დოკუმენტური პოსტი. მე შემემთხვა. ჩვენ შეგვემთხვა, ოჯახს, არა კიდევ სადღაც არანაკლებ 15 კაცს შეგვემთხვა.
გუდაურში ვარ ოჯახით, 7 იანვარია, შობა დგება, დღესასწაულია. ჩვენ ორმაგი დღსასწაული გვაქვს, ოჯახს. პირველად ვხვდებით გუდაურის ღამეს ერთად, გუდაურის ახალ სიამაყესთან, გონდოლას წინ აშენებულ ახალ სახლში. ყველეფერი კარგადაა, ბავშვებმა ისრიალეს, უფროსებმა ვისეირნეთ, ყინულის ფიგურების ფესტივალის მზადების დროა და ყინულის ფიგურების გამოქანდაკება ვნახეთ. გარეთ ყინევს, მინუს თორმეტი, ბინაში ცხელა, კარი ღრიჭოდ გვაქვს, ტელევიზორი გვაქვს და გუდაურის სმარტში ნაწიდი საჭმელი. მეტი რა გვინდა.
ბედნიერი საღამოს შემდეგ პირველად შევწექით მანსარდაზე ჩვენი ორსართულიანი საწოლების ახალ თეთრეულში, სახურავის ფანჯარაში ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა. იდილიაში მყოფებმა დავიძინეთ.
ღამის სადღაც ოთხის ნახევარზე ჩემი შვილი გვაღვიძებს მშობლებს, ვიღაცა დაიკარგა მთაზე და გაიყინებაო,
17 წლისაა, მეთქი რაღაც ეშლება, ალბათ ამ სიბნელეში რაღაცა რაღაცად მიიჩნია და შეცდომით თვლის რომ ვიღაცა სასიკვდილო საფრთხის წინაშეა, მას ჩემმა ცოლმა აუბა მხარი და ჩქარა, ჩქარა რაღაცა ვქნათო, წამოვხტით და ვეცით ფანჯარას,
წინ კუნაპეტი ღამეა და კუნაპეტ ღამეში კიდევ უფრო კუნაპეტი გუდაურის მთები, ჩრდილის მთა, კუდები, საძელე.
სადღაც ცაში ( ცა რო გგონია იმ სიმაღლეზე) ორი პაწაწინა წითელი ნათურა გვერდიგვერდ ციმციმებს, ააა, მივხვდი, ალბათ საბაგიროების რომელიმე ბოძზე რაღაც საავარიო ნათურებია, ციმციმებს თავისთვის, როგორც გააკეთეს იმის მიხედვით. ჩემებს ვამშვიდებ და შემცივნული ისევ საწოლში ვხტები.
ნიკა არ მეშვება, თხუთმეტ წუთში ისევ მიძახის, მოდი ჩქარა, ნახე, დაკარგულია, გზას ეძებს და მოკვდებაო. ზლაზვნით ვდგები და მივდივარ ფანჯარასთან. ახლა რაღა უნდა.
და ჰაა, მართლაც, იმ ორ მოციმციმე წითელ ნათურის ქვემოთ, ქვემოთ კარგა მოშორებით ფანრის თეთრი შუქი ჩანს, რაღაცას ეძებს, ქვემოთ გზას მოიკვლევს. მასშტაბები დალაგდა: ის მოციმციმე ორი წითელი ნათურა მართლაც მანქანის უკანა ფარებია, ის ციმციმი ნაღდად საავარიო სიგნალიზაციაა, კაცი გადმოსული მანქანიდან და კუნაპეტ ღამეში გზის მძებნელი, ნაღდად დაუგეგმავ სიტუაციაშია. და პირდაპირი მანძილი მასსა და ჩვენს შორის ალბათ ერთი კილომეტრია, იქნებ მეტიც. პირველი გაოცება, იქ მანქანას რა უნდა, როგორ ავიდა, ან რას ფიქრობდა. და მეორე - ის ვიღაცა, ფანარს რომ ატრიალებს ნერვიულად, ცუდ დღეშია, გაუკვალავ მაღალ თოვლში, მინუს იქ ალბათ თოთხმეტზე, მარტო. ალბათ მოკვდება.
საავარიოები ჩართო იმ იმედით, რომ ვინმე დაინახავს და უშველის. ეტყობა ძაან ოპტიმისტია, ან მთვრალია, მთის ეგ ნაწილი ძველი გუდაურიდან არ ჩანს, ალბათ არც ზემო გუდაურიდან, ახალ გუდაურში კი მარტო ჩვენ ვართ ღამისთევით და კიდევ ერთიორი ოჯახი, ალბათ სძინავთ, შობის ღამეს სადღეგრძელოების შემდეგ ტკბილია ძილი.
ალბათ ეს ჩვენი ცაში გამოკიდებული დაკარგულიც ნასვამია, აბა რამ აიძულა ან მანქანით ასულიყო იქ, ან მანქანა მიეტოვებინა და ფეხით მოენდომებინა დასახლებამდე ჩამოსვლა.
ადრე ცუნამი ვნახე პირდაპირ ეთერში სიენენზე, შემთხვევით გადავაწყდი, ვერტმფრენი ლაივში მიყვებოდა იმ ტალღას, რომელის წინ სანაპიროზე სიცოცხლე ჩქეფდა, მანქანაები მჭიდრო მწკრივში მოძრაობდნენ. ჩემს თვალწინ იმ ტალღამ ეგ დასახლება დატბორა და ნაგვიან მღვრიე წყლად აქცია. სანამ ხმელეთს მიაღწევდა ტალღა მინარნარებდა თავისთვის ალბათ ორი წუთი იმავე პირდაპირ ეთერში, ვერტმფრენი იღებდა სხვადასხვა რაკურსით, და მაშინ მივხვდი, რომ ის ადამიანები, იქვე სადღაც წინ, მანქანებს რომ მართავდნენ წესიერ მწკრივში, მოკვდებოდნენ. საშინელი გრძნობაა, როცა ხედავ გამოუვალ საფრთხეს და ვერაფერს შველი.
ვერაფერს ვშველი მეც იმ ფანრის მფლობელს, მოკვდება. თან ვბრაზობ მასზე, რომ ფეხზე ვართ მთელი ოჯახი და მე, მამა, ვერაფერს ვუშველი საწყალ მსხვერპლს, მან კი რაღაც თავგადასავალი გამოიგონა შობის ღამეს. არ იცის ფიზიოლოგია, არ იცის რომ ამ დაღმართს ვერ დაძლევს და საკმარისია გაჩერდეს, მოკვდება.
დროა ყველანი ყირაზე დავდგეთ, დროა ვიმოქმედოთ, უკვე ადრენალინი შვება თავის საქმეს.ვრეკავ 112-ში, დეტალურად ვუხსნი სიტუაციას, ვრეკავ გიორგისთან, გიორგი ექიმია, ერთი კვირით მოვლენილია თბილისიდან გუდაურში, მოთხილამურეთა ტრავმების მისახედად.
გიორგი ქუმლისციხეშია ნაქირავებ სახლში, გიორგი ურეკავს იაგოს, იაგო მაშველთა უფროსია, გიორგი მეუბნება რომ იაგო ვერ შეძლებს მის შველას, უფრო მეტი ძალაა საჭირო, რომ იაგო ურეკავს პოლიციას და ურეკავს გიორგის, მოგვიანებით გიორგი მატყობინებს რომ პოლიცია და სამაშველო საქმის კურსშია და რაღაცას იზამენ, 5 წუთში მირეკავს პოლიციელი და მეკითხება ჩემს კოორდინატებს, დაკარგულის კოორდინატებს, ყველაზე ახლოს მანქანით ძველი ფოსტიდან მიხვალთ, ალბათ ისიც იმ გზით ავიდა იმ სიმაღლეზე. ვიცვამ ყველაფერს რაც მაბადია, ვიღებ მობილურს და ფანარს, მე ვხედავ, მე გამოგყვებით, ვეუბნები პოლიციელებს, ერთმა ჯიპმა ჩაიშხუილა ჩემი ფანჯრის წინ, ვბრაზობ, რატომ არ დამელოდნენ, ათ წუთში ნივა მოგვადგა იქაც პოლიციელია და მელოდება. ჩავუჯექი მანქანაში, ბრაზობს, ჩვენ რა შუაში ვართ, ეგ ხო სამაშველოს საქმეა, ახლა კი შენი ზარების შემდეგ სააქმე აღიძვრება და კისერზე დაგვეწერებაო, ვხვდები კამათის დრო არ გვაქვს, ვეუბნები ჩემ სახელს, ვკითხულობ მისას, და ვეუბნები, რომ ექიმი მე ვარ და მე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება და ახლა ყოველი წუთი გადამწყვეტია, იქნებ ერთი საათი ვერ მიავაღწიოთ იმ კაცამდე, რომელიც მოკვდება. უსიტყვოდ ძრავს მანქანას და რაღაც უცნაური გზით წარმატებით გავყევარ ჯერ გვირაბთან და შემდეგ სასტუმრო კარპე დიემთან, მზად ვარ დიდი თავგადასავლისთვის, სიცივისთვის და რისკისთვის, მე და პოლიციელები იმ მომენტში საქართველო ვართ, რომლებმაც უნდა გადავარჩინოთ ერთი გზასაცდენილი გაყინვით სიკვდილს გუდაურის მთებში შობის რამეს. შობის ღამეს არავინ არ უნდა მოკვდეს, მითუმეტეს ახალგაზრდა მთვრალი ჩერჩეტი ოპტიმისტი.
იქვე, კარპე დიემთან ვხედავთ ის პოლიციის ჰაილუქს ტოიოტა ჯიპი მოგვიახლოვდა და ფანჯარა ჩამოწია, პოლიციელები ერთმანეთს მიესალმნენ, ესენი იყვნენო, აჩვენეს უკანა სავარძელზე მჯდომ ბიჭებზე.
მძღოლის გვერდზე პოლიციელმა მისაყვედურა, ეს ბიჭები პოლიციელბი არიან და დღეს მორიგეობენ და თქვენ ასეთ დროს ნუღა შეგვაწუხებთო.
აშკარად რაღაცას ალაითებს, მე მამუნათებს რომ ეს ხაი ტყუილად ავტეხე, ვიისტერიჩკე.
პირველი გრძნობა ისაა, რომ მიხარია, იმ მქნევარა ფანარს უკან დაკარგული ადამიანი ახლა აქვე, თბილ მანქანაში ზის, მაგრამ მეც არ მინდა რომ დურაკად დავრჩე.
იმ ბიჭებს ვეკითხები, საავარიოები გქონდათ ჩართული?
კი გვქონდაო, მპასუხობენ, მანქანიდან გადმოხვედი გზის მოსაძებნად მეთქი, კიო, მპასუხობს, რო გაჩხერილიყავი თოვლში დილამდე რო მოკვდებოდი იცი მეთქი, ხოდა ხვალაც რომ დავინახო ვინმე ეგეთ დღეში, ხვალაც ავტეხავ უშველებელს მეთქი, ვეუბნები. ისინი, უკანა სავარძელზე ზომიერად იმორცხვებენ, და იღიმიან. ჩემი მძღოლი და იმათი მძღოლიც იღიმიან, შობის დილა დგება. ჩემი ნივა სახლამდე მაბრუნებს. მადლობას ვეუბნებით ერთმანეთს.
ასე დამთავრდა ეს "ქარიშხალი ჭიქაში". სადღაც 8 მშველელისა და 2 დაბნეულის მონაწილეობით. პლიუს ტელეფონით გაღვიძებული მინიმუმ 3 კაცი.
იმ მანქანის სამშვიდობოზე ჩამოყვანას მეორე დღის საღამომდე ცდილობდნენ კიდევ სხვა ხალხი, ძლივს ჩამოათრიეს თოვლის სატკეპნების მოშველიებით. რა უნდოდა?
და
უნდა მრცხვენოდეს?
მოიცათ, ერთი თვის მერე, თებერვალში კიდევ უფრო მასშტაბური ხაი ავწიე. იმასაც დავწერ. ისიც გუდაურში. .