Saturday, May 31, 2008

ფრთხილად! უსუსურები მოდიან!


გამსახურდიას ხელისუფლების ომითა და სისხლით დამმარცხებელი ხელისუფლება უკიდურესად უსუსური მმართველი აღმოჩნდა.

წაგებული ომები, დაუცველი მოქალაქეების მტერთან მიტოვება-გაწირვა...
სხვა მნიშვნელოვნებს აღარ ჩამოვთვლი.

საყოფაცხოვრებო უსუსურობები, რომელიც იყო.
-გაი-ს ეცვა ძალიან გახუნებული მარგანცოვკისფერი, რომელიღაც ქვეყნის ჩამოწერილი წინსაფრები.
-ჯარს არ ეცვა ფორმა. ოჯახი ყიდულობდა ჯარისკაცის ფორმას. ბატინკებს ბევრი ვერც ყიდულობდა.
-კერძო პირს ყველგან შეეძლო რაღაც თავისი მიეშენებინა სახლზე, ეზოში თუნდაც ეს ნაგებობა; გარაჟი, ლოჯია ძალიან უშნო ყოფილიყო ან თუნდაც მთელი სამეზობლოსთვის შეეშალა ხელი.
-რიტუალების სასახლე, შენობა რომელიც ზარ-ზეიმით გამოაცხადეს თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოდ და რეალურადაც ესეთი იყო, კერძო საცხოვრებელ სახლად მიჰყიდეს ციხეს გამოქცეულ რუს ბიზნესმენს.
-15 წლის მანძილზე თბილისის მერიამ გადმორგო ჭადარი რუსთაველზე, ფოსტის წინ, და
-ააშენა გაურკვეველი ბეტონის კიბე თუ გვირაბი ავლაბრის დაღმართზე, კლდეში. "საუკუნის მშენებლობა" 2წელი გრძელდებოდა და მისთვის 2 წელი გადაკეტილი იყო დაღმართის ერთი ხაზი.
-1997 წლის ზაფხულში ურეკში დასვენებისას ვხედავდით რომ ზღვაში თევზსაჭერ გემები ტრიალებდნენ და მიხაროდა, ეკონომიკის სრული პარეზის პირობებში ვიღაცამ მაინც მოახერხა საქმის ორგანიზება, ვიღაცა მაინც ცხოვრობს თავისი დაჭერილი თევზით მეთქი. ეს აღტაცება ადგილობრივმა მეთევზემ გაგვიქარვა - ესენი თურქული "ტრალშიკებია" ფსკერს "ტრალავენ" - ფხეკენ ათასწლეულების განმავლობაში ფსკერზე ნაგროვებ ორგანულ ფენას, რომელიც თევზებისათვის საკვებს წარმოადგენს, აგროვებენ და შემდეგ ალბათ თურქეთის სანაპიროებთან ჩაყრიანო, ჩვენს სანაპიროს კი მომავალში თევზი დააკლდებაო.

ფრთხილად! BRAZIANI უსუსურები მოდიან!

Friday, May 30, 2008

სააკაშვილმა რა ჰქმნა?


რიგი მომავალ საქართველოში -----რიგი დღევანდელში


რა ქნას მომავალი საქართველოს იდეალურმა პრეზიდენტმა წესიერი ქვეყნის ასაშენებლად ?

პოლიცია, პატრული, საზღვარი, საბაჟო,განათებული ეზოები, დახაზული ქუჩები, გზაჯვარედინების ვიდეო კონტროლი და სხვა წესიერი ქვეყნის ასაშენებლად გაკეთდება.

ამით მხოლოდ ისედაც წესიერი კაცს მიეცემა წესიერად ცხოვრების სტიმული,
უწესოებს კი ამ ღონისძიებების გარდა პლიუს პერმანენტულად უნდა უჩვენოს;

-ასფალტზე ლოყადადებული ყაჩაღის დაჭერა,
-ფარული კამერით გადაღებული კორუფციული გარიგებები,
-ხელებატრიალებული კორუმპირებული ჩინოვნიკები,
-ადამიანები, რომელთაც პიროვნული გავლენიანობისა და სიმპატიის მიუხედავად კანონი იჭერს.
-უნდა იზრუნოს სამართალდამცავთა მაღალ რეიტინგზე,
-უნდა დაიცვას პოლიციელები შავი პიარისაგან.
-უნდა იყოს პრინციპული,
-უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების შესრულების ნებისყოფა მიუხედავად იმისა მოსწონს ეს ხალხსა და მასმედიას თუ არა.
-თუკი სამშობლოს გაძლიერებას (მილიარდიან ინვესტიციას, ქვეყნის ექსტერიერს) კერძო მფლობელთა ინტერესები ეღობება უნდა შეძლოს ამ ბარიერის გადალახვა ისე რომ ხალხმა არ ჩათვალოს რომ მოძალადეა.
- პირადად უნდა იყო წესიერების სიმბოლო.



რა ქნა სააკაშვილმა როგორც პრეზიდენტმა 2003 წლიდან?

იგივე! თითქმის იგივე, რაც უნდა ქნას მომავალი საქართველოს იდეალურმა პრეზიდენტმა წესიერი ქვეყნის ასაშენებლად.


თითქმის იგივე.

ვინც მოქმედებს შეცდომასაც ის უშვებს:

კერძო ინტერესებთან ჭიდილში სახელმწიფოს მოძალადის დამღა დაემჩნა.
პოლიციის მაღალი რეიტინგის შენარჩუნების სურვილით გვირგვლიანის საქმის პროტეჟირებით მასმედიამ 5 თვიანი უფასო დეტექტიური სერიალი მიიღო საჩუქრად, ოპოზიციამ კი საფუარი, მეხუთე კოლონის საფუარი.

მაგრამ ძირითადად მაინც, არა მხოლოდ წარმატებები, არამედ გათვლილ მსხვერპლზე წასვლაც (განთავისუფლებული პოლიციელები, მებაჟეები, უმუშევრად დარჩენილი გარე მოვაჭრეები, გარაჟებ და ლოჯიებ დანგრეული ოჯახები) ამ ერთი მიზნის, საქართველოს წესიერ, განვითარებად და მშენებარე სუფთა ქვეყნად გადაქცევას ემსახურებოდა.

მე ოპოზიციასთან პრეტენზია ნაკლები მაქვს, მე მაწუხებს საქართველოში 200.000 მომიტინგეში 80%-ის თავგანწირვა – დაიბრუნონ უწესობის, საყოფაცხოვრებო თუ საზოგადოებრივი უწესობის უფლება, შეწყვიტონ საზოგადოს შენება გალამაზება, აღჭურვა, აღდგენა, მოვლა ერთი მიზნით – მეტი სარდელი შეხვდეთ ქვეყნის ბიუჯეტიდან.

დანარჩენ 20%-ს კი წესიერ იდეალისტებს ვურჩევ, ვურჩევ კი არა ვთხოვ.
- გაახილეთ თვალები.




ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზეა შემდგარი, წონასწორობის დაცვა უჭირს, თქვენ მას ლაყე კვერცხს უდებთ ხელში და ყურადღებას უფანტავთ, იმედია არა საბედისწეროდ.

წესიერი ქვეყანა


ჩემი მეგობარი მიშას ხსენებაზე წითლდება, იფოფრება და ავტომატივით აყრის; გიჟი, სულელი, გადარეული.

ლესელიძიდანაა.

გაეკიდები ხელზე საკოცნელად მეთქი, ვეუბნები ხოლმე გასაღიზიანებლად.

აბა ბიჭო, მეტი საქმე არა მაქვს მე მაგას გავეკიდოო.


არ წარმოუდგენია აფხაზეთში დაბრუნება.
მიაჩნია, რომ რაც ხელისუფლების მიერ კეთდება, მისთვის არ კეთდება, მისი მიზნის - სახლში დაბრუნებისათვის არ კეთდება.

მე კი პირიქით მგონია

საქართველოში რაც კეთდება ხელისუფლების მიერ, კეთდება ერთი მიზნით აფხაზეთში დასაბრუნებლად.

დიახ ყველაფერი!

საქართველო უნდა გახდეს წესიერი ქვეყანა.

პრეზიდენტი 2003 წლიდან მოყოლებული ერთს თხოულობს საკუთარი მოსახლეობისაგან - წესიერებას.
შანსს არ უშვებს რომ შეაქოს ხალხი ორგანიზებულობისა და წესიერების მცირე გამოვლინებისათვის.

მხოლოდ წესიერ საქართველოს გაუჩნდება მიზიდულობა აფხაზებისა და ოსებისათვის.

ისე, როგორც ჩვენ გვიზიდავს წესიერი ევროპა, წესიერ საქართველოც გაუჩნდება გულშემატკივრები და თეთრად, თუნდაც შავად მოშურნეები.

საქართველომ წესიერებით, დემოკრატიულობით, პროფესიონალიზმითა და სამართლიანი შიდა კონკურენციით უნდა აჯობოს რუსეთს, და არა სიმდიდრითა და სამხედრო ძალით.

შეუძლებელია საქართველომ იმაზე მეტი თანხა გაიღოს აფხაზეთისათვის, რასაც გაიღებს რუსეთი.

შეუძლებელია საქართველომ იმაზე მეტი ტანკი და თვითმფრინავი იქინიოს, რაც რუსეთს აქვს.

საქართველოს შანსი წესიერი ქვეყნის შექმნაშია.

და პირიქით, მას შემდეგ, რაც აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მითიურ დამოუკიდებლობაზე უარი თქვეს, საქართველოსთვის მთავარი წინააღმდეგობა თავის სეპარატისტულ რეგიონებთან მისი უწესობა, ანარქიულობა და წინასწარგანუსაზღვრებლობაა.

ჩვენ მძიმედ, ნელა, ზიგზაგებით, მაგრამ მაინც მივდივართ წესიერი ქვეყნისაკენ. ეს სვლა ძალიან შენელდა 2007 წლის ნოემბრის აქციებით, მაგრამ მტერი უარესსაც გეგმავდა .
-საქართველოს უწესობის კი არა, ანარქიის ჭაობში უპირებდა ჩახრჩობას. არ გამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში ჯერ.

ხელისუფლების მიერ ყველაფერი წესიერი საქართველოსათვის კეთდება. წესიერი ქვეყნის აშენების მიზნით გადაიმტერა, შეგნებულად გადაიმტერა თავისი მოქალაქეები: ყოფილი პოლიციელები, მებაჟეები, გარე მოვაჭრეები, გარაჟ-ლოჯიების მფლობელები, კორუფციული ბიზნესის მფლობელები, პრივილეგირებული კრინინალები.

ეს არის ომი.
ეს არის ომი საქართველოდ გასაერთიანებლად. უსისხლო ომი, სისხლიანი ომის რაციონალური ალტერნატივა.
ამ ომში კარგი ადამიანები არ კვდებიან, ამ ომში საეჭვო ადამიანები საეჭვო ქონებას და საეჭვო თავფისუფლებას კარგავენ.
უსამართლობები ხდება?
ხდება! გეთანხმები.
ადამიანები კვდებიან?
არა! არც ქართველი, არც აფხაზი და არც ოსი ა დ ა მ ია ნ ე ბ ი არ კვდებიან!

ამ სტრატეგიამ ყინულში ბზარები უკვე გააჩინა – სანაკოევს წარმოიდგენდით ადრე?
შეგიძლია წარმოიდგინო, რას ეტყვის სანაკოევი უბრალო ოს გლეხს სადღაც ჯავაში თავის აზრზე გადმოსაყვანად?

უკან წუმპეში!?



მაისაშვილის ფრაზა მენიშნა.
მენიშნა კი არა, მაპროვოცირა ამ პასუხზე.

მაისაშვილმა თქვა - ნაციონალების ამომრჩევლები სოროებში შემძვრალი მოსყიდული ხალხია, რომლებიც ხმამაღლა ვერ ამხელენ რომ ხმა სააკაშვილს მისცესო.

აი მე ვამბობ, იმ ტრიბუნიდან ვამბობ რომელიც მაქვს. და ამას ვამბობ უკვე მერვე თვეა, ვამბობ კი არა, ამჯერად უკვე ვყვირი! ხალხო გამოფხიზლდით - საქართველოს უკან ექაჩებიან, წუმპეში ექაჩებიან.

საქართველოს ხელში ჩაგდებას ცუდი ადამიანები ცდილობენ.

ხელისუფლება ცდილობს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ მრავალთავიან ჰომოსოვეტიკუს გველეშაპს.

შევიკრიბოთ, შევიკრიბოთ ის ხალხი ვინც 2003 წლის წვიმიან ნოემბერში ქუჩაში შიმშილმა და ზიზღმა კი არ გამოგვიყვანა, არამედ საქართველოს სიყვარულმა, საზოგადოს, საერთოს პატივისცემამ.

შევიკრიბოთ ისენი ვინც ამ 4 წელიწადში შევიცვალეთ. ვისაც შეგვიძლია აღიარება რომ ამ ხელისუფლებამ შეგვცვალა, შეგვცვალა უკეთესობისაკენ. ვისაც აღარ გვეშინია მაფიოზებისა და ქურდების,

ვინც მიხვდა
-რომ სახელმწიფოს მიერ გაღებული საზოგადო, საერთო ხარჯი საერთო ჯამში ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის გაღებული ხარჯია,
-რომ ჩემი პიროვნული ღირსება ჩემი ეზოს, ქუჩისა და ქალაქის სილამაზესა და სისუფთავეშია,
-რომ თუ მინდა ჩემს ნატანჯ, რეგიონში ყველაზე სუსტ ქვეყანას ჯარი, საზღვარი და პოლიცია ჰქონდეს, ჯერ მე არ უნდა მოვითხოვო სარდელი და ხინკალი.

შევიკრიბოთ ვინც მივხვდით, რომ საქართველოს გამარჯვების შანსი წესიერი, კონსოლიდირებული და სტაბილური დემოკრატიის აშენებაშია და მთავარი საფრთხე ამ გზაზე არის შიდა აშლილობა, შადიმან ბარათაშვილობა, სერგო ორჯონიკიძეობა, სიგუობა, კიტოვან ჯაბა იოსელიანობა და დოღრიალობა.

შევიკრიბოთ იმის მიუხედავად რომ სამსახურები გვაქვს და არ გვცალია, რომ ჩვენი ძირითადი მონაპოვარი სამსახურში მიღწეული პროფესიული სტატუსია და ანგაჟირებულობასა და კონფლიქტურობას ჩვენგან არავინ ელოდება. შევიკრიბოთ იმის მიუხედავად რომ ხელისუფლებაც კი შეიძლება განაწყენდეს ჩვენი აქტივობით, იქნებ სულაც ჩვენი ნაბიჯი ხარისათვის წითელი ნაჭრის აფრიალებად იქნეს აღქმული, მაგრამ მაინც შევიკრიბოთ. მე მზად ვარ.

მამუკა კაციტაძემ თქვა სადაც ვიწროა იქ გაწყდესო, და გაწყდეს მაგისი.

კი მაგრამ, რატომ არა?


მიშას ხშირად ადარებენ პუტინს და ხელებს ასავსავებენ - ოღონდ ეგ არა, ოღონდ ეგ არა!

კი მაგრამ, რატომ არა?

პუტინმა 2000, წლის სულის მღაფავი, გაწეწილი და წაგებული რუსეთი აქცია 2008 წლის უძლიერეს და უგავლენიანეს ქვეყნად.

ელცინის რუსეთის ტერიტორიის მხოლოდ 2% იყო სეპარატისტული და რუსეთის მიერ გაუკონტროლებელი და ამის გამო ქვეყანა კორუფციასა და სიღარიბეში ლივლივებდა.

რუსეთმა შეძლო აღმასვლა სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერებით, ოლოგოკრატიის დამარცხებით, კონტროლითა და ცენტრალიზაციით.

პუტინი რომ არ ყოფილიყო ამ რეფორმების წინამძღოლი და ყოფილიყო ვთქვათ ჩერჩილი, რეიგანი ან ნემცოვი, ანუ სიმპათიური ჰაბიტუსის მქონე პოლიტიკოსი,
ან ვთქვათ პუტინი ყოფილიყო არა რუსეთის, არამედ მექსიკის ან პაკისტენის პრეზიდენტი და ასეთივე შედეგებისათვის მიეღწია,

დავიჯერო ასე ხელაღებით უსაყვედურებდნენ სააკაშვილს ენერგიულ ცენტრალიზაციას და პუტინთან პარალელებს?

საქართველოს მდგომარეობა გაცილებით უარესი იყო 2003 წელს ვიდრე რუსეთისა 2000 წელს.
საქართველოს ისედაც მცირე ტერიტორიის აფხაზეთის (20%) და სამხრეთ ოსეთის (15%) საქართველოსაგან განდგომილი იყო, აჭარა(20%) კი თავნებობდა (სულ დაახლოებით55%).
რუსეთისაგან განსხვავებით საქართველო დღესაც ფაქტიურად იგივე მდგომარეობაშია. მართალია საქართველომ შემოიმტკიცა აჭარა და ზემო აფხაზეთი ე. ი. დაიხსნა 25% ტორტმანისაგან. . მისი ტერიტორიის 30% კვლავაც მხოლოდ დე იურეა საქართველო, და ეს სტატუსიც სერიოზულ რყევებს განიცდის.


ეს რუსეთი ხომ ჩვენი მუდმივი პარადოქსული ორიენტირია, რაც მასში ცუდია სწრაფადვე გადმოვიღებთ ხოლმე, ზოგჯერ რუსეთსაც ვასწრებთ ცუდში, კარგის გადმოღებაზე კი უცებ გვახსენდება ჩვენი ქართული განსაკუთრებული ღვთითკურთხეული გზა, რომელიც კორუფციას, ნეპოტისმს (ძმაკაც-ნათესავთა კლანურობა), ხვეწნა-მათხოვრობასა და დოღრიალობას აყენებს სამუშაო მოდუსად.

მიშას პასუხისმგებლობა




საქართველო არ იცნობდა და ვერც გაიცნობდა ირაკლი ოქრუაშვილს, სალომე ზურაბიშვილს, კუკავასა და გუნავას.

ლევან და დავით ბერძენიშვილები, გოგა ხაინდრავა ისეთივე დავიწყებული ქიმერები იქნებოდნენ როგორც სიტყვაზე თედო პაატშვილი, ირაკლი შენგელაია და სახელი რომ არ მახსოვს ის შარმანაშვილი.

ისინი ფიგურებად პოლიტიკაში მიშა სააკაშვილმა დაგვისვა.

არავინ არ მოუსმენდა დღეს ამ ადამიანებს რომ არა მიშასთან აღებული ტრამპლინით მათი პოლიტიკაში შემოგრიალება. არც ძალაუფლების ეიფორიით იქნებოდნენ დადოპინგებულები და არც პარლამენტარის ხელფასით სტიმულირებლები.


მე მაინტერესებს ეთანხმებოდნენ თუ არა ბერძენიშვილები, დავითაშვილი, ხაინდრავა, კუკავა და სხვანი სააკაშვილს, როცა ის მათი გუნდის ლიდერი იყო?

თუ თავიდანვე თვლიდნენ, რომ მათი სათქმელი მერე უნდა ეთქვათ, მას შემდეგ რაც:

-პარლამენტში მოხვდებოდნენ ნაციონალების სიით.

-ხალხში 2003 წლის ვარდების რევოლუციის ეიფორია გადაივლიდა.

-ვარდების რევოლუციით დაბნეული სააკაშვილის მტრები გონს მოვიდოდნენ
და დაირაზმებოდნენ.

-სააკაშვილის ხელისუფლება საჭირო რეფორმების წარმართვისას აიღებდა პასუხისმგებლობას ადამიანების სამსახუბიდან დათხოვნასა და კორუფციული ბიზნესების დახურვაზე, რის შედეგად ბევრი ადამიანი ამ ხელისუფლებისაგან რეპრესირებულად ჩათვლიდა თავს.

-საქართველოსთვის ჯერ გამოუცდელი რეფორმები მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ, თუნდაც იმ ნაწილის მიერ, რომელიც რეფორმებით არ დაზარალებულა, მაგრამ რეფორმების შიში პერესტროიკიდან აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი, მტრულად იქნებოდა მიღებული.

-დაზარალებული მასა და მუდმივად უკან, საბჭოეთში მაყურებელი ე. წ. მეხუთე კოლონა გაერთიანდებოდა და წინამძღოლს მოითხოვდა.

გაორებული ხალხი


ერთი ჩემიანი, წესიერი ადამიანი, რომელთანაც არაერთი ხანგრძივი და ხმაურიანი კამათი მქონდა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე (ის თავგადაკლული ოპოზიციონერია, მე ვინც ვარ) მას შემდეგ რაც შეიტყო ბურჯანაძე გადადგაო, მტკიცებას მოჰყვა, აი ხომ გითხარი ბყრჯანაძე ცუდი ქალია, რაღაცა ცუდს იზამს აუცილებლადო და აჰა, რა დროს მაგის გადადგომა იყოო.

მეორე, ასევე აქტიური ოპოზიციონერი ჩემიანი, ასევე წესიერი ადამიანი, რომელიც ასევე არგუმენტებს აფრქვევდა ხელისუფლების გასამტყუნებლად, როცა ვუთხარი საქართველო ახლა უფრო სუსტი ხვდება გარე აგრესიას ვიდრე იყო ოპოზიციის ნოემბრის აქციებისა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ მეთქი, დამეთანხმა და პრეზიდენტი გაამტყუნა- რატომ ნიშნავდა ამ ვადამდელ არჩევნებსო. თვითონ კი ხმა რა თქმა უნდა ოპოზიციურ კანდიდატს მისცა.

და საერთოდ, თბილისელებს რომ შევხედოთ გვერდიდან. უმეტესობა თავის მსჯელობაში გაორებული და დაბნეულია.

ადრე ვამბობდი თბილისში სააკაშვილის დამარცხება იგივე პროლეტარული ბუნტია მეთქი, მაგრამ მიშამ მოიგო რუსთავი და ზესტაფონი. ე. ი. მხოლოდ პროლეტარობაში არ ყოფილა საქმე. პროლეტარებს, ისევე როგორც გლეხებს ესმით რომ შედეგის მიღწევამდე საფეხურები, სტადიები უნდა გაიარო. უნდა გეყოს ნებისყოფა საქმე ბოლომდე მიიყვანო.

მე მგონი დიდი ქალაქების ოპოზიციური განწყობა მოდის იმ ფაქტიდან, რომ მთავრობა დიდ ფულს ხარჯავს მათი ბინების გარეთ, და არ ურიგებს მათ ფულს ბინების შიგნით დასახარჯად.

საქმე ხელფასის ოდენობაში არ არის, ჩვენ ყველამ გამოვიარეთ კუპონებისა და 60 ლარიანი ხელფასის დრო, ჩვენ მაშინ ვიცოდით რომ სახელმწიფო უძლური და ღატაკი იყო. არც გვქონდა მოთხოვნა ხელფასის გაზრდაზე. 20$-იანი ხელფასი რომ 25$ მდე გაეზარდათ ამისათვის მიტინგობანა არც ღირდა და ვერც გაზრდიდნენ. დღეს სახელმწიფო გვაქვს, დიდი ფული იხარჯება საზოგადო საჭიროებებზე; ჯარზე, გზებზე, შადრევნებზე, განათებაზე, და... მოსახლეობას გაუჩნდა მოთხოვნილება მიიღოს ის ხელფასი, რომელიც იქნებ ეკუთვნოდა კიდევაც, მთელი ამ წლების განმავლობაში.

არადა საქართველოს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს. საქართველო მდიდარ ქალაქში სამუშაოს საძებნელად გამოსულ კაცს ჰგავს, სახლ-კარი გაპარტახებული აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის ახალი პიჯაკი შეიძინა, ძველი სამოსი გაიუთოვა, გაიპარსა და დღევანდელი სადილის ხორცის ნაცვლად ჰალსტუხი იყიდა.

ვუსურვოთ წარმატება. გაეძლოს კუჭის ძახილისათვის - "გაყიდე პიჯაკი და ჰალსტუხი, მიყიდე ძეხვი და შაქარი".

გაეჩუმებინოს მეორე მე – კუჭის ყურყური, მუცლის გვრემა და – გადაეწყვიტოს სამომავლო პრობლემები.

Tuesday, May 27, 2008

გერგეტის სამება,უიკენდი







სურათები გაადიდე, ღირს დალოდება!

ყაზბეგში ვიყავით, სტეფანწმინდაში.

გერგეტის სამებაზე ავედით ფეხით დაახლოებით 2 კმ.

ძალიან კარგია.

XIV საუკუნის ულამაზესი ეკლესია და ულამაზესი ბუნება.

აუცილებლად სანახავია.

იმდენი უცხოელი იყო შაბათ კვირას ჯვართან რომ იკრიბება ხოლმე.

ეს სურათები ჩემმა შვილმა,რომელსაც იქ ჩავაკითხეთ, გადაიღო სამების ზემოთ, კიდევ 1 კილომეტრიდან და აქ ჩადების ნება მას ვთხოვე.
ჩემს გადაღებულებს მერე დავდებ.

ჩემი შვილი მესამედ იყო, მე კი პირველად.
ის და მისი სკოლელი VII-XI კლასელი "მაინცები" თითქმის ალპინისტები არიან.
მოვლილი აქვთ ფშავი, ხევსურეთი და ხევი.
მათი წინამძღოლი და მასწავლევბელი გერმანულის მასწავლებელი გერმანელი ფრანკ შრაიერია.
ეს მათი საიტია ხევსურეთზე. როშკა.

ქართული მოდა და ქართული პოლიტიკა

გახსოვთ ალბათ 1991-1993 წლების ქართული მოდა ახალგაზრდა მამაკაცებისათვის.

შავი ჩაჩით (კიტოვანკა), ტყავის ჟილეტით, სტალონეს კობრა სათვალეებით, გასაპარსი სახით და ჩახლეჩილი ხმით.
არა, ეს რაღაც ჯგუფის კარიკატურული აღწერა არ არის, ეს მართლაც იყო თბილისური ახალგაზრდული ჩაცმის მოდა.

ეს მოდა თანდათან გოიმებმაც აიტაცეს და როგორც ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში, მოკვდა. სადღაც 1993წელს.


მანამდე კი 2-3 წლის განმავლობაში იყო კაიბიჭობის, ვერელ-ვაკელობის, გამარჯვებულების ნავში ჯდომის სიმბოლო.
ელიტა იქაც იყო, განსაკუთრებით დაწინაურებულებმა გიგანტური ოქროს სამაჯურებისა და ძეწკვების ტარება დაიწყეს, რა თქმა უნდა თვითომ პატრიარქის ნაკურთხი გიგანტურივე ჯვრებით.

იყო მაგრამ ხომ წავიდა. ხომ გაჩნდა ხალხში პროტესტი ამ მსროლელ-გამჩხერ-გამჩალიჩებელ-გამტანი ჰაბიტუსების მიმართ.
წავიდა, მაგრამ ზოგიერთის გულებში კვლავ ცოცხლობს, იმდენად ცოცხლობს რომ, პატარა იმპროვიზაციებით ხორციც კი ესხმება.

მაგალითი გინდათ?





რატომ მაინცადამაინც დღეს?


სერიიდან "დამნაშავეს უნდა უსმინო, და ის თავის დანაშაულს დღეში ათჯერ იტყვის".

არა, ოპოზიციის მიტინგი ზუსტად პრეზიდენტის ინაგურაციის დღეს რომ იყო, ეს ლოგიკური იყო.
მაშინდელი მიტინგის მიზანი იყო პროტესტი იმ არჩევნების მიმართ, რომელმაც მათი მტერი იმ დღეს ინაგურაციაზე მიიყვანა.

დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. რუსთაველზე აღლუმია.



ოპოზიცია კი დიდ საპროტესტო მიტინგს მართავს.

რატომ მაინცადამაინც დღეს?


რას აპროტესტებ, საქართველოს დამოუკიდებლობას? იქნებ ცოტათი მაინც? აბა გულში ჩაიხედონ თუ არა.

“მეხუთე კოლონაა" მეთქი, მართლდება.

“მეხუთე კოლონას" ყოველთვის გრანდიოზული მიტინგები ჰქონდათ (ბალტიისპირეთში) და აქვთ (უკრაინაში და საქართველოში).



26 მაისს 26 მაისის მოედანზე არ იქნება საქართველოს დროშები


ჩემს არჩეულ ნაციონალებს საკონსტიტუციო უმრავლესობა აუღიათ. უნდა ვაღიარო, იმდენად დიდი იყო ჩემი სურვილი ოპოზიციის დამარცხებისა, რომ მაჟორიტარს მეხუთე ნომერს, გვარიც კი არ ვიცი ისე მივეცი ხმა. ვაღიარებ და მომავალში არ გავიმეორებ.
იმედია მომავალში ასეთი გაბრაზებული აღარ ვიქნები.

უნდა მიხაროდეს თუ არა ნაციონალების ასეთი სოლიდური გამარჯვება?

კი, გამიხარდა მეთქი დავწერე ჩემს ერთერთ წინა პოსტში.

გამარჯვება მიხარია მაგრამ ვშიშობ არ გაჩნდეს გამარჯვებული აზრი. ანუ არ გამიხარდება თუ ეს გამარჯვებული ძალა გამარჯვებული აზრის ექსკლუზივს მიიღებს.

მე ჩემი ბლოგით მერვე თვეა ოპოზიციის მხილებას და ხელისუფლების გამართლებას ვცდილობ. დღეს ჩემი საგულშემატკივრო ხელისუფლება გამარჯვებულია როგორც საპრეზიდენტო ასევე საპარლამენტო არჩევნებში. წარმატებამ და აღმასვლამ შეიძლება ხელისუფლებას უკრიტიკო გარემო შეუქმნას და შეცდომები დააშვებინოს, აქედან გამომდინარე მე მომავალში ვაპირებ კრიტიკულად, ფხიზლად დავაკვირდე ხელისუფლებას. მათ ხომ ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრება ვანდე მომავალი 5 წლის განმავლობაში.

დავრჩები პრინციპული და ჯიუტი როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართაც. და კიდევ, რაც ვიცი ზუსტად. დღეს არსებულ ტელევიზორში გამოჩენილ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არცერთს, ვიმეორებ არცერთს გვერდზე არ დავუდგები, თუ რა თქმა უნდა ქუჩაში მუხლმოყრილები არ მოინანიებენ იმ შეცდომებს რაც მათ დაუშვეს ჩემს, ერთერთი მოქალაქის, წინაშე.

დღეს 26 მაისს, 26 მაისის მოედანზე(!!) ოპოზიცია საპროტესტო მიტინგს მართავს რომელზედაც ხალხმრავლობის მიუხედავად არ იქნება საქართველოს დროშები (არც ახალი, არც ძველი), არ იქნება ნახსენები საქართველოს დამოუკიდებლობა არც ფაქტად და არც მოსალოცად. აგერ ნახავთ თუ არა.

Monday, May 26, 2008

რუსები გვიცნობენ?


რევაზ საყევარიშვილის სტატია "ცხელ შოკოლადში"

აღშფოთებული რუსი ჟურნასტი ლონდონში, ჟურნალისტთა საერთაშორისო სემინარზე, ამუნათებს ევროპა-ამერიკელ ჯურნალისტებს, რომლებიც ქართველოს შესახებ წერენ. "კაკ მალო ზნაიუტ ი კაკ მნოგო გავარიატ".

ე. ი. როგორი თავხედები არიან, როგორ თამამად მსჯელობენ და გამოაქვთ დასკვნები იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ, რუსებმა მათზე მეტი ვიცითო. რევაზ საყევარიშვილი ეთანხმება და ეს ფრაზა სტატიაშიც მოჰყავს, როგორც მოსწრებულად ნათქვამი სიმართლის მარცვალი, რომელსაც ინგლისში, ჟურნალისტების საერთაშორისო სკოლაში გადააწყდა.

და მართლაც, რუსები გვიცნობენ.

უნახავთ ჩვენი ფილმები, ახსოვთ ამხანაგი სტალინი და ამხანაგი შევარდნაძე, მოუსმენიათ "ორერა", ნანი და ბუბა, 1981-ში იქნებ "დინამოსთვისაც" უგულშემატკივრიათ, ახსოვთ 1991 წლამდელი სოციალისტური "ვრემიები", სკოლაში გაიარეს გრიბოედოვი და მაიაკოვსკი, საქართველოს ისტორია, ანეგდოტები გივიზე და კაცოზე..




სტოპ, სტოპ, სტოპ, სტოპ!

და ვითომ ყოველივე ამის შემდეგ მათ იციან საქართველო?
არა!
არ იციან!

მათ თავებში ჩაიდნის ნადუღი კირივით ჩაბეტონებულია აზრი რომ:
საქართველო რუსეთის მიერ გადარჩენილი ძველი ქვეყანაა, რომელმაც ის (რუსეთი) მუდმივად უნდა აქოს და ადიდოს.
რომ საქართველო აყვავებული, მდიდარი და საკურორტო ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირის დროს, და ახლა ქართველები საკუთარი უმადურობისათვის ისჯებიან და დაისჯებიან სანამ მატუშკა რასიას არ დაუჯერებენ.
აი ეს არის ის "ცოდნა" რაც რუსებს ამერიკელებსა და ევროპელებზე მეტი აქვთ.

თურმე რუსებს საქართველოს შესახებ უფრო მეტის თქმის უფლება ჰქონიათ, ვიდრე მთელ მსოფლიოს. თურმე საქართველოს შესახებ წარმოდგენა მსოფლიომ რუსების ნათქვამით, რუსების პრიზმაში გარდატეხილი გამოსახულებით უნდა მიიღოს.

რუსები გვიცნობენ ისევე როგორც;
ინგლისელები ინდოელებს,
ჰოლანდიელები სურინამელებს,
ფრანგები ალჟირელებს,
რუსები ლატვიელებს..

მერე აქედან რა?
რა უნდა ვქნათ აქედან გამომდინარე?

გეთანხმები 10-10 თანამშრომელი რომ მყავდეს სხვადასხვა ეროვნების, ალბათ ისევ რუსს უფრო მეტს დავუმეგობრდები ვიდრე ამერიკელს და ესპანელს, მაგრამ თუნდაც ამ მეგობრებს იმ ჩაიდნის ნადუღ კირს ვერ მოვაცილებ.
იქნებ ისე ვიცხოვროთ, ყველამ ერთად, რომ ხელი შევუწყოთ საკუთარ ქვეყანას, საქართველოს, ეს ნადუღი მოვაცილოთ რუსეთს.

პოლიტ მუს კონკურსები - ევროვიზია


ევროვიზია

მე არ ვიტყვი, რომ მისი დამაარსებელნი და ორგანიზატორები ცუდი ხალხი არიან, ან რაიმე მზაკვრული გეგმა აქვთ თავში (განსხვავებით "იურმალასაგან", თუმცა ამაზე შემდეგ), მაგრამ მათი შექმნილი შეფასების სქემა სამწუხაროდ მხედველობაში არ იღებს ტალანტს, და სულ უფრო დამოკიდებული ხდება პოლიტიკასა და დემოგრაფიაზე.

ასეთი შოუების გულშემატკივრად ან თუნდაც მაყურებლად ნუ ჩამთვლით, მაგრამ აგრესიული პრომოცია-რეკლამირების შედეგად მეც გავერკვიე რომ :
-ევროვიზია არის კონკურსი ნაკლებად ცნობილი ევროპელი დებიუტანტი შემსრულებლებისთვის.
-შეფასება ხდება მთელი ევროპის ტელემაყურებელთა ზარების მეშვეობით.
-ვინც მეტ ხმას მიიღებს, გამარჯვებულიც ისაა.

-იმისათვის რომ მრავალრიცხოვანმა ქვეყანამ თავისი წარდგენილისათვის დარეკილი ზარების სიმრავლით მუდმივად არ გაიმარჯვოს მცირერიცხოვან ქვეყნებზე, მოძებნილია ასეთი შეზღუდვა - მოქალაქეს არ აქვს უფლება მხარდასაჭერი ხმა გაუგზავნოს თავისივე ქვეყნის წარმომადგენელს.

ანუ ამით არაობიექტურ პატრიოტ-გულშემატკივართა დიდი არმიას ჟიურის პულტი ჩამოერთვა. ტალანტს მიეცა საშუალება გაიმარჯვოს რაოდენობაზე.

რეალობაში მთლათ ასე ვერაა და აი რატომ.

1. დიასპორის მოსახლეობა ხმას აძლევს თავისი პატრიის წარმომადგენელს.

2. მონათესავე ერების მოსახლეობა ხმას აძლევს მონათესავე ერს.

3. ხმის მიმცემ მასაზე ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების ტალღები (მეგობრულია თუ კონფლიქტური) ახდენს გავლენას.

და რას ვიღებთ შედეგად.
და რას მივიღებთ შედეგად ევროვიზიის ყველა შემდგომ კონკურსში?

1. I ფაქტორის გათვალისწინებით სხვებზე მეტ ქულას მოიპოვებს ის ქვეყანა რომელსაც დიდი დიასპორა ჰყავს ბევრ ქვეყანაში.

სლავურ ქვეყნებს ერთმანეთში და დასავლეთში, სომხებს ყველგან, თურქებს გერმანიაში და ა. შ.

2. მეორე ფაქტორის გათვალისწინებით სხვებზე მეტ ხმას მიიღებს მონათესავე ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენელი.

ევროპაში 10 სლავური და 3 გერმანულენოვანი ქვეყანაა.

3. ქვეყნებს ყოველთვის ექნებათ სიმპათია ანტიპათია ერთმანეთის მიმართ და ამ ჭიდილში ერთერთ ქვეყანას ეყოლება მეტი გულშემატკივარი ქვეყანა ვიდრე მეორეს. ესეც იმოქმედებს ხმისმიმცემთა არაობიექტურობის (ე. ი. არა მხოლოდ ხელოვნების შეფასების) სასარგებლოდ.

ანუ მომავალ ევროვიზიებში გაიმარჯვებენ სლავური ქვეყნების წარმომადგენლები.






სომხეთი და თურქეთ დიასპორის მეშვეობით ყოველთვის იქნება 10-ეულში,

აზერბაიჯანი-თურქეთი,
გერმანია-ავსტრია-შვეიცარია,
ბენელუქსის ქვეყნები ერთმანეთს უპირობოდ მისცემენ პირველობას.

ევროვიზიაზე ვერასდროს გაიმარჯვებს ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია და.. საქართველო.

ძალიან კარგი კომპანიაა, ხუმრობის გარეშე.

ამით ამ ქვეყნების რენომეს, თუნდაც მუსიკალურ რენომეს არაფერი დააკლდება.


მათ მსოფლიო მუსიკაში ეპოქები (ბრიტანეთი) და პლასტები (საფრანგეთი-შანსონი, ესპანეთი-ფლამენკო, პორტუგალია-სამბა) შექმნეს.

ჩვენს რენომეს კი არ აწყენდა სტიმული, მაგრამ როგორც ჩანს ევროვიზიაზე ჩვენი ნიშა არა "საპრიზო ადგილი", არამედ მაყურებლთა გულში ჩარჩენილი სიმპათიაა.

ეს კი შეგვიძლია.

მე მგონი ეს კარგად შეძლო ხალვაშმაც და ღურწკაიამაც.

მადლობა მათ.

უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა ევროვიზიაში?

კი!

პირველი; დსთ-სი არ იყოს, ეს მოხერხებული ტრიბუნაა,
მეორე - "პალაჟენიე ობიაზივაეტ",
მესამეც - მიზანი, მაყურებლის სიმპათიის დამსახურება მიღწევადია ჩვენი მომღერლებითვის.

უბრალოდ, ჩვენი მოლოდინები უნდა იყოს რაციონალური,
ჩვენი რეპერტუარი უნდა იყოს ზომიერად ემოციური, დასამახსოვრებელი და ნაკლებად პათეტიური.

სხვათა შორის ეს მე მგონი ყველა მონაწილის შეცდომაა - თვლიან რომ უნდა იმღერონ ყველა სიმღერის მჯობი სიმღერა, რაღაც ჯექსონის "ერს სონგს"-სა და ვიტნი ჰიუსტონის "ენდ ააააააააააააი"-ს ნაჯვარი, და რა თქმა უნდა, მორიგ საშინელებას ქმნიან.

ჩემამდე დემოგრაფიულ-პოლიტიკური გათვლები თურმე ჩვენს ორგანიზატორებსაც გაუკეთებიათ. თურმე ღურწკაია რუსებს ყვარებიათ და ხმას მისცემენო.

არ მისცეს!

რუსებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა "მათი" ღურწკაიას აფხაზეთიდან დევნილი ქართველის სტატუსით, აფხაზეთზე ნამღერი "ფის ვილ ქამ".

Saturday, May 24, 2008

ის ჯადოსნურია




ეს დროშა, ფერების ეს ჯადოსნურ-ჰიპნოზურ-ფატალისტურ-სუიციდალური კომბინაცია ჩვენ ქართველებმა მოვიგონეთ 1918 წელს.

ეს დროშა 1918-1921 და 1991-2003 წლებში ბევრჯერ წარუძღვა ადამიანებს სიკვდილისა და მკვლელობისაკენ.

ის ჯადოსნურია

დამთრგუნავი და აღმგზნები, საშიში და საპატივცემულო, განწირული დამარცხებისათვის.

არ გჯერათ?



ეს ფერები ქართველების შემდეგ ჰიტლერმა ააფრიალა დაახლოებით 20 წლის შემდეგ და შედეგად ისევ ეს თავგანწირვა, გაწირვა, ეიფორია და უიმედობა მოიტანა.


მოვიცილეთ ხო, როგორც იყო,

ახლა ესღა გვაკლდა პოლიტიკაში




მინუს ერთი სიამაყე


(მ)დააა. ახლა გავაანალიზე.

მინუს ერთი სიამაყე ჩემს თვითშეფასებაში 21 მაისის შემდეგ.

დავკარგე ის სიამაყე რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამიჩნდა.

-მე ისეთი არა ვარ როგორიც თბილისელთა უმრავლესობა, თბილისის ძირითადი მასაა. I'M SPECIAL!.
ვეუბნებოდი ხოლმე ჩემთან მოკამათეებს.



ახლა კი ეს სიამაყე ცოტა დარჩა
-მე ისეთი არა ვარ როგორიც ვაკელების მასაა I'M SPECIAL!.


არა უშავს, საამაყოდ მაინც საკმარისია.

Friday, May 23, 2008

რუსული არხი "რტრ"/ "რტრ კულტურა"


ჩემს ტელევიზორში პირველ 10 არხში ერთადერთი რუსული არხია "რტრ კულტურა". თუმვა ამავე პირველ ათეულში რუსულად ნათარგმნი დისქავერი, ნიკელოდეონი, -----იცაა.
სხვა რუსული არხები 20-ის შემდეგ მიყენია, ხშირად რომ არ გადავაწყდე.
ზოგიერთი კი საერთოდაც დაბლოკილი მაქვს და არღარასდროს ვუყურებ. ერთერთი ასეთი, ჩემს შავ სიაში მოხვედრილი დაბლოკილი არხი არის "რტრ".

როცა ამ არხს ვუყურებდი ვხედავდი, რომ ამ არხის საინფორმაციო და პუბლიცისტური გადაცემები განსაკუთრებით მიზანმიმართული იმპერიალისტური და ანტიქართული იყო და ეს არხი თავისი "ვესწით" ჩემი თვალთახედვიდან მოვიცილე.

მაგრამ, რითი დაიმსახურა იგივე რტრ-ის სხვა არხმა "რტრ-კულტურამ" ჩემი კეთილგანწყობა იმდენად რომ მეორე ადგილზე დავაყენე.

კარგი არხია, ბევრი პროფესიონალურად გაკეთებული გადაცემაა.
ხშირად ვუყურებ და ერთი, ჩემთვის მოულოდნელი კანონზომიერება დავინახე - ეს არხი ხშირად ეთმობა ქართულ კულტურას, ქართულ კინოს, მსახიობებს, რეჟისორებს, განსაკუთრებულ თარიღებს.

ამ არხზე გავიდა გადაცემები სოფიკო ჭიაურელზე, კოტე მახარაძეზე, ნინო ანანიაშვილზე, ზურაბ ანჯაფარიძეზე. ხშირად გადის ქართული ფილმები წინასწარი ქება-შესავლებით.

გამიკვირდა, რაღა მაინცდამაინც ეს არხი "რტრ კულტურა", რომელიც ყველაზე რეაქციულ-იმპერიული "რტრ"-ის შვილობილია უთმობს სხვებზე მეტ დროს საქართველოს? რაიმე დიდი გეგმის მიხედვით ეს "რტრ კულტურა" და "რტრ" ერთ გეგმის მიხედვით ხომ არ მოქმედებენ მეთქი?

გამახსენდა 1991 წელი, როცა რუსეთის არხებზე ეს პოლიტიკა საქართველოსადმი სწორედ ასევე, ამ კონტრასტული პრინციპით მიდიოდა: ქართველი პოლიტიკოსების ლანძღვა და ქართული კულტურის მუშაკების ქება.

1991 ში რუსეთის ყველა არხზე ხდებოდა ის, რაც ხდება "რტრ კულტურასა" და "რტრ-ზე" დღეს.

მაშინ ქართველები თავის თავს, თავის ადგილს მსოფლიოში 100%-ით რუსული ტვ არხებით აფასებდნენ. ქართველმა რეჟისორებმა ჩათვალეს რომ რუსების კეთილგანწყობა უნდა დაებრუნებინათ, ქართველმა ხალხმა კი გადაწყვიტა, რომ ცენტრალური (რუსული) ტელევიზიით ნაქები რეჟისორები მათთვის ყველაზე დიდი ავრორიტეტი უნდა ყოფილიყვნენ.

მაშინ ამ ტაქტიკამ შედეგი მოუტანა რუსეთს: საქართველომ, დაუჯერა ოპოზიციურად განწყობილ რეჟისორ-მსახიობებს, და რუსეთის საამებლად დაამხო გამსახურდას ხელისუფლება!

არ ვიცი რა როლს თამაშობს დღეს საქართველოში "რტრ კულტურა", მაგრამ კულტურის მუშაკების დიდი ნაწილის დაპირისპირება ხელისუფლების წინააღმდეგ ფაქტია.

"გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატები"?!





დღეს 21 მაისის არჩევნების სამართლიანობაზე კამათი მქონდა.

_ყველაფერი წინასარ დაგეგმილი იყო, ნაციონალებმა თავისი პროცენტების ჩააწყობა არ იკმარეს, "თარგამაძე- ქრისტიან დემოკრატებიც" მესამე ადგილზე გაიყვანესო. სადაც რესპუბლიკელებმა 3,8% აიღეს, იქ "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატები" 9%-ს როგორ აიღებდაო."


მოკლედ პროცენტების ასეთი განაწილება არჩევნების გაყალბების უცილობელ საბუთად მოჰყავდა.

ვერაფერს იტყვი, ლოგიკური ეჭვია. ლოგიკური ეჭვია იმ პირობებში თუ პირობად მივიღებთ, რომ ამომრჩეველიც ლოგიკური მასაა.


მე კი მიმაჩნია რომ, ჩემთვის სამწუხაროდ ქართული ელექტორატის თითქმის 10%-ს შეადგენენ უცნაური ინფანტილური ადამიანები.

ჩემთვის ყოველ შემთხვევაში უცნაურია პოლიტიკოსად აქციო ტელეეთერის მონატრებული დიქტორი რომლის პოლიტიკური წარსული სავსე იყო ოდიოზური ფეოდალ-ოლიგარქების თამაშებში ნიჭიერი მაგრამ არაგულწრფელი და არაერთგული მონაწილეობით.

ორი თვის წინ, როცა გიორგი თარგამაძეს უმუშევრად დარჩენილს ახალი საქმის ძებნა მოუწია, გადაწყვიტა თავისი მოწესრიგებული უსლუჟლივი გამომეტყველებისათვის დაემატებინა საქართველოს მართლმადიდებლური წარსული და ეს კომბინაცია შეეფუთა პოლიტიკური პარტიის გარსში. ცდაც ბევრი არ უწევდა, ორ თვეში ხომ არჩევნები იმართებოდა.

სერიალების, მათ შორის საინფორმაციო-საცნობარო სერიალების, (როგორიც იყო "დროება" იმედიტვ-ზე) მოყვარულები მზად აღმოჩნდნენ, ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში საკუთარი ხმა ტელე კუმირისათვის დაეთმოთ.



რა ვიცი, რა ვიცი.

იმ, ჩემთან მოკამათე პატიოსან კაცს კი (სხვათა შორის ნაციონალების ამომრჩეველს), არჩევნები გაყალბებული ჰგონია და.

P.S. კლერიკალიზმის შემოტევაზე კარგი სტატია ეწერა "ცხელ შოკოლადში",



მაგრამ მიმაჩნია რომ თარგამაძის ამომრჩეველისათვის სულერთი იყო, მათი საყვარელი გიორგი რაში შეფუთავდა თავის პარტიას. მიზანი იყო კვლავ ხშირად ეხილათ ტელევიზორში დროების ნიკელის მანქანის მფლობელი ჟურნალისტი.


“რესპუბლიკელები” !?


მას შემდეგ რესპუბლიკელები მიშას განუდგნენ, საკუთარი ფრაქცია შექმნეს, უსუფაშვილ-ხიდაშელით "გაძლიერდნენ" საპროტესტო მიტინგების ეიფორიაც გამოსცადეს და აპლოდისმენტების სიხარულიც.

მოკლედ პროგრესს მიაღწიეს და…. . . არჩევნების შედეგად კი პარლამენტს გარეთ დარჩნენ.

მათ ვერ მიიღეს ის ხმები რასაც იმედოვნებდნენ როცა "გაერთიანებულ ოპოზიციას" გამოეყვნენ.

ვის უნდა მიეცა მათთვის ხმა, ანუ ვინ იყო მათი პოტენციური ამოჩეველი, მაგრამ გადაიფიქრა?

მე მგონი ასეთი ორი ჯგუფი იყო.

ერთი - "გაერთიანებული ოპოზიციის" მომხრე, რომელიც სულაც არ იქნებოდა წინააღმდეგი "გაერთიანებული ოპოზიციის" დღევანდელი ჭინკები რესპუბლიკელების დეკლამაციური უნარით ყოფილიყვნენ აღჭურვილები და გაკოხტავებულები. ამ ელექტორატზე რესპუბლიკელებმა თვითონ თქვეს უარი.

მეორე - დღევანდელი ნაციონალების ამომრჩეველთა ის ნაწილი, ვინც თვლის რომ საქართველო სწორი გზით მიდის ძნელ გზაზე, უშვებს შეცდომებს და იწვნევს შეცდომების სიმწარეს. ამ გზაზე საჭიროა ნაციონალებმა იგრძნონ კეთილგანწყობილი და კონსტრუქციული ოპოზიციური პრესი.

მაგრამ.. "რესპუბლიკელებმა" ამ ხალხზეც თვითონ თქვეს უარი. სხვასთან შედარებითი ზომიერობის მიუხედავად, ისინი ბოლო თვეების განმავლობაში გულმოდგინედ ნერგავდნენ საკუთარ რადიკალურ და შეურიგებელ იმიჯს.

ელექტორატის ხსენებული სეგმენტი მათ მიიმხრეს "გაერთიანებული ოპოზიციისაგან " განდგომით, მაგრამ ამით ვერ გადაწონეს:
_ხიდაშელის ფრაზა-მოწოდება, 7 ნოემბერს ნათქვამი (თუ ნაყვირი) "მოდით ხალხო! მოდით და დავასრულოთ ეს ხელისუფლება!"

_ვერ გადაწონეს ხიდაშელისა და უსუფაშვილის მონოტონური აგრესიის ტელესეანსები.

მიუხედავად იმისა რომ ხიდაშელ უსუფაშვილის "რესპუბლიკელებში" მიწვევა (მოჭიდავეთა ბუნტის დროს) თავიდან ამ პარტიისათვის ძალიან კარგი პერსპექტივის დასაწყისად მეჩვენა, ახლა სხვა რეალობის წინაშე ვართ. ეს ადამიანები პოლიტიკაშიც ენჯეოშნიკებად დარჩნენ. თუ წარმატებული ენჯეოშნიკობისათვის საკმარისია ერთი კონკრეტული პრობლემის მოსახლეობამდე მიტანა და მისი გადაჭრის გზის ეფექტური აქციებით პრომოცია, პოლიტიკოსობას სხვა სიჯიუტე, მიზანდასახულობა და ქარიზმა სჭირდება.

არადა ამ ადამიანებმა (ხიდაშელ-უსუფაშვილმა) რესპუბლიკელთა ძველი გუნდისაგან სრული კარტბლანში მიიღეს.

ტელეეთერში გატარებული 1000 საათიდან მათ ერთხელაც არ ახსენეს რა მოსწონთ, რას გააკეთებდნენ თვითონ სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ საკითხებში, რაში შეძლებდნენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და ა. შ. პირიქით რესპუბლიკური პარტიის კანონდამჯერე, იუსტიციაში გარკვეული და კონსტიტუციის დამცველის წლებით ნაგროვები იმიჯი, თავდავიწყებული შრომით შეცვალეს აგრესიულ-რადიკალური იმიჯით.

მაგრამ ამ სეგმენტში ადგილი უკვე მყარად ეკავა 2007წ. ნოემბრის ავტორს - "გაერთიანებულ ოპოზიციას".
ამრიგად "რესპუბლიკელები" "არც მიწისაა არც ცისა" ანუ თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

შემდგომ საქმიანობაში მათ მოუწევთ ახალი, დღევანდელის მომიჯნავე ელექტორატის გულის მოგება.

რომელი მიმართულებით წავლენ ამას დრო გვიჩვენებს.


P.S. მე კი, ამ შედეგებიდან გამომდინარე ცოტა არ იყოს მეუხერხულება ჩემი წინა პოსტის, სადაც თითქოს სხვა უარესი არ ყოფილიყოს, მაინცადამაინც “რესპუბლიკელები” გავკილე.

21 მაისის 23 საათია

პირველი ეგზიტპოლის შედეგი გამოაცხადეს.

ნაციონალები 60%
გაერთიანებული ოპოზიცია 14%
თარგამაძე 9%
ლეიბორისტები 5,8%.

სალომე ზურაბიშვილი ქირქილებს, ესეც თქვენი უცხოელი დამკვირვებლები, რუსულად რატომ ლაპარაკობს, შედეგებს ქართულად რატომ არ გვიცხადებენო. სად არის ქვეყვის ღირსებაო.

თითქოს თვითონ იმ ალიანსში არ იყოს, რომელიც წინა არჩევნების ეგზიტპოლების ჩამტარებელ ქართველებს უნდობლობას რომ უცხადებდა.



ნაციონალების 60% ნამდვილად არ გამკვირვებია, წინა პოსტში ვიწინასწარმეტყველე კიდევაც.

არ გამკვირვებია, გამეხარდა კიდევაც.
თუ წინა არჩევნების შემდეგ საქართველოს 47 და თბილისის 75% მოსახლეობასთან არ მაკავშირებდა საერთო მიზნები, დღეს უკვე მე და საქართველო ერთ რელსებზე ვდგავართ.

საქართველოს ხელისუფლებას რომ შეუძლია ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხით, ანუ მეტი გამბედაობით გააგრძელოს რეფორმები და რუსეთთან ჭიდაობა ესეც მიხარია.

საქმე სხვაა

თუ დათვლის შემდეგაც ეს პროცენტები დარჩა, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო პარადოქსების ქვეყანაა.


ვინ ხვდება პარლამენტში.

2-7 ნოემბრის აქციები წარმართა ოპოზიცურმა სპექტრმა რომელიც შედგებოდა გონიერი და დოღრიალა ნაწილისგან.

_მას შემდეგ რაც რესპუბლიკელები "გაერთიანებულ ოპოზიციას" გამოეყო ამ სახელის - "გაერთიანებული ოპოზიციის" შემადგენლობაში მხოლოდ დოღრიალები აღმოჩნდნენ.
_მესამე ადგილზე თარგამაძის ახალგამომცხვარი ვითომპარტიაა, უცნობი ადამიანებითა და საშიში იდეოლოგიით.
_მათ ემატებათ 3-4 ლეიბორისტი.
მოკლედ რა მინდა ვთქვა ოპოზიციური გონის 90% პარლამენტსგარეთ დარჩა, ოპოზიციის დოღრიალობის 90%-კი პარლამენტში მოხვდა.

ანუ მომავალი პარლამენტი უკეთეს პროდუქტს ვერ შექმნის. მათ დააკლდებათ რესპუბლიკელები, რომლებიც წინა პარლამენტში სააკაშვილს შეყვნენ.

Tuesday, May 20, 2008

პ რ ო გ ნ ო ზ ი



ხვალ არჩევნებია -
საპარლამენტო.

საპრეზიდენტოზე ჩემი მოსაზრებები აქაა და აქ
და უმადური საქმე - პ რ ო გ ნ ო ზ ი!

მე მგონია (თანაც ვიმედოვნებ) რომ ნაციონალები კარგი უპირატესობით გაიმარჯვებენ.

ვთვლი რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილის 53% გამოიწვია წინასწარ გაპიარებულმა "მიშა მაგარიამ". ხალხმა ჩათვალა რომ რახან მიშა მაინც გასულია, ერთ კენჭს მაინც ვესვრიო..
საპარლამენტო წინასაარჩევნო პერიოდმა ცუმპაცუმპების გარეშე ჩაიარა.
ახლა ხალხს უფრო ობიექტურად შეუძლიათ თავისი არჩევანის გაკეთება.

ლევ ტოლსტოი



რესპუბლიკელების სლოგანია "ხმა მიეცით გონიერ გუნდს" თუ რაღაც ასეთი.

ძალიან თავმდაბლური და თვითკრიტიკული კი გამოუვიდათ. თანაც სხვა ყველა კონკურენტი გონიერების გარეთ დატოვეს.

ეს ისე, ირონიით.

სერიოზულად კი როგორაა საქმე?

ვისაც ისტორიული პოლიტიკური პირების ბიოგრაფიები წაუკითხავს ეცოდინება, რომ პოლიტიკოსები წარმატებას მხოლოდ საკუთარი გამარჯვების დიდი რწმენით, მოწინააღმდეგეზე ჯერ მორალური და შემდეგ ფიზიკური გამარჯვებით აღწევენ.

"რწმენას მოაქვს ოპტიმიზმი, ცოდნას მოაქვს პესიმიზმი" ეს ლევ ტოლსტოის სიტყვებია.

ჩვენ ცოდნა გამარჯვების შანსს არ გვიტოვებს.


ჩვენი გამარჯვება რწმენაშია, გამარჯვების რწმენაში.

ხომ გვმართა 15 უბედური წელი გონიერმა შევარდნაძემ. ვერ გადაწყვიტა, ვერ დასაჯა, ვერ გაიმეტა და შედეგად 20 ათასი ადამიანი ტყვიით მოკვდა, 1 მილიონი გადაიხვეწა, 98% თავს უბედურად თვლიდა 2% კი უზომოდ გამდიდრდა.

ოპოზიციას ეშინოდეს საკუთარი მიტინგის ხალხის



ოპოზიციას ეშინოდეს საკუთარი მიტინგის ხალხის მასის. ეს ხალხი სხვა სურვილითაა მოსული. ამ მასასა და პოლიტიკურ ლიდერებს აერთიანებთ მხოლოდ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის თუნდაც დამხობის სურვილი.

კეთილშობილური მიზნები, რომლებც ოპოზიცია აფრქვევს არ შესრულდება მათი მმართველობისას, ვინაიდან მათი გამარჯვების შემთხვევაში თავის წილს მოითხოვენ ამ გადატრიალების აქტორი- მესამე კოლონა.

მას გვერდზე დაუდგება კრიმინალური და კორუმპირებული სამყარო. დღევანდელი ოპოზიცია, თუ ხვალ ხელისუფლებად იქცა, ვერ იქნება იმდენად პრინციპული და ბრძოლისუნარიანი რომ დაამარცხოს ან ერთი ან მეორე. დღეს მათი სამიტინგო აუდიტორიის და ამომრჩეველთა 80% "მესამე კოლონას" წარმოადგენს. 20% კი ზედმეტად ოპტიმისტ იდეალისტებს, რომელთაც სჯერათ, რომ მთავარია სააკაშვილი დაამარცხო და ცხოვრება უკეთესობისკენ ავტომატურად წავა.

გერმანიის სასამართლოებში ახალი პრაქტიკა დაინერგა


ეს ჩვენთან!


მაისის "24 საათში" სტატიაა "გერმანული"ღია კარის დღე" ქართულ მართლმსაჯულებში".

თბილისში გერმანელ მოსამართლეებს ჩაუტარებიათ კონფერენცია ""საზოგადოება და მართლმსაჯულება".

ქალბატონი მონიკა ნიორე, ბერლინის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდენტია.
თურმე დალაგებულ და ძლიერ გერმანიაშიც შეწუხებულან მოსამართლეები სასამართლოსადმი უკმაყოფილობის გამო და ახლახან - სულ რამდენიმე წელია, ახალი წესი შემოუღიათ.
ქალბატონ მონიკას ეს ცვლილება იმდენად ეფექტურ და მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნია, რომ მისი გაზიარების მიზნით ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსამართლეები მოიწვია ამ კონფერენციაზე.

ახლა თურმე გერმანიის სასამართლოებში მოსამართლე, ძირითადი მონაცემების გათვალისწინებით, პროცესის დასაწყისშივე აცხადებს საკუთარ სავარაუდო ვერდიქტს. სასამართლოს მსვლელობისას განაჩენი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ეს წინასწარ ინფორმირებულობა თურმე მსჯავრმდებულთა მხრის აგრესიას მნიშვნელოვნად ამცირებს.

"რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების გამოტანისას ყველა მხარე კმაყოფილი ვერ იქნება. ერთი ყოველთვის დამარცხებულია. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ჩვენ წინასწარვე ვეუბნებით მხარეს საქმე მომგებიანია თუ წამგებიანი. ეს უადვილებს მხარეს წინასწარ შეეგუოს მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას".
მონიკა ნიორე

ქართული კანონმდებლობა არ აძლევს უფლებას მოსამართლეს ასეთი განმარტება წინასწარ მისცეს ბრალდებულის მხარეს, გერმენიის კანონმდეცბლობა კი ასეთი განმარტების წინასწარ მიცემას პირიქით, ავალდებულებს.

ამ ჩემთვის უცნობი სფეროდან მე მხოლოდ ერთი რამ მენიშნა.

ევროპის ერთერთი ბურჯი, ძლიერი და მდიდარი გერმანია მხოლოდ რამდენიმე წელია რაც მისულა ამ დასკვნამდე. ანუ გერმანიაში რამდენიმე წლის წინ საზოგადოება არაობიექტურად აგრესიული ყოფილა საკუთარი სასამართლოს მიმართ.

და მხოლოდ რამდენიმე წელია რაც სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის გზა აღმოუჩენიათ.

ჩვენ კი ვთვლით, რომ რაც არ მოგვწონს ბოროტ ხელისუფალთა მოგონილი სასჯელია და ყველაფერი ყოველთვის ცუდად იქნება ამ მთავრობის ხელში.
მოსახლეობის 47% საქართველოს სასამართლოს უსამართლო მჩაგვრელ ძალოვან აპარატად მიიჩნევს და სამართლიანობის მისაღწევ საფეხურად ხელისუფლების შეცვლას მიიჩნევს.

Monday, May 19, 2008

ამაზე უკვე დავწერე

გუშინ ოთარ მეღვინეთუხუცესის ცეცხლოვანი მოწოდებები მოვისმინეთ ოპოზიციის მიტინგის ტრიბუნიდან.ამაზე უკვე დავწერე.იგივე აზრზე ვარ.

სამწუხაროდ ოთარ მეღვინეთუხუცესს ის არ უნდა რაც უნდა კახი კავსაძეს.

ის დღეში სამჯერ იტყვის



"დამნაშავეს უნდა უსმინო და ის დღეში სამჯერ იტყვის თავის დანაშაულს" ძველი აღმოსავლური შეგონებაა.
უნდა უსმინო და უნდა იკითხო კიდევაც.
ამასწინათ "ასავალ-დასავალში" წავიკითხე შპიონურად მოპოვებული კიდუა-პატარკაციშვილის საიდუმლო საუბარის სრული ვერსია. ვერსია რომელიც ხელისუფლებამ ხალხს დაუმალა.

აღმოჩნდა რომ ხელისუფლებამ ამოჭრა ის ნაწილები სადაც პატარკაციშვილი ადასტურებს, და ამაყობს კიდევაც, რომ პუტინის გაპრეზიდენტებაში მისი წვლილიცაა, რომ პუტინი მას მეგობრად კი თვლის, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებებით ვერ ამხელს. რომ პუტინს ყოველთვის დაურეკავს და ისიც კაცურად გაუგებს. რომ მიუხედავად ძებნილად გამოცხადებისა პუტინს მისთვის ქონება რუსეთში არ ჩამოურთმევია.

აი ეს არის მოდერნიზებული სერგო ორჯონიკიძე.
ფიგურა რომელიც ვაზელინწასმულს ჩააბარებდა საქართველოს პუტინს. თანაც საბოლოოდ ავტონომიების გარეშე.

ჩემი სათქმელი სხვაა.
რატომ დაუმალა ეს ამბავი ხელისუფლებამ ხალხს?
იმიტომ რომ ხედავს - დღეს უმრავლესობას მართლაც უნდა სწრაფი და უმტკივნეულო კაპიტულაცია.პატრიოტიზმი სიგიჟის სინონიმი გახდა.
დღეს პარადი არა მთავრობას ან ოპოზიციას, არამედ ჰომო სოვეტიკუსებს, "მეხუთე კოლონას" მიჰყავს.
მთავრობას ხალხის პატრიოიტობის იმედი (47%-ის მაინც) აღარ აქვს.
ის რაც პატარკაციშვილის მამხილებელი უნდა ყოფილიყო ღირსეული საზოგადოების მქონე ქვეყანაში, ჩვენმა ხელისუფლებამ დამალა.
მე მათ არ ვამტყუნებ.

Thursday, May 15, 2008

ფრაზა-ორიენტირი




ეს ფრაზა ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ორი მიზეზის გამო:

ჯერ ერთი - ის ჭია რაც მე მაწუხებს და რის სათქმელადაც მე ამ ბლოგს უკვე მეშვიდე თვეა ვუკირკიტებ, ამ ორ წინადადებაშია ნათქვამი.

ეს ფრაზა ფაქტიურად არის კანონი, დემოკრატიული საზოგადოების კანონი.

დღევანდელი, ათასი სასტიკი ისტორიული სოციალური ექსპერიმენტის შესახებ უამრავი ნიჭიერი ფილმისა და მსოფლიო მაშტაბების პოლიტიკური ნიუსების მნახველი, გლობალური ისტორიული განვითარების გამოცდილების მქონე ხალხი მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნის საზოგადოებას თუ ეს საზოგადოება დემოკრატულია.

ანუ ეს ფრაზა დღევანდელი მსოფლიოში არის არა დემოკრატიული საზოგადოების, არამედ - საზოგადოების არსებობის კანონი.


მეორე- რაც ჩემთვის მართლაც გასაკვირი აღმოჩნდა, ეს არის ამ ფრაზის ავტორობა.

"ცხელ შოკოლადში" ლანა ღოღობერიძის "პარიზული დღიურების" განსხვავებული მიმართულების ჩანაწერების კითხვისას გადავაწყდი ამ ფრაზას. ფრაზას რომელიც ორჯერ წავიკითხე და.. გამეხარდა. ეს წინადადება სრულად ხსნის ჩემს სათქმელს, ის ჩემი საიტის სლოგანად გამოდგება.


და მთავარი! თვითონ ფრაზა.

“დემოკრატიის მანქანას სპეციფიკური საწვავი სჭირდება. ეს საწვავი სამოქალაქო ღირსების განცდაა.დემოკრატია, დემოკრატიული საზოგადოება აშენდება მაშინ, როცა მოინახებიან ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან რაღაც გაღონ იმისათვის, რომ საზოგადოებამ მთლიანობაში გაიმარჯვოს.

დემოკრატია ვითარდება იქ სადაც არსებობს საზოგადოებრივი ზნეობა.”


ადრე ვწერდი სხვა ფრაზა-ორიენტირის შესახებ, რომლის ავტორი ნოდარ ნათაძეა.
ეს ფრაზაც ასევე ფრაზა-ორიენტირია. დიდი მადლობა ქალბატონ ლანას ერთერთი მკითხველისგან.

ბოლოსდაბოლოს მეც, სწორედ ასე არ ვფიქრობდი და ვფიქრობ, როცა უარი ვთქვი აფხაზეთში ნაბრძოლობის შეღავათების მიღებისათვის ვეტერანად დარეგისტრირებაზე?

მე ამ ჩემი ნაბიჯით ყოველწლიურად დაახლოებით 1000 ლარს ვკარგავ 2002 წლიდან (ანუ ჩემი ხელფასი ჩვეულებრივად იბეგრება და არა ვეტერანებისათვის მოგონილი შეღავათიანი სქემით).

მაგრამ დღეს კი არა, შევარდნაძისდროინდელი ექიმის 120 ლარიანი ხელფასიდან რომ ვუტოვებდი სახელმწიფოს 300 ლარს ყოველწლიურად, უფრო ამაყი ვიყავი, ვთვლიდი რომ ეს ფული 18 პენსიონერის ერთი თვის პენსია იმ ღატაკ სახელმწიფოს ჯობდა დარჩენოდა ჩემგან. იქნებ რამე საზოგადოდ სასარგებლო გაეკეთებინა ამ ფულით. კიდევ რა არის ჩემი პიროვნული გადაწყვეტილება დემოკრატიის სასარგებლოდ, ახლავე მოგიყვებით.

ღუდუშაურის ცენტრში ექიმები რთული გასაუბრებისა და საექიმო CV-ის გათვალისწინებით მიგვიღეს და 2002 წელს, იმ დროისათვის მეფური 1000 ლარიანი ხელფასები მოგვაკუთვნეს.

ღუდუშაურის კლინიკა მართლაც იყო ერთადერთი ასე ვთქვათ, ფანჯარა ევროპაში, ცივილიზაციაში. ყოველ შემთხვევაში ექიმებისა და საუკეთესო აპარატურის მეშვეობით გადარჩენილი ავადმყოფებისათვის. ხელფასის კუდი იმ დროს მომავალ ხელფასს წვდებოდა.

დღეს 2008 წელს ჩვენი ხელფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა და მსყიდველობითი უნარი კი მნიშვნელოვნად 2-3 ჯერ შემცირდა. ჩვენ სულ ალბათ 50-მდე კაცი ვიქნებით საქართველოში, რომელთაც ფაქტიურად იგივე ხელფასი გვაქვს, რაც შევარდნაძის დროს და თანაც მხოლოდ ხელფასზე ვცხოვრობთ.

და მიუხედავად ასეთი უსამართლობისა, მე ამ ხელისუფლების მომხრე ვარ.

ვაფასებ იმ შესრულებულ საქმეს რაც მათ საზოგადოებისათვის გასწიეს, საქართველოსათვის გასწიეს.
და არ ვაყენებ საკითხს ასე - "მერე მე აქედან რა? მე მომცენ ჩემი კუთვნილი და მერე დახარჯონ შადრევნებში"

ვიცი, ვიცი კი არა დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს უპირველესი ხარჯი უნდა იყოს ენერგეტიკა, საინვესტიციო გარემოს შექმნა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლება.

აქედან ყველა ის, მაცივრის გარეთა ხარჯი, რაც მოსახლეობას ზედმეტი გონია (გზები, ფასადები, ძეგლები, შადრევნები) აუცილებელია 1. ინვესტიციების მოსაზიდად 2. მოქალაქეთა თვითშეფასების, მოტივაციის ასამაღლებლად.

მე ჯერ არ მშია.

წელს რა ინვესტიციაც მიიღო საქართველომ, იგივე რომ მიიღოს შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ჩემი, ექიმის ხელფასიც

გასამმაგდება

მოკლედ ჩემი წვლილი ამ საზოგადოებაში ის არის, რომ არ ვწუწუნებ და ხელისუფლების დამხობას არ ვცდილობ საერთო ქვაბიდან უფრო დიდი ლუკმის მოხელთების მიზნით.