ზოგჯერ სამსახურში მეწვევა განცდა ( და არა მხოლოდ გრძნობა) რომ მუშა ფუტკარი ვარ, რომ მთელი ჩემი ეს ინკოგნიტო თავდადება ანონიმურია, უსახელოა, არაშეფასებადია, მადლიერების გარეშე ჩაივლის და ... ბუნებრივია, ისე როგორც მუშა ფუტკრის შემთხვევაში.
ძაანაც რომ არ მოვისაწყლო თავი და გამოვტყდე, ვიტყვი რომ ჩემი მუშაობის დამნახავი და შემფასებლები მაინც მყვანან.
და ისინი ყველაზე მეტად ჩემი ექთნები არიან.
ბუნებრივიცაა, სწორედ ისინი არიან იმ დილემების მოწმე, რომლებიც მორიგეობის განმავლობაში ალბათ 20 ჯერ მაქვს.
იმავე სტატისტიკით თანამშრომელი ექიმები ალბათ მორიგეობაზე 10 დილემაში გხედავენ,
ზემდგომი ადმინისტრაცია კი თვეში მხოლოდ 3 დილემაში დაგინახავს.
ექთანთა მიერ შემჩნეული 20 დილემიდან თვითონ ავადმყოფი იმავე მორიგეობაში ალბათ 5 შემთხვევაში რჩება კმაყოფილი და ალბათ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ამბობს მადლობას.
დღეს მძიმე მორიგეობა მაქვს, თუმცა არავინ მომკვდენია და შეთანხმებული ვარ საკუთარ თავთან, სულ ყირაზე რომ მომიწიოს დგომა, ასეთ მორიგეობაზე არ ვიწუწუნო. არც ვწუწუნებ. მითუმეტეს რომ
დღეს ერთი ძალიან ექსპრესიული მადლიერი ცისფერთვალა ბებო მყავდა. უამრავი მადლობა მითხრა და ორჯერ ხელზე საკოცნელად გამოიწია. კარგად დამთავრდა ( დროებით მაინც ) მისი ამბავი.
საავადმყოფოში 6 საათი დაჰყო, მისი პატრონები საშინლად ნაწყენები დარჩნენ ამით, რა ამბავია საავადმყოფოში სისხლმდენი ბებო 8 საათი ვერ მოარჩინეს, უყურადღებოდ ეგდო ალბათ. მთავარი რისხვის მოტივი კი ის იყო, რომ მათ მთავრობა შეაწუხეს ამ ბებოს დასახმარებლად, უგულო ექიმებისათვის მათრახის გადასაკრავად ( მინისტრის მკადგილე, სამინისტროს საგანგებო სამსახური და კიდევ ერთიორი საპატივცემულო პერსონა პერსონა პერმანენტულად ურეკავდა ჩემს მთავარ ექიმს, რომელსაც სულ 2 კვირაა ვიცნობ, დილის კონფერენციებიდან, რომ მისი ექიმი საქმეს ვერ აკეთებს, რომ ზემდგომი ორგანოების შეწუხების უნარის გამოყენებკს მიუხედავად მათი ბებო ისევ საავადმყოფოშია, რომ მის უდიდებულესობა გავლენკან ადამიანს აბუჩად იგდებენ.
ბრაზის ყველაზე გულწრფელი მოტივი კი იმ დროს ითქვა, როცა ჩემი უნიათობით აღშფოთებული მთავარი ექიმი საავადმყოფოში სასწრაფოდ მოვიდა და სიტუაციაში გარკვევას შეუდგა.
აი ფრაზა, რომელიც პრეტენზიულმა სიძემ ნათლად ჩამოაყალიბა. ვისაც ყურნი აქვთ მოისმინონ
" მე აბუჩად ამიდგეს, ჩემი ცოლი კაცად მთვლის, მინისტრის მოადგილეს დავურეკე, ესენი კი, დრო გადის და არც არაფერი, თითქოს ბუზს ეზუზუნოს., მე ჩემი სტატუსი შემერყა"
ხუთიანი გულწრფელობაში.
მე კი საჯარად გპირდებით, ასევე გულწრფელად, რომ როგორც ამ მორიგეობაზე, ყველა შემდეგ მორიგეობაზეც, სანამ გავძლებ ამ ადგილზე მუშაობას, ზუსტად ისე მოვიქცევი როგორც მოვიქეცი, პრეტენზიული ხალხის ავადმყოფ ბებიასაც კმაყოფილს გავუშვებ, და რაც მთავარია, გავაკეთებ სამართლიან რანჟირებას - მეტი დრო და პირველი რიგი სასწრაფო დახმარების საჭიროების მქონე ავადმყოფს და მხოლოდ შემდეგ შედარებით მსუბუქ, თუნდაც გავლენიან ტრაკში პეროგაყრილ ავადმყოფის გულშემატკივტებს.
მეორე ბებო, რომელიც ჩვენი ბებოს ზუსტად გვერდზე მოხვდა და რომელსაც თითქმის იგივე საწყისი დიაგნოზი ჰქონდა - ფარული სისხლდენა, ზუსტად იმ დროს მესამე სამკურნალო ( სისხლის შეჩერება გასტროსკოპიულად) გასტროსკოპია უტარდებოდა და წნევა 57/24-ზე ჰქონდა. მოხერხდა სისხლის გაჩერება, იყოჩაღა ენდოსკოპისტმა, მას მე შევუწყე ხელი იმით, რომ პაციენტის ბორგვა დავთრგუნე წამლით, რომელიც მეორეს მხრივ წნევას კიდევ უფრო დაბლა სწევს, თუ ხრამსა და კიდს შუა ფილიგრანულად არ გაიარე წნევას დააგდებს და სუნთქვას გაგიჩერებს, მერე გულსაც.
ეგ წამალი 6 სხვადასხვა დოზით და სიხშირით გავუშვი,ხელზე ხელი მეკიდა და ვეფერებოდი რომ დამშვიდებულიყო და კიდევ ერთი მცდელობის საშუალება მოეცა.
სისხლდენა იმდენად ინტენსიური იყო, რომ ქირურგი საოპერაციოს მზადყოფნას ამოწმებდა უკვე.
ავცდით ოპერაციასაც და ხელოვნურ სუნთქვასაც. კარგადაა, რეანიმაციიდან იკვე გადაიყვანეს ქირურგიაში.
ბებო არველოდის, რომელიც თავისი მშობლების სულ რაღაც მეორე შვილი ყოფილა, გასტროსკოპია მხოლოდ მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ნათელასთან ვიყოჩაღეთ.
არველოდი კარგი მონაცემები ჰქონდა თავიდანვე, არც ანემია, არც წნევის ვარდნა არც სისხლდენის გახანგრძლივების ხილული ნიშნები. არველოდი შეშინებული იყო თავიდანვე და იმდენი ვეხუმრე და ვაიმედე, რომ თითქმის დავმეგობრდით. მშვიდად ელოდა თავის რიგს ნათელას შემდეგ, სოსხლდენა მართლაც შეწყვეტილი აღმოჩნდა გასტროსკოპიით. უნდა დარჩენილიყო საავადმყოფოში ორი დღე პრობლემის ( სისხლმდენი დაწყლულებული პოლიპი კუჭში) და ასაკის გათვალისწინებით, პატრონებმა ( შვილიშვილმა და სიძემ) კატეგორიული მოთხოვნით და უკმაყოფილების დაუღალავი დემონსტრირებით დატოვეს კლინიკა. ცისფერთვალა ბებო კი სანამ თვალს მოეფარებოდა მადლობებს მიხდიდა და მლოცავდა.
ნათელამ მეორესა და მესამე გასტროსკოპიის შუალედში გაბრაზებულმა მითხრა, არა ხარ შენ კარგი კაცი, მომატყუეო, შეწუხებული იყო გასტროსკოპიის გახანგრძლივებით.
მაინც დავითანხმე მესამეზე, კაი ვქენი.
ამ დროს, პარალელურად მოესწრო, 22 წლის ხელმეორედ შემოსულ გოგოზე მწვავე გასტრიტის დიაგნოზის შეცვლა გაუვალობით, გაუკეთდა ოპერაცია,
სუიციდის მცდელობიან 24 წლის გოგოსთვის ცენტრალური ( ლავიწქვეშა) ვენის ჩაყენება საკმარისი გადასხმისთვის 3 არხიანი კათეტერით, თავის ტვინის კიბოიანი 29 წლის ბიჭის ხელლვნურ სუნთქვაზე გადაყვანა, წინასწარ დავითანხმე ნახევრად გონზე მყოფი ხომ ხედავ როგორ გიჭირს სუნთქვა, თუ დამეთანხმები დამხმარე სუნთქვაზე გადაგიყვან, დაიძინებ და რომ გაიღვიძებ მილი გედგება და ის გასუნთქებს მეთქი. იმედიანი თვალებით დამეთანხმა, დავაინტუბირე. მიუხედავად შიშისა რომ ძველი ტრაქეოსტომიული მილისგან დარჩენილი ფისტულა,რომლითაც თვეები სუნთქავდა დანაწიბურდა, გადაიკეტა და ტრაქეის სტრიქტურაც გამოიწვია, ინტუბაციამ მშვიდობიანად ჩაიარა. მონაცემები გამოუსწორდა, თუმცა საბოლოოდ არა, რა თქმა უნდა , დიაგნოზის გათვალისწინებით.
ამავე დროს განყოფილებაში მყავდა კიდევ 5 ავადმყოფი ( აპენდიციტი, თირკმლის ჭვალი,ორსულთა პიელონეფრიტი, ცისტიტი და ეჭვი მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზზე).
ეხლა ღამის ხუთია, განყოფილება დაიცალა, მაგრამ მე ჩემივე ადრენალინს ვერ ვერევი ჯერ და აქ კენკვით მინდა დავწვა. 15 წუთი ძილი ძალას ისევ მომცემს. თვითმკვლელ დედიკოს წნევა ისევ დაბალი აქვს 70-28. არა უშავს, 4,5 ლიტრი გადაესხა უკვე. ესეიგი მედიცინის გარეშე კომაში იქნებოდა. ხაჭოს მიირთმევს, ხასიათზეც მოვიდა, წნევა აიწევს, მაგის ნებაა?
ამ მორიგეობიდან უფროსობისგან საყვედურებით გამოვალ, ერთი ხეირია საუკეთესო ექთანი, რომელმაც ჩემი ტელეფონით პასუხი გასცა მთავარ ექიმს და განარისხა ის სიტყვა გენაცვალეს (ირონიულად არ სინამდვილეში ენობრივი ლაფსუსი გამოვიდა) ხმარების გამო.
მე ვერ ვუპასუხე, მოწამლულზე სტერილურ გარემოში ლავიწქვეშა კათეტერს ვდგამდი, უნდა ჩაარჭო ყიზილბაშის სიბოროტით 10 სმიანი ნემსი ლავიწის ქვეშ, თითქმის მიწვდა ტრაქეას, ოდნავ აცდე ფილტვის გუმბათს და მოხვდე ლავიწქვეშა ვენაში, და მერე ცხონებული სელდინგერის მიხედვით.
დირექტორს შემდეგ გადავურეკე, უკვე სანაპიროზე ვარ, ძალიან გაბრაზებული ვარ, უნდა გნახოთ შენ და ეგ ექთანიო, უფრო მაგ ბელას სანახავად მოვდივარ, ეს როგორ მელაპარაკაო.
ბელა სომეხია, სასაცილო ქართულით ლაპარაკობს მაგრამ ქართული კალიგრაფია აქვს, ბევრი ინატრებს, ომის დროს განყოფილებიდან არ გასულა, მაგრამ ხანდახან გულწრფელად გადაიკისკისებდა როგორც ჩვევია.
ბელა ორსულადაა, ქართველი გოგო უნდა გააჩინოს 5 თვეზე იყო სამი მორიგეობის წინ გულგაჩერებულს 82 წლის კაცს ( იმასაც ფარული სისხლდენით, კუჭის წყლულიდან) მეხუთეჯერ რომ დავიღალე და მეხუთეჯერ რომ შემცვალა, მაშინღა გამახსენდა რომ ორსული იყო და თუ ნებას დამრთავს, როგორც მის ქმარს შევპირდი, ჩემი ნათლული უნდა გამიჩინოს.
ხოდა ერთი ხეირია მეთქი, ამ მორიგეობიდან, ამ ჩემ ექთან ბელას აღარ გააგდებენ სამსახურიდან.
იმედია ჩემი ახსნა სიტუაციისა და ბოდიშები საკმარისი აღმოჩნდება.
ყოველ შემთხვევაში საუბრის შემდეგ მე დირექტორი მომლბალი მეჩვენა, ყურადღებით მომისმინა ყოველ შემთხვევაში.
ხო, ბებო, ცისფერთვალა არველოდი, ვერ ნახა, სანამ ჩვენ საქმეს ვარჩევდით საორდინატოროში უკმაყოფილო სიძესთან, ექიმი შვილიშვილის მიერ გამოძახებულმა სასწრაფომ ბებო სახლში წასაყვანად მანქანაში გადააგორა.
15 წუთი წაძინება მერგება კიდევაც.
მაგრამ გაშვებულია ეგ შანსი ამჯერად დამნაშავე ჩემი აიპოდია, სასწრაფომ დამირეკა და ახალი კუჭნაჭლავიდან სისხლდენიანი ავადმყოფის მოყვანაზე მაცნობა. დავეთანხმე, როგორც ჯიმ კერი მოსამართლეს ლაიერ ლაიერში. ხომ ვერ მოვატყუებ, ახლა ადგილი მაქვს. მაქვს ადგილი.
ეს კუჭნაწლავიდან სისხლდენები დღეს განსაკუთრებით ბევრია, ეტყობა სავსე მთვარეა, ან როგორიღაცა შესაბამისი.
არც ღმერთის მწამს და არც ჰოროსკოპია, მაგრამ მთვარის ძალისა მწამს.
ცოდნით არ ვიცი, მაგრამ პირადი პრაქტიკა მეუბნება, რომ სხვადასხვა ავადმყოფობებს სხვადასხვა კალენდარული ტალღა აქვთ, ხან ყველას თირკმლის ჭვალი აქვს, ხან ყველას სისხლდენა კუჭნაწლავიდან, ერთხელ, როდესაც 6 ქალი მივიღე მეტრორაგიით (საშვილოსნოდან სისხლდენით) , ერთი კაციც მოვიდა პროსტატიდან სისხლდენით. რაღაც საერთო კანონზომიერების მიხედვით.
როგორც ობიექტური რეალობაა, რომ ხე უნდა მოჭრა შეშად, გასხლა, ნაყოფი უნდა დაკრიფო მთვარის კალენდრის შესაბამისად ( სითხე ზემოთ მიდის, სითხე ქვემოთ ჩამოდის) , ისევე გრავიტაციის ყველგანმსუფევი ძალით მწვავდება დაავადებები მთვარის ხოშის მიხედვით.
მთვარეს ოკეანის გადატან გადმოტანა შეუძლია და ერთი კაცის სისხლის გადანაწილებას რატომ ვერ შეძლებს.
ხოდა დღესაც მთვარეა დამნაშავე, ჩემს შემდეგ ავადმყოფს მალე შემოარიხინებს სასწრაფო სტაფილოსფერი საკაცით.
ძილი გადაიდო ან გაუქმდა ამ ღამისთვის.
მოვიდა.
მეგონა, ორსული ყოფილა სამშობიარო ჭინთვებით, პირდაპირ გავუშვით სამშობიაროში, ოღონდ ჩვენს სავარძელზე დაბრძანებული. გავამხნევე, მე მგონი არ ჩამეთვალა, ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა.
ა, სისხლდენაც მოვიდა, ჩემი შეშინებული სტუმარი 06: 19
შემეშალა, 29 წლის მარია ორსული, თირკმლის ჭვალით, სისხლდენა საეჭვოდ იგვიანებს.
მარი ნახევარ საათში უკეთ იქნება, აღარ იტირებს, მაგრამ თუ სტენტი დასჭირდა სადთაც 500 ლარი ექნება ოჯახს საშოვნი,
დაზღვევა არ ჰქონია.
წერა მეზარება თორემ ამავე მორიგეობისას მოგიყვებოდით რომ მყავდა ორი თავიდან ბოლომდე ნაავარიევი მთვრალი, მოჩხუბარი მთვრალი მასპინძლით,
მხუთავი აირით - ცეოთი მოწამლული გოგო, კომაში აპარატზე, გადარჩენილი იმით, რომ რეფლექსები გამოავლინა, ბრონქოსკოპისტი მოვიწვიე და ბრონქოსკოპია ჩაუტარდა ხელოვნური სუნთქვის პარალელურად,
კინაღამ ჩემი განყოფილების გამგეს დავაბრალე, სუბკლავიის კათეთერირებისას ფილტვს გაედე და ცოტათი დაფუშე მეთქი, მარჯვენა ფილტვის საკვებით ასპირაციით ყოფილა გამოწვეული მოყრუება, ბრონქოსკოპიის შემდეგ გამოსწორდა. კინაღამ მეთქი, პრინციპში დავაბრალე კიდევაც ოღონდ დროზე გადავთქვი, ჯერ კიდევ ბრონქოსკოპიამდე
ვეკამათე და დავითანხმე სადაზღვევო კომპანია ვალენტინაზე გულმკერდის რენტგენის შემდეგ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრამა გადამეღო.
საჭირო აღმოჩნდა. გუმკერდის დეფორმაცია სქოლიოზის მიზეზით იყო, ინფილტრაცია კი საბედნიეროდ 1200 მლ ტრანსუდირებული სითხით, კიბო არ აღმოჩნდა. თორაკოქირურგმა ამოუღო სითხე პუნქცია ასპირაციით, მანამდე კი ერთერთმა დირექტორმა დამირეკა, რაო, რასაც სადაზღვეო მეუბნება დავიჯერო მართალიაო? თქვენი რეანიმატოლოგი რენტგენით ვერ სვამს პნევმონიის დიაგნოზსო?
ავუხსენი. გაიგო მემგონი.
ამავე მკრიგეობაზე ვუთხარი მას,ასევე ტელეფონით, რომ გეტყვიან გიგამ რაღაცა სისულელე გააკეთა, აუცილებლად შემეკითხე, ისინი სადაც ერთს ფიქრობენ მე შეიძლება სამი მაქვს საფიქრი მეთქი
ხო, მორიგეობისას სულ ორჯერ ვიჩხუბე ( იმათ არ ვთვლუ, რაც ჩამოგითვალეთ) სხვა ავადმყოფის სხვა სიძესთან, რომელიც ვერაფრით ვერ მიხვდა რად უნდოდა მის სიდედრს მეათე საათი მიმღებში ყოფნა, არადა იმ ქალს ცხოვრების დიაგნოზი სწორედ მეათე საათზე დაესვა ქირურგის მესამე კონსულტაციის შემდეგ. ნუ, წავკბინეთ ერთმანეთს, ბევრი არაფერი, წესიერი კაცი აღმოჩნდა ბოლოს შევრიგდით, მადლობით წავიდა, პაციენტიც.
მთვრალი დამტვრეულების მასპინძელი კი მოსვლისთანავე ჩხუბზე გადმოვიდა - გადამირჩინე ბიჭები თორემ თავს მოგაჭრიო, იმას კი გავექაჩე, დაცვამ გაათრია, მერე ისიც მეპადხოდა, პრკნციპში მასთანაც შევრიგდი.
ერთი კუდი მიმყვება - შეიძლება ბელას დაჭირდეს ჩემი განმეორებითი რეკომენდაცია დირექტორთან.
აუცილებლად ვუხსენებ როგორ გვასწრებდა ყველას ორსული გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარებას და აგვისტოს ომის დღეებში მორიგეობებს, ომის პრემია, რიმელიც ნახევარი წლის შემდეგ მოგვცეს ზედმეტად სიმბოლური აღმოჩნდა, უფრო სწორედ არც არაფრით მეტი 0-ზე, მონაწილეთა 90%-თვის.
მათ შორის ბელასთვის.
...
მორჩა წერა, სიცხე მაქვს.
ანდა, სულაც, სიცხე რომ მაქვს იმიტომაც დაიწყო.
Sunday, April 1, 2012
ერთი მორიგეობის დღიური. არასრული.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment