რეშეკითხვა
ჯერაც უპასუხოდ მყოფი
Friday, December 31, 2010
Wednesday, December 29, 2010
my favorite online games
თამაშების ეს ჩამონათვალი ჩემი და ჩემი შვილების დიდი და ხანგრძლივი "კვლევის" შედეგია.
აქ მხოლოდ ის თამაშებია, რომლებიც მომწონს გრაფიკით, შინაარსით და აზარტულობით.
flood-runner
dino-run
fancy-pants-adventure-1
fancy-pants-adventure-2
hotel-skeleton
forest-temple
crush-the-castle-2
monkey-snowfight
monkey-lander
flomo
ice-breaker
raft-wars
candy-and-clyde
gateway
magic-pen
Posted by cartwheel at 7:20 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, მე ათეისტი, სასარგებლო
Tuesday, December 28, 2010
წინასაახლაწლო პოსტი
ჭკვიანი ბავშვი 2011 წელი.
ჰოვარდ ვონგი. უნდა ვიშვილო.
გილოცავთ დამდეგს!
Posted by cartwheel at 1:33 PM 0 comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი, მუსიკა
Monday, December 27, 2010
პიკოლინას
პიკოლინას საიტი გაუკეთებია, კარგი საიტი. კითხვები ჰქვია.
რომელსაც ახლა ვერ ვპოულობ (და ჩავსვამ აქ, თუ პიკოლინა მიკარნახებს).
შეგიძლია კითხო და ის პასუხებს არ დაგზარდება. ფსიქოლოგი ყოფილა და მისი პასუხები ყველას გამოგვადგება საქართველოში მცხოვრებთ.
სრული სერიოზულობით ვამბობ, არ გეგონოთ რომ ირონიას ვურევ (ძალიან პათეტიური გამოვიდა პიკოლინას საიტის ჩემეული რეკლამა და ამიტომ ვხსნი, რომ ირონია არ გეგონოთ).
კარგი პასუხები აქვს. მის საიტზე კი მისივე ბლოგიდან მოვხვდი, სადაც ეს წერილი "არ მჭირდება გმირი მამა" წავიკითხე.
აქ ჩემი შეკითხვებია, ოღონდ შეკითხვები, რომელიც მის მიმართ მისი პირადი ბლოგის წერილმა აღმიძრა.
ეს შეკითხვები მას ეკუთვნის და პასუხს არ ითხოვს, იმიტომ რომ რიტორიკულია. თუმცა, თუ არ დაიზარებს და მიპასუხებს, ჩემთვის მისი პასუხი მნიშვნელოვანი იქნება.
მაშ ასე, პიკოლინა! ჩათვალე, რომ პირველ პირში მოგმართავ, უბრალოდ ამხელა პოსტს კომენტად ვერ დაგიტოვებდი, ამიტომ ვწერ ჩემთან და ამიტომ, ტექსტი მესამე პირშია.
კითხვები (რიტორიკული კითხვები):
რა არის სინდისი, საიდან ჩნდება?
რა არის სინანული, საიდან ჩნდება?
რა არის თანაგრძნობა, საიდან ჩნდება?
რა არის ბიოლოგიური სახეობის სიძლიერე, რითი ყალიბდება?
რა არის ერის სიძლიერე, საიდან ჩნდება?
პიკოლინას მამა გაგრაში დაღუპულა, იქიდან გამოქცევისას ვნახე ბოლოსო,
არ მინდა გმირი მამის შვილობა, ცოცხალი მამის შვილობა მირჩევნიაო.
მე მამამისზე იღბლიანი აღმოვჩნდი, გაგრაში არ მიბრძოლია, მაგრამ სოხუმის თავზე, შრომა ახალშენის მიდამოებში, ჩემს ახლომახლო მებრძოლი ბევრი კარგი ადამიანის (რაზმიდან 6-ის ბატალიონიდან 32-ის) ხვედრი ამცდა, მართალია სულ ცოტათი, მაგრამ ამცდა.
გულახდილად გეტყვი, რომ მოვმკვდარიყავი მაშინ, მეც გმირს დამარქმევდნენ პოსტფაქტუმ, და ჩემს შვილსაც (ოღონდ სამს კი არა, ერთს, უფროსს, მომდევნოები მერე გაჩნდნენ 1995 და 2005-ში) გმირის შვილი ერქმეოდა, დღეს ექნებოდა უფრო რთული სქოლიოზი, ნაკლები ცოდნა და ალბათ არ ექნებოდა მოვლილი გერმანია, ესპანეთ-პორტუგალია. და რაც მთავარია, არ ეყოლებოდა ორი ვარსკვლავივით ძმა, ეყოლებოდა დღევანდელზე უფრო მოხრილი სევდიანი დედა.
შარშან მას განმუხურის ბანაკში მიიწვევდნენ და არ წავიდოდა, ანდა რატომაც არ წავიდოდა, მანამდე ხომ მხოლოდ სამჯერ იქნებოდა ზღვაზე ნამყოფი.
უნდა ჰყოლოდა თუ არა ჩემს შვილს გმირი მამა და არ უნდა დაბადებულიყვნენ თუ არა ნიკა და სანდრო?
პასუხი თქვენც იცით ხო, ჩემი პასუხი თქვენც იცით ხო?
მართალია - მათი მამა უნდა გადარჩენილიყო.
და უნდა გადარჩენილიყო პიკოლინას მამაც, მაგრამ, ომი ეს პროცესი არ არის მარტო, ეს ადგილია, ეს ადგილია, სადაც საკუთარი ფეხით მიდიხარ.
ომი ადგილია, სადაც უნდა დადგე, სულ ერთია ვინ ხარ, რემბო თუ ჰარი პოტერი, გიორგი სააკაძე თუ ერთერთი ხერხეულიძე, სინოპტიკოსი თუ ბიბლიოთეკარი.
უნდა მიხვიდე და დადგე არა მოსაკლავად, ხანჯლის ჩასაცემად, გულის გასაგმირად, სულის ასართმელად,
დასაცხრილად, მისაშვებად, ასაფეთქებლად, დასაბრედად, მისაწვენად, გასასაღებლად, გასატრუპად არამედ შენიანებისა და შენი მიწის გადასარჩენად.
მამაშენს ორივე მიზანი ჰქონდა, თავისიანების გადარჩენა და თავისი მიწის დაცვა.
ის დადგა იქ, ტერიტორიულად მივიდა იქ, სადაც მტერს უნდა გამოევლო. ის წავიდა მტრის დასახვედრად. მერე რა რომ სამხედრო არ იყო და ალბათ ავტომატიც სიმბოლურად ჰქონდა (ისევე როგორც მე, ამაზე ცალკე), მთავარი იმ მომენტში იყო ის, რომ მდგარიყო იქ სადაც უნდა მდგარიყო.
ადვილი იყო ოჯახთან დაბრუნება, ძნელი დარჩენა, მაგრამ მან დარჩენა აირჩია.
მე მაგალითად გამოვიქეცი, მაყვლის ბუჩქებს აღმართში თავს ვევლებოდი, ბუშლატს მივაფენდი, ზედ გადავაფოფხდებოდი და მერე ვიბრუნებდი ბუშლატას. რომ ახლა სხვა ბუჩქზე გადამეფინა, მაგრამ მანამდე ის ერთადერთი მჭიდი კალაშნიკოვის ავტომატისა მიხარჯული მქონდა, დიახ ასე გამწირა ჩემმა სახელმწიფომ - ნამდვილი ფრონტის ხაზზე ერთი მჭიდით აღმოვჩნდი (არადა ეს ფრაზა პათეტიურ-ირონიულია, მეორე მჭიდი რომ მქონოდა მე ალბათ ვერ წამოვიდოდი და ალბათ მოვკვდებოდი).
ალბათ მამაშენს ზედმეტი მჭიდი აღმოაჩნდა, ან ჩემ მტრებზე უკეთესი მსროლელი მტრები შეხვდა, მე კი გამიმართლა.
სანამ გაქცევას გადავწყვეტდი, უფრო სწორედ სანამ გაქცევის ბრძანებას მივიღებდი, მთავარ საქმედ, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა იყო, რომ მკვდარი ზურგში მოხვედრილი ტყვიით არ ვყოფილიყავი, ჩვენი ბრძოლა წაგებული იყო,
სამნი დავრჩით ათიდან, მე ტყვია აღარ მქონდა, მტერი ბევრი იყო, მრავალფეროვანი იარაღებით გვესროდნენ, გვხედავდნენ და გვესროდნენ.
ჩვენ კი ზურგსუკან ეკლიანბუჩქებიანი გრძელი აღმართი გვქონდა, რომელსაც მტერი კარგად ხედავდა, აკონტროლებდა ომის ენით.
მაშინდელი ჩემი აზრები ახლაც ცოცხლად მახსოვს - არ მოვკვდე ზურგში ტყვიით და ბოლო გრზნობა, ჩემი ცხოვრების ბოლო გრძნობა არ უნდა ოყოს შიში და სასოწარკვეთა, და შედეგად, ალბათ გიჟის თვალებით, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებით ვიღიმებოდი.
მე ბევრი იღბლიანი დამთხვევის ხარჯზე გადავრჩი. მათ შორის იმითაც, რომ ჩემგან 4-5 მეტრში მიწაში ჩარჭობილი ჭურვი ტანკსაწინააღმდეგო აღმოჩნდა და კლდის ქანებში შეიფრქვა და არა ზემოთ.
და ამითაც, რომ ჩემმა მეთაურმა ზურა სარქისოვმა მე და დათო ლოლაძეს, რომელსაც ბრძოლის ერთი წუთის ტყვიებიღა ჰქონდა დარჩენილი, უკანდახევა, გაქცევა გვიბრძანა. თვითონ მთელი კორპუსით დადგა და ერთი მჭიდი დააცალა შეტევაზე ფეხით მომავალ მტერს. გავიქეცით, ოღონდ შინაარსით, რეალურად კი მთაზე ჯაგებში მივფორთხავდით აღმართზე, ისინი გვხედავდნენ და გვესროდნენ. ეგ ეფექტი ჰოლივუდმა ერთი ორი წილია რაც აითვისა, როგორია ტყვიის მოხვედრა შენგან ძალიან ახლოს, რა გესმის, როცა ტყვია "ჩაგიწუილებს" (თურმე სულაც არ წუის, უფრო ზმუის რრრრრრ-ს თანხლებით) რას ხედავ შენსკენ ტრასირი რომ მოფრინავს და ბოლოს თითქოს უხვევს.
მამაშენიც რომ ჩემსავით გადარჩენილოყო, ჩემს გვერდზე ბევრი კარგი ადამიანიც რომ გადარჩენილიყვნენ ვიფიქრებდი, რომ ომს თავისი სამართლიანი კანონი აქვს, მაგრამ .... სინამდვილეში არ აქვს, ომი მსხვერპლს კანონზომიერებით არ ირჩევს, მხოლიდ ადგილით. ზოგს იღბლიანი ადგილი გვხვდება ზოგს უიღბლო.
ყველანი კი ომში საკუთარი ფეხით მივდივართ.
აქ კი გავიმეორებ თავში დასმულ შეკითხვებს
რა არის სინდისი, საიდან ჩნდება?
რა არის სინანული, საიდან ჩნდება?
რა არის თანაგრძნობა, საიდან ჩნდება?
რა არის ბიოლოგიური სახეობის სიძლიერე, რითი ყალიბდება?
რა არის ერის სიძლიერე, საიდან ჩნდება?
და კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ
მამაშენის გადაწყვეტილების შედეგად დარჩი ობოლი, მშიერი და შეცივნული იმ დაწყევლილ 90-იანებში, აღარ გაგიჩნდა უმცროსი და-ძმა, ყველაფერსს არ მოვთვლი, ვერც. მოვთვლი, მაგრამ ..
იცი თუ არა რის შედეგად გაჩნდი?
გიფიქრია თუ არა, რამდენმა შენმა უცნობმა წინაპარმა შეაკლა თავი მტერს შენ რომ დაბადებულიყავი, იმათთვის, ჰიპოთეტური შთამომავალი?
ამას პათეტიკით არ ვწერ, ფაქტი მომყავს. ომი იყო და იქნება. არსებობს დაუწერელი და ზოგჯერ უთქმელი კანონი, რომლებიც ერს ომის და ომისუნარიანობის მიხედვით მიუჩენს ადგილს მზისქვეშეთში. ომისუნარიანობა კი პირველ რიგში არის იმ ადამიანების ერთობა, რომლებიც მზად არიან მოკვდნენ სამშობლოსთვის. ერი, რომლისთვისაც არავინ არის მზად მოკვდეს, კვდება. იმ ადამიანებმა ვინც საქართველოსთვის მოკვდა ჩემს ერს ღირსება შეუნარჩუნა .
არც ისინი წავიდნენ ომში გმირობის ჩასადენად, უბრალოდ დადგნენ იქ, სადაც უნდა შეენარჩუნებინათ ქვეყნის ღირსება და შთამომავალთა არსებობის უფლება.
ეს მთელი ტირადა იმისთვის დავწერე, რომ მამაშენზე არ იყო გაბრაზებული. მას შენ არ გაუწირიხარ ობლობისთვის, ის "უბრალოდ" მივიდა და დადგა. გთხოვ არ ჩათვალო ეს მისი გადაწყვეტილობა შეცდომად.
მე მქონდა მომენტი ომში, როცა ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ბოლო წუთია და მაშინ ბევრი პათეტიური აზრი ეჯახებოდა ერთმანეთს ჩემს თავში, მათ შორის ერთი, განსაკუთრებით ჰიპერბოლური ის იყო, რომ თითქოს ქართველობა რომ გაიგებდა მე (მეც) მომკლეს, გაბრაზდებოდა, ერთად დადგებოდა და ომს მოიგებდა, აი ახლა უშვებთ საბედისწერო შეცდომას აფხაზებო მეთქი ვფიქრობდი (არ გაგიკვირდეს დენთის და აფეთქებული მიწის სუნში და 3დ მოციმციმე ტრასირების შუაგულში, ფრონტის ხმაურში ტვინი სამ პლასტზე ერთად იწყებს მუშაობას, კიდევ ბევრ ჩემ იმდროინდელ ნაფიქრს არ ვყვები), მე იმ დროს არ ვიყავი უბედური, მე მაშინ მნიშვნელოვანი ვიყავი და მაშინ ამ ჩემს სამ პლასტად მიმდინარე ფიქრებში ერთიც რომ ყოფილიყო, რომ მე ჩემი შვილი ( მაშინ 2 წლის მარიამი) მომავალში იქ დგომას შეცდომად ჩამითვლიდა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უბედური ვიქნებოდი, მაგრამ არ მწვევია ეს აზრი. იმედი მაქვს მამაშენსაც.
გაგრასთან ქართველები რომ მოკვდნენ იმიტომ წავედი და დავდექი გუმისთასთან, გუმისთასთან რომ ვკვდებოდი იმიტომ უნდა დამდგარიყვნენ ჩემს შემდეგ ვიღაც უცნობი კაცები სოხუმის დასაცავად. ასე რომ მე და მამაშენი ერთ ჯაჭვში ვიყავით. ჩვენი ბრალი არ არის ეს ჯაჭვი რომ გაწყდა და სოხუმი ვერ შეინარჩუნა.
გთხოვ იმავეს, რასაც ვთხოვდი ჩემს შვილს იმქვეყნიდან, მაშინ რომ მოვმკვდარიყავი. არ ჩამითვალო ომში წასვლა შეცდომად და იყავი იმაზე მაგარი ვიდრე რეალურად ხარ, შენი ობლობა შენი მონაწილეობაა იმ ომში, მერე რა რომ წაგებულ ომში.
ფსიქოლოგი ყოფილხარ, მიპასუხე რა განარჩევს ერთმანეთისგან 90 კგ-იან ადამიანს, ამავე წონის ზაქის,ზვიგენის ან დათვისაგან?
რა არის ღირსება და შეიძლება თუ არა მისი არქონა?
რა არის პიროვნული ღირსება და რა არის ეროვნული ღირსება?
რითი შენდება ეთნოფსიქოლოგია?
უფრო სწორედ, ნუ მიპასუხებ,ესეც რიტორიკული კითხვებია. მათზე პასუხი მხოლოდ ომში თავის ადგილზე მიმსვლელმა ადამიანებმა იციან, ოღონდ იმათაც ქვეშეცნეულად, პათეტიური ლოზუნგების გარეშე.
პატივისცემით cartveli.
აფხაზეთი
Posted by cartwheel at 11:26 AM 4 comments
Labels: ადამიანები, აფხაზეთი, ძირს პათეტიკა
Sunday, December 26, 2010
ჩემი ადგილი სამყაროში
საქართველო.
2010 წელი
ჩრდილო ნახევარსფერო
გრინვიჩის აღმოსავლეთი
ქრისტიანულ სახელმწიფოთა
მარლთლმადიდებელი ქრისტიანული სახელმწიფოთა
ევროპის პოლიტიკური
აზიის გეოგრაფიული
პოსტსაბჭოთა
კავკასია
ამიერკავკასია
ქართული ანბანის მოქმედების ზონა
ინტერნეტ გე. ზონა
იერუსალიმში ცეცხლის გარდმოსვლის მორწმუნეთა
კრემაცია დაუშვებელთა
სიკვდილისშემდეგ დონორობის დაუშვებელთა
გეიპარადის შესაძლო ჩატარების წინააღმდეგ წინასწარ მიტინგგამმართველთა (საქართველოსა და სერბიაში - ორ წაგებულ ქვეყანაში).
ტაიფუნი, ტორნადო, ვულკანი ჯერ რომ არ დატეხვია,
დედაშვილობა რომ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოლქმრობა
კაცები რომ იკეთებენ სვირინგს - დედა, არ დაგივიწყებ დედა.
ფიზიკურად ძნელი და ბინძური საქმე რომ არ შეიძლება ღირსეულმა ადამიანმა გააკეთოს ის
გზაჯვარედინზე პრიორიტეტი უფრო ძვირ და უფრო დიდ მანქანას რომ აქვს.
სადაც ვალდებული არ არის პაციენტი გააფრთხილოს დაგეგმილი მანიპულაციის მტკივნეულობისა და მტკივნეული მანიპულაციის ხანგრძლივობის შესახებ, არ არის ვალდებული შესთავაზოს ალტერნატივა ნარკოზით.
ზონა სადაც გოიმი ( არაებრაელი) და ჩათლახი ( ალახისარმორწმუნე) საგინებელი სიტყვებია.
ტერიტორიები სადაც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ შესვლა (აფხაზეთი-ცხინვალის რეგიონი)
ეთნოწმენდის ტერიტორიები ევროპაში (ისევ აფხაზეთი-ცხინვალის რეგიონი)
რუსეთის ავღანეთისშემდგომი ერთადერთი სამხედრო თავდასხმის ზონა.
Posted by cartwheel at 2:47 PM 3 comments
Labels: ვინიგრეტი
Saturday, December 25, 2010
პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი?
ჩემი ძმაკაცი სამედიცინო ინსტიტუტში ლექტორის ყველა შეკითხვაზე პასუხს ერთი ფრაზით იწყებდა - გააჩნია რა შემთხვევაში.
მასწავლებლები თითქმის ყოველთვის ასე რეაგირებდნენ -ოოო, კარგი შენიშვნაა, აი თუკი ეს ასეა (აზუსტებდნენ სიტუაციას).
ჩემი ძმაკაცი მართალი იყო. სიტუაციის დაზუსტება აუცილებელი იყო სწორი პასუხისთვის.
ცხოვრებაშიც ისევე როგორც მედიცინაში შეკითხვაზე პასუხი სიტუაციის ნიუანსებზეა დამოკიდებული.
დღეს დისქავერზე გადაცემის ანონსი იყო, მომავალს ეხება, დედამიწის მომავალს. ანონსი თავდებოდა შეკითხვით - პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი? როგორი მომავლის გჯერა, მაღალტექნოლოგიური კომფორტის, საყოველთაო ჯანმრთელობისა და სიმდიდრის, თუ ეკოლოგიური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ფინანსური კატასტროფებით დახუნძლული, სიღარიბით, სიცივით, სიცხით და შიმშილით.
დისქავერის ავტორები ვერ მომისმენენ, არადა შეკითხვაზე - პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი? უნდა ჩავკითხოდი, გააჩნია რა სიტუაციაში.
ოპტიმისტიც ვარ და პესიმისტიც, გააჩნია რა შემთხვევაში.
თანაც სადაც მასა ოპტიმისტია, მე პესიმისტი ვარ, სადაც მასა პესიმისტია, იქ მე ოპტიმისტი ვარ.
არ გჯერათ? აბა ჩამოვთვლი ზოგიერთს:
მე არ მჯერა:
სულის უკვდავების,
საქართველოს ავტომატური გაბრწყინების
საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობისა და ცეცხლის გარდმოსვლის
ღმერთის არსებობის,
თუნდაც ოდესმე უცხოპლანეტელების ჩამოსვლის,
მკითხაობის
ჰოროსკოპის
ბედისწერის
ბედის
თუ რუსები თავს დაგვანებებენ, საქართველოს ავტომატური გაერთიანების,
აფხაზების ქართველობის
მჯერა:
ალბათობის
დარვინის
ფიზიკის
სასრულობის
საქართველოს გაერთიანების
საქართველოს უომრად გაერთიანების ალბათობის
ნარკოტიკის არასამედიცინო დანიშნულებით, თუნდაც ერთხელ მიღების შემდეგ ნარკომანად გადაქცევის შესაძლებლობის,
ერების საქციელში ისეთივე სხვაობის, როგორც ეს ძაღლების სხვადასხვა ჯიშს აქვს.
კატა ადამიანს არ მოუშინაურებია, კატა უბრალოდ იყენებს ადამიანს,
ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანი უნდა იყოს ეროვნების, სქესის, რელიგიისა თუ უღმერთობის, დაბადების ადგილისა და სექსუალური ორიენტაციის, გვარიშვილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ნიჭიერებისა და უნიჭობის, კომუნიკაბელობისა და ჩაკეტილობის, სილამაზის და სიმახინჯის, სუფთა ეროვნების თუ შერეული ეროვნების, ჩაცმულობისა და თმის ვარცხნილობის სტილის, ენაბრგვილობისა თუ ენაჭარტალობის მიუხედავად.
ადამიანები უნდა იყვნენ დიფერენცირებულნი მათში სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხის შესაბამისად.
ასევე განათლებით.
ასევე მათ მიერ შექმნილი სოციუმის, საზოგადოების განვითარებულობის დონით,
მხოლოგ გენიოს ხელოვანებს (და არა გენიოს მეცნიერებს) შეიძლება ეპატიოთ დაბალი სოციალური პასუხისმგებლობა.
ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება თავისი შრომით მოპოვებული ფულით თავისი შვილი სხვაზე უკეთ აცხოვროს,
სოციუმში შიშისა და თანაგრძნობის დონით,
გამოდის რომ ადამიანი შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის, დაბალი განათლების, ცუდი სოციუმის გამო რომელშიც ცხოვრობს,
არის თუ არა ეს სამართლიანი?
თუკი სოციალური პასუხისმგებლობისა და განათლების საკითხი ძირითადა მაინც ინდივიდის ასარჩევია, რა დონეს დაკმაყოფილდება, სოციუმის განვითარებულობა ინდივიდისგან დამოუკიდებელი მონაცემია. ის დახვდა ადამიანს ამ ქვეყნად მოვლინებისას.
პითაგგორას, ფარნავაზს, ლოკს, ტარკვემადას, გალილეის, შექსპირს, ხამურაბს, ლუი მეთოთხმეტეს, ვაჟა ფშაველას, ვაშინგტონს, პოლ პოტს, და ეიფელს სულ სხვადასხვანაირი განვითარებულობის დონის საზოგადოებები დახვდათ, მათ მოუწიათ მიეღოთ სოციუმი ისეთი, როგორიც დახვდათ.
მაგრამ მათ თავისი სოციუმი შეცვალეს, ზოგმა უკეთესობისკენ, ზოგმა უარესoბისკენ, მაგრამ ყველა მათგანი დარწმუნებული იყო, რომ სოციუმს უკეთესობისკენ ცვლიდნენ.
საბოლოოდ, ცდისა და შეცდომის მეთოდით მსოფლიო მართლაც უკეთესი გახდა, კაცობრიობამ გეომეტრიული პროგრესიით იწყო გამრავლება და გამდიდრება, დაამყარა მშვიდობა (გამონაკლისების გარდა), შეიქმნა კომფორტი და შეიძინა ახალი შესაძლებლობები.
დღეს მსოფლიო მიდის ინფორმაციის გახსნილობამდე, ადვილად გავრცელებადობამდე, ინფორმაციით საყოველთაო მომარაგებაზე, თანამოაზრეთა ჯგუფების ადვილად წარმოქმნისა და უსაფრთხო სოციალური აქტივობებისაკენ.
მე მგონი რომ დღეს, დღეს თუ არა ხვალ, უკვე სამართლიანი იქნება ადამიანი იზღუდებოდeს საკუთარი სოციუმის განუვითარებლობის გამო.
ადამიანma, რომელსაც განუვითარებელი სოციუმი დახვდა, უნდა შეეცადოს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობისა და განათლების დახმარებით შეცვალოს სოციუმი მის ქვეყანაში.
ამისათვის არ არის აუცილებელი პოლიტიკოსობა, მწერლობა, რეჟისორობა ან ჟურნალისტობა ( თუმცა ეს ჩამოთვლილი სოციალური როლები გარემოს შეცვლას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ), თქvენც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სამშობლო.
ამაში თქვენ დაგეხმარებათ: ინტერნეტი, გრანტები, თანამოაზრეთა ჯგუფები, მასმედია, კანონმდებლობა და ცივილიზაციის ათასი წვრილმან-მსხვილმანი გამოგონებანი.
თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ : ადგეთ რომ დაგინახონ და თქვათ რომ გაგიგონონ და კიდევ ერთი... ჩხუბის უნარი, პრინციპისათვის ჩხუბის უნარი.
ყოველ დილით ერთი აბი აზვერინი გადაარჩენს საქართველოს.
ჩვენ, ბევრმა, ჩუმმა, წესიერმა, განათლებულმა და პროგრესულმა თუ ვიჩხუბეთ ჩვენი უფლებებისტვის, თავხედი "მეკუთვნის ძმაო" მაფიას, რომელიც გზას გვიჭრის, შუქნიშანზე გვიპიპინებს, მეორე როგში "შეუჩერებია " მანქანა და კბილებს იჩიჩქნის ნეტარი იერით, გზაჯვარედინზე გამოდის და მერე შემოგხედავს, ახერხებ თუ არა დამუხრუჭებას, სამამდე თვლა არ იცის და ამიტომ ხუთ კერძსა ყლაპავს უკან დავახევინებთ, მივაჩმორებთ.
აგერ ნახავ თუ არა.
დღეს სახელმწიფო ჩვენს მხარეზეა. პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი? გააჩნია რა შემთხვევაში.
Posted by cartwheel at 1:00 AM 1 comments
Friday, December 24, 2010
რამდენი კაცია ერთი კაცი?
ღუდუშაურის საავადმყოფო ყველაზე ახლოა ამერიკის საელჩოსთან.
ამერიკის საელჩოს მშენებლობის დროს საავადმყოფოში რამდენჯერმე მომაკითხა საელჩოს მშენებლობის ქართველმა ექიმმა. მას ჩვენთან თურქი მუშები მოჰყავდა, რომელთაც ძლიერი ტკივილები აწუხებდათ.
მაშინ მთელი საქართველო აღრენილი იყო, ამერიკელებმა მშენებლობა ქართველი მუშებით დაიწყეს და ახლა თურქებით აგრძელებენო.
საელჩოს ექიმი ამბობდა, ესენი (თურქი მუშები) ადამიანები ხომ არ გგონია, ესენი ბულდოზერები არიან, ერთი კაცი ათის საქმეს აკეთებსო.
თურქები მართლაც ბულდოზერებივით იყვნენ, დაბლები, ჩასხმულები, კუნთების გროვები. ის ტკივილებიც ზედმეტი ფიზიკური დათვირთვისგან ჰქონდათ, რომელსაც მუშაობისას იღებდნენ.
იმ ექიმს რომ დავინახავდი, წინასწარ ვიცოდი , კიდევ მუშას მომიყვანდა, რომელიც სინამდვილეში ათი მუშა იყო.
ოღონდ ათი ქართველი მუშა.
რამდენია სინამდვილეში ერთი კაცი?
თუ ქართველი მუშა თურქი მუშის მეათედია, რამდენია ქართველი ექიმი, პოლიციელი, ფიზიკოსი, მძღოლი, ჯარისკაცი, მესაზღვრე, მებაჟე, მასწავლებელი, ინჟინერი თავისივე კოლეგა ინგლისელთან, გერმანელთან, ებრაელთან, ინდოელთან, ვიეტნამელთან, ზამბიელთან, ახალზელანდიელთან შედარებით?
ბევრზე ნაკლები და ცოტაზე მეტი ამ ჩამონათვლიდან.
მაგრამ ამ პოსტის თემა არც ქართველებია და არც მუშები.
ეს შესავალი იმიტომ დავწერე, რომ ინგლისელებზე, ფრანგებზე, გერმანელებზე, ესპანელებზე და იტალიელებზე ვილაპარაკოთ.
მსოფლიოში 6 მილიარდი ადამიანია და მათგან ამ ქვეყნებში დაახლოებით 250 მილიონია. მათ დავუმატოთ დაახლოებით 200 მლნ ევროამერიკელი.
გამოდის რომ 450 მლნ ადამიანი ქმნის კაცობრიობის სახეს. უფრო ობიექტური სურათისთვის მათ მივუმატოთ 100 მილიონი იაპონელი, ჩინელი და კორეელი, რომლებიც საკუთარი ქვეყნის უჩინარი მოსახლეობისგან განსხვავებით მსოფლიო სახეს მნიშვნელოვან შტრიხებს სძენენ.
მაშ ასე, მხოლოდ 550 მლნ ადამიანი 6 მილიარდი დედამიწელისგან.
ისინი ქმნიან, აწარმოებენ იმას რაც ჩანს და რაც არის, დანარჩენნი უჩინარნი ვართ, თავს ვინახავთ. 6.000.000.000-ში 500.000.000 შედის თორმეტჯერ. ანუ 1 განვითარებულ ქვეყნელი გადმოსცემს 12 უტყვი განუვითარებლის სათქმელს.
მაგრამ რეალურად იმ თორმეტს არ ძალუძს. ერთი ევროპელ იაპონელ კორეელ ჩინელის საქმის გაკეთება. 12-ს კი არა, იქნებ 24-საც არ შეუძლია იმის წარმოება, რასაც აკეთებს ერთი განვითარებული.
მაშ რამდენი საშუალოდედამიწელია სინამდვილეში ერთი ევროპელი, ამერიკელი, იაპონელი ან ჩინელი?
12? 24? იქნებ მეტიც.
ქართველები სადა ვართ? აღვემატებით თუ არა საშუალოდედამიწელს?
კარგი, იმ ხუთასმა მილიონმა მომცა მე ავტომობილი, მობილური, ლიფტი, წყალი, ხორბალი, კარაქი, სტაბილური განვითარების პოლიტიკური წესები, მშვიდობა, მაჩვენა მე დღეში 3 ახალი ფილმი, დამიდო მე 500 ბრძნული წიგნი და 500 გენიალური მუსიკალური ქმნილება, 500 უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული გამოგონება, არქიტექტურა, ინჟინერია, გზა, თვითმფრინავი და ელექტროენერგია, მედიცინა და ასტრონომია.
კარგი, ისინი ზეკაცები არიან, მათ ეს შეძლეს.
ჩვენ? ჩვენ იმას მაინც მივხვდით რითი უნდა განვვითარდეთ რომ მათ დავემსგავსოთ? ცოტათი მაინც?
ალბათ ჯერ ვერა.
არ მინდა ნახევარ, მეოთხედ თუ მეთორმეტედკაცობა, არ მინდა მათზე ნაკლები ვიყო .
მირჩიეთ რა ვქნა.
პირველ რიგში პატივი ეცი მათ იმაში, რითაც დავალებული ხარ მათგან.
იცოდე, რომ არა ისინი, ჩვენ, დანარჩენი 12-ნი ვიცხოვრებდით ისე, როგორც ცხოვრობენ დღესც ამაყი მთიელი პაკისტანელები და ავღანელები,
Posted by cartwheel at 1:25 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა, ხალხი
წამალი რომლის რეკლამას ვერასდროს ნახავ
წყალი, სითბო, ლიმონი და სტაფილო შეიძლება წამლადაც ჩავთვალოთ.
მე ისინი გამორჩეული მყავს პირველი მოთხოვნილების სხვა კომპონენტებისაგან, ისეთებისგან როგორებიცაა, საჭმელი, კომფორტი, უსაფრთხოება, ვინაიდან მათზე ადამიანს მოთხოვნილება გვიან უჩნდება.
ანუ ადამიანს ისინი (წყალი, სითბო, ლიმონი და სტაფილო) უწამლებს იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი მათ, მათდამი მოთხოვნის გამოჩენამდე მიიღებს და არ დაელოდება წყურვილს ან შიმშილს.
წყალი
ჩვენება: სისუსტე, დაღლილობა, გადახურება, წყურვილი, ასთენია, ანორექსია, სითხის დეფიციტი, მოწამვლა , კვებითი ტოქსიკოინფექცია, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, თირკმლის ჭვალი, შარდკენჭოვანი, ნაღველკენჭოვანი დაავადება.
უკუჩვენება: გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, მაღალი არტ წნევა, ქალასშიდა ჰიპერტენზია, ხანდაზმული ასაკი.
სითბო
აგდილობრივი სითბო :ჩვენება:
ნევრალგია, მიოზიტი, ქრონიკული დაავადებები .
სტაფილო
ასთენია, ანორექსია, გადაღლილობა
.
ძილი
ძილიც უფრო მეტი ჭირდება ადამიანს ვიდრე ეძინება
უპირობო სიყვარული
ადამიანს ჭირდება უპირობო სიყვარული, სასურველია დიდი დოზით,
ადამიანებს აქვთ მშობლებსა და შვილების უპირობო სიყვარული, სასურველია რომ ასევე უპირობო იყოს სიყვარული ცოლქმარსა და ნათესავებს შორისაც, ზოგჯერ ასეც არის, ზოგჯერ ცოტაა.
სიარული, ძუნძული
ევოლუციის ათეულ მილიონობით წლის განმავლობაში ჩვენი ყველა წინაპარი დარბოდა, დადიოდა და დაძუნძულებდა, ყველა მათგანი სამი დღის შემდეგ მოკვდა ძუნძული რომ ვერ შეძლო.
მხოლოდ უკანასკნელი 40 საუკუნეა ახალგაზრდა ადამიანებმა გადაწყვიტეს მოხუცისა და ავადმყოფის მოვლა და მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება.
მოძრაობა, სიარული და ძუნძული ჩვენს ფიზიოლოგიაში დარჩა, მათ გარეშე დავსუსტდებით, დავიჟანგებით და დავკუტდებით.
Posted by cartwheel at 1:05 PM 4 comments
Thursday, December 23, 2010
რა სარგებლობა მოაქვს შამანს?
მგელი ადამიანის ისტორიული ძლიერი მეტოქეა, ადამიანს უძველესი ხანიდან აქვს მგლის არამარტო შიში და მტრობა, არამედ პატივისცემაც.
მგლი კაცობრიობის ერთერთი უძველესი ტოტემი, ანუ ღმერთია.
მას თაყვანს სცემდნენ, აქანდაკებდნენ, ხატავდნენ, მუხლს უხრიდნენ და.. სწავლობდნენ.
ადამიანებმა ვიცით, რომ მგელი განსხვავდება მთელი ფაუნისგან.
ის ქმნის მყარ ოჯახს, ერთს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
უსაზღვრო ამტანობით და შეუპოვრობით ძლევს დღეში 50 კილომეტრს მშიერი, და ასე შეუძლია ერთი კვირა არ გაჩერდეს,
მას უყვარს შვილები, დიდხანს ზრდის მათ და პატარებს კვებავს საკუთარი შეჭმული ლუკმა- თაგვებით, რომელთაც მონადირების შემდეგ ლეკვების წინ იღებს.
მგელს რთული, მრავალსაფეხურიანი კომბინაციების ჯაჭვით შეუძლია მსხვერპლის დაჭერა, ის საუკეთესო მებრძოლი ტაქტიკოსია.
მგელს არ აქვს ხელი და არ შეუძლია საკუთარი ძალისა და სიზუსტის გაორმაგება როგორც ადამიანს, მავრამ შეუპოვრობით, სისწრაფით, დაუღლელობით ზოგჯერ ადამიანის უპირატესობებს ძლევს.
მგელს აქვს ღირსება, ის არ იწვრთნება. ადამიანმა ვერ აიძულა მგელი გაეკეთებინა ის, რაზეც დაიყოლია ლომი, დათვი და ვეშაპი.
ადამიანმა მხოლოდ მგლის ვოლიერში გამომწყვდევა შეძლო, სადაც მგელი მოდმივად ბორგავს და ძუნძულებს, არ ეპუება ტყვის ბედს.
ადრეული ნეოლითის მცხოვრებ ადამიანსა და მგელს თანაბარი ძალის მქონე მტაცებლებად შეაფასებდა უცხოპლანეტელი მკვლევარი. მასინ იყვნენ კიდევაც თანაბარი ძალისანი. მთავარი კონკურენტები იყვნენ ნადირის ხელში ჩასაგდებად.
შემდეგ ადამიანმა მკვეთრი ნახტომი გააკეთა პროგრესისკენ, მან ის ბორბალი აღძრა, რომელმაც მუდმივი განვითარების ხარჯზე ადამიანისა და მგლის შესაძლებლობები ადამიანის სასარგებლოდ მუდმივი დაშორების რეჟიმში გადაიყვანა - ადამიანმა ევოლუცია დაასრულა და პროგრესი განაგრძო.
და როდის მოხდა ეს?
ვერსიები ხომ გაქვთ, მაგალითად ასეთი:
ადამიანმა აითვისა და შეინახა ცეცხლი
ან
ადამიანმა მოიგონა ბორბალი
ან
ადამიანმა მოიგონა მშვილდისარი
ან
ადამიანმა ჩაიცვა ტყაპუჭი
ან
ადამიანმა სამომავლოდ გადაინახა საჭმელი
ან
ადამიანმა ინფორმაცია სიტყვებს დაუკავშირა და ისწავლა ლაპარაკი
ან
პოლიგამიიდან გადავიდა მონოგამიაზე
ან
შეიქმნა რელიგია
ან
შეეშინდა სიკვდილისა და მკვდრების შურისძიების
ან
შეიქმნა ტაბუ საკუთარი სექსუალური საქციელისათვის
ან
ფეხზე დადგა და წინა კიდურები ხელებად განივითარა
ან
ხელის მტევანზე ცერი მართობულად განივითარა, რითაც ნივთებით რთული მანიპულირება შეძლო.
ან
შეიწყალა, მოეფერა, აჭამა და აცოცხლა მოხუც ადამიანს, რომელმაც პირადი გამოცდილებით მოპოვებული და გადმოცემული სიბრძნეებით მოამარაგა ადამიანთა ჯოგი.
ყველა აქ ჩამოთვლილ ფაქტორს შეეძლო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა პროგრესის დასაწყებად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მოხუცებისათვის სოციალურ იერარქიაში ადგილის მიჩენა იყო.
მაშინ ხანდაზმულმა ადამიანებმა, რომლებიც მანამდე უსარგებლონი და შესაბამისად განწირულნი იყვნენ, ჯერარნახული კრეატივიზმი გამოავლინეს, გახდნენ შამანები და მოიპოვეს მნიშვნელობა მღვიმელთა შორის.
შამანობის გაჩენა ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ გარდატეხად მიმაჩნია კაცობრიობის ისტორიაში.
ამით ადამიანი პრინციპულად აღემატა მგელს, რომელმაც ვერ შეძლო გამოცდილი მგლისგან ხეირის მიღება და პირველივე ამცდარი ნახტომის შემდეგ ჩამოწერა ბელადობიდან.
ბელადები ადამიანისა და მგლის გარდა თითქმის ყველა მტაცებელს ჰყავს, ლომს, სპილოს, აფთარს, გორილას, ბაბუინს. ბელადები იერარქიის ორგანიზებას ცხოველებშიც ახერხებენ, მაგრამ ცხოველებს არა ჰყავთ შამანი, რომელიც მათ გამოცდილებას შემოუნახავს, ტაბუებსა და რიტუალებს მოუგონებს და რომელიც დაუმტკიცებს მოგვარეებს, რომ პრაქტიკული უნარების გარდა ირაციონალური უნარებიც მნიშვნელოვანია.
შამანებმა გაუხსნეს მღვიმის ტომს საფიქრალი თემები:
სიკვდილი, სული, ნადირობის იღბალი, უზენაესის წყალობა, უზენაესი სამსჯავრო, ჯანმრთელობა, ამინდი, წესი, ტაბუ, ირაციონალური იერარქი, რომელიც ბელადზე ძლიერია და.... დაიბადა ადამიანი.
შამანები დღესაც არიან, თუ გინდა შეიხედო 200 საუკუნის უკან გამოქვაბულში შეყუჟულ ადამიანთა სადგომში
და იპოვო ის პირველი სხივი, რომლითაც მათზე ძლიერი, სწრაფი, მგრგვინავი მტაცებლებით გარშემორტყმულმა ადამიანმა პირველობა მოიპოვა, უნდა ნახო შამანები.
ჩვენ გვასწავლეს, რომ ისინი შარლატანები, მატყუარები, განუვითარებლები, ამბიციურები და ცრურწმენებით შეზღუდულები არიან, რომ იქმნიან გამოგონილ სამყაროს და ამ სამყაროს სხვას ახვევენ თავზე ...
მოკლედ, არიან ადამიანები.
იყო დრო, როცა ისინი იყვნენ ადამიანები ცხოველების, ჰომო ერექტუსების გარემოცვაში. მათ ინტელექტით შეძლეს გავლენის და საზრდოს მოპოვება სოციუმში.
ასე რომ, თუკი დროის მანქანა ადრეულ ქვის ხანაში გაგიფუჭდა და იქიდან ვერ გამოაღწიე, იცოდე, რომ მოხუცდები, თავი შამანობით უნდა გადაირჩინო. ასწავლე მათ განყენებული აზროვნება და.. თანაგრძნობა, შეაგნებინე საკუთარი უმნიშვნელოობა და სასრულობა, მიეცი მოზომილი იმედები და აღუთქვი ზენაარი სამსჯავრო, მირცი მათ მორალი და წესები, მოეფერე მათ ავადმყოფებს, უბედურება, უიღბლობა, სიკვდილი მათივე ბოროტებითა და უწესობით ახსენი და..
და ბედნიერ სიბერეს დაიმსახურებ.
ადვილია, ეს ხომ შენამდე მილიონ შამანს გაუკეთებია.
პ. ს. მე ალბათ ბოლო თაობა ვარ, რომელიც ბავშვობაში ავადმყოფობისგან მოჩიფჩიფე გამომლოცავ შამანს ( ჩემ შემთხვევაში ნადია ბაბუდას) მოურჩენია ნახშირით, დანით და ტრანსით, რომელშიც ადვილად ვვარდებოდი მაღალი სიცხის ფონზე.
ჩემთვის ის რამოდენიმე ეპიზოდი ჩემდამი უდიდესი თანაგრძნობის და სიყვარულის სეანსები იყო. მათ გახსენებაზე სიყვარულით ვივსები ჩემი ბავშვობის ადამიანების მიმართ. ნამდვილი შამანები ალბათ განუზომლად დიდი სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარის მქონენი იყვნენ.
მივედი ჩემ მთავარ სათქმელთან.
ადამიანი სიყვარულმა და თანაგრძნობამ გააჩინა.
აი აქ ავმაღლდი ბერტრან რასელამდე, რომლის მიხედვით კაცობრიობა ვითარდება ნაკლები თანაგრძნობიდან მეტი თანაგრძნობის და მეტი შიშიდან ნაკლები შიშის მიმართულებით.
შამანებამდე ადამიანს ჰქონდა უსაზღვრო შიში და მიზერული თანაგრძნობა, მომავლის დედამიწაზე ადამიანს ექნება მიზერული შიშები ( ყველაფერი გაკეთებული ექნება უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ჯანმრთელობისათვის) და მაქსიმალური თანაგრძნობა.
აქედან ბოლო კომპონენტი ყველაზე იაფია, დღესვე მიღწევადია, და იქნებ ყველაზე მნისვნელოვანიც.
Posted by cartwheel at 10:51 AM 3 comments
Labels: ვინიგრეტი, მე ათეისტი, ძირს პათეტიკა
Tuesday, December 21, 2010
finish what you start
ეს ფრაზა მინდა პლაკატად ჩემი საწოლის თავზე, ჭერზე, რომ ყოველ დღეს ვკითხულობდე.
ჩემი ოქრო ჩუმადაა, იმიტომ რომ:
1.მე ვერ ვამთავრებ დაწყებულ საქმეს,
2.ყველა საერთაშორისო ინსტიტუციაში, სადაც ქართველი "ჩინოვნიკი" მხვდება, ჩემს პროექტებს აორთქლებს. თუ როგორმე უცხოელის გასარჩევი ხდება, იმდენად წარმატებული ხდება, რომ მერე მათი ქვეყნების ელჩები საერთაშორისო კონფერენციებზე ახსენებენ, ასეთი კარგი საქმე გავაკეთეთო.
ცოტა ავჩოჩდი, უფრო სწორედ სრული 5 წლიანი აპათია-სტაგნაციის შემდეგ ავმოძრავდი, ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის , "რეანიმა"-სათვის ეს საიტი გავაკეთე და დავისახე, რომ ჯანმრთელობის სამინისტროს მივაკითხო.
მისურვეთ წარმატება.
რამ მომცა სტიმული არ იკითხავთ?
ჩემი სადარბაზოს ორიდან მეორე, 25 წლის წინ გაჩერებული ლიფტი აღადგინეს (ახალი მოტორი, ტროსები, კაბინის დიზაინი) ახლა კი ჩემი ეზოს ისტორიულად დაბრეცილი რელიეფის ბეტონის კედლებით შემოსალტვა დაიწყეს. ამ ლოკალური მასშტაბის ხეირებისათვის საქართველოს ბიუჯეტიდან არანაკლებ 100.000 ლარი იხარჯება.
მე კი შემიძლია, რომ ნაკლებ თანხად საქართველოს დავამჩნიო კვალი. თუ როგორი კვალი, ამ საიტზე ნახავთ.
Posted by cartwheel at 11:04 PM 2 comments
Labels: ექიმო
Monday, December 20, 2010
სუფთა სისხლის და არამარტო სუფთა სისხლის ქართველებს.
ანუ ქართველებს,რომელთაც წინაპრებში არაქართველი არ ეგულებათ და იმათ ვისაც წინაპრებში არაქართველები ჰყავთ.
ჩვენ გამოვიარეთ პერიოდი, გამოვიარეთ და შორსაც არ გამოვცდენილვართ დროს, როდესაც ტელევიზორში დღეში ერთხელ გაიგებდი ერთერთს ამ ფრაზათაგან:
ქართველი კაცი ყოველთვის,
ქართველი კაცი,
ქართული ჯიში,
ქართული სისხლი,
ქართული გენი,
სუფთა ქართული,
წმინდა ქართული,
იმავე დროს ხშირად მოისმენდით, რომ რომელიმე მოღვაწე ( პოლიტიკოსი, ხელოვანი, საზოგადო მოღვაწე) რომელიც ქართველია გვარით, საქმიანობით, ენით, თურმე სომეხია, ებრაელია, ოსია. რომ თურმე მას დედა ან ბებია ან ბაბუა ნაღდი სომეხი ჰყავს, ან გაიგებდით რომ მისი გვარი სომხურია, ოსურია და ა.შ.
აქ ამ ადამიანის შეფასება თავდებოდა და იგულისხმებოდა რომ, რა თქმა უნდა ის ცუდია და საქართველოსთვის უსარგებლოა, ან სულაც საფრთხეა, ქართულ გვარს ამოფარებული მტერია.
მოსაზრების ავკარგიანობის შესაფასებლად მისი ავტორის ბაბუა ბებიის გვარიშვილობის მოჩხრეკვამ ხეირი არ დაგვაყენა.
მაგრამ შლეიფი მაინც დატოვა, ადამიანების სუფთა ქართველებად და შენიღბულ ქართველებად დაყოფის მანკიერი მიდრეკილება ჯერაც არაა დავიწყებული პრაქტიკა.
თუკი 150 მილიონიან რუს ერს შეუძლია უპრობლემოდ მიიწეპოს ათასი არარუსი ადამიანი რუსად, ჩვენ რა ყირაზე ვართ, რომ არაქართველს კი არა ნახევრად მეოთხედად, მერვედად და მეთექვსმეტედად არაქართველ ქართველსაც პირველ საიდენტიფიკაციო ნიშნად მის სომხობას, ოსობას, რუსობას და ა. შ. მივიჩნევთ?
და ვინ ვიცით ჩვენი საკუთარი გენები და ამ გენების ეროვნულობა 4-5 თაობის იქით?
ალბათ არავინ, ზოგიერთი გერბიან გენიალოგიურ ხიანის გამოკლებით.
გენიოლოგიას რომ შევეშვათ და სარკეში ჩახედვისას მეტი ლოგიკა მოვიშველიოთ, მივხვდებით, რომ კახელებს სპარსული გენი მეტი გვყავს ვიდრე დანარჩენ საქართველოს, აჭარლებს თურქული, თუშებს დაღესტნური, ხევსურებს ჩეჩნური, თბილისელებს რუსული, სომხური, ებრაული, ახალციხელებს სომხური, ქართლელებს ოსური. მთელ საქართველოში შეხვდებით მონღოლურ გენს, რომელიც ჩანს, ნაკლებად ჩანს მაგრამ ასევე უდავოდ იქნება ჩვენში ბერძნული, აზერბაიჯანული, ხეთური და ურარტულ, ბაბილონური გენები.
ვერავინ ვიტყვით რომ წარმომავლობით თბილისელი ვართ და სუფთა ქართული სისხლისანი ვართ. არცოდნა (საკუთარ გენებში არაქართველის არცოდნა) სუფთა სისხლის ქართველად არ გაქცევს.
მე მაგალითად არავინ ვიცი ჩემს წინაპრებში არაქართველი, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ვიღაც მყავდა ან რუსი ან ევროპელი, ალბათ უფრო რუსი, ეგ ცალკე საკითხია.
როგორ ვუყურებ მე ვთქვათ იმ ჰიპოთეტურ არაქართველ წინაპარს ჩემში, როგორც ჩემს ნაკლს, რომელიც უნდა მივაჩუმათო, თუ პატივს ვცემ როგორც სხვა წინაპრებს წინაპრების უსასრულო ჯაჭვიდან, რომელთაგანაც ერთერთიც კი, რომ არ ყოფილიყო ზუსტად ისეთი, როგორიც იყო, მე და ჩემი შვილები არ დავიბადებოდით.
ჩემგან განსხვავებით ჩემი მეზობლის, მტკიცე მართლმადიდებლის და ჯიუტი პატრიოტის, სახელად არმაზის ოჯახმა იცის, რომ მათ გენში კოკოევის სისხლიც ტრიალებს.
მე მინდა, რომ მას არ ჰქონდეს გაორებული დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ, რომელიც მას ძალიან უყვარს.
ასევე არ მინდა, რომ ჩემ სამშობლოს ჰქონდეს მის მიმართ გაორებული დამოკიდებულება,
მარტივი საქმეა - ქართველი ქართველია.
და მიტუმეტეს დღეს, კაცი თუ ქართველობს, ესეიგი უამრავ ტკივილს იღებს საკუთარ თავზე, და დააფასეთ, ნუ კი იუკადრისებთ.
080808 ომის პირველ ღამეს საავადმყოფოში ომიდან პირველი დაჯრილი ქოქოშვილი სემომივიდა. ის მაშინ ქართველი მსხვერპლი იყო, ის რუსეთის ფრონტის გადაღმა მყოფი მოგვარე - კოკოევი/კოკოითის ნასროლი ყუმბარის ნამსხვრებით კვდებოდა.
ჩოჩიშვილი ქართული გენის დიდებაა - ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში, ჩოჩიევი ქართული გენის მტერი, ეთნოწმენდის მთავრობის წევრი.
გუცაევმა ის გოლი გაიტანა, რომლის განმეორებითი ჩვენებაც ქართველებს მეოცე წელია არ გვბეზრდება, მან აფხაზი დარასელიას გაქვითული გოლი აქცია მოგებად.
ჩემი კამანდირი გუმისთაზე მოხალისედ წასული სარქისოვი იყო,ჩემგან ერთ კილომეტრში ვოვა სელიპანოვი, ისიც სომეხი ბიჭი მოკლეს აფხაზებმა, ერთი დღის შემდეგ აზერბაიჯანელი "პიკროი".
დავუბრუნდეთ თითქმის სუფთა ქართველებს.
მეც ასეთი ვარ,მიუხედავად იმისა, რომ არავინ ვიცი არაქართველი ჩემ გაენებში, უბრალოდ არ ვიცი.
მე და თქვენ ერთნი ვართ, ნუ დაგაკომპლექსებენ ავყია მეწვრილმანეები.
ზემოთ გერბიან გენიალოგიური ხის მქონენი ვახსენე, ანუ ადამიანები, რომლებმაც თავისი წინაპრების 10 თაობა მაინც იციან, ისინი სახელოვან თავადაზნაურთა ან სულაც სამეფო გვარის წარმომადგენლები არიან და... მათ გენებში აუცილებლად ჰყავთ არაქართველები.
Posted by cartwheel at 8:51 PM 1 comments
Labels: საზოგადოება
Friday, December 17, 2010
ათი წლის წინ
ბოლო 7-მა წელმა ერთი ამოსუნთქვით გაირბინა, ვარდების რევოლუციის შემდეგ რაც მოხდა, თითქოს ყველაფერი გუშინ იყო.
იყო იმედებისა და იმედგაცრუებების, ქმნისა და ნგრევის, მშვიდობისა და ომის, თანაგრძნობისა და პრინციპულობის, ხავილისა და დოღრიალობის, მაგისტრალებისა და ხრამის კიდეზე სიარულის, ახალი სიამაყისა და ახალი მარცხების კოლაჟი ან.. აჯაფსანდალი.
მალე 2010 წელი გაილევა და მე მინდა ჩვენი 10 წლის წინანდელი ცხოვრება გავიხსენო.
2000 წელი:
თავი დავანებოთ იმას, რომ მასმედია კარგა 2-3 თვე გვართობდა მოსალოდნელი ციფრული კატასტფოფის შესახებ პროგნოზებით, რომელიც კალენდარში პირველ ციფრად 2-იანის აღმოჩენით უნდა დამდგარიყო, და რომელიც ჩვენ აგვცდებოდა, იმიტომ რომ ( აქ სიამაყე უნდა ჩაგვერთო, იმიტომ რომ) საქართველოში ციფრულ ტექნოლოგიებს ბევრი არაფერი ესაქმებოდათ, არც მატარებელი დადიოდა კომპიუტერული პროგრამის მიხედვით და არც ელექტროენერგია ნაწილდებოდა კომპიუტერით.
2000 წელს ყველაფერი ისეთად დარჩა, როგორიც წინა წლებში იყო, დუნე, ცუდი და კანონზომიერი.
კურიერი იწყებოდა რეპორტაჟებით ზუგდიდის, ოზურგეთის, ლაგოდეხის ან ქუთაისის მოედნებიდან, სადაც მარშრუტკის მძღოლები ან მოკლულის სამეზობლო, ან პენსიონერები ან ლტოლვილები შეკრებილიყვნენ და გულდათუთქულები და აღშფოთებულები ყვიროდნენ მათ თავის დატეხილი უსამართლობის გამო. ყვიროდნენ ხმამაღლა და მონოტონურად.
როგორ შევასმინო ამ საწყალ ხალხს, რომ მიკროფონს რომ მოგიშვერენ, აღარ გჭირდება ყვირილი, ისაუბრეთ თავდაჯერებულად და მშვიდად, ასე უფრო საშიში იქნებით მთავრობისთვის თქო, გავიფიქრებდი ხოლმე, თან ვუთანაგრძნობდი, თან ყურებს ვხუჭავდი რათა მათი პრობლემები არ მიმეღო, ყოველ შემთხვევაში ამ შეფუთვით (ფეოდალური ჯანყის ელფერით).
აეროპტიდან ქალაქამდე გზა 20-40-ით, ზიგზაგებითა და მუხრუჭებით უნდა გევლო.
ავლაბრიდან დაღმართზე მთავრობა აშენებდა და აგერუკვე მეორე წელია ვერ დაემთავრებინა კლდეში შეწრილ ბეტონის უსახელო და გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობას, რის გამოც მეორე წელია დაღმართზე ერთი ხაზი გადაკეტილი იყო წითელკანტიანი თეთრი ( ოდესღაც თეთრი) მესერით.
არ მქონდა კომპიუტერი, შესაბამისად არც ინტერნეტი.
არც მანქანა მყავდა და არც ხელფასი, ექიმ რეანიმატოლოგს ხელფასი 70 ლარი იმდენ ხანს არ მომცეს, რომ საბოლოოდ დაახლოებით 600 ლარი ვალი (70 ლარობით ნაგროვები) დღესაც ასაღები მაქვს იმ საავადმყოფოდან, საიდანაც 2002 წელს გადავედი.
ტანსაცმელს ვყიდულობდი სექენდ ძონძებში, ოღონდ ჩაწყობით, ფუთის გახსნისას, ჩემი ცოლის მეგობრის გამჭრიახობით. ქალაქში არცერთი ზებრა არ ემჩნეოდა გზას, ახალწელს კი პარლამენტის წინ ასლან აბაშიძის ნაჩუქარ ჩინურ ფსევდო ნაძვისხეს უკვე მეექვსეჯერ დგამდნენ, ქუჩის საახალწლო განათებები კი სოცტრუდის დამკვრელების მიერ იყო გაკეთებული შორეულ 80-იან წლებში.
მარშრუტკები და ტროლეიბუსები მუშაობდა, არაუშავს, მეტროც.
ოღონდ თუ მიაღწევდი ვაგონამდე, კიბეებზე ცალკე ცხოვრება ჩქეფდა-ხელბოსტან-წინდა-პლასტმას- წიგნების ბაზრობა.
მენაგვეები, რომელთაც ბუნკერის ნაგავის გატანა ევალებოდათ, უცებ გამოიკვლევდნენ სამშენებლო ნაგვის ჩამომყრელის ვინაობას და ფულის გამოსართმევად აკითხავდნენ, კარებზე თვეში ორ- სამჯერ გვიკაკუნებდნენ: თელასის ხალხი, რომლებიც მთვლელი" შოჩიკის " გაჩერებას, თბილგაზის ხალხი, რომლებიც გაზის მთვლელის გაჩერებას, აიეტის ხალხი, რომლებიც აიეტიდან გამოსვლას და მასთან პირადად ნახევარ ფასად ანგარიშსწორებას გვთავაზობდნენ.
სავალუტე ჯიხურებში ვითომ შემთხვევით ათ ლარს გაკლებდნენ, მერე უი, გადავითვალოო და 30 ლარ ნაკლულს გაჩეჩებდნენ, თუ მიუხვდებოდი, უცებ მოცვივდებოდნენ მისნაირი ვალუტჩიკი მებუტკე მეზობლები ტექსტით- აბა რა უნდა ექნა მთავფობაა თვითონ აფერისტიო.
ბიჭები. ქუჩაში ვინმე მინისტრს რომ შეაგინებდნენ კორუფციული მაქინაციისთვის, მერე ინტიმური ხმით გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს- შენ რა, მაგის ადგილზე ეგრე არ იზამდი? აბა ამათ (თითი ზემოთ) არ მოუტყან დედისტრაკიო?
თუკი ვინმე ოდესმე ციხეში იყო ნაჯდომი, აუცილებლად ერთი თავით უკეთ ცხოვრობდა ვიდრე წესიერი მუშაკი.
ქურდების და პარლამენტარების ძმაკაცობა ყველაზე დიდი წამახალისებელი პირობა იყო ბიზნესის დასაწყებად .
რიტუალების სასახლე, რომლის დაწეულ-ამოზნექილ კიბეებზე ბოლო დროს მეფე-დედოფალს სურათის გადასაღებადაც არ აჩერებდნენ - ზემოდან რკინის დეკორატიული დეტალი ქანაობს, არ ჩამოვარდესო, პატარკეციშვილს მიჰყიდეს პირად საცხოვრებელ სახლად.
კახი კალაძის მშობლებს მეხუთე ცრუ წერილი მიუვიდა აფერისტებისგან- ჩვენ გვყავს თქვენი შვილი, ფული აქ დადეთო.
საქართველოში ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მორიგ ვიზიტს გეგმავდნენ,
კოდორში საქართველოს პრემიერმინისტრი ორი კვირით დატყვევებული ჰყავდათ "მონადირეს" მებრძოლებს, ვინმე ხორგუანი თუ გასვიანი თავის ხეობაში მდგარ რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის გადმომცემ ხაზებს იმდენჯერ ცხრილავდა, რამდენჯერაც ცუდ ხასიათზე გაიღვიძებდა,
იმ წელს ვიღაც ღვთისნიერმა აკაკი წერეთლის ძეგლის გარშემო ლიფების და ნასკების გაყიდვა აკრძალა და მხოლოდ სასკოლო წიგნებისა დაუშვა.
რუსმა პილოტმა საქართველოში სამხედრო ვერტმფრენით გამოისეირნა და სოფელ ახიელის კოშკს ორი ჭურვი გაარტყა.
გაგარინის მოედანზე პოლიციელს, რომელმაც ჩეჩნურ მანქანას , რომელშიც სავარაუდოდ (თქმულების მიხედვით) დუდაევის ცოლი მგზავრობდა, გაჩერება მოსთხოვა, ჩეჩნებმა ის მიწაზე განართხეს და ბეჭზე მუხლი დააბჯინეს.
ყვაოდა პოლიტიკური თოქშოუები
დავანებოთ თავი ჩვენებურ მაზალოებს და მსოფლიოში გავიხედოთ
როგორი იყო მაშინ განვითარებულ მსოფლიოში ის, რამაც შემდეგ წლებში მსოფლიოსთან გადაგვაჯაჭვა, დაგვაახლოვა და ცივილიზაციის დიდი პროცესის მონაწილედ გვაგრძნობინა თავი - ინტერნეტი.
როგორი იყო ინტერნეტი 2000 წელს, ათი წლის წინ?
არ იყო ფეისბუქი, იუთუბი?, გუგლი, სკაიპი, ტვიტერი, ბლოგი, ვორდპრესი, სიტყვა ბლოგი, სიტყვა
სამაგიეროდ იყო yahoo,
google?გუგლი არ მახსენდება ,
ინტერნეტის გადაცემა ხდებოდა სატელეფონო ხაზებით, სიჩქარე იყო ..
ტელეფონი უნდა გამოგერთო ინტერნეტის ჩასართავად.
Posted by cartwheel at 4:55 PM 148 comments
Labels: ვინიგრეტი