ადვოკატი VS პროკურორი
არ მახსოვს როდის შევიტყვე პირველად ამ პროფესიების არსებობა, ალბათ იმ დროს როცა ქვეყანაში ჩემთვის მათსავით (ადვოკატსა და პროკურორსავით) უამრავი გაუგებარი პროფესია იყო - კომკავშირის თუ პროფკავშირის მდივანი, პარტორგი, რაიკომის მდივანი და სხვა.
თავიდანვე არ დავინტერესებულვარ ამ პროფესიების დანიშნულებით. ალბათ ისეთივე უსარგებლო და მიუწვდომლად ჩავთვალე როგორც აქ ჩამოთვლილი სხვა პროფესიები.
გამოხდა ხანი, უკვე ახალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ შევარდნაძისდროინდელ საქართველოში ახალი ტელევიზიები შეთანხმებულივით მხოლოდ ადვოკატებსა და პროკურორებზე ალაპარაკდნენ და მაშინ კი გავიგე მათი დანიშნულება და ერთმანეთისაგანაც გავარჩიე.
ხანდახან გიფიქრია კაცს, რატომ აირჩია ამ კაცმა ესეთი ცუდი პროფესია, რომლის აღწერა ზღაპრებში აუცილებლად სიბოროტის სიმბოლო იქნებოდა.
პროკურორი - ბრალმდებელი, ადამიანი, რომელმაც თავის საქმედ გაიხადა ისედაც დაჭერილი და გაუბედურებული ადამიანისათვის მეტი სასჯელის მიღწევა. და ადვოკატი ადამიანი, რომლის წარმატებაა განსასჯელისთვის სასჯელის შემსუბუქება.
ადვოკატი ალბათ ყველა ზღაპარში კარგი, კეთილი კაცი იქნება. ჩვენი ტელევიზია ადვოკატების სერიალს დაემსგავსა, ყველა სასამართლო საქმეს აუცილებლად ადვოკატების თვალით უნდა შევხედოთ და საწყალ მსჯავრდებულს უნდა ვუთანაგრძნოთ, რომელსაც მუდამ აბრალებენ არჩადენილ დანაშაულს, ან პოლიტიკური დაკვეთით სჯიან ან არაკომპეტენტურობით. "ეს კაცი რეალური დამნაშავის მაგივრად დაიჭირეს და აი ჩვენი მოუწესრიგებელი სასამართლო როგორ უგულოდ წირავს ადამიანს".
თუ დალაგებული ევროპული ქვეყნის მოქალაქემ იცის რომ სასამართლოზე მოსამართლეს საქმე მიჰყავს პროურორისა და ადვოკატის პოზიციების შეჯერებით, ჩვენ მაყურებლები ძირითადად ადვოკატის მხარეს ვიჭერთ.
შევარდნაძის დროს რატომღაც ამ ადვოკატური სერიალის შემხედვარეს მეც სწორედ ადვოკატები მყავდა დადებით გმირებად. კარგად მეტყველებდნენ, კონკრეტული გაჭირვებული ადამიანის ინტერესებს იცავდნენ. მას შემდეგ ქვეყანაც შეიცვალა და მრავალმა ადვოკატურმა სერიალმაც გაირბინა ჩვენს თვალწინ.
ახლა, 2007 წლის ბოლოს როცა საქართველოში ადვოკატებმა მოინდომეს პოლიტიკაში მოსვლა, უფრო დაკვირვებით ვუყურებ მათ საქმიანობას. და ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე რომ, ჩემს მხარეზე ადვოკატი კი არა, პროკურორია.
პროკურორის მიზანია სამართლის აღდგენა მას შემდეგ რაც რეალური, კონკრეტული დანაშაული უკვე მომხდარია. ვიღაც ჩემნაირი მოქალაქე დააზარალეს, შეურაცხყვეს, მოატყუეს, მოერივნენ, დაამცირეს და ეხლა სახელმწიფოს ჯერია აღადგინოს სამართლიანობა.
პრურორიც კითხულობდა ზღაპრებს ბავშვობაში და პროკურორსაც ეკითხებიან საკუთარი ბავშვები, ვინ არის კეთილი და ბოროტი, რა არის პატიება და რა არის სასჯელი.
წარმოიდგინეთ რომ პროკურორიც მოიცვას იმ გულჩვილობამ რომელიც ჩვენ გვეუფლება დაპატიმრებულთა და მათი ადვოკატების ხილვისას. ანდა რაღა წარმოდგენა გვინდა უბრალოდ უნდა გავიხსენოთ 5 წლის წინანდელი საქართველო - გულჩვილი თუ გულჩვილობას ამოფარებული კორუმპირებული პროკურორების ქვეყანა.
სამწუხაროდ ზღაპრების პერსონაჟები ისეთივე მრავალფეროვანნი არ არიან როგორც რეალური ადამიანები. ზღაპრებში ცხოვრობენ ბოროტები, კეთილები, ძლიერები და მოხერხებულები, უკვდავები და მოკვდავები.
რეალური ცხოვრება არ ვიცი, მაგრამ სატელევიზიო ვირტუალური ცხოვრება კი დასახლებულია რთული პერსონაჟებით, უპრინციპო პრაგმატისტებით, რომლებიც წარმატებისათვის ყაჩაღსაც ლამაზად შეფუთავენ და მის დასაცავად ცრემლებსაც საჭირო ოდენობით დაღვრიან. ექსტრემალურ პირობებში კი არა, ყოველდღიურად. ეს ხომ მათი პროფესიაა – ადვოკატობა. ჩემ სიტყვებზე უკეთ ამ პროფესიის ავანჩავანს ჯიმ კერი და მისი “ლაიერ, ლაიერ”-ი შეგიქმნით.
პროკურორი კი რეალურ ბოროტ ბოროტმოქმედებს უპირისპირდება სახელმწიფოს სახელით, ჩვენი სახელით.
ოქრუაშვილის ავტორიტეტიც მაშინ არ შეიქმნა როცა პროკურორი იყო და ქვეყნის ძველ ძლიერთა ამა ქვეყნისა ციხეებში სვამდა?
მაგრამ ის მაშინ მხოლოდ სააკაშვილის თამაშის, მოგებული თამაშის მოთამაშე ყოფილა და შინაარსით მაინც იმად დარჩა რა პროფესიაც აირჩია - ადვოკატი ლაიერ, ლაიერ!- ლოიარ, ლოიარ!.
.
.
Tuesday, March 25, 2008
ლაიერ, ლაიერ! - ლოიარ, ლოიარ!
Posted by cartwheel at 5:30 PM
Labels: ადვოკატი, პროკურორი, საზოგადოება
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment