Friday, July 1, 2011

პირველი მეფე

ადამიანის, ჰომო საპიენსის ქცევის, ფსოქოლოგიის დანახვა შეგიძლია უძველესი ისტორიის შესწავლით.  
ეს ის დრო იყო, როცა ცალკეულმა ტომებმა სხვა ტომებთან ურთიერთობის სწავლა დაიწყეს. განავითარეს ურთიერთგადამკვეთავი ტრადიციები: ნივთების გაცვლა, ქალის მოტაცება-მოყვანა, წართმევა, დაყაჩაღება, ომი. 
მინუს 40 საუკუნეში ყველაზე მდიდარი ნადავლად ადამიანს თავისი მეზობელი ტომის დაყაჩაღება ეგულებოდა და არა მამონტის მოკვლა. 
ასეც ხდებოდა, უეცარი ყაჩაღები მეზობლებს კაცებს უხოცავდნენ, ქალებს და ნივთებს წაასხამდნენ. ან სულაც განდევნიდნენ მეზობელ ტომს და მათ გამოქვაბულს ისაკუთრებდნენ. ურთიერთობის ეს ფორმა ალბათ ათეული საუკუნე იყო გლობალური მასშტაბის. ადამიანებს ხმალკბილა ვეფხვზე მეტად ადამიანების ეშინოდათ. 
შემდეგ ადამიანებმა გამოიგონეს თემი.
ტომი ფიზიოლოგიურ-ზოოლოგიური გაერთიანებაა, მასში გაერთიანებულია მშობლები და შვილები, მათი შვილები, ნათესავები, ნადირობისთვის აუცილებელი მამაკაცთა ჯგუფი. 
ტომის ანალოგი ფაუნაში ბევრია: ლომებს, მაიმუნებს, სპილოებს, მგლებს ასევე ახასიათებთ მყარ ჯგუფში ცხოვრება, რომელიც იერარქს ემორჩილება. 
აი თემი კი ვერცერთმა ცხოველმა ვერ შექმნა (არსებობს მოსაზრება, რომ ვეშაპები ერთმანეთს ულტრაგრძელი ბგერების საშუალებით  ათასობით კილომეტრებზე ესაუბრებიან. აქვს თუ არა ვეშაპების ჯგუფების ერთმანეთში საუბარს რაციონალური ან  იერარქიული ნიშნები ჩემთვის უცნობია, ალბათ არა). 
თემი ტომთა გაერთიანებაა, რომელსაც ერთი იერარქიულ მწვერვალზე მყოფი ტომის ბელადი მართავს. დომინანტური ტომს ეს სტატუსი ალბათ ძალმომრეობის არაერთი დემონსტრირების შედეგად მიენიჭა, მაგრამ ერთხელაც არადომინანტური ტომების ბელადები დაუფიქრდნენ ერთადყოფნის უპორატესობებს, თავდაცვა სხვა ტომებისგან, ნათესაობა, გაცვლა-გამოცვლა, სასამართლო, მშენებლობა, დიდი ჯგუფი "ჩვენ" და თემის სტრუქტურაში ნებაყოფლობით გაწევრიანდნენ, დაემორჩილნენ იერარქიას და ჩათვალეს, რომ მთავარია ერთობა და არა კენწეროში ყოფნა.

იმ მომენტიდან თემის ბელადს მიენიჭა სიმბოლური ძალაუფლება. ანუ ტომების გაუთავებელი ომების შედეგად დომინანტი ტომი გაუთავებლად უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ერთი ტპმის დომინირება ცნეს და ერთიანობაში თავისი ხეირები დაინახეს, აღარ იყო მნიშვნელოვანი ბელადი იქნებოდა თუ არა ყველაზე ღონიერი, ჭკვიანი, ბოროტი, აგრესიული. სიმბოლურ იერარქს მიენიჭა მეთაურობის ფუნქცია და ადამიანებმა დაიწყეს სიმბოლური და არა ძალის ვერტიკალის მწვერვალზე მყოფი იერარქის მორჩილება.

თემის ბელადები აღარ იყვნენ შესაძლო კონკურენტების დროზე მომკვლელი ან დამჩაგვრელი მამრები, როგორც ეს მგლებში, ლომებსა და მაიმუნებშია. ჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომელთაც ბელადობა დაუმსახურებლად, ზოგადი უნარების ჩაუბარებლად  ერგოთ, გახდნენ პროგრესის ლოკომოტივები. დედამიწის ისტორიაში პირველად მათ აიღეს პასუხისმგებლობა უცნობ ხალხზე, მეზობელ ტომებზე, გადაღმა მთებსა და მდინარეებზე, 
დედამიწის ისტორიაში პირველად ბელადი გათავისუფლდა საუკეთესო მონადირის და მებრძოლის მოვალეობისაგან, მას მიეცა ხელფასი პასუხისმგებლობის სანაცვლოდ , დაერქვა მეფე და დაიბადა კაცობრიობა.

       

No comments: