Monday, March 17, 2008

მდოგვი ცხვირში

მდაა.. :( დოჟილი.
ახლა უკვე ვიცი, ჩემდა სამწუხაროდ ვიცი რომ, თუ დაბერება მომიწია ცრემლებიანი ბებერი ვიქნები. დღეს (14 მარტს) 3ჯერ მომადგა ცრემლები და.. გადმომცვივდა კიდევაც. ზუსტად ისე როგორც გახსოვთ რომ ხდება, ჯერ თითქოს მდოგვი მოგივიდა ზედმეტი და მერე კი ცხვირსა და თვალებს მოაწვება სისხლი და ეს უსირცხვილო ცრემლები გამოძვრებიან.

პირველად დილით, როცა გავიგე რომ ანა კალანდაძეს მთაწმინდაზე კრძალავდნენ, მეორედ სახლში წინადღით ნაყიდი ჯენის ჯოპლინის DVD-კონცერტის ნახვისას, მესამედ კი საღამოს კინომსახიობთა თეატრში ვაჟა ფშაველას პოეზიის პერფორმანსზე "რამ შემქმნა ადამიანად". ეს უკვე მეტისმეტია. განსაკუთრებით 40 წლის ასაკის რეანიმატოლოგისათვის. ზოგიერთი პაციენტი მართალია "ძიაკაცოთი" და "ექიმო შენ ჭაღარას ვცემ პატივსოთი" მომმართავს, მაგრამ მე ჩემი თავი მაინც ახალგაზრდა და დრამატულ სიტუაციებში გაწონასწორებული ადამიანი მგონია.

მაგრამ სადა ხარ.. ცრემლები ერთ დღეში სამჯერ?! სიბერეში იქნებ ეს შესავალი სტადიებიც აღარ დამჭირდეს და ყველაფერზე ცრემლები წამომცვივდეს. შვილიშვილები იქირქილებენ, ეს კაცი თავის დროზე ომში ყოფილა, მერე რეანიმატოლოგი იყო, ყოველდღე სიკვდილებს უყურებდა და ახლა სიბერემ გამოაჩერჩეტა, ბემბის ყურებაზეც ეტირებაო.

არა, თავისმართლებად არა, მაგრამ ჩემთვის მაინც მინდა ვიცოდე რა აფერენტაცია დამატყდა თავს თითოეულ ამ შემთხვევაში.

THINK AGAIN
ანა კალანდაძე

ანა კალანდაძეს მთაწმინდაზე კრძალავენ.
ეს ხომ მეც ვიცოდი, რომ ჩემს ქალაქში მთაწმინდაზე დასაკრძალი უდიდესი ადამიანი, ჩვენი საერთო სიამაყე, უდიდესი პოეტი და არა მხოლოდ ქართული პოეზიის დედოფალი ცხოვრობდა. მას მთაწმინდა ეკუთვნოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ მან ეს აზრი გულის კუნჭულშიც არ იცოდა. ის ჩვენ
განსაკუთრებული პატივისცემის გარეშე გვყავდა, მშვიდად ვიფერებდით ასეთი ადამიანის თანამედროვეობის პატივს. ქაქუცა ჩოლოყაშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვიდან მახსოვდა თუ არ ვცდები მერიის სახელით ნათქვამი, რომ მთაწმინდაზე დაკრძალვის საკითხი უნდა დადგეს მხოლოდ გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ. ე. ი. გარდაცვლილის ღვაწლი დრომ უნდა გამოსცადოს რათა ახალი შემთხვევის ტრაგიკულობამ არ იძალოს და მთაწმინდაზე ადგილი ნაკლებად ღირსეულმა ადამიანმა არ დაიკავოს. თითქოს ბოროტი პრაგმატულობაა, მაგრამ მე ამ წესს ვეთანხმები. ეს წესი რომ დაეცვათ მთაწმინდას გულში არ "ჩაახუტებდნენ" სტალინის დედასა და ტერორისტ რევოლუციონერებს.
მეგონა ანა კალანდაძეს დიდუბეში დაკრძალავდნენ და მხოლოდ 2048 წელს იმსჯელებდნენ (ან არ იმსჯელებდნენ) მის მთაწმინდაზე გადასვენებაზე. უკეთეს შემთხვევაში კიდევ 40 წელი სამართლიანობის აღსრულებამდე. და.. ჩემთვის მოულოდნელად ვგებულობ რომ ანა კალანდაძე მთაწმინდაზე იკრძალება. არ ვიცი გავიმართლე თუ არა თავი ჩემი ცრემლისთვის, მაგრამ ერთი წამით თქვენც წარმოიდგინეთ ერთი კვირის წინანდელი მოხუცი, ავადმყოფი ანა კალანდაძე მას რომ სცოდნოდა რომ საქართველო, დღევანდელი დაბნეული და პოლიტიკურ აიწონაში უხერხულად გაჩაჩხული საქართველოც კი მას მთაწმინდას უმზადებდა. "ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით.." მდოგვი ცხვირში იყო, ფაქტია იყო.

ჯენის ჯოპლინი



ერთ მუსიკალურ გადაცემაში დათო ტურაშვილს უნდა დაესახელებინა 10 საუკეთესო მომღერალი ქალი და პირველი ადგილის დრო რომ მოვიდა, თქვა - ასეთი ადამიანები ათასწლეულში ერთხელ იბადებიანო და ჩემი ფავორიტი – ბიორკი დაასახელა. ჰმ! ჰმ! ნიშნისმოგებით გადავხედე ოჯახს. ჩემები ჩემს გატაცებას ბიორკით მაინცდამაინც არ იზიარებდნენ. მომეწონა ეს შეფასება – ადამიანი რომელიც ათასწლეულში ერთხელ იბადება. დათო ტურაშვილისგან განსხვავებით მე ვთვლი რომ მეოცე საუკუნემ ათასი კი არა ორი ათასი წლის გეგმა შეასრულა.. ჯენის ჯოპლინი 1970 წელს მოკვდა 27წლის ასაკში, როცა ჩემი კბილა ბიორკი და მე ჯერ კიდევ 3 წლისანი ვიყავით, დიდი ხნით ადრე ვიდრე შოუბიზნესი კლიპობანას მოიგონებდა. ჩემს DVD-ში დოკუმენტური ინტერვიუები და 15 სიმღერის საკონცერტო ჩანაწერი აღმოჩნდა (1966-1970წწ). ძალიანაც კარგი, სად ჯენის ჯოპლინი და სად კლიპი მეთქი (სხვათა შორის ჯენის ჯოპლინის ეს DVD პიტერ გებრიელის DVD -სთან ერთად, ერთ მაღაზიაში შევიძინე და ეს უკანასკნელი DVD კი ბავშვებისთვის ინტელექტუალური როკის მამის კლიპების საჩვენებელად ავარჩიე). სახლში საავადმყოფოდან, მორიგეობიდან დაბრუნებული მარტო აღმოვნჩდი და ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი - შემეძლო თავიდან ბოლომდე მენახა-მესმინა ფილმი “ჯენის” და თანაც საკმაო ხმით.
იქნებ დაღლილობას, უძილობას და დრამატულ მორიგეობასაც დავაბრალო ჩემი ფარული სენტიმენტები, მაგრამ 10 წუთის შემდეგ მარტო ყოფნის კიდევ ერთი მოულოდნელი უპირატესობა აღმოცენდა.. მდოგვს ცხვირში ვინ ჩივის – ცრემლები უკვე ნიკაპზე მეკიდებოდა. ვტიროდი და არც ვნაღვლობდი. ეს ტრანსი საათნახევარს გაგრძელდა. კიდევ კარგი სიმღერებსშორის ინტერვიუები ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევდა. რატომღაც დინამიტთან ანალოგია გამახსენდა. აფეთქების წამის თუ მილიწამის განმავლობაში დინამიტი თავის წინა ზომასთან შედარებით მილიონჯერ დიდ ადგილს იკავებს და ვინც ამ ადგილზე ხვდება ამ ადგილზე არსებობის უფლება აღარ აქვს.. თვითონაც დინამიტის ცეცხლად იქცევა. ჯენის ჯოპლინი ქალი დინამიტია. არა, ადამიანი დინამიტი! შენც შეგიძლია იყო ჯენის ჯოპლინი ოღონდ ამისთვის მარტოობა და კომპიუტერი ან მუსიკალური ცენტრი დაგჭირდება. რეცეპტი: აიღეთ ერთი საათი მარტოობა, ჯენის ჯოპლინის ერთი CD ან DVD(სახელად “ჯენის”), ერთი კომპი ან მუსიკალური ცენტრი, ერთი სკამი (სასურველია სავარძელი) და “კერძიც” მზადაა. მიირთვით ცივად. გეყოფათ მთელი ცხოვრება.

ვაჟა ფშაველა


ჯენისიდან ვაჟაზე ვერ გადმოვერთვები, ვერ დავწერ (მეყოფა ბელეტრისტიკა დღეს), მაგრამ ფაქტი კი იყო. კიდევ კარგი დარბაზში კარგად ბნელოდა და ჩემმა ბიჭმა ჩემი ცრემლები ვერ დაინახა.
სხვა დროს დავწერ ქეთი დოლიძის, მსახიობ მზია არაბულის და უცნობი სპექტაკლის ვიზუალური გამფორმებლის სამადლობელს. პათეტიკა ცოტა ზედმეტი იყო, ყოველ შემთხვევაში მე მეზედმეტა (ფაქტი იყო მეთქი, რომ ვთქვი). სიმსუბუქე აკლდა ჩემთვის განსაკუთრებით, და იმ დღეს განსაკუთრებით.

1 comment:

Anonymous said...

Excellent blog here! Also your website loads up very fast!
What host are you using? Can I get your affiliate link to your host?
I wish my web site loaded up as fast as yours lol
Also visit my web site : transfer news arsenal today