ხანდახან მგონია საინფორმაციო გადაცემები იგივე საპნის სერიალია თავისი მუდმივი კარგი და ცუდი პერსონაჟებით. საპნის სერიალებში ეს მუდმივი ცუდები და მუდმივი კარგები ინტერესის შესანარჩუნებლად ხანდახან ადგილებს იცვლიან, ცუდები კარგდებიან კარგები ცუდდებიან. საინფორმაციო სერიალებში პერსონაჟები უფრო სტაბილური სახის მქონენი არიან ვიდერე საპნის სერიალებში, მაგრამ მათი სახეცვლილებაც არაერთხელ გვინახავს.
არადა ეს მავნე ცუდი პერსონაჟი ხომ აუცილებელია. ვუყურეთ ხომ უკვე ათწლეულების განმავლობაში ვრემიას სადაც პრობლემა, ბოროტი, წყალდიდობა, მიწისძვრა და კატასტროფები მხოლოდ სოციალისტური ქვეყნების გარეთ, დამპალ კაპიტალიზმში ხდებოდა. მტერი და ბოროტი ძალიან შორს იყო და ჩვენგან დამოუკიდებლად, პოლიტბიუროს ბრძნული ხელმძღვანელობით ეს ბოროტი თანდათან მარცხდებოდა ხან ნიკარაგუაში, ხან ანგოლაში და ხან ვიეტნამში. მაგრამ ეს ბოროტები მუდმივ სპეციად იმ უგემურ და უალტერნატივო ვრემიასაც ყოველთვის ახლდა.
ახლა 21-ე საუკუნეში, მძაფრი სატელევიზიო კონკურენციის პირობებში საინფორმაციო სერიალის რეიტინგის შესანარჩუნებლად მტერი ანუ დრამატიზმი უკვე სადღაც შორს კი არა, ყველგან უნდა ეძებო და იპოვო კიდეც. რა თქმა უნდა სიუჟეტის დინამიურობისათვის და დატვირთულობისათვის სასარგებლოა გყავდეს მუდმივი ბოროტები რომელთაც "გამოააშკარავებ" თუ რამე სათქმელი მოგცა, ან თუ სხვა სიუჟეტი არა გაქვს.
საქართველო რუსული საინფორმაციო სერიალის საჩუქარია - ბოროტი უმადური ბარტყი რომელიც არაფრით თანხმდება რუსეთს მოეფეროს და ჩაიხუტოს. ეს პერსონაჟი მთელი საინფორმაციო პლასტის ყველაზე კოლორიტული წევრია, ცვალებადი, პრინციპული, ყველაზე მეტად მმხილებელი და ახლო წარსულში ყველაზე ნიჭიერად მაქებელ-მადიდებელი.
რუსეთი უდიდესი და უძლიერესი ქვეყანაა, სტაბილური, მდიდარი და პერსპექტიული. რითი დაიმსახურა მისი ასეთი მაღალი ინტერესი პატარა საქართველომ? რატომ გახდა ის 150 მილიონი რუსის თითქმის ყოველდღიურ აუცილებელ მოციონად? დეილ კარნეგი მახსენდება. მამაკაცის მთავარი მამოძრავებელი ძალაა "სურვილი- იყოს მნიშვნელოვანი". მე მგონი ეს სურვილი რუსებს ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელი აქვთ. რუსეთს უნდა აღიარება, მისი სიდიდის, მნიშვნელოვნობის და სიკარგის აღიარება.
თითქმის მთელი მეოცე საუკუნე, როცა რუსეთი მუდმივად მზარდი უძლიერესი იმპერია იყო, ის ბებერი ძველი ავტორიტეტული ცივილიზაცია რომელიც მას აღიარებდა "ველიკიი ნაროდ"-ად საქართველო იყო. ქართველები ქმნიდნენ ნიჭიერ ფილმებს, იმარჯვებდნენ, ასახელებდნენ ევროპის თვალში მათ ქვეყანას. და რაც მთავარია აქებდნენ მის უდიდებულესობა მასას.
დღეს (იქნებ არც არასდროს) რუსეთს ჯერ არ აქვს მოპოვებული ევროპის აღიარება, საქართველო ლანძღავს და ერთადერთი ასევე ძველი ერი, რომელიც მის ამბიციებს მალამოდ ედება არიან სომხები. რუსეთი ამაყობს იმ აღიარებით რაც მას სომხეთისაგან აქვს და ყოველნაირად ხელს უწყობს ამ მოვლენის დემონსტრირებას. გაჩნდა სომეხ ანალიტიკოსთა და პოლიტოლოგთა საავტორო გადაცემები.
რუსეთს მაინც რეალურ, მისთვის კუთვნილ აღიარებად საქართველოსაგან აღიარება მიაჩნია.
იქნებ ეს ჩვენი რესურსია?
Wednesday, March 12, 2008
საქართველო და რუსეთი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment