდან 5 მეტრში.
ფოტოაპარატი არ მქონდა, მობილურები კი მაშინ, 1999 წელს ასეთი ჭკვიანები არ იყვნენ. ასეთ სცენას ვეღარ ვნახავ,
მას შემდეგ დათვებისა და მგლების დატყვევება და მათი წვალებით რესტორნის კლიენტების გართობა აკრძალეს.
მე კი, ეს სცენა აგერ ათი წლის შემდეგაც მახსოვს.
მეორე სანახაობა კი, რომელსაც ასევე "სასწრაფოთი" მგზავრობს დროს გადავაწყდი, იყო გორში 2002 წელს თუ არ ვცდები.
თურმე გორის უდენობით შეწუხებულ მოსახლეობას ასეთი გზა უპოვნია, სამხედრო მანქანაგენერატორებს ამუშავებდნენ და მისი გამომუშავებული დენი წვრილი სადენებით თითოეულ ოჯახში შეყავდათ. პირდაპირ ფანჯრებიდან რა თქმა უნდა. ასეთი ინდივიდუალური მავთულების გროვები კილომეტრებზე იყო გადაჭიმული და გორის უმეტეს ცას თითქმის ფარავდა.
მეგონა ახლა, 2008 წელს, მას შემდეგ რაც საქართველოში ენერგეტიკული კრიზისი და დაძლეულია და გორიც ცხინვალელების დასანახად საქართველოს მეორე სინათლის ქალაქადაა გამოცხადებული ამ სანახაობას ვეღარ ვნახავდი, მაგრამ ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცესია და გორელები თავის ამჯერად უფუნქციო მავთულხლართებს თურმე ვერ შელევიან და გორის შემოგარენის ცა ჯერ კიდევ ისე დაქსელილია.
ეს სურათები 2008 წელს გადავიღე. 2008 წელს 2002 წელი გადავიღე.
იმ ქვეყნის სურათებია, სადაც ადამიანებმა სახელმწიფოს გარეშე, ინდივიდუალური ენერგეტიკით ცხოვრება ისწავლეს.
Tuesday, May 13, 2008
გორის ცა
Posted by cartwheel at 2:04 PM
Labels: 1991 წელი, ვინიგრეტი, ხალხი, ხელისუფლება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment