Wednesday, March 19, 2008

აგრესიის პანდემია 1991-1993




ქართველებს არა გვაქვს ყველასთვის გასაგები და მარტივი არგუმენტები სეპარატისტების წინააღმდეგ. კოკოითი ამბობს - თქვენ, ქართველებს რომ არ დაგეწყოთ ომი ახლაც ერთად ვიცხოვრებდითო.

გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი. საბჭოთა კავშირის ნგრევა მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. იმპერია რომელიც 4 თვის წინ მთელი დიდი ბრიტანეთის მაღაროელთა 6 თვიან გაფიცვას მართავდა, უცებ რეალური დაშლის წინააშე აღმოჩნდა.
მან ყველა რესპუბლიკაში წარმატებით შეძლო ეროვნებათშორისი ურთიერთობების გამწვავება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.
ახლა ჩვენ ეჭვი არ გვეპარება რომ სსრკ რღვევის პარალელურად, ყველა რესპუბლიკის მიერ საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობაზე ზრუნვა დროის მოთხოვნა იყო და არა ამბიციური ექსტრემალების აგორებული ტალლღა. საქართველოში განვითარებული ეროვნული მოძრაობა, რომლის მიზანს საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა და საქართველოს დამოუკიდებლად მართვა წარმოადგენდა, ასევე ბუნებრივი და დროის მოთხოვნით აღმოცენებული მოვლენა იყო. ეს პროცესები არ იყო მიმართული ეროვნული უმცირესობების საწინააღმდეგოდ, ის იყო მიმართული იმპერიის წინააღმდეგ.

ანალოგიური პროცესები განვითარდა მონოეთნიკურ ქვეყნებშიც; სომხეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ბელორუსში.

ეროვნებათაშორისი ურთიერთობები სახელმწიფოს შიგნით ურთულესი ფენომენია და მის ჩამოყალიბებასა და დარეგულირებას განვითარებულ ქვეყნებშიც კი საუკუნეები დასჭირდა. ისტორიას მრავლად ახსოვს შიდა ომები დევნა და რეპრესიები უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. ბევრი სისხლი, აგრესია, ჩაგვრა და უსამართლობა გადააგორა საუკუნეების განმავლობაში იტალიურ-კორსიკულმა, ესპანურ-ბასკურმა, ინგლისურ-შოტლანდიურმა, ფლანდრიულ-გერმანულმა ურთიერთობებმა სანამ ამ ხალხებმა ის წავლეს ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის უფლებების დაცვის საერთო პასუხისმგებლობა.

საქართველოს ქართველთა ბუნებრივი, ისტორიული ტოლერენტობის გათვასწინებით შეეძლო შედარებით მცირე დროში, უმტკივნეულოდ დაერეგულირებინა ურთიერთობები ავტონომიებთან მაგრამ რუსეთმა ჩვენ არ მოგვცა საშუალება, რამდენიმე წელი მაინც აგვემუშავებინა სახალხო დიპლომატია.

რუსეთმა თითქმის ყველა რესპუბლიკაში სადაც ავტონომიები იყო მოახერხა დაეყენებინა საკითხი ასე, ავტონომიებში რჩება კომუნისტური მმართველობა მოსკოვის ქვეშევრდომობაში, თქვენ რესპუბლიკებმა, ან უარი თქვით დამოუკიდებლობაზე, ან შეეგუეთ თქვენი სახელმწიფოს ავტონომიური რესპუბლიკების დაკარგვას. ავტონომიურ რესპუბლიკებში რა თქმა უნდა იყო სიახლის, ახალი უცნობი პოლიტიკური წყობის შიში, მაგრამ იმისათვის რომ ხალხს იარაღი აეღო ხელში და მკვლელობები და ქართველების საცხოვრებლიდან გამოყრა დაეწო რუსეთის წაქეზება დასჭირდა. ფაქტიურად საზღვარი რუსეთის იმპერიასა და საქართველოს შორის ავტონომიების საზღვრებს დაემთხვა.

საკუთარი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება ყველა ადამიანის ისტორიული ვალია მთელს მსოფლიოში, და არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც უბრძოლველად დათმობს საკუთარ ტერიტორიებს. შეიძლებოდა თუ არა რომ ეს ბრძოლები წარმართულიყო უსისხლოდ, პოლიტიკურ ჩარჩოებში. გაიხსენეთ თქვენი მაშინდელი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ..
იმ პერიოდში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი სიმწვავით დადგა ეროვნებათშორისი ურთიერთობების საკითხი და უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ სხვადასხვა ქვეყნების დაპირისპირებული მხარეები უყოყმანოდ, შიდა აზრთა ჭიდილისა და განსჯის გარეშე გადაეშვნენ ძმათამკვლელ როგორც შიდაპოლიტიკურ, ასევე ეროვნებათშორის ომებში. ასეთმა შიდა ომებმა 1990-1993 წლებში მსოფლიო მასშტაბის ეპიდემიის- პანდემიის (გადამდები დაავადების) სახე მიიღო. მან მოიცვა არა მარტო ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, არამედ აღმოსავლეთი ევროპა და აზია. პოლიტიკური გზით პრობლემის მოგვარება, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეებისაგან მოითხოვდა ტოლერანტობას, მოთმინებას, დროს და თუნდაც ნაკლებად დრამატული შეცდომების გამოცდილებას, უარყოფილი იქნა არა მხოლოდ კავკასიაში ქართული, აფხაზური, ოსური, რუსული, ჩეჩნური, სომხური, აზერბაიჯანული, არამედ ევროპაშიც მოლდავური, სერბული, ხორვატული, ბოსნიური და სხვა საზოგადოებების მიერ.

ერთადერთი საზოგადოება, რომელმაც შეძლო სამხედრო დაპირისპირება აეცილებინა თავიდან იყო ჩეხეთის საზოგადოება. ჩეხეთის საზოგადოებაში და მთავრობაში არ გაიმარჯვა ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების მიზნით სამხედრო ქმედებების აზრმა. თუმც საღი აზრისაკენ ჩეხეთის საზოგადოებას რამდენიმე ფაქტორმა უბიძგა; მოპირისპირე მხარეს იდგა მრავალმლიონიანი, თითქმის თანაბარი მოსახლეობისა და ტერიტორიის მქონე სლოვაკეთი. ჩეხოსლოვაკეთი დასახელებიდანვე ჩანდა რომ იყო ორი თანაბარუფლებოვანი ქვეყნის გაერთიანება ჩვენთვის ყველაზე სამწუხაროდ საქართველოს ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმა ვერ მოახერხეს ვერ გამოავლინეს სიმწიფის ის ხარისხი, რომელიც შესძლებდა წინ აღდგომოდა ამ ძმათამკვლელი აგრესიის პანდემიას.

ქართული საზოგადოების სისუსტეს რამდენიმე წინაომი განაპირობებდა. შიდაომებს წინ უძღვოდა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული რამდენიმე ძლიერი ფსიქოლოგიური ომი. ეს ომები იყო ხანგრძლივმომქმედ შედეგებზე კარგად გათვლილი. ამ ომების ერთერთი მიზანი ქართული საზოგადოებრიობის დასუსტება იყო. საზოგადოებას ავტორიტეტები წარმართავენ. სოციალისტურ პერიოდში არსებულ ელიტარული პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენცია მნიშვნელოვნად წარმართავდა საზოგადოებრივ აზრს. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი კვლავ საბჭოთა ფილტრში გატარებული ავტორიტეტების ხელში დარჩა. ამას დაემატა 9 აპრილი, რუსეთის სამხედრო ძალის მიერ თბილისში, პარლამენტის წინ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც 18 მოქალაქის, მათ შორის ქალისა და ბავშვის სიკვდილი მოჰყვა.

ეს ოპერაცია დღემდე არ დაგმობილა რუსეთის მიერ. ჩვენ მაშინ ვფიქრობდით რომ რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გმობს 9 აპრილს ჯარის მოქმედებას, თვლიდა რომ ეს მძიმე შეცდომა იყო და ნანობდა, მაგრამ წლების გადმოსახედიდან ჩანს, რომ რუსეთმა ამ სამხედრო ოპერაციით დაგეგმა არამარტო მოედნის გათავისუფლება და პოლტიკურად აქტიური ხალხის დაშინება, არამედ მთელი მოსახლეობის პოლიტიკური რადიკალიზაცია, რევანშის იდეით დამუხტვა და შესაბამისად პოლიტიკური წონასწორობის დაკარგვა. სწორედ 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ რუსეთის მიზანმიმართული და უტიფარი ქმედებებით შეურაცხოფილი და იმედგაცრუებული მოსახლეობა წავიდა რადიკალურ ნაბიჯზე; თითქმის ერთხმად აირჩია პოლიტიკური სპექტრის ყველაზე რადიკალური წარმომადგენელი ზვიად გამსახურდია.


ამ დღიდან მოყოლებული ქართული საზოგადოებრიობის ჩამოყალიბებას წინ ეღობებოდა;
გამსახურდიას ნაციონალისტური მთავრობა,
ავტორიტეტული ინტელიგენციის პოლიტიკური მოუმწიფებლობა და რადიკალიზმი სახელმწიფოს წინააღმდეგ,
მათ მიერ სამხედრო გადატრიალების დაშვება, წაქეზება და ხელშეწყობა,
შემდეგ სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსული ტოტალური აგრესია და ტერორი. (ამ დროს მიტინგზე გამოსულ ადამიანებს ტყვიას ესროდნენ, ტელევიზიით კი სეთურის ხალხად მოიხსენიებდნენ.

შემდეგ საზოგადოებრიობის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა მრავალრიცხოვანმა შიდაპოლიტიკურმა თუ ეროვნებათშორისმა ომებმა, როცა სისხლმა და სიკვდილებმა ახალი ძალით დათრგუნეს განსხვავებული აზრი.

შემდეგ შევარდნაძემ რომელიც კაგებეს ხრიკების მეშვეობით ახერხებდა ავტორიტეტული ინტელიგენციის საკუთარ სამსახურში ყოლას.


საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 17 წლის შემდეგ, ქართულ საზოგადოებრიობას მხოლოდ 2-3 წლის ადგმული აქვს ფეხი (ადგმული აქვს რო?).

No comments: