Friday, November 4, 2011

ორი საქართველო, არა, სამი საქართველო

კიდევ ერთი მცირე ბასტიონის კარები განიხვნა და ივანიშვილი შეუშვა თვისსა შინა.

ეს ბასტიონი არეშიძეა.
ცოტა ხნის წინ ასევე მცირე ბასტიონები, ანუ გარკვეული რეზისტენტობისა და ინდივიდუალიზმის მქონე ფიგურები, რომელთაგანაც ივანიშვილის მეტნაკლებად ობიექტურ შეფასდბას ველოდი, შალვა რამიშვილი და ლევან ბერძენიშვილი, გაბრძოლების ნიშნების გარეშე განერთხვნენ ბიძინას წინაშე და გუნდრუკის დიდი პარტია მოიმარაგეს.

ამ კაცს, არეშიძეს  მე ვიცნობ როგორც ანალიტიკური ჭკუის პატრონს, პატრიოტს. მაგრამ იმდენად ბოროტ პრინციპულს არა, რომ პოლიტიკურ ფიგურად იქცეს. ერთი გაფიქრება მისთვის მინდოდა ჩემი ხმის დელეგირება, იმდენად ვაფასებ.

მას შემდეგ რაც ივანიშვილმა 080808 მარტივად ახსნა, ჩვენი გიჟის შეცდომით, და ამით საქართველოს სამომავლო ისტორიულ სტრატეგიულ ანკესს, საჭირო ანკესს გადაგდება დაუპირა, განსაკუთრებით დამაინტერესა არეშიძის პოზიციამ ბიძინა ივანიშვილის ამ "აღმოჩენის"  შესახებ.  მაესტროზე ვუყურე, ოღონდ არასრულად. არ ვიცი ახსენა თუ არა საერთოდ ივანიშვილის ის პოზიცია, არ ვიცი რა შეფასება მისცა,
მაგრამ უკვე აღარ მაინტერესებს მისი აზრი ამ თემაზე, უფრო სწორედ, ნაკლებად მაინტერესებს.  რატომ? ივანიშვილზე ისაუბრა როგორც ხალხში იმედის გამღვიძებელ მშვიდ გაწონასწორებულ პოლიტიკოსზე. აშკარად გადაამატა ქება დიდება, ქარიზმა  და სიმშვიდე  მოუწონა,  ირაციონალურ დონეზე ხალხის დამშვიდების, დაიმედებისა და დაკმაყოფილების უნარი აღმოუჩინა ( ხალხი ამბობს, არ ვიცი რა ილაპარაკა, მაგრამ კაი იყოო).

ხოდა, ეს ივანიშვილის სიმშვიდე  უკვე რამოდენიმეჯერ რომ ახსენეს, მაინტერესებს დავიჯერო ამდენად რეალურია?
მე სულაც არ მიმაჩნია მშვიდად კაცი, რომელიც ჟურნალისტის შეკითხვას, მითუმეტეს ღია ეთერში,  კონტრკითხვებით, თანაც დამადანაშაულებელი კითხვებით და შეფასებებით პასუხობს, რომელიც აცხადებს რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, რომელიც მესამე საჯარო გამოჩენას მესამედვე თავისი ზეაღმატებული სასახლიდან აწარმოებს.  არ მიმაჩნია მშვიდად პოლიტიკოსი რომელიც თვლის, რომ "სააკაშვილს რომ დაუჯერო 080808 ომი ჩვენ მოვიგეთ". საქართველოს ხელისუფლების ომისშემდგომი ომახიანი რიტორიკის  ასეთი თავისუფალი ინტერპრეტაცია ჟურნალისტს ეპატიება, პოლიტიკოსს არა, პრეზიდენტი კი ასეთი პოზიციით  წაგებული ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.
09 აქციებზე მიშამ თქვა ჩვენ ამ ოპოზიციურ ტალღას ( სიტყვასიტყვით არ მახსოვს) გადავლახავთ ისე, თითქოს რუსეთი საერთოდ არ არსებობდესო.    მინდა რომ საქართველოს სახელმწიფომ ეს ტალღაც ისე დაძლიოს , თითქოს რუსეთი საერთოდ არ არესებობს. 
ანუ არ მინდა რომ ბიძინა ივანიშვილს კრემლის აგენტი და პროექტი ეძახონ. ხალხი დაიჯერებს და კრემლს ჩაბარდება, მობეზრდათ 20 წლის დამოუკიდებლობანა, ძნელია რუსეთისგან ქების გარეშე ყოფნა, რუსეთი ხომ სამყაროა ჩვენთვის.
და პრინციპულადაც, მინდა რომ პოლიტიკოსის ნათქვამ სიტყვას პოლიტიკოსის ნათქვამი სიტყვა დაუპირისპირდეს და მსაჯული ხალხი იყოს. როგორც იყო აქამდე.

ადრე მიშა ( და ზოგადად პრეზიდენტი, როგორც თანამდებობა)  პრარაბს, გიდს, სტრატეგიის გეიმერს, მასწავლებელს და ობობას შევადარე,
მიშას ობობად ყოფნა კარგად გამოსდის, თუმცა ივანიშვილის ამოფრქვევამდე კაი ხანი პრარაბი იყო. ახლა ისევ ობობაა, ფაქტიურად მიზერული მოძრაობები გააკეთა, არავითარი შეფასება, არავითარი შეპასუხება, მხოლოდ ის, რისი უფლებაც კანონით ჰქონდა - ჩამოართვა მის მიერვე მიცემული მოქალაქეობა კანონის შესაბამისად, შეუზღუდა ფულის მოძრაობა სათანადო დოკუმენტაციის გარეშე და ავტომატური იარაღი ჩამოართვა მის დაცვას. ძალიან გამიკვირდებოდა ამ შემთხვევებში სხვა რეაგირება რომ ყოფილიყო.
პოლიტიკა და მითუმეტეს რუსეთთან წაგებული ქვეყნის პოლიტიკა სპორტი არ არის, არც ქუჩური გარჩევაა, იანგულივით ცალი ხელი რომ შეიკრა და ისე ეჩხუბო, მითუმეტეს შენზე უფრო მდიდარს ( სეუ გავლენიანს, ძლიერს)  პოლიტიკა ომების შემდეგ გაჩნდა დედამიწაზე და ომების საწინააღმდეგოდ შექმნეს ადამიანებმა.
მტერო, არ გაბედო არის პოლიტიკის მთავარი ღერძი.
არ გაბედო ომი ჩემს წინააღმდეგ, მე დასაცავი მაქვს საქართველოს ღირსება, რომლესაც ემუქრები, ამიტომ შეგებრძოლები, არ დაგითმობ.
ეს თავიდანვე უნდა იცოდეს ოპოზიციამ (  ოპოზიციამ მინუს დავითაიამ და პადოშამ, რომლებიც რუსეთისთვის პირის მობანვას არ აპირებენ) აი, არეშიძე მეიმედებოდა, რომ მეტ პრონციპულობას გამოიჩენდა, მაგრამ რას ვერჩი, ისიც ივანიშვილის ხიბლშია ჩავარდნილი. ხიბლი ლიბრად ქცევია და ვერ ამჩნევს რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან  ომზე ბოდიშის მოხდა. და პირიქით, რა პერსპექტივები აქვს საქართველოს პრინციპული პოზიციის შენარჩუნების შემთხვევაში.

 ოპოზიციის მიერ ამოტივტივებული ტერმინით რომ ვისარგებლო, წყალგამყოფი აქაა, ესაა წყალგამყოფი.



და აი რაა ეს წყალგამყოფი.
საქართველოს მოსახლეობა ორ ნაწილადაა გაყოფილი, ისინი ვინც თვლის რომ საქართველო უნდა გამთლიანდეს, რომ ეს შესაძლებელია და ისინი ვინც საქართველოს გაერთიანებას ფუჭ ოცნებად თვლიან.  ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავება პრინციპულია.  პირველნი თვლიან რომ საქართველოს ჭირდება დიდი წარმატება და არა წარმატება, ჭირდება მისი მონაწილეობა არამილიტარულ გაძლიერებაში (ექსტერიერის,  ინფრასტრუქტურა, ბიუჯეტი, სტატისტიკა, ასფალტი და კონცერტი მისთვის მნიშვნელოვანია) . ისინი თვლიან რომ ქვეყნის ღირსება  ქვეყნის და მისი მოქალაქეების გლობალური სახეა.
მეორე ნაწილი თვლის რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ დააკმაყოფილებს მას, თუ იქნება მდიდარი, სამართლიანი, კეთილი, დემოკრატიული, ხელისუფლება იქნება რბილი, კრიმინალები არ დაიბადებიან, კორუფცია თავს არ წამოყოფს, პოლიცია ძალას არ გადაამეტებს, პრეზიდენტი იქნება ილია ჭავჭავაძე, ოღონდ 70 წლის, 50 წლამდე ილია ჭავჭავაძეს ისინი ვერ აიტანენ.
ღირსება მათთვის ქვეყნის საზღვრებს არ ცდება და პიროვნებათა სახეა და არა ქვეყნის.



  არსებობს კიდევ მესამე ჯგუფი იქნებ ამ ორივეზე უფრო ხალხმრავალი, რომელსაც მხოლოდ ერთი დღით თუ  გაუბედავ გლობალური არხების (ევრონიუსი, დისქავერი, ნიკელოდეონი, ნეშენელ ჯეოგრაჯიკი) მაუწყებლობის ინგლისურად გაშვებას და რუსულის თარგმნის დაბლოკვას, და ის დღე უნდა იყოს რუსეთ საქართველოს ომის ერთი წლისთავი, ერთი დღით (080809),  მეტი ვერა.
ეგ ხალხი ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრობს, საბჭოთა რუსეთში.  ერთი ცოდვის პატიების გარანტია საკმარისია, რომ დაივიწყონ ისტორია, დაივიწყონ ბოლო 20 წელი და მიუბრუნდნენ რუსეთთან ქება- მოფერების რეჟიმს, სულერთია რა ფასად. მაგალითად წინასწარ კასტრირებული ლტოლვილთა 5 %–ის დაბრუნებაც იკმარებს ინდულგენციად. ღირსება მათთვის სამდიდრეში, სიმშვიდეში ზომიერ ლაგამში, "კუთვნილი" ბედნიერების ფლობაში   ტრანსფორმირებული ამორფული მცნებაა.    რომელ ჯგუფშია ივანიშვილი?  რომელი ჯგუფის ორგანიზებას და წინამძღოლობას აპირებს?  უკვე ვიცი რომ პირველის არა. 

მასთან დამოკიდებულების ჩემი წყალგამყოფიც ეგაა, არეშიძისგან განსხვავებით.         

2 comments:

მიშო said...

gavkadnierdebi da ase mogmartavt : chemo megobaro,ukve meramdened tqvens postebshi sakutar azrebs vkitxulob. Tumca tqven bevrad gonivrulad msjelobt. Kidev ertxel getyvi, rom kargi xar!

Mishos deda.

cartwheel said...

მადლობა მეგობარო.