Thursday, March 20, 2008

გრამბლინგ, გრამბლინგ ენდ გრამბლინგ!




1991 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ერთადერთ რადიოში მოწვეული ჰყავდათ ამერიკელი პოლიტიკოსი სტუმარი. თემა იმდროინდელი საქართველოს შიდა პოლიტიკური დაძაბულობა იყო. ინტერვიუ სინქრონული თარგმნით მიდიოდა და ინგლისური ტექსტიც ისმოდა. ეს სიტყვა გრამბლინგ იმ დღეს ვისწავლე და ჯერ არ დამვიწყნია. შეკითხვაზე, რას გვირჩევ ქართველებსო სტუმარმა უპასუხა თქვენი ხსნა არისო გრამბლინგ, გრამბლინგ ენდ გრამბლინგ-ო. დავცქვიტე ყურები ეს რა ჯადოსნურ შელოცვას გვასწავლის ეს კაცი, სიმსიმ გაიღესავით სრულდება თქმისთანავე ალბათ მეთქი. მთარგმნელმა გაგვიმარტა "თქვენ ხსნაა ბუზღუნი, ბუზღუნი, და ბუზღუნიო".
კაიფობს მეთქი ვიფიქრე, რა ენაღვლება დალაგებული მდიდარი ქვეყნის შვილს აქ ჩვენ რომ ნერვები უნდა დავიწყვიტოთ მეთქი. პირიქით მეგონა გვირჩევდა,- ყველა მხარემ დაიცავით ეთიკის ნორმები, არ მისცეთ მეტოქეს გაბრაზების საბაბი, გამოხატეთ კონსტრუქციულობა და სოლიდარულობა ქვეყნის ძირითადი გეზის მიმართ.
ეს მეგონა უნდა ყოფილიყო გულშემატკივარი მხარის გულწრფელი რჩევა და რა.. ამან ბუზღუნი, ბუზღუნი, და ბუზღუნიო.
იმ დროს ბუზღუნი ნამდვილად აკლდა ჩვენს ყურებს. იყო საბრძოლო პატრიოტული, იმპერიის შემმუსვრელი პათეტიკა ერთ მხარეს და თბილისის ნაწილი და მოღალატე გვარდია მეორე მხარეს. ბუზღუნის უხეშ ენას ზრდილმა და პრინციპულმა ქართველობამ (ქართველობა რა შუაშია), რუსეთის მიერ შეიარაღებულმა ოპოზიციონერებმა ვაჟკაცური ომი არჩია და.. საქართველო ისტორიის სანაგვეზე გადააგდო 10 წლით.
დღეს ბუზღუნი აშკარად არ გვაკლია, გვაკლია კი არა ყელამდე ჩაფლულნი ვართ ცნობილი პოლიტიკოსებისა თუ უცნობი მორბენალი სტრიქონების ავტორთა უზრდელობითა და ღრიტინით. რა ვიცი იქნებ დღეს სწორედ ეს გვშველის?

No comments: