Wednesday, April 25, 2012

პატრიოტიზმი და/vs რელიგია



ბოლო დღეებში ილია მეორე თავის ქადაგებებში სულ უფრო და უფრო ზრდის პატრიოტულ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ თემას.

ამ თემის წილი ჩვენი სამღვდელოების ქადაგებებში ისტორიულად დიდი იყო. 

სამღვდელოება ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. თუმც ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში აქვთ საკუთარ ქრისტიანულ ეკლესიას ისტორიული და გადამწყვეტი როლი შესრულებული, საქართველო მაინც განსაკუთრებულია. 

საქართველოსთვის ქრისტიანობა სხვა უმრავლეს ქრისტიან სახელმწიფოსგან განსხვავებით არამხოლოდ ეკლესია, ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებელი საშუალება ( სამოთხე ომში დაცემულ გმირებს) იყო, არამედ თვითიდენტიფიკაციისა ( ჩვენ მართლმადიდებლები ვართ ერთად, ჩვენს გარშემო მტრებია) ტერიტორიის შემოსაზღვრის საშუალებაც ( ამ მიწაზე ლოცვა ქართულად შეიწირვის) 

ამ ხელშესახებ ფაქტორებს ( ჩვენ მართლმადიდებლები-ქართველები მტრებით ვართ გარშემორტყმულები და ჩვენი მიწა მართლმადიდებელი მიწაა, დავიცვათ) ემატებოდა ლეგენდარული მუდმივი კატალიზატორები: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, საქართველოში ქრისტეს კვართი ასვენია, ომში ქრისტეღმერთი მიგვიძღვება ურჯულოთა წინააღმდეგ. 
მშვენიერი კარკასია სახელმწიფოს ასაშენებლად და ფუნქციობისათვის. 

იმუშავა ამ კარკასმა, ახლაც მუშაობს. 

უმრავლეს ქვეყნებში საკუთარ რელიგიას არ აქვს ამდენად მნიშვნელოვანი როლი.
კერძოდ, რელიგია შეიძლება სულაც არ იყოს ჩვენ - ჩვენი მტრები პოლუსების თანმხლები. 

თუ ჩვენ მართლმადიდებლები - მტრები მუსულმანები ჩვენთან ათასწლეულით განმტკიცებული უპირობო კავშირი იყო, ჩეხისთვის, ესპანელისთვის, ფრანგისთვის, გერმანელისთვის მტერიც და მისი სიცოცხლის დამცველიც ერთი რელიგიის ჩვენ ჯგუფის წევრი იყო. მათთვის გარშემომყოფი ( მეზობელთა) მიწები მათივე ღმერთის განგებაში იყო. 

ანუ მათ პატრიოტიზმს რელიგია ბევრს ვერაფერს მატებდა ( თუ არ ჩავთვლით უკვე ნახსენებ ჯარისკაცის თავგანწირულობის მატებას).
საქართველო სხვაა.

მეხუთედან მეჩვიდმეტემდე ურჯულოებს ვებრძოდით და ბიზანტიას ვსაყვედურობდით, უფრო მტკიცედ რომ არ კიდებდა ხელს ჩვენს პროტექტორობას. მეჩვიდმეტეში კი ახალი ბიზანტია გამოგვიჩნდა - რუსეთი, რომელიც პოლიტიკურად მტერი აღმოჩნდა, მაგრამ ასეთად ვერ ჩავთვალეთ, ის ხომ ჩვენს რელიგიურ ჩვენ ჯგუფში იყო. 

მისი ტერიტორია ჩვენი ღმერთის გამგებლობაში იყო, ჩვენს მიწას სხვა ღმერთის გამეფება და ჩვენი ღმერთის გაძევება აღარ ელოდა. 

იქ, სადაც ერების 90% იყვირებდა - ის მტერია, ჩვენ გავჩუმდით და დიდ ჩვენ ჯგუფში გადავბარგდით, ნებაყოფლობითი ასიმილაცია დავიწყეთ რუსეთთან. 

დღეს საქართველო დამოუკიდებულია, მართალია ნაწილობრივ დაპყრობილია, ოკუპირებულია, მაგრამ აქ თბილისში აზროვნების, წერის, ბეჭდვისა და გამოსვლის თავისუფლება გვაქვს. რუსი ამ ტერიტორიაზე მაინც აღარ გვიზის ცენზორად. 

ჩვენ ახლა ნაღდები ვართ, ანუ ვართ ის რაც ვართ. მართალია უკანასკნელი ოცწლეულის ომებით, წაგებებით, შეურაცხყოფებით დაკომპლექსებული და შეკუმშული, მაგრამ მაინც ცენზურის გარეშე დარჩენილი და საკუთარი თავის მეყუდნე. 


და რას ამბობს დღეს კრებით სახელ საქართველოს მოსახლეობაში გაერთიანებული მასა?
რას ამბობს იმ პირობაში, რომ მისი მიწის საუკეთესო ნაწილი, გული და ხერხემალი მტერს აქვს მავთულხლართით და რაკეტებით შემოღობილი? 

12 საუკუნოვანუ უპირობო რეფლექსი - მტერი ჩემს ღმერთს ებრძვის, ვერ შეცვალა სამი საუკუნის თვალსაჩინო სტატუსმა - მტერი მეზობელი სახელმწიფოა, მისი რელიგიის მიუხედავად. 
ანუ ჩვენ თითქმის 3 საუკუნე გვქონდა იმისათვის, რომ გვესწავლა პატრიოტიზმი გლობალური მნიშვნელობით - რელიგიის მიუხედავად. მაგრამ არ გვეყო ეს 3 საუკუნე. 

კვლავ რელიგიას - ეკლესიას მივიჩნევთ ჩვენი პატრიოტიზმის ეპიცენტრად, და.. ვცდებით. 

მოდით წარმოვიდგინოთ ერთერთი ქრისტიანული ქვეყანა ქრისტიანულ გარემოში, რომლის ისტორიაში არცერთხელ ყოფილა წინასაომარი მოწოდება - დავიცვათ ჩვენი ღმერთის წილხვედრი მიწა ურჯულოებისგან, ცრუღმერთის ბატონობისაგან, დავიცვათ ჩვენი ოჯახები უღმერთობისაგან და ჯოჯოხეთის პერსპექტივისაგან. 

რა აბრძოლებდათ ამ ქვეყნებს? ამ ხალხს? რატომ კლავდნენ საკუთარივე რელიგიის წარმომადგენელ მტერს? რატომ აკლავდნენ თავს?

ალბათ პასუხისმგებლობა საკუთარი მიწის, ოჯახის, მომავლის, მეფის, ისტორიის წინაშე. 
იბრძოდნენ ღირსებისთვის, სახნავ სათეს საძოვრებისთვის, და.. 

ამ ხალხებმა ჩვენზე უკეთესი სახელმწიფოები ააშენეს. 


მათ პატრიოტული ტრიბუნა წიგნებში უდგათ ( ისტორიაში, მოგებულ ომებში, აშენებულ ციხესიმაგრეებში, მსხვერპლში და მათ საფლავებში) ჩვენ პატრიოტული ტრიბუნა კი ჯერ კიდევ ეკლესიაში გვიდგას. რა ვქნათ, გვეშინია ევროპული გაგებით პატრიოტული ტრიბუნის დადგმის. 1991 წელს პოლიტიკაში გადმოტანილი პატრიოტული ტრიბუნა ერთი წლის თავზე დავამხეთ, ზედმეტად ძნელი და პათეტიური გვეჩვენა. დღეს 2012-ში ისეთივე ხელის ფშვნეტით ვუყურებთ სააკაშვილის ეპიზოდურ, ფრთხილ მცდელობებს -პატრიოტული ტრიბუნა პოლიტიკაში გადმოიტანოს. გარეკე? რას გიგავს ნერვები, რას გვიყვირი შე კაცო, აი ეპითეტები რასაც ვიმეტებთ ტელევიზორებსწინ მოკალათებულები. 


აი, ეკლესიაში მყოფი პატრიოტიზმის ტრიბუნა კი გულს სალბუნად გვედება - ღმერთი ჩვენთანაა, ღვთიშობელიც, არ გაგვწირავს, ჩვენს რწმენას მტერი არ შებღალავს ( ისიც ჩვენიანია) და სხვა რა გვინდა? 
თაყვანი ვცეთ ღმერთს, ლოცვა გავაძლეროთ, ჩვენს თავში მოვსპოთ ერეტიკოსი, ათეისტი, ლიბერალ-დემოკრატი, თვითმარქვია წინამძღოლი სატანა, გავამრავლოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები, დავნათესავდეთ 300.000 ოჯახი, სასოებით ჩამოვიტანოთ გარდმოსული ცეცხლი, ღმერთს შევთხოვოთ კარგად გვიმყოფოს პატრიარქი, ჩემი მოძღვარი, რომელიც ჩემზე ჭკვიანია, და ... საქართველო გაბრწყინდება. 


ღმერთი ხომ გწამს, ხოდა აუცილებლად გაბრწყინდება. აი ის მწვალებლები მივაჩმოროთ და უფრო ადრე გაბრწყინდება. 

როდის შემოვა ჩვენში ზოგადი განათლება იმ დონეზე მაინც, რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან რელიგია როგორც მცნება და პატრიოტიზმი როგორც მცნება. გავარჩიოთ ბევრი სხვა ქვეყნის საინტერესო ისტორიის, გეოგრაფიის, გმირული წარსულის, ერის წინამძღოლთა ცნობით და ცოდნით. 


ჩვენც გვყავს ისტორიაში კაცი, რომელიც შეგეძლო გვყოლოდა ერის წინამძღოლად, პატრიოტიზმის მამად , მაგრამ ის ეკლესიამ მიიტაცა და ილია მართალი დაარქვა.

კაცი, რომელმაც სარწმუნოებას წინ დაუყენა ენა და მამული, დღეს თვითონაა სარწმუნოების ხატად ქცეული, მისი ხატი მისსავე ნათქვამ ენა მამული სარწმუნოებას ატრიალებს - სარწმუნოება, ენა , მამული თანმიმდევრობით.


ექნებოდათ თუ არა ინგლისელებს ის სიამაყა რაც მათ აქვთ მსოფლიო ლიბერალიზმისა და დემოკრატიის მამის ჯონ ლოკის ყოლის გამო, იმ შემთხვევაში, ლოკი ერთერთ წმინდანად რომ მიეღო ინგლისურ პროტესტანტულ ეკლესიას?

ალბათ კი, მაგრამ ჩვენთვის ეგ კაკალი ზედმეტად მაგარი აღმოჩნდა. ილია ჭავჭავაძე წმინდა ილია მართალია, პატრიოტიზმის ტრიბუნა ისევ ეკლესიაში დგას.

ყველა მოგებულია? 

ეკლესიას ავტორიტეტი, 
მოქალაქეს გაბრწყინების გარანტია ( თუ ჯერ არ გავბრწყინებულვართ, ესეიგი სატანისტები გვმართავენ, გადმოვაგდებთ და სულმნათებს დავისვამთ) 

სახელმწიფოს? სახელმწიფო თუ რჩება მოგებული ამ საყოველთაო, ოღონდ რელიგიურად განსაზღვრული სხვას ( ღმერთს) გადალოცილი პასუხისმგებლობით?

მოვკვდებით , სამოთხეში წავალთ
სატანისტებს მოვიცილებთ მმართველობიდან , გავბრწყინდებით. 




მე კი, საქართველოსთვის იაპონელთა, გერმანელთა, თურქთა, იტალიელთა პატრიოტიზმი მინდა, უფრო სწორედ მათი პატრიოტიზმის ნატამალი მინდა ამ მიწაზე: მათ წაგებულებმა, მას შემდეგ რაც საკუთარი ისტორიული მძლავრი იმპერიების ქონით გულმოცემულებმა ზერასად ჩათვალეს თავი და ფაშისტურ კოალიციაში შევიდნენ, და შემდეგ მწარედ დამარცხდნენ მსოფლიოსთან, რომელსაც სამუდამო ბატონობას უპირებდნენ, მათ წაგებულებმა საკუთარი ეროვნული ენერგია - პატრიოტიზმი ჰომოსაპიენსის ყველაზე ღირსეული ბრძოლის ასპარეზზე გადაიტანეს: ააშენეს წესიერი ქვეყნები, ავტომობილები, რომლებიც მთელი დანარჩენი მსოფლიოს ავტოპარკის 80% შეადგენს, რობოტები, რომლებიც მსოფლიო რობოტთა ( ავტომშენებლობის მმოქმედ რობოტთა და არა მხოლოდ სარეკლამო პოპულარულთა) 90% მათ დაამზადეს. 

ჩაღუნეს თავი და გააკეთეს უკეთესი, უსწრაფესი მანქანების ბრენდთა 90% ამ ქვეყნებზე მოდის, იპოვეს მტერი საკუთარ თანამოქალაქეში, რომელიც მანქანიდან ნაგავს ყრის, და მკაცრად დასაჯეს, დასამახსოვრებლად, 

მათ სრული რევანში შეძლეს სამხედრო მარცხის შემდეგ.

მათი რევანში მძაფრი და საფუზვლიანია. 
ჩვენ დანარჩენები მათ ვენდობით, მათ ნახელავში ფულს ვიხდით და ოჯახებს ვანდობთ, მათ qვეყნებში გვინდა ცხოვრება, დასვენება, მუშაობა. 

საკუთარი იმპერიის ქონის ისტორიის მქონე ერებმა საკუთარი არამილიტარისტული უნარი წამოწიეს წინ - და.. გახდნენ ზეადამიანები. 

არ გჯერათ? 

ტალია- უსწრაფეს ავტობრენდებში 5 დან 3 მათია
საუკეთესო ავტობრენდების ათეულში 5 გერმანულია, 4 იაპონური
საოჯახო ტექნიკის 10 საუკეთესო ბრენდშიც მსგავსი თანაფარდობაა
მუსიკალური ტექნიკა და ტელევიზორები, იგივე სურათია. 
თითქოს კორეა, ოღონდ სამხრეთ კორეა არღვევს ამ კანონზომიერებას, ის დიდი წილით არის წარმოდგენილი ავტომრეწველობაში, მობილურ ტელეფონებში და მსოფლიო აღიარებული ლიდერია გემთმშენებლობაში.რამ აიძულა გამარჯვებული, კომუნისტურ- სოციალისტურ კლანჭებს გამოგლეჯილი კორეელები საკუთარ თავში ეპოვნათ ზეადამიანი, რომელიც გააკეთებდა იმას რაც სხვისთვის მიუღწევადია? რატომ ჩართეს გამალებული წარმატების რეჟიმი სამხრეთ კორეელებმა? არღვევს თუ არა სამხრეთი კორეა ინტელექტური რევანშის თეორიის კანონზომიერებას? არადა არ არღვევს ისინიც დაპყრობილები აღმოჩნდნენ, ამერიკელებმა ისინი იძულებით მოწყვიტეს ამ გეოპოლიტიკურ რეგიონში ბუნებრივ დისციპლინირებულ იერარქიას და დემოკრატია მოახვიეს თავს.სამხრეთ კორეწლები იგივე მდგომარრობაში აღმოჩნდნენ, რომწლშიც დასავლეთ გერმანელები, ისინი ცივილიზირებულმა მსოფლიომ დაიპყრო და იმპერიალისტურ მილიტარისტული ოცნებები გადაუბელა. და.. სამხრეთ კორეელებმა შეძლეს ის, რაც შეძლეს დასავლეთ გერმანელებმა 30 წლის წინ - მათ აიღეს რევანში, დაუმტკიცეს ცივილიზებულ სამყაროს რომ მაგარი ხალხია.უომრად, ჩუმ ზამბარად შეკუმშულობით, უწესობისა და უხარისხობისადმი ბრაზით, შიდა კონკურენციით. და რაც მთავარია მთავარი ქვეშეცნეული ფაქტორით - პატრიოტიზმით, ოღონდ არა ჩვენებური დემონსტრაციულ, ნამღერ, ნალოც, ნაგალობებით, ზოოოპტიმიზმით, არამედ პატრიორიზმით ამ სიტყვის დაუმახინჯებელი, მოუვარაყებელი მნიშვნელობით - საკუთარი მიწისა და წინაპრების სიყვარულით, ერთობით, მარადისობასთან საკუთარი შექმნილ-აშeნებულით დაკავშირებით. 
როდის იტყვიან საქართველოში თავის სიტყვას ათეისტი პატრიოტები? როდის შეიძენენ წონას?
ზუსტად იგივე შეკითხვაა - როდის გვეშველება?

ერთდროულად მოხდება ეგ.
ქიმერებისგან თავის დაღწევა = შველას, საქართველოს გაბრწყინებას, ოღონდ ცივილიზებული ინტელექტით და ენერგიით.

შორია ჯერ?

2 comments:

Anonymous said...

Hello to every one, the contents existing at
this web site are truly awesome for people knowledge, well, keep
up the nice work fellows.
Feel free to surf my weblog : manchester united transfer news for 2013

Anonymous said...

If you are going for most excellent contents like I do, only pay a quick visit this web page
everyday as it offers feature contents, thanks
Also visit my web-site :: transfer news chelsea hulk