Monday, February 14, 2011

ნდობა თუ იძულება? 




დისციპლინა არის შვეიცარიაშიც და ჩრდილოეთ კორეაშიც. შედეგი მიღწეულია: მოქალაქეები იცავენ ქუჩაში მოძრაობის წესებს, რიგში ურიგოდ გაძრომას არავინ ცდილობს, სამსახურში არ აგვიანებენ, სამუშაოზე არც მთვრალები მოდიან და არც ნამთვრალევები, კრიმინალის დონე დაბალია. 

ოღონდ ამ შედეგის მისაღწევად ამ ქვეყნებს დიამეტრულად განსხვავებული გზები აქვთ გავლილი. 
ჩრდილოეთ კორეაში ყველამ ბავშვობიდანვე  იცის, რომ შეცდომისთვის, დარღვევისთვის, დანაშაულისთვის უმკაცრესად დაისჯება. 

შვეიცარიაში კი ყველამ იცის ბავშვობიდანვე, რომ შეცდომის, დარღვევის, დანაშაულისთვის  საზოგადოების   მკაცრ საყვედურს ვერ აცდება. საზოგადოება შვეიცარიაში არ სვამს დამრღვევს ციხეში, მაგრამ ადებს დამღას, რომელიც ცვლის ბიოგრაფიასა და კარიერას. 

შვეიცარია მოქალაქეს ეუბნება, ყველაფერი ნებადართულია გარდა იმისა, რაც აკრძალულია
ჩრდილოეთ კორეა კი თავის მოქალაქეს ეუბნება, ყველაფერი აკრძალულია გარდა იმისა, რაც დაშვებულია. 


შვეიცარიელი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში მოძრაობს ენდობა შვეიცარიელ  ხალხს და ჩასულ სტუმრებს
ჩრდილოეთ კორეელი, რომელიც მგზავრობს ჩრდილოეთ კორეაში, ენდობა ხელისუფლებას, რომელიც აიძულებს სხვა მგზავრებსა და ქვეითებს დაიცვას წესები. 

არის ქუჩაში მოძრაობის  საერთაშორისო წესებში ერთი წესი, რომელშიც ნდობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ ყველაზე მეტადაა ნაგულისხმები. 

ეს არის დაურეგულირებელი და თუნდაც დარეგულირებული  გზაჯვარედინის გავლის წესი. 

გზაჯვარედინზე მარცხნივ გადახვევის მოსურნე მანქანამ უნდა გადაუხვიოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემხვედრ ნაკადს გამოატარებს. 
უნდა გაჩერდეს გზაჯვარედინის ცენტრში, გადამკვეთი გზის პერპენდიკულარულად, შეუშვიროს მარჯვენა გვერდი სწორ გზაზე აქამდე მოძრავ ნაკადს, და მხოლოდ მას შემდეგ ჩაუხვიოს მარცხნივ, როცა შემხვედრ ხაზზე ყველა მანქანა გაივლის. 

ქართველებს ასეთ სიტუაციებში წესის მიხედვით გავლა გვიჭირს:
იძულებაც კი  (შუქნიშანი, მოძდაობის წესი)ვერ გვაიძულებს გამოვიჩინოთ 5 წამიანი ნდობა უცნობთა მიმართ. 
 ვერ ვენდობით, გვეშინია მარჯვნიდან მომავალი ნაკადისა, რომელიც შუქნიშანმა უნდა გააჩეროს, მაგრამ გაჩერდება კია? 
არ ვიცით.
ასეთ სიტუაციაში თბილისელები ვცდილობთ მანქანა შუქნიშნის წითლიდან გაყვითლებისთანავე ჩავუხვიოთ მარცხნივ, და არ ვაცალოთ შემხვედრ ნაკადს ჩავლა.

თუ გაუგებრად ვყვები, საილუსტრაციო ადგილს გეტყვით, და იქ ეს მოვლენა ყოველ სამ წუთში განმეორდება - ასათიანის ქუჩიდან დელისისკენ წამსვლელებს დააკვირდი.  


ჩვენ ჯერ სხვა ეტაპზე ვართ: ნდობის ეტაპზე სამწუხაროდ ჯერ  არა. გზაჯვარედინებზე ქაოსისა და უწესრიგობის აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა დამატებით ბორდიურების და ქვეითთა კუნძულების ჩალაგება, ანუ იძულების ეტაპზე ვართ. უფრო ჩრდილოეთ კორეა ვართ, ვიდრე შვეიცარია, თუმც სინამდვილეში ყველაზე მეტად ინდოეთსა და ირანს ვგავართ.

საყოფაცხოვრებო წესიერება საკრალურ სიმპტომად მიმაჩნია, თუმცა ჩრდ. კორეის შემთხვევაში ეს სიმპტომი მატყუარაა, ჩრდილოეთ კორეა ერთერთი პირველია იმ ქვეყნებში, სადაც დედამიწის მოსახლეები არაფრით წავლენ საცხოვრებლად. 
ასევე წესიერი შვეიცარიისგან განსხვავებით, რომელიც იმდენად მიმზიდველია, სურვილზე რომ იყოს ალბათ მილიარდ მოსახლიანი გახდებოდა.

ანუ ისეთი წესიერი ქვეყანა მინდა, სადაც წესიერ საქციელს საფუძვლად უდევს შენდამი და უსახელო უცნობი  მოქალაქეებისადმი ნდობა. 


  
ოდესმე იმდენად განვვითარდებით, რომ უცნობ ადამიანებს ვენდოთ და გზაჯვარედინზე მათი მანქანების ნაკადის მოძრაობის პერპენდიკულარულად შევჩერდებით, სანამ მათ წითელი უნთიათ და ჩვენს შემხვედრ ნაკადს ჯერ არ ჩაუვლია. აი მაშინ ვიგრძნობთ, რომ ეს გარემო სახელმწიფოა და მისი სოციუმი ღირსეულია.

მე და თქვენ ( ჩემო მკითხველებო)  ამას პირველნი  შევიტყობთ ასათიანისა და ვაჟა ფშაველას გზაჯვარედინის გავლისას.

მაგრამ სანამ ხალხი რიგისა და ბარნოვის ქუჩების გადაკვეთაზეც ასევე წესისამებრ არ მოიქცევა, მთლად კეთილი ვერ ვიქნები.

მაგრამ ერთხელაც თუ დავრწმუნდი, რომ ეს ხალხი წესიერი ქვეყნის წესიერი მოქალაქეები არიან, ალბათ გაცილებით ამაყი, ყურადღებიანი და გულთბილი გავხდები. 
წესიერი ქართველებით სიამაყე მინდა. 

No comments: