Friday, March 21, 2008

რა სარგებლობა მოაქვს ოპოზიციას




მოდი, დღეიდან უფრო ადამიანურები ვიყოთ, ამომრჩეველთა 47% ხომ ამას თხოულობს, თქვეს საქართველოს მთავრობაში და დაფიქრდნენ. უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იგრძნოს რომ ჩვენ სწორედ მათზე ვზრუნავთ. მოდი ნუ დავუნგრევთ ეზოების მაგივრად ჩაჭუჭყნულ ავტოფარეხებს, რომელთა აშენების ნებართვაში წერია რომ ეს არის დროებითი ცხაურის ტიპის სადგომი, რომელიც აღებული უნდა იყოს მფლობელის ხარჯით მერიის მოთხოვნისთანავე. ნუ დავუნგრევთ ამ გარაჟებს ამით ხომ კიდევ 1000 კაცი არ იგრძნობს თავს ჩვენი მთავრობისაგან დაჩაგრულად. მერე რა რომ იმ გარაჟების ადგილზე საბავშვო თუ სპორტულ მოედნებს ავაშენებდით და მასზე 5000 ბავშვი და მოზარდი ითამაშებდა ყოველთვიურად, ამ ბავშვებს საარჩევნო ხმის უფლება არ აქვთ და მათი მშობლები კი მადლიერები მაინც არ იქნებიან. მაინც თავის გარაჟის პატრონ მეზობელს უთანაგრძნობენ და ჩვენ ძალმომრევებად და კერძო საკუთრების მტრებად ჩაგვთვლიან. ნუ ავაშენებთ სტადიონებს, საბავშვო საქანელებს, ჩვენ მეეზოვეებსაც ნაკლები ფართი ექნებათ დასაგველი. ამ შენება დასუფთავების ბიუჯეტი კი ღირსეული ადამიანების მომადლიერებაზე დავხარჯოთ: ერთი სტადიონის აშენების ნაცვლად შეგვიძლია იმ უბნის მაცხოვბელ 25 პედაგოგს, 25 ვეტერანს, 25 ინვალიდს და 25 ომში დაღუპულთა ოჯახს მთავრობისაგან საჩუქრად ერთჯერადად გადავცეთ 4 კილო სარდელი. არა ეს სია შესაცვლია, ომებში დაღუპულთა ოჯახების ნაცვლად ჩავსვათ ხელოვნების მუშაკები, მათში კი პრიორიტეტი მსახიობებს უნდა მივანიჭოთ, მათი ხმა ისმის, სხვისი კი არა. არ შევღებოთ სახლები, დავაგოთ გზები, დავდგათ შადრევნები და ეზოს განათებები მერე რა რომ 1000 მუშა და ხელოსანი აღარ მიიტანს სახლში ყოველთვიურად დაახლოებით 1000 ლარს და მათ პენსიონერებსა და ბავშვებს მოაკლდებათ სარჩო, სამაგიეროგ ჩვენი სახელით, მთავრობის სახელით შეგვიძლია თბისის ყველა ოჯახს ერთჯერადად ვაჩუქოთ 1 კილო სარდელი. ამას უფრო დაგვიფასებენ ვიდრე ფასადებსა და შადრევნებს.

მართალია სტუმრად მყოფი ვიღაც პოტენციური ინვესტორი უარს იტყვის ჩვენთან ინვესტირებაზე და უფრო სუფთა და შესაბამისად ღირსებული და წესიერი ხალხის ქვეყანას მონახავს თავისი ფულის მშვიდად დასაბანდებლად, მაგრამ რა, ჩვენი ხალხისათვის, ამომრჩევლისათვის სულ ერთი ყოფილა ბიუჯეტი და ინვესტიცია, მისი უდიდებულესობა მოსახლეობის მესიჯი გაგებულია მათ უნდათ სარდელი, ბევრი სარდელი. უნდათ და მიიღებენ. მოდი, დღეიდან უფრო ადამიანურები ვიყოთ, ამომრჩეველთა 47% ხომ ამას თხოულობს, თქვეს საქართველოს მთავრობაში და დაფიქრდნენ.

No comments: