გაორებულები ვართ ქართველები:
1991 დან დაცენტრილები ვიყავით, ანუ სიმძიმის ცენტრი არამყარი, მოძრავი გვქონდა, 2004 წლიდან კი უარესი დაგვემართა, გაორება.
დღეს ამ პროცესს გადავლილ აქვს მაქსიმალური პოლარიზაცია და კვლავ კონსოლიდაციის ტენდენციას იმჩნევს, მაგრამ ტენდენციის მიუხედავად ჯერ მაინც კარგა გაფარჩხული გაორებულები ვართ.
იცვლება ჩვენი დამოკიდებულება წესისადმი, რელიგიისადმი, პოლიტიკისადმი, ტრადიციისადმი. ის რაც შეჩვეული ჭირი გვეგონა თურმე დაძლევადი ყოფილა, ის რაც ადვილი ასათვისებელი გვეგონა თურმე ურთულესი თავსატეხია.
გვიყვარს რუსები და ვებრძვით რუსეთს, გვიყვარს აფხაზეთი და ვლანძღავთ სომხებს, ტოლერანტობით ვამაყობთ და ქსენოფობიით ვცხოვრობთ, მოგვწონს პატრული და გვახრჩობს ღვედები, გვინდა ინვესტორი და ტურისტი და არ გვინდა შადრევანი და კონცერტი, ეროვნულმა უმცირესობამ პატივი უნდა მცეს, მე კი ის უნდა ვლანძღო, მსოფლიო მე გვერდში უნდა მედგას, მე კი მისი ბნელი ზრახვები უნდა ვამხილო. ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა მაგრამ ბოროტი და არაადამიანურია, და ა. შ.
ერთი დიდი გაორების ასპარეზი ეს ქართული საავტომობილო მოძრაობაა.
გვიხარია რომ კუთხეებში ჩასაფრებული ინსპექტორები არ გვიჭერენ და ქრთამს არ გვძალავენ, მაგრამ თავხედები ჩვენს გზებზე არ მოგვწონს.
საქართველოს გზებზე ავტომობილები თავისი ბოდილენგვიჯით კი არ საუბრობენ, არამედ ჩხუბობენ, ირქინებიან, იკბინებიან, აჩმორებენ, ჩმორდებიან, წკეპლას ხანაც მათრახს ურტყამენ, შუათითს აჩვენებენ.
ეს ჩუმი კაკაფონია ერთი ქვეტექსტით გრძელდება - ყველა მართალია.
ყველა თავს მართლად და სხვისგან დაჩაგრულად თვლის: მივდიოდი ჩემთვის, ვიდექი ჩემთვის, ვუხვევდი ჩემთვის, იმან არ გამიშვა, იმან ჩამიჭრა, იმან გადამაგდო.
მტყუან მართალი მხოლოდ ავარიების შემთხვევაში ირჩევა, მშვიდობიანად (მხოლოდ ნერვების გლეჯვჯს და არა მსხვრევა მტვრევის) დასრულებისას ორივე მძღოლი თავის აზრზე რჩება - ის ვინც შემებორკა, შემეჩეხა, ჩამიჭრა, გადამაგდო ცუდია, თავხედია, მე კი მართალი და ყოჩაღი ვარ.
ავარიის შემთხვევაში კი მსაჯული ერთვება საქმეში: ახალრეფორმირებული პოლიციელი, ექსპერტები, ფოტო და ვიდეო სამხილები, ნახაზები და ბოლოს სასამართლო თავისი მუხლებითა და პუნქტებით.
რას სწავლობს ქართველი მძღოლი ავარიის შემდეგ თავისი ნეგატიური გამოცდილებით?
მე მგონი რომ ბევრს ვერაფერს.
პოლიცია ადასტურებს რომ დამნაშავე ორივე მხარეა და დამჯახებელი მეტად ვიდრე დაჯახებული.
მეორე დღეს ორივე მძღოლი იგივე რიხით უჯდება თავის ავტოს - თავხედების ფარაში მე ყოჩაღი ვიქნები!
და გრძელდება გაორების კარუსელის წრებრუნვა. მიზეზი იწვევს შედეგს, შედეგი იწვევს მიზეზს...
დავიჯერო ჩვენ ერთადერთი საზოგადოება ვართ ვინც ამ მანკიერ თითქოს დაუსრულებელ ორომტრიალშია ჩაბმული?
დავიჯერო 1920- 1930 წლებში არ ჰქონდათ ამბიციური ჩხუბები ნიუიორკისა და ლონდონის გზაჯვარედინებზე შეჯახებული ავტომობილების მძღოლებს, რომელთაგანაც ორივე თავს ცამდე მართლად თვლიდა?
ექნებოდათ, აუცილებლად ექნებოდათ განვითარებულ ქვეყნებს პრიორიტეტების გარეშე მყოფი ბუნდოვანი ეტაპები.
მაგრამ, გადაიტანეს ეს ბურუსიანი გაორების ეტაპი. მათ სწორ ლოზუნგს მიაგნეს:
მოდუსი: "ავარიის მონაწილეთაგან ორივე დამნაშავეა, დამჯახებელი მთავარი დამნაშავეა"
შეცვალეს პრინციპით,
"ავტოავარიის დროს პირველი დამნაშავე მთავარი დამნაშავეა"
ეს რას ნიშნავს:
ავარიის მატერიალური ზარალის ზღვევა და იურიდიული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა იმას, ვინც დაეჯახა, არამედ იმას ვინც პირველმა დაარღვია წესი: გზა ჩაჭრა, სხვისი ხაზი დაიკავა, არალოგიკურად გაჩერდა ან შეანელა, არასწორად დააპარკინგა, გზაჯვარედინზე თვალსაწიერი დაავიწროვა.
ეს მანქანებს შორის
ახლა ქვეითსა და მანქანას შორის:
მთვრალი უადგილოდ გადამავალი ქვეითი და ფხიზელი მძღოლი= მძღოლი არ გამტყუნდეს.
ავტომანქანას მართვისას აქვს შეზღუდული შესაძლებლობები:
მკვეთრმა მოხვევამ შეიძლება გამოიჭვიოს ამობრუნება,
მოძრავ მანქანას ისევე როგორც მატარებელს აქვს სამუხრუჭე მანძილი, რომლის უფრო ნაკლდბ მანძილზე მანქანა ვერაფრით გააჩერებს.
შესაბამისად, თუკი ქვეითი დაუდევრობით/ სიმთვრალით მოხვდა ისეთ ადგილას, რომელის გარდაუვალ ავარიას იწვევს, მტყუანი არის ქვეითი.
რაც მალე დავნერგავთ საქართველოში ამ პრინციპს, მით მალე დავძლევთ გაორების ამ დიდ პლასტს.
ავარიისას მთავარი დამნაშავე პირველი დამნაშავეა!!
ამ პრინციპის ამოქმედება პასუხისმგებლობის მომენტს დამუხრუჭების მომენტიდან გადმოიტანს მანევრის დაწყების მომენტზე.
ამ პრინციპის დანერგვით ქვეყანა შედეგად მიიღებს: ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს, მშიერ ჟესტიანჩიკს და ტრავმატოლოგს, მადლიერ სადაზღვევო კომპანიებს, და... აიკიდებს მეტ პასუხისმგებლობას გზების უსაფრთხოებაზე:
თუ პირველი დამრღვევი გზის წინაღობების (ორმო, სამუშაო რომლის შესახებ არ გააფრთხილა საგზზაო ნიშანმა) მიზეზით იძულებული გახდა საავარიო მანევრი ჩაეტარებინა ან მოეხდინა ავარია, პრინციპის " მთავარი დამნაშავე პირველი დამნაშავეა" მიხედვით მთავარი დამნაშავე სახელმწიფო გამოდის.
აიღებს სახელმწიფო ახალ პასუხისმგებლობას და ხარჯს გადარჩენილი ადამიანების ფასად?
Tuesday, May 17, 2011
ახალი ლოზუნგი საქართველოს გზებზე
Posted by cartwheel at 1:39 PM
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, სასარგებლო, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment