Wednesday, March 5, 2008

ამ მილენიუმზე მე ვაპირებ






-თქვენი გეგმები ამ მილენიუმზე?

ჰკითხა ახალი მილენიუმის დადგომით აღტაცებულმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა 2000 წლის 1 იანვარს მწერალ რესპონდენტს დიდ ბრიტანეთში.
მწერალი მოიღუშა და უპასუხა.

-ამ მილენიუმზე მე ძირითადად კუბოში წოლას ვაპირებ.


ჩვენ ვართ პირველი თაობა რომელიც რეალური გამოსახულებებით შემოვრჩებით შთამომავლობას.

ჩვენი წინაპრებიც ჩვენსავით ფერადები, მკვეთრები და ცოცხლები იყვნენ მაგრამ მათ შესახებ მხოლოდ მოყვითალო გახუნებული ფოტოები, არამკვეთრი ფერადი სურათები, არარეალური პროპორციების ფრესკა თუ ბარელიეფები და არაზუსტი, უემოციო ფაქტები შემოგვრჩა.

ჩვენ ასეც ვთვლით რომ მხოლოდ ჩვენ ვართ რეალური, კარგად ნაცნობი და მნიშვნელოვანნი, თორემ წინაპრები რა თქმა უნდა გახუნებულები და ბურუსით მოცულები უნდა იყონ.

200 წლის შდმდეგ კი (რატომ 2000-ს შემდეგ არა) ციფრული ტექნოლოგიის მეშვეობით ადამიანებს ყველა თაობის წინაპრების თვალით ნახვა შეეძლებათ ეკრანზე მე-20 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული. ალბათ (იმედია) ყველა ოჯახს ექნება თავისი დიდი წინაპრების არქივი. ქორწილების ვიდეოგადამღები სერვისები თავის რეკლამებს მიაწერენ - "წინაპართა არქივის რედაქტირება, რეჟისურა, გენიალოგიური ხის შექმნა, ინდივიდუალური ვერსიის დამზადება".

თუკი დღეს ინტერნეტი (ჩატი, სკაიპი..) ჯადოსნურად აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ უცნობ ადამიანებს, მომავალში ეს ელექტრონული არქივები ასევე ჯადოსნურად დააკავშირებენ ადამიანებს თავის წინაპრებს.
თუკი დღეს ვიცნობთ კინოგმირებს: კრისს, კარგს, მორფიუსს, იპოლიტესა და არსაკიძეს, მომავალში ყველა ოჯახს ეყოლება თავისი ფავორიტები წინაპართაგან.

არქივები ასევე ჯადოსნურად დააკავშირებენ ერთმანეთთან ერთი თაობის მოსახლეობის დიდ მასას რომელთაც საერთო საამაყო წინაპრები ჰყავთ. წაიკითხავთ განცხადებას " რაჟიკო სარჩიმელიძის (XIXსაუკუნე)შთამომავლები ვიკრიბებით 2208 წლის 20 სექტემბერს კინოდარბაზ რუსთაველში. ნაჩვენები იქნება რატი სარჩიმელიძის ფილმი "სარჩიმელიძეები პოლონეთში" და თეა სარჩიმელიძის ფილმი "ვახტანგ სარჩიმელიძე- 2108-2199წ." ჩვენების შემდეგ ერთობლივი პიკნიკი მცხეთაში, თეატრონზე. ბავშვების დასწრება უფასოა".

ჩვენ, ახლანდელ ცოცხლებს დიდი შანსი გვაქვს გავხდეთ მომავალი საქართველოს 5000 კაცის ფავორიტი, ჩვენი პირადი შთამომავლების ფავორიტი. მათი ფილმის პირველი ფერადი და მკვეთრი პერსონაჟი. პერსონაჟი ხასიათით, ინდივიდუალობით, გეგმებითა და შესრულებული საქმით.

ჩვენს ოჯახებში დღეს არსებული ქაღალდის სურათების დასკანერებული ასლებიც ამ ისტორიული ფილმის პირველ თავში ნახავს ადგილს. პირველი სერია ნამდვილად ეკუთვნით შავთეთრ ფოტოებში გამოსახულ წინაპრებს. ძალიან საამაყო უნდა იყოს თუ ასეთ წინაპრებს თავისი ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი ბიოგრაფია ექნებათ. ეს შთამომავლებს ერთობლივ სიამაყეს მისცემს, მაგრამ თუკი ადამიანი წინაპრებს როგორც მისსავე ირაციონალურ ძალად, ზურგად და უპირობო სიყვარულის ობიექტად განიხილავს, მისთვის ჩვენ, პირველი ფერადები ვიქნებით ყველაზე მნიშვნელოვანნი. მომავალი თაობები ალბათ 3 განზომილებიან 3D სურათებს დატოვებენ მაგრამ ჩვენი 1MG 1მეგაბაიტიანი სურათები უკვე საკმარისია გვერდზე ყოფნის წარმოდგენის შესაქმნელად.

აქედან დასკვნები




შეიძინეთ ფოტოაპარატი.

აწარმოეთ ბლოგი.

გაეცანით შთამომავლებს ბლოგსაიტის მეშვეობით.

მოუარეთ/დაასკანერეთ წინაპართა ფოტოები.

მოიძიეთ ნათესავებში პირველი წინაპრები.

გადაიტანეთ ციფრულზე ოჯახური კინო და ვიდეო კადრები,ნაწერები.

ჩვენი შანსები გვარის მნიშვნელოვან წინაპრობაზე დიდია.

ჩვენი პასუხისმგებლობა დიდია.

იყავი რაღაცის ავტორი. (ნაწერი, ფოტო, ფილმი, ნახატი, შენობა, საიტი, ლექსი, წერილი, აფორიზმი..).


და რაც მთავარია, იყავით კარგი მაგალითი (იქნებ, არა მარტო კარგი მაგალითი, არამედ საამაყო წინაპარი) შთამომავალთათვის.

No comments: