კეიტ მოსი ცნობილი მოდელია, მეგა ვარსკვლავი თავის კოლეგა მოდელებში, ერთ ქართულ ბულვარულ ჟურნალში (ისეთში, როგორებსაც ყდაზე 3 როგორ და 4 რატომ აქვთ სათაურად) ერთერთ ნათარგმნ სტატიაში ამოვიკითხე კეიტ მოსის წარმატების საიდუმლოს ამოხსნის მცდელობა. ავტორი ვარაუდობდა, რომ კეიტ მოსის მიმზიდველობას განაპირობებს "სილამაზე იმ ძუძუებისა, რომლებიც უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ აქვს".
ანუ,ავტორის თქმით ქეით მოსის წარმატება მის სილამაზეშია, რომელიც ისედაც არის, ძუძუების გარეშეც.ხოლო, რომ ჰქონოდა, ჩვეულებრივი იქნებოდა და არც ამდენად წარმატებული.
ნეტავ ღირსებების რა ჯადოსნურმა ნაზავმა მისცა საშუალება ქეით მოსს, განსაკუთრებულ სილამაზეში ჩაეთვალოს ის რაც.. აუცილებელია, მაგრამ არ აქვს?
საქართველოს სასახლეები არ აქვს.
Georgian national music adjaruli by iverino
როგორ შეიძლება ოდესმე ძლიერი ყოფილიყო ქვეყანა, რომლის არათუ ფეოდალებს, მეფეებსაც არ ჰქონდათ სასახლეები?
რითი იწყობოდა იერარქიული ვერტიკალი თუ არა სტატუსის ისეთი მარტივი დემონსტრირებით, როგორიც სასახლეა.
სკეპტიკოსი მეტყვის, აქ არაფერია რომანტიკული, ქართველებს სასახლეები ჰქონდათ უბრალოდ ... ვერ აშენებდნენ ლამაზ და გამძლე სასახლეებს და იმიტომაც არ შემორჩნენ, ალბათ ისეთივე ხრონგები იყვნენ, როგორიცაა ერისთავების სასახლე ახალგორში ან სამეფო უბნის პრიმიტიული ნაგებობები ქუთაისში, ან სულაც დიდი ბესედკები, როგორც ერეკლე მეორემ აიშენა (თანაც, ვინაიდან ეს ჩამოთვლილი ექსპონატები როგორც მინიმუმ შემოგვრჩა, შესაბამისად სხვებზე უფრო მტკიცე და ლამაზი უნდა ყოფილიყო).
და თუ ასეა, რატომ არ გადავიდა ულემაზეს და ურთულეს ეკლესიათა მშენებლობის ცოდნა და უნარი სასახლეების შენებაში?
რატომ არა გვაქვს თუნდაც ერთი სასახლე, რომელიც უნდა მდგარიყო სამთავისი გვერდით, კვეტერას გვერდით, მარტვილის გვერდით, იშხანის გვერდით, ოშკის გვერდით?
რატომ არა გვაქვს თუნდაც ერთი?
თუ გვაქვს 657 ურთულესი ეკლესია რომელთაგანაც 26 დღევანდელი ხუთსართულიანი სახლის სიმაღლეა, 75 - 4 სართულიანის, 278 კი 3 სართულიანის. და თუკი ეს ტაძრები მეფეთა გარდა მდიდარი ფეოდალების შეკვეთებით (ქტიტორობით) აიგო უძველეს დროს, რატომ არ აიშენეს იმ დალოცვილებმა თავისთვის სასახლეები?
დავიჯერო რომ ყველა პატრიოტი და იდეალისტი იყო, რომ რესურსს მხოლოდ ციხეგალავნებსა და ეკლესიების აგებას ახმარდა და არა საკუთარ ხორცის ლხენას, კომფორტსა და პრესტიჟს.
რა უდგა წინ ზარზმის ამგებ ხურციძეს მეთოთხმეტე საუკუნაში თავისთვის
ერთაწმინდის ამგებს
გრემის ამგებს
იდლეთის ამგებს
კვეტერას ამგებს
ატენის ამგებს
ერთი პატარა ბაზილიკისმსგავსი მოჩარდახებულ აივნიანი სასახლე თავისთვისაც აეგო?
რომ აეგო ხომ დარჩებოდა, გადაკეთებულ მიშენებული ან თუნდაც ჩამოქცეული, მაგრამ ხომ დარჩებოდა.
არ აუშენებიათ.
სრული რესურსი ხმარდებოდა სულის სიმტკიცესა და თავდაცვას.
გუშინ ჩამოვედი თელავიდან, სადაც აღმოვაჩინე, რომ ერეკლე მეფის სასახლე, რომელზედაც ქეთევან ბაგრატიონ- ორსინის მისმა ქმარმა, იტალიელმა ბარონმა უთხრა, ასეთი შენობა ბაბუაჩემს თავლად აქვსო, ისიც კი, ჩვენი საამაყო და ერთადერთი რუსებამდელი, ისიც კი არ ყოფილა ჩვენი, სპარსელ ხანს აუგია თავისთვის, მაგრამ აუგია იმ სამეფო ტერიტორიაზე, რომლის 3 ჰექტრიან ეზოს არჩილ მეფემ 5 მეტრი სიმაღლის გალავანი შემოარტყა სასახლის აშენებამდე ასი წლის წინ.
ანუ იქაც ზოგადქართული სურათია - სასახლის სამშენებლო რესურსზე 10-ჯერ აღმატებული რესურსია დახარჯული ციხესიმაგრეზე, სასახლე კი არჩილ მეფეს არ ჰქონია.
წინანდალშიც იპოვი პარალელებს, გარსევან ჭავჭავაძე ეკატერინა მეორის ნათლული პეტერბურგში დაბადებულა, მისი აღზევება ქართულ მიწაზე რუსული პოლიტიკის ჭკვიანური რგოლი იყო და არა ქართული სამშენებლო უნარის გამოვლინება.
ასე გვეცლება სათითაოდ თითზე ჩამოსათვლელი სასახლეების ჩვენთვის საამაყო ღირსებები.
ერეკლეს სასახლე- ხოსრო(?) სპარსის სასახლე
წინანდალი - ეკატერინე მეორის ნათლულის სასახლე
ლიკანი- რომანოვის სასახლე
აბასთუმანის სასახლეები თურქის, გერმანელის, რომანოვის,
ზუგდიდის დადიანის სასახლე, წამლად იქნებ ის მაინც იყოს ქართული.
თუ მოვჩხრიკო ისიც, იქაც რუსული იმპერიული კალთა იქნება გადაფარებული.
მაშ ასე, დაგვრჩა ქვეყანა ეროვნული სასახლის გარეშე.
მეთვრამეტე საუკუნემდელი ქართული სასახლის ჭაჭანება არ გვაქვს, მეცხრამეტესა და მეოცეს დასაწყისში სასახლეები არქიტექტურით და შინაარსითაც არაქართულია.
როდის შევიცვალეთ?
როგორ გარდაიქმნა ის ერი, როგორიც იყო მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, იმ ერად, რომელზეც ანეკდოტი ამბობს, ქართველების დამარცხება თუ გინდა აგური და ცემენტი მიეცი და თავებს თვითონვე დაიხოცავენ შენებითო.
საქართველოს სიძლიერე სასახლეების არქონაში იყო, ისე როგორც კეიტ მოსის სილამაზე არარსებულ ძუძუებში.
სასახლეების არარსებობა საქართველოს განსაკუთრებულ ასკეტურ იერს აძლევდა, ეს ალბათ განსაკუთრებული თავსატახი იქნებოდა არაქრისტიანი დამპყრობისათვის, ფეოდალი, რომელიც მისი აშენებული ულამაზესი ეკლესიის ჩრდილში, ღარიბულ, სადა სახლში ცხოვრობს, ძნელი გადასაბირებელია.
მაგრამ ეს იყო.
იყო და აღარ არის.
დღეს ქართველი თავის ძირითად რესურსს სწორედ საწინააღმდეგო მიზნებში ხარჯავს.
ძვირი და პრესტიჟული მანქანა, რომელშიც ბენზინის ჩასხმის ფული არ გაქვს, ძვირი და პრესტიჟული მობილური, რომლის ანგარიშზე თანხა არ აქვს, ბინის რემონტზე დახარჯული 15 ათასი დოლარი, მაშინ როცა გარშემო სანაგვეა, ტრაქტორის ნაცვლად ნაყიდი მერსედესი, ბეტონის ნაცვლად დასვენება ანტალიაში, სასწავლო კურსის ნაცვლად ტელევიზორი, წიგნის ნაცვლად კაზინო, ფერმის ნაცვლად რესტორანი, ავეჯის საამქროს ნაცვლად ტურისტული ფირმა, სათბურის ნაცვლად მოტელი თურქი მძღოლებისათვის, ობლებს წიგნების ნაცვლად მამის მარმარილოს აკლდამა.
მოკლედ, სწორი ჟილკა გვაქვს დაკარგული .
როდის შევიცვალეთ?
ალბათ ბოლო 200 წლის განმავლობაში, როცა თავდაცვას, სამხედრო სამსახურს პატრიოტიზმი კი არა, მორჩილად გაწვევა- ჯარის მოხდა ჭირდებოდა მხოლოდ, სულიერების სადარაჯოზე კი რუსი ეგზარქოსები იდგნენ ხატებგადათეთრებულ ეკლესიებში.
როგორც ინსულინმომხმარებელი შაქრიანი დიაბეტიანი ავადმყოფი კარგავს ინსულინის დამოუკიდებლად გამომუშავების უნარს, იმიტომ რომ მუქთად აქვს გარედან, ასევე დავკარგეთ ჩვენ ის მტკიცე ნება, რომელიც 10 ეკლესიის და 3 ციხის პატრონს კიდევ ერთ ეკლესიას ან ისევ ციხესიმაგრეს აშენებინებდა და არა სასახლეს. ანუ დავკარგეთ თავდაცვისა და სულიერი მდგრადობის მტკიცე ნება.
თუ თქვენ მკითხავთ, რატომ არ განვავრცობ ჩემს მსჯელობას მთავრობაზე და რატომ ვუკირკიტებ მხოლოდ ხალხს, ქართველებს, მოგახსენებთ.
მართლაც, ერთი შეხედვით ხელისუფლების გატაცება შადრევნებით, ფასადებით, ძეგლებით, თანამედროვე არქიტექტურული თვალსასეირობებით, ევროპაშიუგრძელესი პლიაჟ-ბულვარით, კოსმეტიკურ რემონტიანი ქალაქებით იქნებ სწორედ იმ ჩვენი არარაციონალურად ძვირფასი მობილურისა და ავტომობილის ყოლის გამოხატულებაა.
ჰა, რას იტყვით?
მე კი მგონია რომ. პირიქითაა, ბინისგარეთა ხარჯები (შადრევნები, ფასადები, ასფალტი, ბულვარები, კონცერტები) სწორედ რომ ისტორიული ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების მშენებლობის ექვივალენტია.
ბრჭყვიალა სიახლეები იმ ხალხს აწუხებს ყველაზე მეტად, ვისაც საერთო რესურსიდან თავისთვის უნდა უფრო დიდი ნაჭრის მოჭრა და საერთო რესურსი, მისი თავისთვის შეგულებული წილი არ ემეტება საერთოსთვის, მე, მე მომეცი ჩემი და აქვე მოვიწყობ შადრევანს, კონცერტს, რემონტს და ტურმოგზაურობას ჩემივე ოჯახში.
ანუ ბინისგარეთა მშენებლობის მოწინააღმდეგე სწორედ ის
ბოლო 200 წლიანი დუნე ტვინია, რომელიც ხელმისაწვდომ რესურსს მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის ხარჯავდა, ვისაც ერთი ქვა არ აუტანია ციხის გალავანზე, ერთი ჩაქუჩი არ შემოურტყამს ეკლესიის ასაგებ ორნამენტზე, ერთი სადილი არ მიუტანია მშენებლებისთვის და ამ დროს საკუთარ საქმეს, სახლსა და ოჯახს მოკლებოდა.
ანუ მოქცეულიყო ისე, როგორც იქცეოდა ქართველი რუსებამდე, კონფორმიზმამდე, ღირსების მშვიდობაში გაცვლამდე.
მიმაჩნია რომ დღეს სწორედ ძვირიანი ზიზილპიპილოები ხრამივით სოციალური პროგრამების ნაცვლად არის ჩვენი ნაღდი, რუსებამდელი წინაპრების სულის ყივილი. კბილი კბილს დააჭირე და აშენე, აშენე მტრის ჯინაზე, აშენე ის, რაც მტერს თვალს მოსჭრის. იყოს ბრჭყვიალა, შხაპუნა,ჭყატალა, მბზინავი, თუნდაც ფუყე და ბაქია, მაგრამ იყოს.
შეწუხდი იმაზე რაც ჯერჯერობით მიუხედავი, ჩაობებული, დაჟანგული და უაკუმულატორობის გამო გაუქმებულია, დაიბოღმე თუ რამეში მეზობელი ქვეყნები გვჯობია. შეგშურდეს მისი და მოინდომე შენი საქმით შენ ქვეყანას შეეწიო, როგორც მინიმუმ ხელი არ შეუშალო.
იმისათვის რომ ჩვენი წინაპრების ტყავში ცოტათი მაინც ვიგრძნოთ თავი, საჭიროა მოვიკლოთ უპირველესი საჭიროების ხარჯები და ვაშენოთ საერთო სარგებლობის თუნდაც არაპრაქტიკული, არარაციონალური, ისევე როგორც ეკლესიები ისტორიულ საქართველოში.
დღეს ამ არარაციონალურმა ხარჯმა უნდა მისცეს საქართველოს სიცოცხლის ჟინი, ინვესტორებს ნდობა და მტერს ბოღმა.
და როგორც არარაციონალური სიმდიდრე - ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში რეალური შედეგის, ქვეყნის თავდაცვის, ერთიანობისა და სტაბილურობის მომტანი იყო, ისევე უნდა გახდეს სუფთა და მოწესრიგებული ექსტერიერი სუფთა და მოწესრიგებული ქვეყნის საფუძველი.
ოღონდ ეს იმ შემთხვევაში იქნება, თუკი ძვირიანი სიახლეები ქართველების პრაქტიკული საჭიროებების ნაცვლად იქნება და არა მათ ზემოთ.
მხოლოდ ამ შემთხვევაში აღსრულდება უძველესი ღირსეული შეგონება - წარსდეგ მშიერი, არა შიშველი.
თუმცა საეჭვოა ავმაღლდეთ ისეთ სულით ძლიერ კომუნამდე, როგორიც საქართველოში სახლობდა მე-18 საუკუნემდე, ანუ იმ დრომდე, როცა სახლები და სახლების შიგთავსი ფეოდალებისა და მეფეებისაც კი, უფრო სადა იყო, ვიდრე საერთო სარგებლობის ნაგებობები.
Tuesday, October 26, 2010
ისტორიული ექსკურსი ერთი რაკურსით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
სიამოვნებით ჩავიკითხე პოსტი. საოცარი შესავალი გაქვთ ხოლმე პოსტებზე.შესავლის შემდეგ ერთი წინადადებაც კი არ მქონდა ჩაკითხული, რომ უკვე მივხვდი შესავლის აზრს, მივხვდი, რაზე უნდა ყოფილიყო ქვემოთ საუბარი. ბევრჯერ ნაფიქრი და ნაკამათევი თემაა ჩვენს ოჯახში. ჩემს საკუთარ თავში, ცნობიერებაში სასწაული მოხდა. 2 წლის წინათ დაახლოებით ისევე ვფიქრობდი, როგორც ჩემი და ცოტა უფროსი თაობის, სამწუხაროდ უმეტესობა ფიქრობს. მაშინ ძალიან მეწყინა, როცა მიშომ მითხრა.- "დედა, ნუ გეწყინება , მაგრამ ჩვენს ქვეყანას მანამ არაფერი ეშველება,სანამ შენი თაობა იქნებაო. ახლა კი რა მემართება? ზუსტად მასავით ვფიქრობ,და არა მარტო... სწორად შენიშნეთ, ეს უბედურება დახლოებით 2 საუკუნისაა. სოფელში ხუხულა სახელმწიფო შენობის გვერდით წამოჭიმული იყო უზარმაზარი, სოფლის "პატრონოს",სასახლე. ეს გადაგვარებაც ყველა იმ უბედურების ნაწილია ,რომელიც რუსეთის "მფარველობამ" მოგვიტანა.
ის რომ ჩემი სხეულის ნაწილი დავკარგე, აუტანელი ტკივილია, მაგრამ როცა მსგავს თემებს ვკითხულობ,კიდევ უფრო აუტანელი ხდება, როგორ გამოადგებოდა ახალ საქართველოს ჩემი შვილისნაირად მოაზროვნენი. რატომ დაუშვა უფალმა? მაინც ბედნიერი ვარ... ახლა უფრო მეტი მიშოა ჩემს ოჯახში...
Post a Comment