Saturday, May 14, 2011

ფეხბურთი


2011 წელია
საქართველოს მოსახლეობამ ახლახანს შეიკრა  ღვედები მანქამაში. დიდი ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა აღვირახსნილობიდან მოწესრიგებულობისკენ. 

მანამდე რამდენჯერმე ანონსირების მიუხედავად  ღვედების შეკვრის აუცილებლობის კანონის შემოღება ხელისუფლებამ ვერ გაბედა - არ შეიკრა მაშინ მოსახლეობამ ღვედები  ( ვინ კითხავს მთავრობას, იყო ხალხის პასუხი). 
დღეს ეს რქები დახერხილია. ნაბიჯი წინ, მომილოცავს მეგობრებო.  


იმ დილას კი დილის კურიერში ქართველი ფეხბურთელების უხეშობაზე იყო რეპორტაჟი.
საქართველოს შიდაჩეემპიონატის ერთი ტურის ორი მატჩში მსაჯებს ფეხბურთელები ეჩხუბნენ, მხოლოდ სიტყვით არა, ფიზიკურადაც. 
ერთს ხელი კრეს და წააქციეს, მეორეს ეძიძგილავეს და მუშტებით გაექაჩნენ. 

არ მაინტერესებს შეცდა თუ არა მსაჯი იმ ფეხბურთელთა დასჯაში. 

სპორტი პირველ რიგში არის მოგება წესების დაცვით. წესის დარღვევისას სპორტს შინაარსი ეკარგება. 
ფწხბურთის  პირველი წესი კი არის, რომ მსაჯი მსაჯია, ის საზღვრავს მტყუანს და მართალს, მსაჯი ყოველთვის მართალია, თამაშის მსვლელობისას არ არსებობს მასზე ზემდგომი ინსტანცია. 
მსაჯის სიტყვა კანონია, ის არ შეიძლება შეიცვალოს. მსოფლიო შემპიონატის ფინალშიც კი, ძალიან საჭოჭმანო სიტუაციაშიც კი  ვერდიქტი მსაჯს გამოაქვს და არა სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ვიდეო ფრაგმენტების ბევრ მონიტორზე მხილველ რომელიმე მსაჯულთა საბჭს. 
სუბიექტურობა მსაჯობაში ლეგიტიმური დაშვებაა. მთელმა მსოფლიომ თვალით ნახა ის, რაც ვერ შენიშნა მსაჯმა - მარადონამ გადამწყვეტი გოლი ფინალში ხელით გაიტანა და არა თავით, ღმერთის ხელი იყოო, მერე თქვა. გოლი კი არ უნდა ჩაეთვალათ, თამაშიდანაც უნდა გაეგდოთ მარადონა იმ ხელით გატანილი გოლისთვის, მაგრამ იღბალი იმ დღეს არგენტინელთა მხარეს აღმოჩნდა. ინგლისელებმა  მსაჯი არ მოკლეს, არც გალახეს, საჯაროდ გააკრიტიკეს მწვავედ, არასაჯაროდ ალბათ აგინეს. 

რა ისეთი პრინციპული სამყაროს ნგრევა დაატყდათ თავს კორღალიძეს და ბიჭიკაშვილს ( გვარები პირობითია) მსაჯის გადაწყვეტილებით, რომ მსაჯზე ფიზიკურად გაიწივნენ? 


ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი სამართლის აღსრულებას დაგვპირდა - უხეშ ფეხბურთელებს 3 თამაშიან დისკვალიფიკაციას მივცემთ და ფულად ჯარიმას დავაკისრებთო. 
ძალიან პატარა სასჯელია იმ სირცხვილის საზღაურად, რაც ამ ფეხბურთელებმა სრულიად საქართველოს მოუვლინეს.  მე ფეხბურთის ფანი არ ვარ ( აღარ ვარ), შესაბამისად ჩვენი ფეხბურთის არც წარმატებები მახარებს და არც წარმატებების მოლოდონი, დიდი ხანია პოზიტივის ეს იაფი წყარო ჩემს ცხოვრებაში აღარ მაქვს.  ვიყავით მე და ფეხბურთი ასე  ზურგშექცეულები   და აჰა, ფეხბურთი შეტევაზე გადმოვიდა, თითქოს მაკლდესო, სირცხვილი მომანიჭა, რომ ჩემი ქვეყანა ღვედებით დაბმის მიუხედავად მაინც   აღვირახსნილ ქვეყანად რჩება.
რათ მინდა ეგ ფეხბურთი რომელიც არა მხოლოდ სპორტულ ასპარეზზე შემარცხვენს, არამედ ჩემი ერის ძლივძლივობით დავარცხნილ მენტალურ პორტრეტს სამარცხვინო თავხედის ღიმილს მიახატავს? 

მსაჯებს საქართველოს ჩემპოონატში 4 ათასი ლარი ჰქონიათ ხელფასი, ფეხბურთელებს ალბათ კიდევ უფრო მეტი. 
მაინტერესებს საიდან? 
სტადიონზე ბილეთი არ იყიდება და ტელეევიზიებს ფეხბურთელები თვითონ უნდა შეეხვეწონ რომ მათი თამაშის რეპორტაჟი ტელეეთერით აჩვენონ  ან ახსენონ მაინც  
ქართულ ფეხბურთს კუთვნილი ჰონორარით არსებობა არ შეუძლია. ალბათ სახელმწიფოს აზის წურბელად. 
შადრევანებში და ფასადებში ხარჯავს ეს მთავრობა ფულსო, სულაც არ მენანება გალამაზებასა და ინფრასტრუქტურაზე უზარმაზარი ხარჯები, აი ფეხბურთზე კი მგონია, რომ ჩემი ფული არ უნდა დაიხარჯოს, არცერთი თეთრი იმ  5000 ლარიდან, რომელიც ყოველწლიურად ჩემი ხელფასიდან ჩამოჭრილი მისდის საქართველოს სახელმწიფოს, ყოველ შემთხვევაში ამ ჭკუაზე ვიქნები მანამ, სანამ ეგ ორი მოჩხუბარი რაინდი მინიმუმ ერთ წლიან დისკვალიფიკაციას არ მიიღებს.


p.s. ეს ადრე მეწერა, მას შემდეგ დამნაშავე ფეხბურთელებს 6 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ჩემი დაქადნებული 1 წლიანის ნაცვლად 6 თვიანი, მაგრამ... მაინც მოვლბი, კაი ჯანდაბას, მიეცით ჩემგან მოჭრილი ფული ფეხბურთელებსაც.

No comments: