Sunday, May 11, 2008

აფხაზებისთვის სათქმელი



ჩვენთან, და ალბათ ყველგან პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე სხვადასხვა პროდუქტის რეკლამირებისას გაგიგით ალბათ მოხერხებული სლოგანი "გაიხსენე ნამდვილი ...(შამპანურის, ძეხვის, ..) გემო"
ამით ჩვენ, ჰომო სოვეტიკუსები მივტირივართ უდარდელ და ჩარჩოებსა და ნორმებში მოქცეულ ცხოვრებას.

როცა ეროვნებათშორისი ურთიერთობების ჯერი დგება ასევე გულწრფელი სინანულით ვიხსენებთ როგორი უპრობლემო ურთიერთობები გვქონდა ერთმანეთთან, თბილისელმა კაცმა რამდენიმე ენა იცოდა თავის მეგობრებთან სასაუბროდ.

შეიძლება შეიქმნას ილუზია რომ ქართველებს საქართველოს სახელმწიფოში აფხაზებისა და ოსებისათვის ისევ ის ურთიერთობები აქვთ მიზნად, რომელიც ჩვენ უკვე გვქონდა.
მაგრამ ეს ასე არ არის.

ჩვენს მახსოვრობაში არ არის ისეთი ურთიერთობები, როგორიც საქართველოს სახელმწიფოში ქართველებს, აფხაზებხა და ოსებს შორის იყო. არც ის გამოგვიცდია თუ როგორი ურთიერთობები უნდა იყოს ჩვენს შორის არა ფეოდალურ, სოციალისტურ არამედ მომავლის სამართლიან, კონკურენტულ სახელმწიფოში.

ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა სრულიად ახალი ურთიერთობები უნდა დავამყაროთ.

თანასწორი, ურთიერთ პატივისცემაზე და არა ურთიერთ შიშზე დამყარებული. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის ისტორია, ფოლკლორი და ტრადიციები.

უნდა ვისწავლოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აღება ერთმანეთზე.

უნდა დავემშვიდობოთ ძველი ურთიერთობის ნალექს, რომ თითქოს ჩვენი ერთადყოფნა მხოლოდ იმპერიული ჟანდარმერია-მილიციის შიშით იყო მშვიდობიანი.

2008 წლის გაზაფხულის ეს პრესინგი, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს მათი სურვილის მიუხედავად დაატყდა თავს მთლიანად რუსეთის მიერაა დაგეგმილი კალენდარში განლაგებული და განხორციელებული.

რუსეთის ბოლო დროინდელი სამხედრო მარშები ერთ მიზანს ისავს, პროვოციროს აფხაზეთი ახალი ომისაკენ იმ "გარანტიით", რომ რუსეთი მათ დაიცავს. არადა თუ საქართველო სამხედრო ქმედებებს დაიწყებს
დამაზიანებელი ეფექტი ამ ომს უფრო დიდი ექნება ვიდრე წინას და მსხვერპლი უფრო დიდი ექნება.

ილუზია, რომ რუსეთი ყველა აფხაზს დაიცავს და ომი ქართველებსა და რუსებს შორის იქნება თანაც გალის ტერიტორიაზე შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს აფხაზებისათვის. შეიძლება ქართველებისათვისაც, მაგრამ სხვადასხვა კრიტერიუმებით.

თუ აფხაზებისათვის დამღუპველი შეიძლება გახდეს მებრძოლი მამაკაცების დიდი ოდენობის დაღუპვა, საქართველოსათვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ომის წაგება.

შესაბამისად ომის განახლების შემთხვევაში საქართველოს წარმატებისათვის დარჩება მხოლოდ რუსეთის გზა. გზა რომელიც წარმატებით გამოიყენა რუსეთმა ჩეჩნების მიმართ.

სრული, ტოტალური ნგრევა და გენოციდი რომლის შედეგად ჩეჩნურ საზოგადოებაში გაჩნდა კაპიტულანტიზმი, თვითგადარჩენის მოთხოვნილება - თუნდაც რუსეთის შემადგენლობაში.


ჩვენ შევიცვალეთ.

დამარცხებამ უფრო კრიტიკულები და პრინციპულები გაგვხადა.

ქართული საზოგადოება დღეს, როგორც არასდროს მობილიზებულია ძალმომრეობის წინააღმდეგ. 2003, 2004 (ბათუმის) წლისა და 2007-2008 წლის პოლიტიკურმა ბატალიებმა, რომელიც მიმდინარეობდა ათიათასობით განრისხებული მომიტინგის მღელვარებით, კვირების ხანგრძლივობით, უწყვეტად დღეღამის განმავლობაში, ჩაიარა არათუ უმსხვერპლოდ, ერთი ვიტრინაც კი არ ჩამსხვრეულა თბულისსა და ბათუმში.

ქართული საზოგადოება არ აძლევს მთავრობას შეკვეთას გაანადგუროს აფხაზები და ოსები და შექმნას უნიტარული სახელმწიფო.

აფხაზეთმა უარი თქვა დამოუკიდებლობაზე.

დეფაქტო მთავრობები დიდი ხანია ცდილობენ მიიღონ მიიღონ ადგილი რუსეთის ფედერაციაში.
რას ნიშნავხ ეს, დათმო დამოუკიდებლობის იდეალი,
რასაც ბევრი ბევრმა ახალგაზრდამ თავი შეგნებულად შესწირა, რასაც წლების თუ ათწლეულების განმავლობაში გეგმავდა და ოცნებობდა აფხაზთა დიდი ნაწილი?

რა მოხდა ამ 15 წლის განმავლობაში სანამ ჩვენ ცალცალკე ვართ?

საქმე არ არის იმაში კვლავაც შეუღებავი არის თუ არა სასტუმრო "აბხაზია" და დანგრეულია თუ არა "დიოსკურია", ამას ეშველება. შეიღებება, ასფალტიც დაიგება, ტურისტიც ჩამოვა და ციტრუსებიც უკეთესად გაიყიდება. მე მგონი პირიქით იქნება, რაც უფრო წარმატებული იქნება ეკონომიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მით ნაკლები იქნება ამ ტერიტორიაზე.. აფხაზეთი.

გაგრძელდება რუსული კაპიტალისა და მოსახლეობის მიგრაცია უკვე არა დაგეგმილი სოციალიზმის, არამედ კაპიტალიზმის პირობებში.

აფზეთისაგან დარჩება რუსეთის სარეკლამო თეზა მტრისგან გადარჩენილი პატარა თავისუფლებისმოყვარე ერზე რომელიც რუსეთს როგორც ტურისტულ-ჰეროიკულ ქვეყანას წარმოაჩენს. დარჩება ერთი-ორი ფოლკლორული ანსამბლი რესტორნის სტუმართათვის დროის მოკლე მონაკვეთში აფხაზეთში აფხაზებს იგივე როლი ექნებათ რაც ტაიტზე ტაიტელებს და ჰავაიზე ჰავაელებს– რესტორნების ფოლკლორულ-ეგზოტიკური გამრთობების.






ნუ გაიხსენებთ ნურც ქართველებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას და ნურც რუსეთთან პატრონაჟულ ურთიერთობას კომუნისტების დროს.

ეს არ განმეორდება.

ქართველები მომავალში თანასწორ უფლებიან, ფართო ავტონომიური პოლიტიკური უფლებებით ცხოვრებას გპირდებით.

რუსეთი კი არასოდეს იქნება რსფსრ რომელიც გახსოვთ. შოვინიზმ იმპერიალიზმზე დამყნობილი რუსული კაპიტალი კი ყველგან გულმოდგინედ წაშლის ყველაფერს აფხაზურს რაც ღირებულია პოლიტიკაში.

თქვენ ქართველების გულის გასახეთქად გადამთიელებს ეპატიჟებით ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად. საკუთარ თავზე თუ ფიქრობთ. ეგ კაზაკები და სხვები თქვენი, ჩვენი ერთობლივი მიწის სამუდამოდ დასაპატრონებლად და თავისი გავლენის გასაძლიერებლად ჩამოვლენ. ხომ არ გონიათ რომ მათი ექსპანსიისაგან რუსული დემოკრატიული მედია დაგიცავთ?


ნუ გეშინიათ ქართველების, ნუ გადაიჩეხებით ხევში ქართველების ჯინაზე, ქართველების გასაბრაზებლად..

იფიქრეთ აფხაზეთის როგორც ქვეყნის და აფხაზების როგორც ერის პერსპექტივებზე.


საქართველო ვერ იქნება, ვერასდროს ვერ იქნება ძლიერი და წარმატებული აფხაზების გარეშე.
საქართველოს ჭირდება აფხაზური საზოგადოების დახმარება და არა მოსახლეობის იმ ნაწილის რომელიც შეიძლება ჩეჩნების მსგავსად, თვითგადარჩენის ინსტიქტით ომით გადაღლილი წამოვა დათმობაზე.

მას შემდეგ რაც აფხაზებმა დამოუკიდებლობაზე უარი თქვით, ჩვენ დათმობა აღარ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება თქვენი აწონ-დაწონიოლი პასუხი. აფხაზეთისთვის საერთო სახელმწიფო თანაბარუფლებიან ქართველებთან უკეთესია თუ იმპერიულ რუსეთთან?

1 comment:

Anonymous said...

კაია:)
იქნებ გეთარგმნათ რუსულად