ნაღდი კაცი VS წესიერი კაცი
ორივე კარგი ადამიანის ეპითეტია. თითქოსდა რა აქვთ ერთმანეთისგან გასაყოფი.
წესიერი კაცი, ნაღდი კაცი. არ ჯობია ერთ ადამიანზე ითქვას ორივე?
მაგრამ იმდენჯერ გადავაწყდი უწესო ნაღდ კაცს, ისე მომაბეზრეს თავი , რომ გადავწყვიტე ჩემს თავში დავალაგო.
ცოტა ჰიპერბოლას ვიხმარ, ცოტა მიკერძოებას, ცოტა ტენდენციურობას და აგრავაციას, მოვაყრი უტრირებას და ფერმენტს, კატალიზატორს და ფიქსატორს. იქნებ გამოვიდეს ნათელი სურათი.
ნაღდი კაცი
ხო, ნაღდი კაცი ამაყია, რომ ნაღდი კაცია.
ნაღდი კაცი ჩვენში უყვართ, ნაღდი კაცი მართლაც საყვარელია.
ნაღდი კაცი მინდა ძმაკაცად, ძმად, მშობლად, ცოლად და შვილად.
აი სიძე კი მინდა წესიერი კაცი, რძალიც წესიერი მინდა, თანამშრომელიც წესიერი მინდა, მძღოლიც, ქვეითიც, რიგში უკან მდგომიც, გამყიდველიც, მინისტრიც, პოლიციელიც წესიერი მინდა, ექიმიც, მშენებელიც, პოლიტიკოსიც, ხუთი მილიონი მინდა წესიერი.
მხოლოდ 20 კაცი მინდა ნაღდი: ჩემები, ძმაკაცები, ოჯახი,
თუმცა,
მინდა რომ პოლიტიკოსები წესიერთან ერთად იყვნენ ნაღდებიც, ოღონდ უფრო წესიერები მინდა ვიდრე ნაღდები, მათ ჟინი მოეთხოვებათ რეალობის შესაცვლელად, ამიტომ მე მათ ნაღდობის უფლებას ვაძლევ (ოღონდ არა წესიერების ნაცვლად)
პრეზიდენტი მინდა ნაღდი, მას წესიერებაზე უფრო მეტად ნაღდობის უფლებას ვაძლევ, ბევრი აქვს შესაცვლელი. ნაღდი უნდა იყოს აუცილებლად, ჟინი უნდა ჰქონდეს კედლისმნგრეველი.
მოკლედ ასე დავლაგდით რაოდენობრივად
სინაღდე მინდა ჩემს გარშემო ადამიანების 0.1%-სგან წესიერება კი 99,9% სგან.
ამ თემაზე შარშან ამ დროს ყველაზეყველაზე ნაღდ ძმაკაცს ვეკამათე(თუ ის მეკამათა) ადამიანი ჯერ წესიერი მინდა და მერე ნაღდი მეთქი. არაო, ჯერ ნაღდიო.
მე კი შენ მჭირდები ნაღდი და ტაქსის შოფერი სულაც არ მინდა ნაღდი მეთქი, ვიბუქსავეთ ამ თემაზე. მამხილა უგულობაში, უჯიგრობაში, პედანტობაში, კანონდამჯერობაში და მორჩილებაში.
კრება დარჩა მხიარული, ჩემი არგუმენტები მაინცდამაინც არ ეპიტნავა.
"ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე" მისი საყვარელი ფრაზაა დათა თუთაშხიადან. შევახსენე.
მაინც უარზეა, 5 მილიონი უნდა ნაღდი.
მე, ყალბი მირჩევნია და წესიერი მეთქი ის ხუთი მილიონი მეთქი, რომელთაც არ მოეწონებათ წესი მაგრამ დაიცავენ მეთქი, ვიდრე ნაღდი რომელიც არ ეთანხმება წესებს და არღვევს კიდევაც მეთქი.
ალბათ მე ძალიან ეგოისტი ვარ.
მე ხო სხვა ადამიანებს ინდივიდუალიზმს, ჯიგარს, ხოშს და ხვაშიადს ვუზღუდავ (ჩემს იდეალში) ის კი აძლევს.
მას უნდა ქვეყანა სადაც ყველა, ვინც შეხვდება ჯერ ნაღდი იყოს, ინდივიდი იყოს პიროვნება იყოს და მერე წესიერი შემსრულებელი თავისი სოციალური როლისა.
მე კი მინდა რომ ხუთი მილიონი დაჩმორებული წესიერი ჭანჭიკი მეხვიოს, შუქნიშანზე სწორად გააჩერონ, სწორად გადავიდნენ და სწორად დაძრან, სწორად დამითვალონ, ქურდი დაიჭირონ, ბავშვს ასწავლონ, უმკურნალონ, საზღვრებზე იომონ, თამაშამდე საკმარისად ივარჯიშონ, თავზე არ დამაფერთხონ, სასაფლაოს ბილიკი შუბებით არ ჩამიხერგონ, 3 კაციან რიგში არ გამასწრონ, გზაჯვარედინზე საცობი არ მომიწყონ, პირადი სივრცეში არ შემომეჭრნენ, მიტინგზე ჩემი სახელით არ იყვირონ,
მინდა რომ ყველამ წესიერად შეასრულოს ეს ოხერა თავისი მინი სოციალური როლი: ქვეითის, მძღოლის, მენაგვის, თანამესუფრის, პაციენტის, ექიმის, გამვლელის, პოლიციელის, მგზავრის, ტურისტის, დამთვალიერებლის, კინომაყურებლის, ამომრჩევლის, ჯარისკაცის, გოლბეკის, ცენტრფორვარდის, ჟურნალისის... როლი.
სულაც არ მაინტერესებს გზის გადაკვეთისას შუქნიშნიდან ყვითელ შუქზე აღძრული მძღოლი ნაღდი კაცი არის თუ არა, ეკუთვნის თუ არა თავის სიალალეში ჩემი გზის გადაჭრა და ჩემი შეშინება.
სულ არ მაინტერესებს პაციენტის სინაღდე, მითუმეტეს რომ მაგ სინაღდეს ყოველთვის ამბიცია მოჰყვება რომ მას, განსაკუთრებულ ნაღდ ნატურას განსაკუთრებული მედიცინით უნდა უმკურნალო და სხვა მღიერ პაციენტებზე არ მოცდე.
სულ არ მჭირდება მე გზის გადაღმა მაცხოვრებელი კაცის ნაღდი და ალალი ბრაზი, რომელიც თვეში ერთხელ ღამის ხანგრძლივობით ჩხუბობს ხან ცოლთან და ხან მეზობლებთან.
აი, ასეთი ეგოისტი ვარ. ყველა უცხვირპირო უპიროვნო შურუპად მინდა
და ერთი გამართლება მაქვს მხოლოდ ამ ჩემი ეგოისტობისა.
ვთვლი რომ მეც თავად, და ის მცირერიცხოვანი ხალხიც რომელთა სინაღდე მინდა ( ოჯახი, საძმაკაცო) ასევე ჭანჭიკებად უნდა ვიყოთ ჩვენჩვენ სოციალურ როლებში. ჩემი შვილები წესიერად უნდა გადადიოდნენ გზაჯვარედინს, კინოში მზესუმზირას არ უნდა ყრიდეს, მე ომში ჯარისკაცი უნდა ვიყო, პლაჟზე ქოლგით სხვას ზღვის ხედი არ უნდა დაუფარო შეძლებისდაგვარად. ბომჟი რომ მოგაკითხავს, უნდა უექიმო როგორც მეფეს, ღარიბი შენგან რომ წავა იმედი უნდა ჰქონდეს, რომ შემდეგი ექიმიც გაუგებს. მოკლედ, ჩემი ნაღდების ნაღდობაც არ წარმომიდგენია წესიერების გარეშე.
აი ეს არის ჩემი ეგოიზმის გამამართლებელი.
ეგოიზმის, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში 5 მლნ წესიერი მინდა და მხოლოდ 500 ნაღდი.
არადა ამ ქვეყანაში, რომელიც ნაღდ ემოციას ამოფარებული ათასგვარ უწესობას ჩადის მასობრივი სინაღდის დიდი დეფიციტია.
ძალიან მაკლია როკმუსიკოსების სინაღდე და არ მაქვს.
მორისონი, ჯოპლინი, მუსი და რედიოჰედი, ბექი და ბონო, ლეონარდ კოენი და ბობ დილანი, მე მათი სინაღდე მაკლია ჩემს ქვეყანაში.
რატომ არის იქ მეტი სინაღდე სადაც არის მეტი წესიერება?
რამდენად წესიერები უნდა გავხდეთ მასა რომ გამოვზარდოთ 3-4 სუპერნაღდი?
უცნაურია (ან იქნებ კანონზომიერია) ქართველებს ერთი სუპერნაღდი გვყავს ალბათ ათიდან ერთერთი - ნიაზ დიასამიძე და ის როცა 2007-ში ოპოზიციის მიტინგზე გავიდა (საიდანაც ის სტვენით გააძევეს), სათქმელი ეს ჰქონდა, ჯიუტი სათქმელი- არაფრის ღირსრბი არ ვიქნებით სანამ წესიერები არ გავხდებითო (თავისუფალი პერიფრაზია).
ნაღდი კაცი VS წესიერი კაცი?
მიტინგზე მისულმა ნაღდმა კაცებმა წესიერების მოთხოვნა იუკადრისეს, ისინი ხომ ნაღდები არიან, დედამიწის ეპიცენტრები.
ქვეყანაში სადაც ნაღდი კაცების (ჟინიანი ინდივიდების) დეფიციტია, ყველა ნაღდობას თამაშობს და წესიერება ცხვენია.
ნაღდი კაცი არა მარტო წესიერ კაცს ამარცხებს, არამედ ნამდვილ ნაღდ კაცსაც.
მაშ რა?
სამოქმედო ლოზუნგები უნდა იყოს:
-ძირს მასობრივი ინდივიდუალიზმი ნაღდი ინდივიდუალიზმის ხელშესაწყობად.
(ისევე როგორც ევროპაში. გაიარეს უკვე.)
-წესები უპირველეს ყოვლისა
-სადაც შენი თავისუფლება არ იზღუდება ყველგან ჩემი თავისუფლების ზონაა.
-ჩემი თავისუფლება შენი საქმე არ არის.
-საყოფაცხოვრებო უწესობა სხვა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვაა და დაუშვებელია.
-ყოველდღიურად მოგიწევს ათამდე სოციალური როლის კარგად შესრულება, თუ გინდა რომ შენი თავისუფლება დაიცვა.
+
ბონუსად ერთი ლოზუნგი, რომელიც ყველა სიტუაციაში ამართლებს-
- ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო!
(ნაღდ სიალალეში არ გვეკუთვნის, დამსახურება უნდა, წესიერებით უნდა დაიმსახურო).
Friday, January 20, 2012
ნაღდი VS წესიერი
Posted by cartwheel at 12:26 PM
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
I just like the helpful information you supply
to your articles. I will bookmark your weblog and test
again right here regularly. I'm quite sure I'll be informed a lot of new stuff proper here!
Good luck for the next!
My web-site :: soccer transfer news 2006
Just wish to say your article is as amazing. The clarity in your post is simply nice and i could assume you're an expert on this subject. Well with your permission allow me to grab your feed to keep up to date with forthcoming post. Thanks a million and please continue the rewarding work.
Visit my blog ... latest transfer news premier league
Post a Comment