Monday, July 25, 2011

გცხელა? გიშველი.

ბილბორდზე დასაწერი ოქროს იდეა.

გცხელა? გიშველი! დააწკაპე აქ.


Friday, July 22, 2011

სახადი ვერ მოვიხადეთ


საქართველო გაცილებით უკეთესი ადგილი იქნებოდა საცხოვრებლად იმ შემთხვევაში, ნაციონალიზმისა და თეოკრატიის წინააღმდეგ რომ მოგვესწრო აცრის მიღება 1991-92-93 ში გამსახურდიას მმართველობის პირობებში.
სახადი ვერ მოვიხადეთ, ისევ მიმღებლები ვართ ამ ავადმყოფობების. დასანანია.


ყველაფერში დამნაშავე კი ისევ კიტოვანი, სიგუა, ჯაბა და შევარდნაძე გამოდიან.
მათ ოხროხინესა და ციციკორეს ჩვენში (ჩვენს თავებში) ტანჯული დევნილის მანტია აჩუქეს და მათ წინააღმდეგ თითქმის დამწიფებულ-გამოყვანილი ვაქცინა გაგვიფუჭეს.





ეს ისეთივე დასანანი შეცდომაა გერმანელებს ფაშიზმზე უარი რომ არ ეთქვათ დღემდე, ამერიკელებს კი რასიზმზე. დედამიწა გაცილებით უფრო ცუდი ადგილი იქნებოდა საცხოვრებლად.


ახლა წამალი.
ფორუმზე გაუთავებლად მწიფდება ხოლმე პაგრომი, გენოციდი, დევნა, ანათემა, ინკვიზიცია, გადასახლება და ცეცხლოვანი ჯვრების ფრიალი.
იქნებ ის ჭინკები, რომლებიც დღეს მხოლოდ "კლავიატურის ლომები" არიან, ელექტრონულიდან რეალურ ცხოვრებაში გამოგვეყვანა, დაგვეთმო ტელეეთერი და გაზეთის ფურცლები, იქნებ ქალაქის მოედნებიც, გამოვიდნენ, იყვირონ, წერონ, იქნებ ავადმყოფობის დასუსტებული შტამი (ვაქცინა) გამოიზარდოს.
გვიანაა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

რა სარგებლობა მოაქვთ ჭინკებს?





გამარჯვებულმა ფაშიზმმა და გამარჯვებულმა კუკკლუქსკლანმა აცრა საზოგადოება ფაშიზმზე და რასიზმზე.

ჩვენ ვერ ავიცერით ოხროხინესა და ციციკორეს წინააღმდეგ, იმიტომ რომ მათ გამარჯვება არ დასცალდათ.

გამარჯვებული გამსახურდია კიდევ ერთი წელი მაინც რომ გვყოლებოდა ავიცრებოდით ზვიადიზმის წინააღმდეგ და დავამარცხებდით ჩვენს თავში გუბაზ სანიკიძეს და ბასილ მკალავიშვილს (თუმცა ეს უკანასკნელი იგივე პრინციპით, სწორედ დროებითი გამარჯვების მიღწევის შემდეგ თითქმის დამარცხებულია).
საბოლოოდ ყველაფერი დაალაგა ექსტრემალურმა შეცდომებმა და შედეგად ამ შეცდომებზე საზოგადოების აცრამ.


გამსახურდიას არ დასცალდა ექსტრემალური შეცდომების დაშვება, ძირითადად ზრახვებს ავლენდა, ილია მეორემ კი შეიძლება საერთოდაცდ არ დაუშვას ექსტრემალური შეცდომა, თუმცა ცოტა ხნის წინ მასაც გაეპარა ზრახვები.
ანუ უიმედონი ვართ? ანუ ვერ ავიცრებით?
იქნებ ხსნა ჭინკებშია, ფორუმი დახუნძლულია ასეთი ჭინკებით.
მოვათავსოთ ისენი სასათბურე პირობებში-თერმოსტატში, მოვეფეროთ, სული ვუბეროთ, მივუშვიროთ მიკროფონი, კამერა, დიქტაფონი, რა იცი იქნებ მათგანაც იყოს ხეირი.

Monday, July 18, 2011

ვიამაყო თუ არა სომხეთთან მეზობლობით?

გულწრფელად გეტყვით, ასეთი შკითხვა სულ ახლახან გამიჩნდა. და რადგანაც სიამაყე გრძნობაა და სომხეთის ჩვენთან მეზობლობა ბავშვობიდანვე ვიცი, ე. ი. არ მიამაყია სომხეთთან საქართველოს მეზობლობით.

არადა რატომაც არა?

მსოფლიოში 300 მდე სახელმწიფო და 500 ერი, 1500 ეთნოსი ცხოვრობს, მაგრამ კაცობრიობის ისტორია ან კაცობრიობის დღევანდელი ყოფა კინოსურათად რომ შევადგინოთ ალფა ცენტავრაზე გასაგზავნად, აღმოჩნდება, რომ:
კაცობრიობის ისტორია არაუმეტეს 50 ერს უწერია
კაცობრიობის დღევანდელ სახეს კი ასევე არაუმეტეს 50 ერი ქმნის.


ამ 50–50 (ისტორიის შემქმნელ და დღეს მქმნელ) ერებს შორის ალბათ სულ 30–ია, რომელთაც ორივე სიაში აქვთ ადგილი.
ამ ოცდაათში მოხვედრა სუპერ საპატიოა.

ჩვენ ორივე ვართ ამ სიაში, საქართველო და სომხეთი.

პრობლემა იმაშია, რომ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და ზედმეტად გადაჯაჭვულნი ისტორიული ქარტეხილებით, იმპერიათა მიქცევ–მოქცევებით ჩვენს ტერიტორიებზე, რელიგიებით, ნდობით და ეჭვით, ჯიბრით და შეჯიბრით, წამხედურობით და მიბაძვით, ერთმანეთისგან სწავლით, მიტევებით და დაბოღმვით.

როცა სამყარო უფრო განვითარებული იქნება, და ეს აუცილებლად მოხდება, ჩვენ ორივე აუცილებლად ვაღიარებთ ერთმანეთის კეთილისმყოფელ გავლენას, და აღმოვაჩეთ, რომ ის, რაც გვანსხვავებს, ერთმანეთის პირისპირ გვაყენებს 1–ია, ხოლო ის რაც გვაერთიანებს 10.

ჩვენი იდენტურობის შენარჩუნება ჩვენი მეზობლობის დამსახურებაა, ჩვენი არქიტექტურა, მწეროლობა, ისტორიოგრაფია, სახელოვანი ისტორიის მთავარი ფურცლები ერთმანეთის დამსახურებაა. ჩვენ ორივემ ხრამის კიდეზე გავიარეთ და რომ არ ყოფილიყო გარემოფაქტორები ისეთი, როგორიც იყო, აუცილებლად გადავცვივდებოდით. არ ვიქნებოდით ქრისტიანები, ევროპის ფორპოსტები აღმოსავლეთით.

ზღვაზე გასასვლელმა საქართველო მსოფლიოს დაუახლოვა, საქართველოს გავლით კი სომხეთი.
პრაგმატული და ქვეშეცნეული იმპულსებით სომხები ყოველთვის შეეცდებიან მიიღინ აღიარება მსოფლიოსთან და პირველ რიგში ქართველებისგან.
დღეს ჩვენ გაბუტულები ვართ, სომხები არ ითხოვენ, ქართველები არ შეაქებენ.

აქვს ამ მდგომარეობას საფუძველბი, მაგრამ როგორც ვთქვი 1 10–ის წინააღმდეგ.
ეს ერთი დოზა არ გვიშვებს ერთმანეთთან, ლიბრად გვაკრია თვალებზე. მაგრამ დრო გავა და ჩამოირეცხება.

და მაშინ საქართველოც იხეირებს და სომხეთიც:
საქართველოს ამიერკავკასიაში მტრის (რუსეთის) ზურგში (სომხეთში) ჩაბუდებული ჯარი მოაკლდება, აფხაზეთში მოკავშირე გაუჩნდება, თბილისი ამიერკავკასიის ფინანსური ცენტრის ფუნქციას დაიბრუნებს.

სომხეთი კი ისევ იგრძნობს რომ კაცობრიობის ისტორიის ერთერთი სახელოვანი ფესვია და მას მსოფლიოში მიესალმებიან. მინიმალური პაკეტი ამ გზაზე, სომხეთი მიიღებს ქართველების აღიარებას, რომ კარგი, ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხის სამშობლოა.
რომ თბილისი მათი დედაქალაქიცაა და რომ შედეგად მსოფლიო ოკეანემდე არც თუ უიმედოდ შორია.

და სულ ბოლოს, რომელიღაც ნარ–ონ–პან–ჟან ეტაპზე ჩვენ ქართველები ვიამაყებთ, იმითი რომ სომხეთი ჩვენი მეზობელია, და უცებ აღმოვაჩენთ, რომ ეს ხალხი– სომხები, მაგარი ხალხია. აღმოვაჩენთ რომ მსოფლიოსთვის წარსადგენ საამაყო ფოტოალბომს (ეკლესიები, ალფავიტი,ლიტერატურა, ხელოვნება, მეფეები, სახელოვანი დაძვრენები მეგაიმპერიების კლანჭებიდან, ..) თითქმის იდენტური შინაარსი ექნება მსოფლიოს თვალში.

მხოლოდ მაშინ, ბოღმის დაძლევის შემდეგ აღმოვაჩენთ რომ ჩვენი ახალდამეგობრება იმდენად ძლიერ ტანდემს შექმნის, რომ სომხეთს და საქართველოს ცალცალკე არც დასიზმრებია.


ამ დიდ გზაზე პირველი ნაბიჯი სომხების მიერ აშნებული ეკლესიების სომეხთათვის დაბრონებაა, თანაც უპირობოდ, არავითარი ვაჭრობა.

Thursday, July 14, 2011

შხაპი შარკო

ეს არის შხაპი ცხელი და ცივი ნაკადების უცაბედი მონაცვლეობით, ამბობენ კარგიაო, მე არ ვარ მოყვარული, ჩვეულებრივი ვარ.

შარკო იქით იყოს და ..

ამპლიტუდა-სუდეზე მინდა მოვყვე. ანუ დიაპაზონზე, ანუ ფარგლებზე, ანუ საზღვრებზე.
მოკლედ,
გენიოსთა ერთერთ თვისებაზე.

ჩურლიონისი დიდი მხატვარი იყო, მაგრამ გენიოსი ვერა, სულ ერთნაირი ელეგიური ელფერის ტილოებს ქმნიდა.

აი შექსპირი კი... უზარმაზარი დიაპაზონი ჰქონდა, ინდივიდის ნატიფ ფილოსოფიურ ფსიქოლოგიური დრამას რთულ სოციალ–პოლიტიკური ხლართებს მოაყოლებდა და შემდეგ კი უხამსობამდე სასაცილო ზედაპირული კომედიით გააგრძელებდა. ჰამლეტი, რიჩარდ მესამე და მეთორმეტე ღამე. როგორ შეეძლო გულწრფელად ყოფილიყო ფროიდისნაირი, ტალეირანისნაირი და ო ჰენრისნაირი სურვილისამებრ?
არადა შეეძლო.
მოცარტი, უნაზესი და უძლიერესი, როცა როგორ უნდა.
ვაჟა ფშაველა, ია ენძელას თანამგრძნობი, რატომ არ მოველ წვიმადა, ძაღლთ იყოს თქვენი მტრისადა. "შვლის ნუკრის ნაამბობი", "სტუმარ მასპინძელი","გველისმჭამელი", "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი".
გურამ დოჩანაშვილი ვატერპოლოს ცისკრის რამონა, ჩიტუნელა რექსაჩი და კამორა, სისხლით გალეშილ–დაძინებული კაატინგა.
კიტ ჯარეტი ერთ კონცერტში ბავშვის პირველი თამაში ფორტეპიანოზე, მერცხლები ცაში
და იქვე ბულდოზერების რიგი შენკენ დაძრული გადასათელად, და თანაც მხოლოდ ორი ხელით (კიოლნის კონცერტი).
მობი – მუსიკოსი გვერდიგვერზე შესრულებული აგრესიული ტექნო ჰაუს ბრახუნითა და სენტიმენტური ნათელი კლავიშებით.
ზეპელინი, ფლოიდი, ოზი ოსბორნი, გახელებული რიფები, ცეცხლწაკიდებული გიტარის მტვრეველი ღამურის მჭამელები და უნაზესი თბილი სევდიანი მელოდიები.
სპილბერგი "ყბები" და "შინდლერის სია"


სადაც გაიწევენ ყველგან მაგრები არიან. დიდ სევდასა და დიდ სიხარულში.

შიზოთიმიკები.
შიზოიდები არა, შიზოთიმიკები. ადამიანები რომელთაც აქვთ რწმენა, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ და ხშირად აღწევენ კიდეც ამას.
გენიოსების სიმპტომი.
ასეთები იყვნენ ისტორიული ლიდერებიც, მაკედონელი, ქრისტე, ნაპოლეონი, ჯეფერსონი, ჩერჩილი, სტალინი, ჰიტლერი, განდი, მარტინ ლუთერი, მარტინ ლუთერ კინგი, მაო ძედუნი, პოლ პოტი, საშიში ძალა, დიდი ძალა, საერთო ჯამში კაცობრიობის გამთრევი.
ცდისა და შეცდომის მეთოდით.
ჩვენც გვყავს ასეთები: ვაჟა ფშაველა, გურამ დოჩანაშვილი, მესამე თქვენ დაასახელეთ.
დღეს ვაჟა ფშაველას დაბადების დღეა, "100 ადამიანი რომელბაც შეცვალა მსოფლიო" კარგი პოლიგრაფიული სერიალია, ბოლო წიგნი ვაჟა ფშაველას ეძღვნება. კარგი არჩევანია, ოღონდ რუბრიკიდან ცოტა გადახვეულია "100 ადამიანი, რომელთაც შეეძლოთ შეეცვალათ მსოფლიო უკეთესობისკენ, მაგრამ ვერ მოახერხეს, ვინაიდან არასწორ ადგილას დაიბადნენ" უფრო სწორი იქნებოდა.


აქ კიტ ჯარეტის მარჯვენა ხელი მერცხალია მარცხენა ბულდოზერი

Wednesday, July 13, 2011

თბილისი- სათაფლია- პრომეთეს მღვიმე - ბათუმი






თბილისში ჩამოცხება და ყველანი ლტოლვილებად ვიქცევით, სიცხე გაგვდევნის ამ ქალაქიდან, ბევრი ვაპირებთ ზღვაზე (ჩვენს, შავ ზღვაზე) წასვლას.
ქუთაისს რა თქმა უნდა ბუზღუნ ბუზღუნით გავივლით, თავი იმ ორ წუთს კალკუტაში გვეგონება, ხალხი და მანქანა ჩვენს გზაზე დიფუზიის კანონებით იმოძრავებს.

მე ახალ სცენარს გთავაზობთ.
გაყავით ზღვამდე მგზავრობა ორ ნაწილად, ორ დღედ.
აი ასე.
დილით გასვლა თბილისიდან. ქუთაისში გაჩერება, სათაფლიას მონახულება.
მეორე დილით პრომეთეს მღვიმის მონახულება და გზის გაგრძელება ზღვისკენ.


ამ სცენარში ჩემთვის მთავარი წინააღმდეგობა ქუთაისში გაჩერება იყო.
მაგრამ კარგი სოლუშენი აღმოვაჩინე:
ძველ ქუთაისში მშვენიერ მასპინძელს (საოჯახო სასტუმროს) მივაგენი, ზღვაზე წამსვლელებს არ გეძვირებათ. ოჯასისთვის, იქნებ ორი შეძმაკაცებული ოჯახისთვის იდეალურია.


ასე რომ, ზღვამდე (ან უკანა გზაზე) მოინახულეთ სათაფლია და პრომეთეს მღვიმე (წყალტუბოს რაიონი სოფ. ყუმისთავი) გრანდიოზული სანახაობაა, აუცილებლად აჩვენეთ ბავშვებს, ოღონდ პრომეთეს მღვიმე 1400 მეტრია და 6 წლამდე ასაკის ბავშვს გავლა გაუჭირდება.
ჩემი 6-საა უკვე და ცოტა ხანი აჩიკუდა მომიწია.


გისურვებთ დამიჯეროთ.

Sunday, July 10, 2011

ილია ჭავჭავაძე და ვაჟა ფშაველა დღევანდელ (10.07.11) პოლიტიკურ სიტუაციაზე საქართველოში


ილია ჭავჭავაძე - უფლება ბუნებითად მინიჭებული

ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონეგახსნილ კაცისაგან. იქნება ამით მოისურვონ, სიტყვა მოგვიჭრან: “კავკასს” ყოველ ამაში რა საქმე აქვს, რად ესარჩლება ჩაგრულთა და დევნულთაო? ის საქმე აქვს, რაც ყოველ პატიოსანს კაცს, რომელიც ვერ შეიფერებს, ვერ შეიწყნარებს, რომ ერთმა სთელოს და სჩაგროს მეორე, ცალკე კაცი იქნება, თუ მთელი კრებული, ან მთელი ერი. ეს ასე რომ არ იყოს, ჩაგრულთა სარჩლი და ქომაგობა რომ უუწმინდაესს მოვალეობად არ იყოს აღიარებული ყოველ პატიოსან და გულმართალ კაცისაგან, მაშინ ხომ ეგრედ წოდებული სომეხთა საქმე ოსმალეთში არ გამოიწვევდა იმ სამართლიანს და პატივსადებს თანაგრძნობას, რომელმაც ქვეყანას, თავისს სასახელოდ, ხმა ამოაღებინა და ამ ხმის სამართლიან რიხისაგან ბევრად ძლიერი ოსმალეთი ყოვლად უძლურ სომეხს შეუშინდა, შეუფრთხდა. ეს ხმა რომ არ ყოფილიყო, ოსმალეთი ისე მალე მოუღებდა ბოლოს სომხობას, როგორც სვავი კურდღელსა: ყლაპად არ ეყოფოდა. … ერთადერთი მოძღვრებაა კაცთა კრებულის საბედნიეროდ და რომელიც გვასწავლის: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, შენც იცხოვრე და სხვაც აცხოვრეო. ეს მცნება ურომლისოდაც ვერა კრებული, ვერა საზოგადოება, ვერა ერი ვერ ჰხეირობს, შესაძლოა კაცმა დროთა ხელშეწყობით გასთელოს, მოშუშოს, მაგრამ ძირი მაგარი აქვს, როცა იქნება ამოხეთქავს და თავისას მოითხოვს უნაკლულოდ. თუ ადამიანი თავისს თავს კაცად ჰხადის, სხვასაც უნდა კაცად იგულოს, თორემ თვითვე გაიჭყლიტება და გაითელება თავისისავე მოძღვრებისაგან. დრო და ჟამი არავის შეარჩენს უსამართლობას, სხვის ჩაგვრას და თელვას. … ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ჰლახავს ადამიანურს უფლებას, თუ რაზმად დაწყობილი კრებული. ორგანვე სამართლიანია მდურვა და ყვედრება, თუკი დათრგუნვილ უფლების აღსადგენად იღვწიან და იბრძვიან. საკვირველი ეს ღვაწება და ბრძოლა კი არ არის ჭკუათამყოფელ კაცისათვის, არამედ უამისობა იქნებოდა, იმიტომ რომ ლახვა სხვის უფლებისა, მერე იმისთანისა, რომელიც ბუნებითად მინიჭებული აქვს ყოველს ადამიანს, შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყველასგან. შენც იყავ და მეც მამყოფე, განა ბუნებური და სამართლიანი სურვილი არ არის? ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა აკადემიური გამოცემა, XIII ტომი, თბ. ილიას ფონდი, 2007 წ. გვ. 303–307 ტფილისი, 19 მარტი, 1897 წ.








კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი
1905 წ.
ვაჟა–ფშაველა


ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905 წ.










ვეეერაფერი ვისწავლეთ ილიასგან და ვაჟასგან.
ფეოდალიზმში ვართ.

Monday, July 4, 2011

მეისი გრეი

მეისი გრეი, კიდევ ერთი ჩემი კბილა.

მსოფლიოში ყველაზე ბებრული და ბავშვური ხმა ერთდროულად.

ძალიან მაგარი მომღერალი.

მინდოდა სტინგის კონცერტზე, მინდა მეისი გრეის კონცერტზე
მინდების თანაფარდობით 1: 5 მეისის სასარგებლოდ.

არადა შეიძლება მართლაც მოვხვდე, ბათუმში იქნება 27-ში.



მართალია ბოლოს გადაპაპსავდა, მაგრამ ცხოვრებაში შეძლო ძაან როკის წერა და მღერა.

მინდა ვიამაყო



ჩემი ქვეყნით.

Friday, July 1, 2011

პირველი მეფე

ადამიანის, ჰომო საპიენსის ქცევის, ფსოქოლოგიის დანახვა შეგიძლია უძველესი ისტორიის შესწავლით.  
ეს ის დრო იყო, როცა ცალკეულმა ტომებმა სხვა ტომებთან ურთიერთობის სწავლა დაიწყეს. განავითარეს ურთიერთგადამკვეთავი ტრადიციები: ნივთების გაცვლა, ქალის მოტაცება-მოყვანა, წართმევა, დაყაჩაღება, ომი. 
მინუს 40 საუკუნეში ყველაზე მდიდარი ნადავლად ადამიანს თავისი მეზობელი ტომის დაყაჩაღება ეგულებოდა და არა მამონტის მოკვლა. 
ასეც ხდებოდა, უეცარი ყაჩაღები მეზობლებს კაცებს უხოცავდნენ, ქალებს და ნივთებს წაასხამდნენ. ან სულაც განდევნიდნენ მეზობელ ტომს და მათ გამოქვაბულს ისაკუთრებდნენ. ურთიერთობის ეს ფორმა ალბათ ათეული საუკუნე იყო გლობალური მასშტაბის. ადამიანებს ხმალკბილა ვეფხვზე მეტად ადამიანების ეშინოდათ. 
შემდეგ ადამიანებმა გამოიგონეს თემი.
ტომი ფიზიოლოგიურ-ზოოლოგიური გაერთიანებაა, მასში გაერთიანებულია მშობლები და შვილები, მათი შვილები, ნათესავები, ნადირობისთვის აუცილებელი მამაკაცთა ჯგუფი. 
ტომის ანალოგი ფაუნაში ბევრია: ლომებს, მაიმუნებს, სპილოებს, მგლებს ასევე ახასიათებთ მყარ ჯგუფში ცხოვრება, რომელიც იერარქს ემორჩილება. 
აი თემი კი ვერცერთმა ცხოველმა ვერ შექმნა (არსებობს მოსაზრება, რომ ვეშაპები ერთმანეთს ულტრაგრძელი ბგერების საშუალებით  ათასობით კილომეტრებზე ესაუბრებიან. აქვს თუ არა ვეშაპების ჯგუფების ერთმანეთში საუბარს რაციონალური ან  იერარქიული ნიშნები ჩემთვის უცნობია, ალბათ არა). 
თემი ტომთა გაერთიანებაა, რომელსაც ერთი იერარქიულ მწვერვალზე მყოფი ტომის ბელადი მართავს. დომინანტური ტომს ეს სტატუსი ალბათ ძალმომრეობის არაერთი დემონსტრირების შედეგად მიენიჭა, მაგრამ ერთხელაც არადომინანტური ტომების ბელადები დაუფიქრდნენ ერთადყოფნის უპორატესობებს, თავდაცვა სხვა ტომებისგან, ნათესაობა, გაცვლა-გამოცვლა, სასამართლო, მშენებლობა, დიდი ჯგუფი "ჩვენ" და თემის სტრუქტურაში ნებაყოფლობით გაწევრიანდნენ, დაემორჩილნენ იერარქიას და ჩათვალეს, რომ მთავარია ერთობა და არა კენწეროში ყოფნა.

იმ მომენტიდან თემის ბელადს მიენიჭა სიმბოლური ძალაუფლება. ანუ ტომების გაუთავებელი ომების შედეგად დომინანტი ტომი გაუთავებლად უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ერთი ტპმის დომინირება ცნეს და ერთიანობაში თავისი ხეირები დაინახეს, აღარ იყო მნიშვნელოვანი ბელადი იქნებოდა თუ არა ყველაზე ღონიერი, ჭკვიანი, ბოროტი, აგრესიული. სიმბოლურ იერარქს მიენიჭა მეთაურობის ფუნქცია და ადამიანებმა დაიწყეს სიმბოლური და არა ძალის ვერტიკალის მწვერვალზე მყოფი იერარქის მორჩილება.

თემის ბელადები აღარ იყვნენ შესაძლო კონკურენტების დროზე მომკვლელი ან დამჩაგვრელი მამრები, როგორც ეს მგლებში, ლომებსა და მაიმუნებშია. ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომელთაც ბელადობა დაუმსახურებლად, ზოგადი უნარების ჩაუბარებლად  ერგოთ, გახდნენ პროგრესის ლოკომოტივები. დედამიწის ისტორიაში პირველად მათ აიღეს პასუხისმგებლობა უცნობ ხალხზე, მეზობელ ტომებზე, გადაღმა მთებსა და მდინარეებზე, 
დედამიწის ისტორიაში პირველად ბელადი გათავისუფლდა საუკეთესო მონადირის და მებრძოლის მოვალეობისაგან, მას მიეცა ხელფასი პასუხისმგებლობის სანაცვლოდ , დაერქვა მეფე და დაიბადა კაცობრიობა.