Wednesday, September 29, 2010
Tuesday, September 28, 2010
აბასთუმანი
აბასთუმანში ვიყავი ორი ღამით და არასრული 3 დღით, 2 მანქანით 10-ნი (5 უფროსი 5 შვილი, 6-18 წლისანი).
ყველაზე ეკლექტიკური ვიკენდი
ჩემს ბიოგრაფიაში!
ეკლექტიკური, ანუ სხვადასხვნაირი, სხვადასხვა სტილის, გემოვნებისა და მიზნის ადამიანთათვის დამაინტერესებელი და ერთმანეთში არეული.
დავიწყებ იმით, რომ თვითონ აბასთუმანი 3-ია:
სოფელი აბასთუმანი,
აბასთუმანი კურორტი,
აბასთუმანი ობსერვატორია.
ეს სამი პუნქტი მიუხედავად იმისა, რომ ერთ წყებადაა და ახლო ახლოს, თოთოეულს მაინც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ბუნება აკრავს.
სოფ აბასთუმანი გაშლილი, ქვიან ხრიოკიან მთებიანი, დიდი ლამაზი პანორამით,
კურორტი აბასთუმანი - ნაძვნარით შემოსილი ვიწრო ჩრდილიანი ხეობა,
ობსერვატორია აბასთუმანი - დაბურულ წიწვოვან ტყეში მთის კენწეროში, თითქმის ყოველთვის უღრუბლო ცით.
ეს არასრული სამი დღე საკმარისი აღმოჩნდა ისეთი სანახაობების დასათვალიერებლად, რომლების აღაფრთოვანებდა ადამიანს, რომელიც:
-აფასებს უღრან წიწვოვან ტყიან მთებზე სეირნობას, ღამის კოცონს და ნაკვერჩხალში შემწვარი კარტოფილის კანიანად ჭამას.
-ინტერესით ინახულებს მთვარეს, იუპიტერსა და მის თანამგზავრებს უზარმაზარი ტელესკოპით, რომელიც 1936 წლიდან ასრულებს ამ საქმეს.
- ისიამოვნებს იმ დასახლებაში სეირნობით, რომლის ქუჩები მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის საკურორტო ევროპულ-რუსული არქიტექტურის შედევრებითაა მოფენილი და ერთობლიობაში ჩეხოვის დროინდელი ქალაქის საუკეთესო ინსცენირებას წარმოადგენს.
-სანთელს დაანთებს და აღტაცდება წინაპრების აგებულ ეკლესიებში, ზარზმაში, ჭულევში, საფარაში, აღტაცდება 14-16 საუკუნეების ძალიან ძლიერი ფრესკებითა და არქიტექტურით.
- აღტაცდება მეოცე საუკუნის დასაწყისის რუსი მხატვრის - ნესტეროვის შედევრი ფრესკებით რომლებიც იმპრესიონისტების დროს შეიქმნა და იმპრესიონისტების შედევრებზე არანაკლებ იმპრესიას იწვევს.
- აღტაცდება იმით რომ ერთდროულად შეეძლება შეეხოს ისტორიის რამოდენიმე პლასტს, კულტურათა რამოდენიმე შრესა და მათ ჯადოსნურ, მოულოდნელ გადაკვეთებს:
საფარა მე-9-11 საუკუნე,თამარის ხიდი მე-13 საუკუნე, ზარზმა - მე-14 საუკუნე, ფრესკები -14-16 საუკუნე, კურორტი აბასთუმანი მე-19 საუკუნე, მეოცე საუკუნის დასაწყისი, ქართული ბრძოლის ისტორია, სამცხე საათაბაგო, რომანოვები და რემერტი, ისევ რომანოვი, იმპერატორ ალექსანდრე მესამის შვილი გიორგი, რომელმაც ზარზმის პროექტით აბასთუმანში ახალი ზარზმა ააშენა და ნესტეროვს მოახატინა,პრინცის სიკვდილი 28 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად (ველოსიპედით კლდეს შეეჯახა) მისი ნაწილობრივი საფლავი აბასთუმნის ახალ ზარზმაში (გულ ღვიძლი აქ დაუმარხავთ, გვამი კი პეტერბურგში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს პეტერგოფში.
ელიტარული გამაჯანსაღებელი კურორტ აბასთუმნის დაარსება და ბუმი, აბასთუმნის არჩევა ობსერვატორიის ადგილად, ობსერვატორიის დაარსება და მიღწევები, საქართველოს მოკრძალებული, მაგრამ მაინც სიტყვა სამყაროს კვლევაში.
- და ბოლოს ამ ვინიგრეტის კიდევ ერთი მოულოდნელი შემადგენელი - ზამთარ-ზაფხულ ცხელი გოგირდიანი აუზი, საბანაოდ და სადგაფუნოდ. აღმოჩნდა რომ აუზებში წყალი გამდინარეა. მხოლოდ მიწიდან ამომავალი ცხელი წყლით ავსებენ, ცივ წყალსაც კი არ ურევენ, ცივ წყალს ქვიშა მოჰყვება და წყალს გვიბინძურებსო. გოგირდის ცხელი წყალი კი, რომელიც მუდმივ ნაკადად ჩაედინება აუზში დასალევადაც ვარგისია და სამკურნალო თვისებებიც აქვს თურმე (ანუ აუზში წყალი წინასწარი ეჭვების მიუხედავად სუფთა აღმოჩნდა).
ამ სამ დღეში ეს ყველაფერი ვიგემე, ვინახულე და თაყვანი ვეცი. მარტო ღმერთსა და ეკლესიებს არა, ყველა იმ ადამიანსაც ვინც: იმპერიის სამხრეთ დასალიერში ბადენბადენსა და კარლოვი ვარს აშენებდა, შედევრებს ხატავდა ეკლესიების კედლებზე, ამონტაჟებდა უძვირეს ცეისის ოპტიკიან ტელესკოპებს,
მერა რა, რომ მათი უმერავლესობა ქართველი არ იყო, ქართველები მხოლოდ ერიათ.ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმპერიების გადაკვეთაზე არსებული ერთი შეხედვით პატარა პუნქტის დიდი მიზიდულობას.
პატივისცემით იმსჭვალები იმ ადამიანების მიმართაც, ვინც საშუალებას გაძლევს ეს სანახები კარგი მოასფალტებული გზებით მოიარო , თუმც სურვილი გიჩნდება ამ კურორტს სერიოზულად მიეხედოს და სიღნაღის რეკონსტრუქციის თუნდაც მეხუთედი დაეხარჯოს.
ამ შემთხვევაში არამარტო კიდევ ერთი საამაყო კურორტი გაგვიჩნდება საქართველოში, არამედ საქართველოს ევროპული კუთვნილობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტიც.
p.s.
მე დრო არ მეყო აბასთუმნის კიდევ რამოდენიმე ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად, ერთერთი მათ შორის გაქვავებული ნამარხი ტყეა.მილიონობით წლის წინ, ოდეს ამ მხარეში პალმები და მაგნოლიები ხარობდნენ, ტყე ვულკანურ ფერფლს დაუფარავს და შემდეგ (ალბათ პომპეის ანალოგიით) მცენარეების ნაცვლად ქვის ფიგურები დაუტოვებია - პალმაბი, გვიმრები, მაგნოლიები.
p.p.s. ხო, ობსერვატორიის ტელესკოპით ნახული კოსმოსისა და სამყაროზე ლექციის შემდეგ, ის ტყე კიდევ უფრო გიბიძგებს. ფილოსოფიური განსჯისაკენ.
და ამ შენს ფილოსოფიურ განზოგადებებს ვერ აცდები ვერც 700-800 წლის წინანდელი შენი წინაპრების არქიტექტურისა და შრომისმოყვარეობის შემხედვარე, ასევე აბასთუმნის ერთ კვადრატულ კილომეტრ მიწაზე ქართული, რუსული, თურქული, გერმანული და სსრკ კულტურების მსხვრევადი ნაზავის ხილვისას.
აბასთუმანი მდინარე ოცხეს გასწვრივ ერთ ორ და ზოგგან სამ რიგად გაშლილი ულამაზესი და სამწუხაროდ სრულებით მოუვლელი შენობების მწკრივებისაგან შედგება.
აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას გერმანელი რემერტის გოთური სტილის სახლი და თურქი ბატონის ფაიზულას აზიური სასახლე (სასტუმრო "აბასთუმანი"), ჩეხოვისდროინდელი რუსული საკურორტო ხის ორნამენტებიანი სახლები და ზარზმის ასლი - ახალი ზარზმა, სსრკს დროინდელი საავადმყოფო საკურორტო კორპუსები და იშვიათად გაფანტული თანამედროვე ვილები (რომლებიც ამინდს ვერ ქმნიან და ძალიანაც კარგი, რომ ვერ ქმნიან) საერთო შთაბეჭდილებით პროკუდინისა და ჩეხოვის დროინდელ რუსეთში მეგონა თავი, ოღონდ მდიდრების კურორტზე, ოღონდ ევროპის კურორტების წამხედურობით აშენებულში, ოღონდ მთიანეთში და ოღონდ ასი წლით მიტოვებულში.
არ არის საჭირო ფანტასტიკური თანხა, რათა ამ შთაბეჭდილებებს ბოლო (ასი წლით მიტოვებული) მოაკლდეს.
ძალიან ადვილია ტურისტს აბასთუმანში თავი აგრძნობინო დროის მანქანით ერთი საუკუნით უკან დაბრუნებულად. ამისათვის ერთი ტონა ლურსმანი, ხუთი ტონა საღებავი, რამდენიმე პატარა შადრევანი და ბევრი ყვავილი + გემოვნებიანი არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, ბაღის ლანდშაფტური დიზაინერი და 100-მდე მუშა იქნება საკმარისი.
ქალაქის რეკონსტრუქციის გამოცდილება უკვე გვაქვს, გამოცდილება პოზიტიუროც და ნეგატიურიც, რომლის გამოყენებაც იმედია მოუწეVთ ჩვენს მშენებლებს სოფელ კურორტაბასთუმნის რეკონსტრუქცოისათვის.
p.p.p.s. ჩვენი საცხოვრებელი სასტუმრო აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე იყო, საკმაოდ კეთილმოწყობილი და სუფთა აღმოჩნდა (დუშკაბინით, ასე განსაჯე) 20 ლარი კაცი, კვების გარეშე.
დამაკლდა. ერთი კვირა რომ მქონოდა კარგი იქნებოდა, მეტი არა.
Posted by cartwheel at 9:26 AM 21 comments
Monday, September 27, 2010
დონე მუსიკა
თუ ისმენ მუსიკას, რომლის სტილი არ გევასება, მაგრამ ჯერ აღმოაჩენ,
რომ ამ სიმღერაში რაღაც საინტერესო დევს,
შემდეგ აღმოაჩენ, რომ ამ შემსრულებელში რაღაც საინტერესოა
და მიუხედავად იმისა რომ ეს სტილი შენი არაა,
აღიარებ,
რომ თურმე კარგი ყოფილა, ე. ი.
შემ დონე მუსიკას ისმენ.
მაგალითად ფრანც ფერდინანდ,ბისტი ბოის,მატიე პაზარ,ფრენკ სინატრა,პროდიჯი, მიტ ლოფ...
Posted by cartwheel at 2:14 PM 3 comments
Labels: მუსიკა
Thursday, September 23, 2010
რეი 80
ორი შესრულება
კარგი და...
გადასარევი
Born: 23 September 1930
Birthplace: Albany, Georgia
Died: 10 June 2004 (complications from liver disease)
Best Known As: The singer of "Hit the Road, Jack"
დღეს რეი 80-ის გახდა, უფრო სწორედ ვერ გახდა.
ეცოცხლა რა დღემდე. ალბათ დღეს კურიერი ამ მრგვალი გლობალური მასშტაბის იუბილის რეპორტაჟით დასრულდებოდა.
Posted by cartwheel at 10:09 PM 0 comments
Labels: მუსიკა
დონე მუსიკა
თუ ისმენ
მუსიკას, რომლის სტილი არ გევასება, მაგრამ ჯერ აღმოაჩენ, რომ ამ სიმღერაში რაღაც საინტერესო დევს, შემდეგ აღმოაჩენ რომ ამ შემსრულწბდლში რაღაც საინტერესოა და მიუxედავად იმისა რომ ეს სტილი შენი არაა, აღიარებ, რომ თურმე კარგი ყოფილა, ე. ი.
შენ დონე მუსიკას ისმენ
მაგალითად ფრანც ფერდინანდ,ბისტი ბოის, მატიე პაზარ, ფრენკ სინატრა, პროდიჯი...
Posted by cartwheel at 2:49 PM 0 comments
Wednesday, September 22, 2010
Monday, September 20, 2010
ოდა უსუფთაო ნოტებს
ეს ხომ უკვე გვასწავლეს, რომ ღმერთი არ გაგვიწყრეს და უსუფთაო ნოტი არ უნდა გაგვეპაროს.
ვარსკვლავების აკადემია და ჯეოსტარი არამარტო მუსიკით
სმენისთვის სიამოვნების მინიჭებას ისახავს მიზნად, არამედ ჩვენი გემოვნების ამაღლებასა და მუს კრიტიკულ აზროვნების სწავლებასაც.
წელიწადში ორჯერ გავდივართ მასტერკლასებს მუსკრიტიკოსობაზე.
ქალბატონი მარინა ბერაძე, თავდაუზოგავად გვასწავლის უსუფთაო ბგერების გამოცნობას.
და ეს კარგია.
კარგ მომღერლებს უსუფთაო ბგერები არ
ეპარებათ. მათი ყველა ნოტი მუს დიაპაზონის მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში ჯდება. სმენაც კარგი აქვთ და ვოკალიც ემორჩილებათ.
თუკი მომღერალს ბგერა შეეშალა ეს ან ცუდი სმენის ბრალია, ან მღერის უცოდინრობის, ან ორივესი ერთად.
იმისათვის რომ მასას კარგ და ცუდ მომღერალს შორის განსხავება ასწავლო, პირველ რიგში ყურადღება უნდა გაუმახვილო სუფთად მღერის თუ არა მომღერალი, ხომ არ ეპარება უსუფთაო ნოტები.
მაგრამ ამ ქვეყნად ყველაფერი სპირალურია. თუ პირველყოფილებმა მღერა უსუფთაო ბგერებით დაიწყეს და თუკი ცივილიზაცია სუფთა ნოტებამდე ამაღლდა, ამის შემდგომი განვითარება ისევ დააბრუნებს უსუფთაო ნოტებს. დიახ , არასწორი ნოტები იქნება მომავლის წარმატებული მუსიკის ქიშმიში.
სწორედ უსუფთაო ნოტები გააბამს ყველაზე ძლიერ თანაგრძნობის სიმებს მომღერალსა და
სმენელს შორის.
სწორედ იმ მომენტში, როცა მომღერალს სიმღერა ძალიან რთულ კრინს მოთხოვს, ხოლო მომღერალი იმ ნოტებს ნაუცბადევად ჩაახლაფორთებს და ძირითად სატკივარს შემოგიმღერს, სწორედ იმ მომენტში გათანაბრდება ის თავის მსმენელთან და მისი მსმენელი ამაღლდება მომღერლამდე.
ხელოვნებასთან ზიარებას სწორედ ამ მოულოდნელი ნოტით მიიღებს მსმენელი, ეს ბიჭი ჩემნაირია, ჩემიანია. იტყვის ის გენიოს კორიფეზე.
ეს ეტაპი მუსიკალურ შოუბიზნესს წინ აქვს.
თუმცა
რატომ მომავალში, დღესაც ჟღერს უკვე ასეთი
მუსიკა ასეთი შედეგით.
რადიოჰედს მსოფლიო სევდის მწვერვალზე პირველობას ჯერ განვლილი ცივილიზაციიდან ვერავინ შეეცილება. ვერც კლასიკა, ვერც თანამედროვე და ვერც ავანგარდულ- ანდერგრაუნდული მუსიკა.
ტომ იორკსა და რადიოჰედს ჯეოსტარში წარმატების შანსი არ ექნებოდათ, მაგრამ ისინი უკვე 10 წელია ახერხებენ მთელი მსოფლიოს დაჰიპნოზებას და მონუსხვას.
მსოფლიო სევდა ამ მეგაჯგუფის შესრულებით შენი ხდება მელოდიის, ვოკალისა და ... ტომის უსუფთაო ნოტების ხარჯზე.
ტომ იორკი ვერ გაივლიდა ჯეოსტარის (ბრიტანსტარის) შესარჩევ კონკურსს, იქნებ დასაცინთა კლიპშიც მომხვდარიყო.
მაგრამ ეს არაფერია, ტომს გული ამაზე არ დაწყდება, იმიტომ რომ ის ზემოთაა, ის სხვა საფეხურზეა, არა ის სხვა სართულზეა.
მინდა კლასიკურმა მომღერლებმა, ვირტუოზებმა შეასრულონ რადიოჰედის სიმღერები.
ოღონდ სიმღერები წინასწარ ვირტუოზი კომპოზიტორის მიერ უნდა გადაკლასიკურდეს.
იქნებ მომავალში კლასიკად იქცეს უსუფთაო ბგერების გარეშე ნამღერი ჰიპერსენსიტიული მელოდიები.
მაგრამ მაშინაც
ტომი თავისი უსუფთაო ნოტებით მოჩანგლავს კიდევ უამრავ მსმენელს აწ და მომავალში.
Posted by cartwheel at 6:49 PM 0 comments
Labels: მუსიკა
მუზებო, მუზებო, სად ხაართ?
როცა ასე თუ ისე ვარგისი, ზოგი ძალიანაც ვარგისი თანამედროვე ქართული სიმღერები იწერებოდა ქართულ კომედი შოუ პლასტს მეტი საკბილო თითქოს აღარეფერი ყოფილიყო, გაუთავებლად ქართულ თანამედროვე მუსიკაზე ღადაობდა.
იღადავეს, იღადავეს და ბოლოს იმდენი იღადავეს , რომ ეგ ხალხი აღარ წერს.
ბოლო კარგი სიმღერა საქართველოში ალბათ 5 წლის წინ დაიწერა.
მას შემდეგ მომღერლები ალბათ მიხვდნენ რომ აქ ისინი და მათი სიმღერები არავის სჭირდება და დადუმდნენ.
დარჩნენ შოუ ბიზნესში, მაგრამ ძირითადად რაღაც საორგანიზაციო მენეჯერული ფუნქციები აითვისეს.
კახა ცისკარიძემ ისიც თქვა მე მენეჯერი ვარ, სიმღერა ჩემი მენეჯერობის საპრომოციოდ მჭირდებოდაო.
მოკლედ, ის მივიღეთ, რასაც ვღებულობთ თითქმის ყველა ნაირფერ ასპარეზზე, ოღონდ ყველგან ერთადერთი მიზეზით - კუდი გვაქვს ყავარზე გადებული.
და შედეგად ყველაფერ პროგრესულს იმ მოტოვით ვბლოკავთ, რომ უკეთესი გვეკუთნის. დედის რძესავით გვეკუთვნის პრეზიდენტად ჰელმუტ მიტერანი ან მარგარეტ კლინტონი.
პოპ მომღერლად სიმფლი რედ პეპერსი ან დაიერ პამპკინსი, მაიკლ ოსბორნი ან როჯერ სპირსი.
სიდან ბატონებო, სიიდან მოგიყვანოთ ეს ხალხი?
ისევ თქვემგან უნდა ავარჩიო ხო?
ხოდა, ნუ ბლოკავთ გენაცვა დასაწყისშივე თქვენში ყელყელაობის მსურველებს.
შეაქეთ, მოეფერეთ, იქნებ ათში ერთი , თუნდაც ერთი მაინც შედევრი გამოუვიდეს.
მანამდე კი, როგორც ედისონი ვერ გაჩნდებოდა საქართ ველოში (და რომც გაჩენილიყო უსახელოდ მოკვდებოდა აკვნის ჩორკვნაში), ისევე ვერ გაჩნდება ახალი კარგი სიმღერები, მოთხოვნა არ არის მათზე და იმიტომ.
უფრო სწორედ, ხალხი მხოლოდ შედევრებით დატენილი ალბომს მიიღებს,თანაც მსოფლიო აღიარების შემდეგ, ნაკლებს კი დასცინებს.
ასეთ სიტუაციაში ქართული შტეფსელში შესაერთებელი მუსიკა მხოლოდ უთავმოყვარო პრიმიტიული აზერბაიჯანულ საქორწილო ფოლკლორული მარგალიტებითღა მდიდრდება.
თავმოყვარეობის მქონე მომღერლები, ინდივიდები, პიროვნებები კი სტაბილურად არიან მიჩმორებულები.
გაფართხალებასაც აღარ აპირებენ.
ზოგი მენეჯერია, ზოგი პროდიუსერი, ზოგი მინისტრი, ზოგი გაიპარა, ზოგი აღარც ჩამოდის, ზოგი შვილებს ზრდის, ზოგი საკრებულოშია, ზოგი ექიმობს და ზოგი რეჟისორობს.
მუსიკა?
მოკვდა, მხოლოდ ჩანაწერებსღა შემორჩა, აღარც ვუსმენთ, იმიტომ რომ უკვე 100-ჯერ გვაქვს მოსმენილი, გაცვდა და ვეღარ ვაფასებთ.
მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ჩვენ შედევრსაც ვერ ვაღიარებთ შედევრად, ჩანთქმულია უსახო ემპეტრითეკაში.
არადა გვაქვს შედევრები (ნუ ჩვენი დონის, თავის პროფილში შედევრები).
ქართული კარგი დონის მუსიკა:
ნიაზ დიასამიძე
სტეფანე
ქათამაძე
მწვანე ოთახი
სოფტ ეჯექტ
ირაკლი ჩარკვიანი
პაპარაცი
ბაკურ ბურდული
ინოლა გურგულია
მამუკა ჩარკვიანი
ცისფერი ტრიო
გოგი დოლიძე
შარვაძე
ჰამლეტ გონაშვილი (არაფოლკლორული მაქვს მხედველობაში)
ამ ავტორთაგან ყველას აქვს რამოდენიმე სიმღერა, რომელსაც ევროპელ სტუმარს მოასმენინებ.
დიდი ესთეტიკური სიამოვნება თუ არ მიიღო, იმას მაინც გაიგებს, რომ აქ ევროპაა. ევროპის პერიფერია, მაგრამ მაინც ევროპა.
ნამღერია ბევრი მართლაც კარგი სიმღერა, რომლებიც იმიტომ არ გახდნენ აღიარებული შედევრები, რომ მათმა ავტორმა ამ სიმღერების დონის ერთი ხუთი სიმღერა ვერ იმღერა, ან იქნებ აღარც მოინდომა პოლიფონუური ხანგრძლივი ქირქილის შემხედვარემ.
ხუთი ვერა, მაგრამ 2-2 კარგი სიმღერა შეძლეს ემღერათ
გიგა აგლაძემ, გიგა მიქაბერიძემ, გიგა კვენეტაძემ,
ლელა წურწუმიამ, სახემ, ვერიკო ტურაშვილმა, კაბუმ და ზუმბამ.
ათი ვერა, მაგრამ ხუთი კარგი სიმღერა იმღერეს სტეფანემ, პაპარაციმ, მამუკა ჩარკვიანმა, ნიაზ დიასამიძემ, მწვანე ოთახმა და სოფთ იჯექტმა.
ირაკლი ჩარკვიანი, ჩემს მიერ აღიარებული უდიდესი მომღერალი (რომელსაც ერთ ათ წელში დავაფასებთ) ასევე ორ-სამ სიმღერიანად დარჩებოდა, რომ არა მუზა რომელიც შეხვდა და ცოლად გაჰყვა -ქეთათო.
მას შემდეგ რაც ერთმანეთი იპოვნეს ირაკლი ჩარკვიანი ცალკეული უდაჩნი სიმღერების ავტორიდან თავისი პირადი სტილის შემქმნელობამდე ამაღლდა.
სად არიან სხვა მუზები?
იღებენ თუ არა იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც ჰქონდათ ქეთათოს, ემილი კლოდელს, მოდილიანის ცოლს, გალას?
ხომ ხედავთ ეს ქვეყანა თქვენი მეუღლეების ნიჭს ვერ აფასებს.
თქვენ უნდა გახდეთ მათი მუზები, მათი ქეთათოები.
დამიჯერეთ, მათ კიდევ შეუძლიათ შედევრის შექმნა.
დაე იმღერონ ოთხი ისე რა, მეხუთე შედევრი იქნება.
დაიგროვონ ხუთი - გვარის ისტორიას დარჩება,
დაიგროვონ 10- ქვეყნის ისტორიას დარჩება,
დაიგროვონ 20- საქართველოს შეცვლიან.
Posted by cartwheel at 10:04 AM 1 comments
Labels: მუსიკა
Wednesday, September 15, 2010
უდრტვინველი თავისუფალი დრო
რამდენი უდრტვინველი თავისუფალი დრო უნდა აჩუქოს ქვეყანამ ხელოვანს რომ მან შედევრი დაბადოს?
1996 წელს, თუ არ მეშლება რადიო მწვანე ტალღა ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად ატერებდა სატელეფონო ვიქტორინას რადიოს პირდაპირ ეთერში . შეკითხვაზე თუ რამდენია ბრიტანული მსოფლიოს ყველა დროის ბესტსელერ მუსიკალური 10 ალბომებიდან, მე ჩემ ცოლს, რომელსაც მანამდე 4 სწორი პასუხი ჰქონდა გაცემული, ვუკარნახე - 8 მეთქი.
არადა გავრისკე, ძალიან ბევრი იყო ერთი ქვეყნისთვის, მაგრამ ვიგუმანე რომ ძალიან ბევრი უნდა ყოფილიყო. ქეთიმ დამიჯერა და ... პრიზიც მოიგო - პარკერის პასტა რაღაც ბუკლეტებითურთ.
ათში რვა 1995 წელს. ვიფიქრე, რომ ეს აბსურდული თანაფარდობა უახლეს წლებში აუცილებლად შეიცვლებოდა მსოფლიოს სასარგებლოდ.
და რა,
მას შემდეგ გამოყარა ბრიტანეთმა ოაზისი, ქრენბერი, სიმფლი რედი, მათი უდიდებულესობები რადიოჰედი და ქოლდფლეი.
ალბათ დღეს ეს თანაფარდობა შენარჩუნებულია (როგორც მინიმუმ).
ბრიტანეთი ყველას ჯობნის, ყველას ერთად აღებულს, მათ შორის ინგლისურენოვან ამერიკა კანადა ავსტრალიას.
რითი?
ინგლისური ენით?
აარა.
აშშ, კანადა, ავსტრალია?
ცივილურობით, ტექნოლოგიებით?
აარა.
აშშ, იაპონია, გერმანია?
გენებით?
აარა.
აშშ, ავსტრალია, კანადა?
აუდიტორიით?
აარა.
მათი მთავარი აუდიტორია და აღიარების ასპარეზი ხომ აშშ-ია.
ევროპული ძველი კულტურით?
აარა.
იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, საბერძნეთი?
იმპერიალური წარსულით?
აარა.
აშშ, ესპანეთი, რუსეთი, პორტუგალია?
თუ არცერთით ცალცალკე, იქნებ ყველაფრით ერთად და კიდევ რაღაც ამოუცნობი ინგრედიენტით.
მაგრამ რა არის ის საიდუმლო ინგრედიენტი?
მოვყვეთ თავიდან.
ბრიტანეთი მთელი მსოფლიოს მუსიკალურ მოთხოვნას აკმაყოფილებს იმიტომ რომ:
აქვს: მოხერხებული და ექსპრესიული ინგლისური ენა, ძალიან ბევრი ნიჭის გენები, ტექნოლოგიები, ცივილიზაცია, ევროპული ძველი კულტურა, იმპერიული წარსული
და..
და..
ალბათ უსაზღვრო დიდი დრო დამწყები და შემდგარი მომღერლებისთვის.
დიდი დრო კი ნიშნავს დიდ ფულს ავანსად, საჩუქრად.
ალბათ მთავარი საიდუმლო აქ ინახება - ბრიტანეთი კვებავს ყველა უცნაურ ადამიანს, რომელსაც სიმღერის სურვილს და ნიჭს შეამჩნევს.
როგორ?
სახელმწიფო სტიპენდიით?
სახელმწიფო ხელფასით?
არა
პაბებში გამოსვლის ჰონორარებით.
და თუკი ყველა ქვეყანაში ერგება ჰონორარი მუსიკოსს პაბში, რაღაშია განსხვავება?
რაოდენობაში, რომელიც ხარისხში გადაიზარდა.
ან შედარებით ბევრი პაბია ბრიტანეთში, ან შედარებით დიდ ფულს უხდიან მომღერლებს, შედეგი ისაა, რომ მომღერალს შეუძლია აღიარებამდეც იცოცხლოს ჰონორარზე.
უსაქმურობის უფლება (ე.ი. მშვიდი, ფულიანი, ღირსეული უსაქმურობა) საუკეთესო პირობაა შედევრის შესაქმნელად.
ეს კანონზომიერება იმ კანონზომიერების ანარეკლია, რომლის მიხედვით ცივილიზაცია მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ნადირობასა და მემარცვლეობაში წარმატებების შედეგად დაგროვილმა ჭარბმა პროდუქციამ ადამიანებს უსაქმურობის დრო მისცა.
მაშ ასე, უსაქმურობა არა მარტო პროგრესის სათავეა, არამედ კარგი მუსიკისაც, ოღონდ ეს უსაქმუფობა აუცილებლად ღირსეული უნდა იყოს.
ვინ მისცემს ქართველ ნიჭიერ უსაქმურებს ღირსების შეგრძნების ტოლფას ფულს?
არასდროს არავინ.
*თუმცა, ბრიტანელებს რაც შეეხება, ვაღიაროთ მთავარი, მთავარზე მთავარი - ბრიტანელთა გენეტიკური ნიჭიერება.
იმდენად ინტენსიური გენეტიკურად ნიჭიერი ადამიანი, რომ ერთ უბნელებს ბიტლზები შეაქმნევინა, ერთ კლასელებს რადიოჰედი. ძმებს კი ოაზისი.
Posted by cartwheel at 4:45 PM 8 comments
Labels: ვინიგრეტი, მუსიკა, ჯერარდაბადებული საქართველო
Saturday, September 11, 2010
ქართულ პოპ ბომონდს
გენიალური იდეა
დიახაც გენიალური. მერე რა, რომ გენიოსი არ ჰყავს ავტორი
აი მომისმინეთ.
ყველანი ვთანხმდებით, რომ ქართული პოპმუსიკა უიმედოდაა ჩამორჩენილი.
გარდა იმისა რომ მუსიკაა საწყალობელი, ტექსტებიც უბადრუკია (წვიმდა, მაპატიე, უსასრულო ღამეა, სიყვარული, ერთად ვიქნებით, მომენატრე... ).
ეს ისეთივე სირცხვილია, როგორც 800 მილიონიანი ინდოელი ერისათვის ყოველწლიურად ერთი კრეტინული სცენარით 400 ახალ ფილმის გადაღება.
ჩვენც ისევე ვართ ამ უბადრუკი სიმღერების ღირსეული აუდიტორია, როგორც ინდოელები არიან ბოლივუდისთვის.
ქართული პოპმსუკა ქართული საზოგადოების პრიმიტივიზმის უტყუარი სიმპტომია.
ვინაიდან ნოტი მხოლოდ შვიდია, კაცობრიობა უკვე დიდი ხანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ "ვან იზ ნოთ ინაფ".
ასე ერქვა დაახლოებით ათი წლის წინ MTV-ის გადაცემას, რომელშიც მხოლოდ რემიქსები და ქოვერები გადიოდა.
ერთი სიმღერის ერთი შემსრულებლის მიერ შესრულერბა საკმარისი არ არის, დიდი ფუფუნებაა, უსარგებლო ტაბუა.
მსოფლიომ ას ტაბუ წარმატებით დაძლია.
რემიქსები და ქავეტები დღეს ჩვენს მუსიკალურ დედამიწას მნიშვნელოვნად ამდიდრებს.
ქართველებსაც გვქონდა რემიქსების მცდელობები, მერე რა, რომ საავტორო უფლებებს არას დაგიდევდით, მსოფლიო კულტურის გალიორკაზე ეს გვეპატიებოდა.
ჩემი სათქმელი სხვაა.
რემიქსი გულისხმობს სხვა შემსრულებლის სიმღერის მღერას, ტექსტისა და მუსიკის საკუთარ ხოშზე მორგებას.
ქართველებმა სალაღობო სიმღერები ავიღეთ და ქართული ორიგინალური, მაგრამ ასევე სალაღობო ტექსტები შევუფარდეთ.
"შობა უშეენოდ", "მას მერე ვეძებ შარაშარა.."...
ჩავთვალოთ ეს განვლილ ეტაპად.
მოდი ახლა პირიქით მოვიქცეთ.
ავიღოთ კარგი უცხოური სიმღერების ტექსტები, ხომ ვართ პოეტების და პოეზიის სამშობლო, ხოდა ვთარგმნოთ
ლეონარდ კოენი, დაეირ სტრეიტსი, პინკ ფლოიდი, ქოლდფლეი, ენი ლენოქსი, ფილ კოლინზი, ავიღოთ ამ ხალხის ძალიან მაგარი ტექსტები და ვთარგმნოთ ლექსად და ვიმღეროთ ჩვენს ორიგინალურ მუსიკაზე.
აა?!
როგორია?
არც საავტორო კანონმდებლობასთან იქნებით კონფლიქტში, არც ბერნის კონვენცია შემოგვწყრება და ...
ქართულ საზოგადოებასაც განმავითარებელ კატალიზატორად ექცევით და არა მისი ქვენა გემოვნებების ზაკაზების შემსრულებლად.
Posted by cartwheel at 7:24 PM 0 comments
Labels: მუსიკა, საზოგადოება
Moby
როცა ჰერმან მელვილი
თავის ვეშაპს, სახელიან თავისუფალ ცხოველს უკიდეგანო ოკეანეში,
სახელს - მობი დიკს არქმევდა, სულაც არ უფიქრია, რომ მის შოოორეულ შთამომავალს რიჩარდ მელვილს ბავშვები სკოლოდანვე შეარქმევდნენ მობის.
და ამით იქნებ მის შემდგომ ბიოგრაფიას განსაზღვრავდნენ.
არსებობის საშუალებას მისცემდნენ იმ ეკლექტიკურ მუსიკას, რომელიც შეიძლებოდა დაკარგულიყო ამ სახელის გარეშე.
In 1995 Moby released his debut album, Everything Is Wrong, deriving the title from his philosophy of the world. "I think 500 years from now, people are going to wonder what was going on now," Moby told Strauss. "They'll see this race of people that smoked cigarettes and drove cars and fought wars and persecuted people for their beliefs and sexual orientation, and none of it accomplished anything. … Everything is absolutely 100 percent wrong, and how do we change it is the question."
Re:
"I think 500 years from now, people are going to wonder what was going on now,"
"They'll see this race of people that smoked cigarettes and drove cars and fought wars and persecuted people for their beliefs and sexual orientation, and none of it accomplished anything. … Everything is absolutely 100 percent wrong, and how do we change it is the question."
Posted by cartwheel at 5:17 PM 5 comments
Labels: მუსიკა
Tuesday, September 7, 2010
პერნიციოზული ანემია
გუშინ მყავდა ასეთი ავადმყოფი.
ავადმყოფი დაავადებით შორეული წარსულიდან.
პერნიციოზული ანემია.
პერნიციოზული ნიშნავს ავთვისებიანს.
ამ დაავადებას შორეულ (მედიცინის პარამეტრებით) წარსულში ექიმებმა ავთვისებიანი იმიტომ უწოდეს, რომ ვინც დაავადდა ყველა მოკვდა. არ უშველა არანაირმა უძვირფასესმა მკურნალობამ. ვერცერთმა ავადმყოფმა დააღწია თავი ამ სენს, ყველა მოკვდა 1 წლის განმავლობაში.
გასხივოსნება ერთ დღეს მოვიდა, როცა ერთმა ექიმმა ამ დაავადებას მიზეზი მოუძებნა.
ის ვიტამინ B12-ის დეფიციტის შედეგია.
ეს ვიტამინი კი 20 თეთრი ღირს და მისი მიღება ადამიანებს ნორმალური ხორციანი დიეტით შეუძლიათ.
ასე გახდა ყველაზე ამოუცნობი და ავთვისებიანი დაავადება ყველაზე ადვილად მოსარჩენ და იაფ სამკურნალო ავადმყოფობად.
სახელი კი დარჩა - პერნიციოზული - ავთვისებიანი ანემია.
Posted by cartwheel at 3:26 PM 3 comments
Labels: ექიმო
Sunday, September 5, 2010
ფარუხ ბულსარა
ეს ბიჭი ირანელი (გინდათ - სპარსი) ფარუხ ბულსარა მამამისს, ტანზანიაში, კუნძულ ზანზიბარიზე მცხოვრებ ირანელ დიპლომატს, იქვე ზანზიბარის სამშობიარო სახლში გაუჩნდა.
Zanzibar
აი, ამ ქალაქში
აი ამ ქვეყანაში
არავინ და არაფერო მოასწავებდა იმას, რომ ეს შავტუხა მტირალა მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი ადამიანი, ნახევარი მსოფლიოსთვის კი საყვარელი მომღერალი გახდებოდა.
მაგრამ ეს უცნაური შობა სწორედ ასეთი ადამიანის მოვლინებით დასრულდა.
1964 წელს ზანზიბარში რევოლუციამ იფეთქა, რომლის შედეგადაც არაბული წარმოშობის სულთანი და არაბული ხელისუფლება აფრიკული ძირების მქონეთა ჩანაცვლებით დამთავრდა.
სისხლი ბევრი დაიღვარა.
მშობლებმა ფარუხი და მისი უმცროსი და ქაშმირა რისკიანი ემიგრაციით ინგლისში გადაასახლეს.
აქ ფარუხმა თავის თავს ფრედი უწოდა.
რომ არა ზანზიბარის რევოლუცია, ფარუხს ვინძლო დღესაც დარ ეს სალამის რომელიმე ოფისის სკამზე ჰქონოდა თავისი კუთვნილი ადგილი.
ფარუხს შეიძლება დღესაც ეცოცხლა, ფრედი კი ადრე მოკვდა.
Posted by cartwheel at 5:20 PM 2 comments
Labels: ადამიანები, მუსიკა
Saturday, September 4, 2010
სინოფსისი #4
სინოფსისი #4
რედიოჰედ-ქოლდფლეის მოყვარულ გოგოს უყვარდება რადიო არდაიდარდოზე შემჯდარი რბილ ლ-იანი, ოღონდ კარგი ბიჭი.
ბიჭმა არ იცის ბიტლები და ზეპელინები, გოგო ასწავლის მოსმენას.
მოკლედ მარტინ იდენის ანალოგია ძირითადად მუსიკაში.
ბიჭი უსმენს გოგოს პლეილისტს, ეძებს და პოულობს თვითონ, კითხულობს ანსვერს კომ-ში, წერს ბლოგში. რამდენიმე თვეში გოგოს სასტავზე უფრო გათვითცნობიერებულია მუსიკაში და კარგი გემოვნება აქვს.
ბიჭი ადვილად ღებულობს იმ სამყაროს რომელსაც მას ასწავლის გოგო. ცდილობს მოერგოს გოგოს სამეგობროს.
ოღონდ ამ გოგოს სამეგობროში ყველა არ არის განათლებული და თანაგრძნობის უნარის მქონე. გოგოს სასტავში ბევრი გაუნათლებელი დებილია, რომლის ადამიანების შეფასების კრიტერიუმი მატერიალური უზრუნველობა და რბილი ლ ია.
კონფუზი მოდებილო სვეტები სტუმრად ღებულობენ ცნობილ ფრანგ პოლიგლოტ ქართველოლოგს რომელსაც რბილი ლ აქვს. გოგოებმა არ იციან ასწავლონ თუ არა ფრანგს, რომ რბილი ლ გოიმლბის ნიშანია და ასე ლაპარაკი დაუშვებელია (ერთმანეტს გადაულაპარაკებენ- ვინ გოიმთან სწავლობს ქართულს), ფრანგი მობილურს პასუხობს, და მისი ფრანგული ფრაზებით გოგოები გებულობენ ბევრ რბილ ლ-ს რომლებიც განსაკუთრებით ამაღლებულად და სვეცკად ჟღერს. გოგოები თავისთვის ჩუმად იმეორებენ ფრანგულ სიტყვებს ლ-ს დარბილების მცდელობით.
ქვეტექსტი: სირცხვილი გოიმობა არ არის, სირცხვილი ახვრობაა.
+მოზარდთა მუსიკალური გემოვნების ფორმირებისათვის სასარგებლო იქნება.
Posted by cartwheel at 12:23 AM 5 comments
Labels: სალამურა
Wednesday, September 1, 2010
გამარჯობა ოსო!
მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, ინტერნეტ ფორუმ ფორუმი.გე-ს მკითხველები.
მოგმართავთ ბესლანის ტრაგედიის წლისთვზე კავკასიონის ორივე მხარეს მცხოვრებ ოსებს.
მიიღეთ ჩვენი ღრმა მწუხარება ბესლანის საშინელი ტრაგედიისას უდანაშაულო ბავშვთა მსხვერპლის გამო.
ჩვენ მუდმივად თან დაგვყვება ის ტკივილი რაც თქვენ მაშინ განიცადეთ.
მეექვსე წელია ყოველდღიურად ქართული სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემის წინა კლიპში ვხედავთ ამ ტრაგედიის შემზარავ კადრს, როცა ოსი მამა უგონო გოგონათი ხელში გამორბის ბავშვის უსაფრთხო ადგილზე გადმოსაყვანად.
ეს გაელვებული კადრი ჩვენში სრულად აცოცხლებს იმ დღეთა ტკივილს, რომელიც იმ დღეებში ჩვენ მართალია ტელეეკრანიდან დაგავტყდა თავს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ბესლანის რეპორტაჟებს ფაქტიურად უწყვეტ რეჟიმში ვუყურებდით და გაცილებით ხანგრძლივად, ვიდრე ეს რუსეთის ფედერალურ არხებზე, იქნებ ჩრდილოეთ ოსეთის ტელეარხებზე გადაიცემოდა.
უსაზღვრო იყო ჩვენი აღშფოთება ტერორისტთა მიმართ, რომლებმაც თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის უმანკო ბავშვების სიცოცხლეები ჩააგდეს საფრთხის ქვეშ. ველოდებოდით მოლაპარაკებებს, მოლაპარაკებათა რაუნდებს, უშედეგოებსა ან თუნდაც ნაწილობრივ შედეგიანებს, მძევალთა ნაწილ-ნაწილ გათავისუფლებას. ვიმედოვნებდით, რომ რაოდენ ხანგრძლივიც არ უნდა ყოფილიყო გაურკვევლობის, შიშისა და ტკივილის შემდეგი დღეები, იქნებ კვირები, მსხვერპლი მაინც მინიმალური იქნებოდა.
სკოლის შტურმი ელდა იყო ჩვენთვის, ძნელი აღმოჩნდა აგრეთვე დაგვეჯერებინა იმ ციფრებისათვის, რომლებსაც მაშინ მხოლოდ ციფრების მნიშვნელობა არ ჰქონდა. მოკლული აღმოჩნდა 326 ადამიანი, მათ შორის 156 ბავშვი.
ჩვენ ვლოცულობთ მათი სულებისთვის და ვისურვებთ, რომ ჩვენმა სამძიმარმა მცირედ მაინც შეუმსუბუქოს ტკივილი მათი ოჯახის წევრებს, დედებს, მამებს, და-ძმებს, ნათესავებს, თანაკლასელებს, თანამოქალაქეებს, ყველა ოსს.
გვინდა დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ერებს შორის არსებული პროვოცირებული უთანხმოებებისა და ვნებათაღელვების სერიალისა, ჩვენ ქართველები, ჩვენთან ყველაზე ახლო ხალხად კვლავ ოსებს განიხილავთ.
ამის დასტურად მიგვაჩნია ის ნულოვანი გაუცხოება, ნულოვანი სტიგმა და სრული ტოლერანტობა ოსური ეროვნების იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და თავისი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად მიიჩნევენ თავს.
ჩვენ, უბრალო, საშუალოსტატისტიკურ ქართველ ხალხს იმდენად აბსურდულ შეცდომად, ბოროტ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტად და სუბიექტურ შეცდომათა კასკადად მიგვაჩნია ომები ჩვენს შორის, რომ დღეს, ბესლანის ტრაგედიის წლისთავზე შევეცდებით თავი მოვუყაროთ ჩვენს მოსაზრებებს სრულად ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ბოლო 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში, რათა დაგარწმუნოთ, ჩვენ თქვენს გვერდზე ვართ, ჩვენი ტკივილი საერთოა.
ჩვენი ხალხების მომავალ ისტორიაში კიდევ დიდხანს იტრიალებს შეკითხვა - რატომ მივედით 2008 წლის 7 აგვისტომდე?
90-ანი წლების დასაწყისის ომები და ყაჩაღობები ხალხს იმდენად მწარე გამოცდილებად დაგვაჩნდა, რომ იარაღზე ქართულმა ზოგადოებამ პრინციპული უარი თქვა. ვარდების რევოლუცია, აჭარის პოლიტიკური კრიზისი, 2007 წლის ნოემბერი უსისხლოდ დამთავრდა.
და მაინც, საქართველოს სახელმწიფოს უფრო ეფექტური სამშვიდობო პოლიტიკის გატარება შეეძლო.
არ აღმოჩნდა საკმარისი სანაკოევი, ტვ-ალანია, კინოთეატრები და სტადიონები, არ მიუვიდა მოსახლეობის გულს არც პრეზიდენტის ოსურ ენაზე სამშვიდობო მომართვები და არც ფართო ავტონომიის ოფიციალური შეთავაზებები.
საქართველოს ბოლო 5 წლის აღმშენებლობის კვალდაკვალ ქართული ჯარიც აშენდა და გაძლიერდა, ჩვენ ვთვლოდით რომ ჯარის სიძლიერე ქვეყნის ეკონომიკის წარმატებებსა და ქვეყნის მასიური რემონტის თანხლებით ოსებსა და აფხაზებს წაახასებდა საქართველოსკენ გამოსახედად.
მაგრამ ხალხს ესეთი არჩევანი რუსეთმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ მისცა. პირველ როგში რა თქმა უნდა, რუსეთმა.
2004 წლიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ომი. ომი, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს დაჩოქებაა.
საქართველოს დაჩოქება კი, რუსეთს თავისი ფიზიოლოგიური სწრაფვის - მსოფლიო ბატონობისთვის უნდა.
ეკონომიკის ყველა სახელმძღვანელოში წერია თუ რა ცუდი რამაა მონოპოლია. მონოპოლიის საწინააღმდეგოდ ყველა ცივილიზებული ქვეყანა იყენებს სპეციალურ ანტიმონოპოლიურ კანონებს. რუსეთმა კი განიზრახა მონოპოლიის მარწუხებში მთელი ევროპა მოექცია. ამ მიზნისათვის მან დაისახა ერთპიროვნულად გააკონტროლოს ის ნავთობპროდუქტები, რომელიც რუსეთის გარდა შუა აზიასა (ყაზახეთი, თურქმენეთი) და კავკასიაში (აზერბაიჯანში) მოიპოვება. რუსეთის მიზანია ხელში ჩაიგდოს მთელი ამ ნაკადის ონკანი, და ევროპას თავისი პირობები წაუყენოს. ამ გეგმის ასასრულებლად რუსეთს საქართველოს დაჩოქება სჭირდება. საქართველოს კი , გარდა იმისა რომ პატარა და მცირერიცხოვანია, განსაკუთრებული სუსტი მხარეებიც აქვს - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
რუსეთმა მოიპოვა მშვიდობისმყოფელის სტატუსი საქართველოს აჯანყებულ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე. რუსეთმა მოახდინა ამ რეგიონების მოსახლეობის გარუსება მათთვის რუსეთის პასპორტების მასობრივად დარიგების გზით.
რუსეთმა კატეგორიულად უარყო ყველა სამშვიდობო გეგმა, რომელიც თბილისმა ცხინვალსა და სოხუმს შესთავაზა.
რუსეთმა განაცხადა რომ თუ ამერიკა აღიარებს კოსოვოს, რუსეთი აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს (ამერიკის მიერ კოსოვოს აღიარებისათვის საქართველო რატომ უნდა დასჯილიყო, ამაზე პასუხი არცერთ რუსს არ გაუცია).საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
დღევანდელი საქართველოს უპირველეს ისტორიულ ვალს მომავალი და წარსული საქართველოს წინაშე ქვეყნის გაერთიანება წარმოადგენს.
ქვეყნის გაერთიანებას კი წინ გადაეღობა:
-რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ემბარგო.
-რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის რუსეთის პასპორტების დარიგება და ამით მათზე პროტექტორატის დაწესება.
-რუსეთის მუქარა, რომ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას (რაც რეალურად ამ მიწების საქართველოსთვის ჩამოჭრასა და რუსეთისთვის მიწებებას აღნიშნავდა).
-რუსული სამშვიდობო ძალები ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გადაიქცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სასაზღვრო ჯარად.ამასთანავე რუსეთ საქართველოს და რაც უფრო საგულისხმო იყო - რუსებსა და ქართველებს შორის საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების ბურუსში , დღევანდელი საქართველო არ კარგავდა იმედს, რომ რუსეთის სახელმწიფო და მისი ერთერთი ინსტრუმენტი ოდესმე საქართველოში მართლაც შეასრულებდა სამშვიდობო მისიას და ხელს შეუწყობდა ქართველთა ოსთა და აფხაზთა შორის ურთიერთობის აღდგენას.
ოპტიმისტური პროგნოზებით, ჩვენ ვთვლიდით, რომ რუსეთი გახდებოდა კონსტრუქციული მას შემდეგ, რაც დაინახავდა საქართველოს წარმატებებს ეკონომიკის, წესრიგისა და თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით. 2004 წელს აღმოჩნდა რომ ეს მოსაზრება უსაფუძვლოდ ოპტიმისტური იყო, რუსეთს, პუტინის რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს დაჩოქება. ამ დროიდან მოყოლებული რუსეთმა ჩამოიხსნა ბრძენი, მშვიდი მშვიდობისმყოფელის ნიღაბი და დაიწყო მიზანმიმართული დესტრუქცია. საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვა მოქალაქეებისა და იმპორტ-ექსპორტისათვის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის პასპორტების დარიგება და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შექმნა, სეპარატისტული მთავრომების მართვაში მონაწილეობა და ჯარების შეიარაღება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქართველოსგან მტრის ხატის შექმნას.
ჩვენ, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერასდროს შევეგუებით საქართველოს დანაწევრებას. ბუნებრივია ის ძალა, რომელიც შეიარაღებული ებრძვის საქართველოს სახელმწიფოს არის ჩვენი სახელმწიფოს მტერი.
მასთანავე ჩვენ ანგარიშს ვუწევთ იმ ფაქტს, რომ ეს სეპარატისტული ომები გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო მასშტაბის პანდემია იყო და მასში მონაწილე მოქალაქეები (ყველა მხრიდან) იყვნენ გარემოების მძევლები, შესაბამისად ჩვენ არათუ ძველი ომების მონაწილეთა მიმართ გვაქვს ნაკლები აგრესია, არამედ გარკვეული თანაგრძნობით ვეკიდებით იმ ახალწვეულ ჯარისკაცებსაც, რომენიც დღეს შეიძლება სეპარატისტული ჯარის უმრავლესობას წარმოადგენს, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში ბავშვები იყვნენ, და შესაბამისად ისინი ახლა არიან სიტუაციის მძევლები.
ჩვენ ვიმედოვნებდით რომ ანალოგიური ტოლერანტული და ანტიქსენოფობიური ტენდენციები ოსურ საზოგადოებაშიც იმძლავრებდა და ჩვენი პოზიციების მშვიდობიანი შეჯერება შესაძლებელი გახდებოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა რომ სწორედ რუსეთი და მის მიერ გამოკვებული სეპარატისტული მთავრობები ჩადგნენ ჩვენს ხალხებს შორის.
მაგრამ თავისი იდეოლოგიის ბოლომდე გატანა მათ ვერ შეძლეს.
-გაჩნდა სანაკოევის მთავრობა,
-მოსახლეობის მცირე ნაწილმა გაბედა ეთქვა ხმამაღლა ქართველთა და ოსთა მშვიდობიანი თანაცხოვრების აუცილებლობის შესახებ.
-ფუნქციონირებდა ოსური გადაცემა საზოგადოებრივ არხზე, ოსური არხი "ალანია",
-ოსი სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში საქართველო სახელით (იმ ნაკრების შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარე ოსი გახლავთ).
-მთელი საქართველოს ოსები დარწმუნდნენ, რომ ქართველთა სახელმწიფო მათთვის უსაფრთხო და მეგობრული სახელმწიფოა. საქართველოს სახელმწიფომ გადალახა რამდენიმე უხერხულობა ოსების სასარგებლოდ:
-აღიარა ოსური დროშა საქართველოში,
-აღიარა რუსული ენის, როგორც ს.ოსეთის მოსახლეობასთან ურთიერთობის ენა.
-ბოლო მნიშვნელოვანი და მძიმე კომპრომისი, რომელზედაც წავიდა საქართველოს ხელისუფლება ( და რომელსაც აუცილებლად გააკრიტიკებდა ოპოზიცია ქვეყნის შიგნით და ნატო ქვეყნის გარეთ), იყო სამხრეთ ოსეთის მაღალი სუვერენიტეტის გარანტად რუსეთის მოწვევა.
ვითვალისწინებთ რა ჩვენი ახლო წარსულის პოლიტიკური კატაკლიზმების სირთულეს, მრავალსაფეხურიანობას, გარეშე ძალის დომინირებას, წარსულის ინერციას და სხვა ფაქტორებს, ჩვენ კვლავაც დიდი მოთმინებით მშვიდობიანად და პრინციპულად შევეცდებით მტერი გავხადოთ მოყვარე. როცა ვამბობთ მტერი, მხედველობაში არ გვყავს ოსები, საქართველოში მცხოვრებ ოსებში ჩატარებული რეფერენდუმი რომ იყოს გადამწყვეტი, საქართველოს სამხრეთ ოსეთის პრობლემა არ ექნებოდა.
სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსები წარმოადგენთ საქართველოს ოსების უმცირესობას, რომელთაც რუსეთის სახელმწიფომ საშუალება არ მოგცათ ობიექტურად შეგეფასებინათ ის სტატუსი, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში გექნებათ.
2008 წლის 7 აგვისტოს თქვენდამი უდიდესი დათმობის შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა შემოგთავაზათ ფართო ავტონომია საქართველოში რუსეთის პატრონაჟით.ეს ძალიან მძიმე წინადადება იყო იმ ქვეყნის ლიდერისაგან, რომელიც ბოლო 15 წელია ისწრაფის ნატოსკენ და ისჯება ამისათვის. ეს წინადადება გაურკვეველი დიდტანციით აშორებდა ერთმანეთს საქართველოს ნატოსაგან, მაგრამ თქვენ ეს წინადადება მაინც მიიღეთ საქართველოს პრეზიდენტისაგან.
მაგრამ მოფიქრება და პასუხი არავინ გაცალათ, ქართული სოფლების დაბომბვა გაორმაგებული ძალით განაგრძეს რუსეთის გეგმით მომქმედმა სამხედროებმა.
ისედაც რთული, ემოციების ბურუსით შემოსილი მაგრამ მეორე მხრივ რუსეთის მიერ საფეხურობრივად გათვლილი სიტუაცია თავისი ლოგიკური, მაგრამ საშიში ესკალაციისკენ აგრძელებდა სვლას:
1. რუსეთის თითქმის ყველა ტელეარხი წინა კვირის განმავლობაში პერმანენტულად აჩვენებდა ჩრდილოეთ ოსეთში მოსახლეობის კილომეტრიანი ავტოკოლონებით გახიზვნის კადრებს, აჰა ცხინვალი ახლა დასახლებული პუნქტი კი არ არის, სამხედრო წერტილია საიდანაც შენს მოსახლეობას ბომბავენ, და თუ მაგარი ხარ დაიკავეო.
2. ცხინვალიდან ცეცხლი გაორმაგებული ინტენსივობით და ახალი, რეგიონისათვის აკრძალული იარაღით წარიმართა.ქართული სოფლების მრავალტანჯული და მრავალის მომთმენი მოსახლეობა დაბომბვის ინტენსივობიდან და მუდმივი სარდაფებში ცხოვრებიდან შეწუხებულები კონფლიქტის ისტორიაში პირველად ერთხმად მოითხოვდნენ პრეზიდენტისაგან შველას.
3. ცხინვალში ჩაასულ სახელმწიფო მინისტრს ოსეთის მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვდნენ.
ამით გასცეს მთავარი გეგმა.სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მთავრობას, რომელმაც ქალები და ბავშვები ჩრდილოეთში გახიზნა ომის თავიდან აცილებაში დაინტერესებული არ იყო, პირიქით უნდოდა.
4. სულ ბოლოს, 7 აგვისტოს რუსეთის მხრივ მდგომარეობის ესკალაციის და ომის საშიშროების გაღრმავების წინაშე მდგომმა საქართველოს პრეზიდენტმა თხოვა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტა, რის სანაცვლოდაც ის მათ დიდ ახალ დათმობას სთავაზობდა - საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიასა და ქვეყნის მართვაში მონაწილეობას დაუმატა ავტონომიის გარანტად რუსეთის სახელმწიფოს აღიარებას.იმ მდგომარეობით სეპარატისტული განწყობების მატარებელთათვის დიდი პლიუსი იყო, ოსეთს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კი პრეზიდენტი ოპოზიციის მუდმივი საკბილო გახდებოდა ცხვრის მგლისთვის მიბარებისთვის, მაგრამ სეპარატისტებს ეს ვარიანტიც არ განუხილავთ, დარწმუნებული ვართ რუსეთის ბრძანებით.
რუსეთს ხომ გაცილებით დიდ ნადავლზე იყო საომრად წამოსულიდა და არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთზე. სამხრეთ ოსეთის ფაქტიურ ხელმძღვანელობას შეეძლო ამ გეგმის შეჩერება, მაგრამ რუსეთის სცენარი მისთვის საკუთარ მოქალაქეთა და ჯარისკაცთა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ამ სიტუაციას მეორე ახსნაც აქვს, უბრალოდ სამხრეთ ოსეთს ფაქტიური ხელისუფალი უკვე მოსკოვში მჯდომი რუსი იყო და არა კოკოითი ჩხინვალში.
ქართველები, ვითვალისწინებთ რა იმ სიტუაციის სირთულესა და მრავალპლანიანობას, რომელშიც აღმმოცნდა სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელი ოსური მოსახლეობა ბოლო 15 წლის განმავლობაში, არ აღიქვამს ოსებს როგორც მტერსა და მოღალატეს. რის დამადადტურებელი უამრავი სიმპტომი შეიძლება დასახელდეს, აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს, თბილისის ინტერნეტ ფორუმს. ინტერნეტ ფორუმი თავისი არსით არის მაქსიმალურად თავისუფალი, უცენზურო კონტრასტული და კატეგორიული. თბილისის ფორუმში ომის მსვლელობისას და ომის შემდეგ დღეში პოლიტიკის განყოფილებაში დაახლოებით 20-40 ახალი თემა რეგისტრირდება ყოველდღიურად . ამ თემების ავტორები და მოკამათეები (დღეში დაახლოებით 2000 ინკოგნიტო ადამიანი, რომელთა პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი ფსევდონიმი-ავატარის რეპუტაციის გაფრთხილების სურვილით შემოიფარგლება) ძალიან კორექტულები არიან ოსების მიმართ, მაშინ როდესაც რუსების მიმართ თავის უკიდურეს აღშფოთებას ფორუმის სპეციფიკის შესაბამისად, უკიდურესად აგრესიულად გამოხატავენ.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს უკვე ისტორიაა, ეს თავშეკავება ოსების მიმართ არის ყველაზე გულწრფელი დადასტურება, ერთი კერძო სიმპტომია ქართველთა მზადყოფნის, ერთობლივ სახელმწიფოში იცხოვრონ ყველაზე მახლობელ ერთან - ოსებთან ერთად.
და ბოლოს, ჩვენი წერილის მიზანი იყო გადმოგვეცა ჩვენი თანაგრძნობა ბესლანის ტრაგედიის 6 წლის თავზე. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენმა წერილმა დაგარწმუნათ, რომ მიუხედავად კონფლიქტების კასკადისა, ჩვენ, ხალხი თქვენი ტკივილის თანაზიარნი ვართ.
კვლავ და კვლავ, მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი ბესლანის ტრაგედიის მსხვერპლთა გამო.
იმედი გვაქვს ჩვენი გრძნობების გულწრფელობაში, მომავალში უკვე ფაქტებით დარწმუნდებით და არ წერილით.
Posted by cartwheel at 10:48 AM 1 comments
Labels: ეროვნული უმცირესობა, საზოგადოება, ძირს პათეტიკა