თუ შენ რიხიანად ამბობ, რომ ღმერთი გწამს და წესიერი მართლმადიდებელი (მუსულმანი, იეღოველი, პროტესტანტი, დუხობორი, ბუდისტი, ინდუისტი და ა. შ.) ხარ, ესე იგი იცი უკვდავების გზა, მარადიული პირუთვნელი სამსჯავროს გზა, რომელიც ამქვეყნიურ ყველა შემთხვევით უბედურობებს, უიღბლობებს და უსამართლობებს გამოასწორებს. და თუ ამასთან ერთად შენ ოდნავ მაინც კაცთმოყვარე ხარ, უნდა იყო მისიონერი, ანუ შენი ცხოვრების მთავარ საქმედ, მთავარ ლოზუნგად გზასაცდენილი და დასაღუპად განწირული გიაურების, კერპთაყვანისმცემლების, ურწმუნოების, არასწორ რწმენიანების შენს რელიგიაზე მოქცევა უნდა დაისახო.
ამაზე დიდი მადლი რა უნდა იყოს, შენთვის ჯერაც უცნობ ადამიანებს სამუდამო ბედნიერების კარი მიასწავლო.
ამ საქმისთვის თვითონ იმ ჩერჩეტი ურწმუნოსთვის უმჯობესია მისი ახალი, ჭეშმარიტი რწმენისთვის ომში თუნდაც დაკარგოს ხელი, ფეხი, თვალი და ქონება, ოღონდ მოექცეს და სულის უკვდავებას და სამუდამო სამოთხეს ეზიაროს, ჯოჯოხეთს აცდეს.
წუთისოფელი სულაც რა სახსენებელია, მე შევიკერავ შახიდის ქამარს, მოვიტაცებ თვითმფრინავს, ჰაერში ავწევ ერთ ავტობუს ხალხს, ჯობია ერთერთ თვინსს, და მერე ღმერთმა გაგვსაჯოს მე გა ჩემი მსხვერპლები, ისინი იქ მეტყვიან მადლობას, მოწამებრივი სიკვდილით ურწმუნოობის ცოდვა რომ გაუბათილდებათ.
მადლობა ღმერთს,
ეს დრო კაცობრიობამ გამოიარა, როცა ექსპანსიის ერთერთი მოტივი ურჯულოთა მოქცევა იყო. ჭეშმარიტი რელიგიის გასავრცელებლად იპყრობდნენ ქვეყნებს ქრისტიანები, მუსულმანები და სხვები თავ თავისი მასშტაბების შესაბამისად.
მაშინ მეფეები თავის ლაშქრებიანად ისევე ფიქრობდნენ, როგორც დღეს მხოლოდ ტერორისტები ფიქრობენ.
დღეს ადამიანები შეიცვალნენ, უკვე 200 წელია ინერგება თეზა რელიგიური შემწყნარებლობის აუცილებლობის შესახებ.
განვითარებულმა ქვეყნებმა და გაერომ საბოლოოდ დააფიქსირეს ადამიანთა უფლება ჰქონდეს ის რელიგიური წარმოდგენა, რომელსაც თვითონ აირჩევს (ანუ უხშირესად, რომელი კონფესიის მიმდევარიცაა მისი პოპულაცია).
რას ნიშნავს ეს?
1.ან კაცობრიობა (მისი დომინანტური ნაწილი) მიხვდა, რომ ღმერთი არანაირი სახით არ არსებობს, და ამქვეყნიური მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროგრესული რელიგიის დომინანტობა.
2.ან კაცობრიობის იგივე დომინანტური ნაწილი გულგრილია, არ ადარდებს, ფეხზე ჰკიდია დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც მის (ჭეშმარიტ) რელიგიას არ იზიარებს, და მათ სულებს
სიკვდილის ან ჯოჯოხეთისთვის სწირავს.
ამ ორიდან რეალური მოტივი ისაა, რაც ფართოდაა დეკლარირებული:
ანუ
"ადამიანებს, რელიგიებსა და სახელმწიფოებს შორის რელიგიური უთანხმოებების გამო კონფლიქტების აცდენა და მშვიდობის დამყარება უმთავრესი, დომინანტური მიზანია".
თუმცა
ამ საერთაშორისოდ მიღებული პრინციპის საერთაშორისო არტიკულაციას (დეკლარაციას) ნაგულისხმები საწყისი ფრაზა აკლია - "ღმერთი არანაირი სახით არ არსებობს და შესაბამისად..".
ქართველებს ერთერთი სიამაყე ის გვაქვს, რომ ჩვენ რელიგიურად შემწყნარებლები ვართ, რომ ჩვენთან ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5 რელიგიის ტაძარი გვერდიგვერდ მშვიდობიანად თანაარსებობს.
და ჩვენ, ქართველები, როდის ვართ გულწრფელნი და კაცთმოყვარენი?
როცა ვამაყობთ მართლმადიდებლობით, თუ როცა ვამაყობთ რელიგიური შემწყნარებლობით?
შეიძლება თუ არა ერთიდაიგივე პიროვნება ორივე სიამაყეში იყოს გულწრფელი, და ამავე დროს იყოს კაცთმოყვარე?
მე მგონი არა,
მართლმადიდებლობით მოამაყე კეთილი ადამიანი უნდა იყოს რადიკალი, ტოლერანტობით მოამაყე კეთილი ადამიანი უნდა იყოს ათეისტი.
ამათგან განსხვავებით: მართლმადიდებლობით მოამაყე ბოროტი ადამიანი შეიძლება ასევე ამაყობდეს რელიგიური ტოლერანტულობით. მისთვის ტოლერანტულობა ნიშნავს მეტ თავისუფალ ფართს სამოთხეში და მეტ უცხოტომელ-უცხორწმენელს ჯოჯოხეთში.
ტოლერანტობით მოამაყე (ანუ ათეისტი) ბოროტი ადამიანი შეითვისებს მართლმადიდებლობით სიამაყეს, თუკი ეს მისი კომუნის სხვაზე უპირატესობაში დაეხმარება.
ტოლერანტობით მოამაყე (ანუ ათეისტი) კეთილი ადამიანი შეითვისებს მართლმადიდებლობით სიამაყეს, იმ შემთხვევაში, თუკი ის წინაპრების ისტორიულ ღვაწლს აფასებს, ზოგადად რელიგიას და კონკრეტულად ქრისტიანულ რელიგიას კაცთმოყვარე პრინციპებისთვის სცემს პატივს და თუნდაც იმ საშუალებისთვის, რომ დომინანტი რელიგიური უმრავლესობის წიაღში თავი ათეისტად მყოფმა გაიტანოს (რეპრესიების და წნეხების გარეშე).
მე რომელი ვარ ამათგან?
ვცდილობ რომ ბოლო ვიყო, მთლად სუფთად არ გამომდის, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ჩემი უმრავლესობისთვის (მე ვარ სტანდარტული ქართველი, ანუ მართლმადიდებელი ქართველი) სხვაზე დომინირების მოხერხებულ, იოლ, საუკუნობით დამკვიდრებულ, ანუ ჩემი პასუხისმგებლობის არმომთხოვნ საშუალებად მეგულება.
ანუ უფრო კეთილი ვარ, ვიდრე ბოროტი.
მაგრამ სრულებით კეთილი მაშინ ვიქნებოდი, ჩემი კომუნის რელიგიით მოპოვებულ ბონუსებზე რომ შემეძლოს უარის თქმა.
ზოგადი დასკვნა:
თუ ჭეშმარიტი მორწმუნე რელიგიური ტოლერანტობით ამაყობ, ბოროტი ხარ.
ან.. თუ ტოლერანტობით ამაყობ , არ ხარ ჭეშმარიტი მორწმუნე.
ავტობუსის მძღოლმა, რომელმაც დაინახა, რომ წინ უცაბებად ხიდი ჩაინგრა, იმდენად ძლიერი მუხრუჭი უნდა დაარტყას, რომ მგზავრებმა ცხვირები დაიტეხონ, ოღონდ ისინი სიკვდილს გადაარჩინოს. ასევე ჭეშმარიტი მორწმუნე არ უნდა მოერიდოს ურწმუნოთა ცხვირების დამტვრევას მათივე გადარჩენისთვის.
რელიგია კატეგორულობაა.
ყველა რელიგია მებრძოლია, ყველას უნდა შეცდენილი სულების სამუდამო ნავთსაყუდელამდე გზის გაგნებაში დაგეხმაროს.
ათეისტს მორწმუნეთათვის ხსნის გზის ჩვენება არ შეუძლია, მაქსიმუმი ხეირი, რაც მან შეიძლება იქადაგოს, ეკლესიის რიტუალებისაგან გათავისუფლებაა, მაგრამ სულის სასრულობის ხარჯზე. ანუ ერთი ნაბიჯი წინ, 10 ნაბიჯი უკან, იქნებ ასიც, ან რატომ არა 1000.
მაშ როგორ ძლებს ურწმუნო? როგორ ცხოვრობს ხრამის კიდეზე?
რატომ ამბობს უარს პოზიტიური აუტოტრენინგის იმ საუკუნობით დახვეწილ, ურთულესი, უძვირესი და უძვირფასესი აქსესუარებით აღჭურვილ, მისთვის მუდამ ღია სამყაროზე, რასაც რელიგია ჰქვია?
ალბაათ იმით, რომ სიკვდილის შიშს რაღაც სხვა გზით ამცირებს, სულის უკვდავობის გარეშე.
ნეტა რითი?
რითი შეუზლია ათეისტს აღიაროს თავისი სასრულობა?
ალბათ იმით, რომ მარადიულობას რაღაც თავისი დაუტოვოს, შთამომავლები ან გაკეთებული საქმე,
სულ ეს ორია, მაგრამ თითოეულს ბევრი განტოტება აქვს, თითეული ტოტი, კი იმდენად შეიძლება განსხვავდებოდეს გვერდზე მყოფი ტოტისგან, როგორც ბალახი სექვოიისგან.
მხედველობაში ის მაქვს, რომ ჩემთვის უცნობმა მე-14 საუკუნელმა წინაპარმა, ყველა იმ დროს მცხოვრებმა წინაპრებმა, ყველამ დატოვეს იმდენად ჯანმრთელი შთამომავლები, რომ იმათაც შეძლეს შთამომავლობის დატოვება და ასე დღემდე.
შედეგად მე ვარსებობ და ჩემი შვილები.
სამყაროსთვის ჩვენ არაფერი ვართ, მაგრამ ჩემთვის, ჩვენთვის, ჩემი წინაპრების ღვაწლი მთელი სამყაროს ჩუქებაა.
ანუ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ჩემი მეთოთხმეტესაუკუნელი წინაპარი მე სახელით არ ვიცი, ეჭვი მეპარება რომ რაიმე მატერიალური კვალი არსებობს მისი ამქვეყნად ყოფნის (მაგალითად შეეძლო უბისაში ფრესკის საღებავი გაეკეთებინა, იქნებ ორნამენტი მოეხატა, ან ბაგრატის ჩუქურთმა ექანდაკებინა, ან რომელიმე სოლომონ მეფის ხმალი გამოეჭედა) მაგრამ მე ვარ მისი (მათი) დუხჭირი ცხოვრების შედეგი და თუკი საქართველოს სხეულში მისი აქამდე შთამომავლები სასარგებლო კუნთი იყვნენ (+ 18 თაობა) ან მერე იქნებიან სასარგებლონი, ჩემს შემდეგ, ეს სულ მისი დამსახურება იქნება.
ანუ მარადიულობასთან დაკავშირება ყველაზე ხელშესახებია შთამომავლობის დატოვებით. ეს ერთი სიკვდილის შიშის დამძლევი წამალია ათეისტებისთვის.
მეორე კი გაკეთებული საქმეა, ამჯერად არა მხოლოდ ის საქმე, რომელმაც უნდა გარჩინოს, არამედ ისიც რომელიც საზოგადო, საერთო სხეულის - სახელმწიფოს და ზოგ შემთხვევაში კაცობრიობასაც სასიკეთოდ დაემჩნევა (მაგალითად არისტოტელე, ჰიპოკრატე, და ვინჩი, მარტინ ლუთერი, გარიბალდი, ლოკი, გალილეო, ვოლტერი, მორზე, ვოლტა, დიზელი, მანდელა, ბობ დილანი და ა. შ.).
მაგრამ ყველაზე მთავარი, რითაც ათეისტთა 99,99% მარადიულობას უკავშირდება ეს არის საკუთარი ქვეყნის აშენებაში მონაწილეობა, მის დაცვასა და გაძლიერებაში, გამდიდრებასა და განვითარებაში მონაწილეობა.
ეს ათეისტისთვის სიკვდილისშიშის საწინააღმდეგო მეორე მთავარი წამალია.
თუკი (ლევ ტოლსტოის დავუჯეროთ) რწმენას მოაქვს ოპტიმიზმი, ხოლო ცოდნას პესიმიზმი, გამოდის, რომ მატერიალისტები პესიმისტები უნდა იყვნენ.
თუმცა
მათაც აქვთ რწმენა, რწმენა რომელიც მათ ოპტიმიზმს უბრუნებს - ეს რწმენაა მატერიალურსვე სამყაროში სამუდამო კვალის დატოვება (შთამომავლობით, ნამუშევრით,დაცულით,შენარჩუნებულით, გადაცემულით ..), კვალი სახელიანი ჯობია, მაგრამ ანონიმურიც შეიძლება. მაგალითად მე, თუკი წელიწადში 450 ავადმყოფის გამოჯანმრთელებაში ვმონაწილეობ, მე საქართველოს კვალს ვამჩნევ, მერე რა რომ "ავტორი უცნობია".
რაც უფრო მეტად აქვს ათეისტს რწმენა, რომ მისი კვალი მნიშვნელოვანია, მით უფრო ოპტიმისტია ის და მით უფრო მეტ კარგ საქმეს აკეთებს.
ათეისტთა რწმენას თავისი ტაძრები აქვთ ათეისტურ განვითარებულ ქვეყნებში.
ათეისტური ტაძრები არის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმები თავისი დინოზავრებითა და ფიტულებით, თავისი თმის ყალყზე დამაყენებელი დამმუხტავი სფეროებით, ფიხიკისა და ქიმიისა და ასტრონომიის თვალსაჩინოებებით.
ათეისტებს თავის ათეისტურ ქვეყნებში ათეისტური რწმენის ტელე ლოცვის სეანსებიც აქვთ, ეს დისქავერი, ჰისტორი, ნეშენალ გეოგრაფიკი, რეალტივი და თრეველია.
ამ არხებზე გასულ სიუჟეტებს შრომის, ინჟინერიის, მეცნიერების, აღმოჩენების, ომების, ტექნოლოგიების და ამ ყველაფრის ისტორიის შემხედვარენი მუხლებზე დაჩოქილები შეჰმადლიან მატერიალისტები.
მათ ნამდვილი რელიგიური აღტკინება და თაყვანისცემა აქვთ შრომის მიმართ, შრომის ორივე განშტოებას, ხელით შრომას და ინტელექტუალურ შრომას თაყვანს სცემენ. რელიგიური ლეგენდაც მოუგონეს, პურიტანები არიან ჩვენი წინაპრწბიო, რომლებიც პირველები მიხვდნენ შრომის მადლს და სიკეთესო.
დისქავერზე მაგალითად 5 სერიალი გადის შრომაზე; ნივთების კეთებაზე, გაფუჭებულის აღდგენაზე, ბინძურ საქმეზე, რთულ კონსტრუქციებზე, ჯართისგან მანქანის აწყობაზე, ჩვეულებრივი მანქანის არაჩვეულებრივ მანქანად გადაკეთებაზე, ოჯახურ საამქროში მოტოციკლეტების აწყობაზე, ჰისტორიზე ხელსაწყოების ისტორიაზე, არქიტექტურის ისტორიაზე, იარაღის ისტორიაზე.
ამ ახალ რელიგიას სახელი აკლია, შინაარსით კი შრომის თაყვანისცემა.
ჩვენ ძალიან შორს ვართ მატერიალისტთა ახალი ოპტიმიზმისგან, იმიტომ რომ;
1. ჩვენ კომუნისტებმა დამახინჯებული ეკონომიკით, შრომის ანაზღაურებისათვის ფული - ხელის ჭუჭყი არ მოითხოვოთო, ხალხის 70 წლიანი დამუნათებით და მორიან ლენინიანი წითელი შაბათობებით ადამიანები შრომაზე აცრეს.
შრომა ჩვენთვის სირცხვილია, დაბალი დონის, გაუნათლებელი ხალხის საქმეა, შრომის ყოველი დამატებითი საათი სისუსტისა და დაჩაგრულობის ერთი საათია, საქმეზე დამატებითი ფიქრი იმ დროის კარგვაა, რომელიც საქართველოს და იქნებ მსოფლიოს მართვის შენეული წესრიგის მოფიქრებაში უნდა დაგეხარჯა.
2.აქ ათეიტებს ოპტიმიზმი გვაკლია იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩვენი ტაძრები - ბუნებათმცოდნეობის მუზეუმები,
3.არ გვაქვს არცერთი ქართული წარმოების დოკუმენტური ფილმი ბუნებათმცოდნეობისა და შრომის შესახებ.
პარდონ, აჭარა tv-ზე და ... საპატრიარქოს არხზე გადის ხოლმე ფილმები შრომაზე ეთნოგრაფიული რაკურსით, მაგდამ თვითონ წარმოდგენილ ნაკეთობათა პრიმიტიულობა ადამიანის ინტელექტით აღტაცების საშუალებას არ გაძლევს, უფრო მშრომელი კარგი ადამიანების სიყვარულს გინერგავს, რაც ძალიან კარგია. ანალოგიური მიმართულების დისქავერის გადაცემაში ვნახე მეცამეტე საუკუნის ხის საწნახელი, რომელიც ხის დგუშითა და ხის უზარმაზარი სპირალურ კბილანიანი ჭანჭიკით მუშაობს, აი იმ ადამიანების ინტელექტით კი აღტაცდები. ფრანგები მეცამეტე საუკუნიდან ხმარობენ სიტყვა press, რაც დამწნეხი ხელსაწყოს გამოგონებას მოჰყვა.
ვინ გაგვიმტკიცებს ოპტიმიზმს ჯიუტ მატერიალისტებს?
ჩვენი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ უიმედო არ არის.
მარტივი რჩევები, სანამ ჩვენთვის და ჩვენი ძვლებისთვის ტაძარი-მუზეუმი აუშენებიათ:
ტვ ში პირველ 10-ეულში განალაგეთ: დისქავერი, დისქავერი საიენს, ნეშენალ ჯეოგრაფიკი, ჰისტორი, ენიმალ პლანეტი და სხვა საცნობარო არხები.
მათ გარეშე მატერიალისტები საშიშნი ხდებიან:
Wednesday, January 19, 2011
კატეგორიული რწმენა და უტაძრო მატერიალისტები.
Posted by cartwheel at 9:49 AM
Labels: ვინიგრეტი, მე ათეისტი, ძირს პათეტიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
თქენს ყველა პოსტს ვკითხულობ. ბევრჯერ დამიპირებია მათზე კომენტარების დატოვება და არ დამიტოვებია. აი, მსგავს თემებს კი ვერ ვტოვებ უკომენტაროდ. იმდენად ნაცნობი მსჯელობაა. იყო მართლმადიდებელი და გწამდეს ღმერთი, ვფიქრობ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იყო კატეგორიული და ფანატიკი. არც ეკლესია ითხოვს ამას ჩვენგან. სადღაც ამოვიკითხე და ვერ ვიხსენებ ზუსტად.დაახლოებით კი ასეა -- განათლებული ადამიანი მეგობარია ღვთის, ხოლო უცოდინარი და გაუნათლებელი კი მონა.მონა კი,გინდ ღვთის იყოს ,გინდ კაცის, მაინც მონაა. თქვენ არასოდეს ინებით მონა, ხოლო მეგობარი ღვთისა კი უკვე ხართ. რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ ხართ ურწმუნო( რწმენა კიდევ სულ სხვა რამაა, თავადაც ამბობთ) და ათეისტი, მე გეთყვით, რომ ეს ასე არაა. მერე რა, რომ სანთელს არ ანთებთ და წირვებს არ ესწრებით. მერე რა, რომ ბევრ ქრისტიანულ დოგმებს უარყოფთ. (ადამიანი ხომ სწორედ ამით განსხვავდება სხვა ცხოველისგან,რომ იაზროვნოს)დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ ფიქრობთ იმას, რომ ეკლესიის მიერ აღიარებული წმინდანები ილია მართალი , დავით აღმაშენებელი, თამარი და კიდევ სხვანი წმინდა რელიგიური კანონებით ცხოვრობდნენ და რადიკალი მართლმადიდებელნი იყვნენ.
"მარადიულობასთან დაკავშირება ყველაზე ხელშესახებია შთამომავლობის დატოვებით. ეს ერთი სიკვდილის შიშის დამძლევი წამალია ათეისტებისთვის.
მეორე კი გაკეთებული საქმეა, ამჯერად არა მხოლოდ ის საქმე, რომელმაც უნდა გარჩინოს, არამედ ისიც რომელიც საზოგადო, საერთო სხეულის - სახელმწიფოს და ზოგ შემთხვევაში კაცობრიობასაც სასიკეთოდ დაემჩნევა"
აი, ესაა მთავარი და არა მარტო ათეისტისთვის... და ვინ იცის, წლების შემდეგ შენზეც ისევე აღავლინონ ლოცვა ორთოდოქსებმა, როგორც ყველა დღეს არსებულ წმინდანზე.
"ვინ გაგვიმტკიცებს ოპტიმიზმს ჯიუტ მატერიალისტებს?
ჩვენი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ უიმედო არ არის.
მარტივი რჩევები, სანამ ჩვენთვის და ჩვენი ძვლებისთვის ტაძარი-მუზეუმი აუშენებიათ:
ტვ ში პირველ 10-ეულში განალაგეთ: დისქავერი, დისქავერი საიენს, ნეშენალ ჯეოგრაფიკი, ჰისტორი, ენიმალ პლანეტი და სხვა საცნობარო არხები."
ეს ყველაფერი დიახაც, რომ მოაზროვნე ადამიანის ნახელავია., მაგრამ არის კი იმაზე დიდი სასწსაული ,ვიდრე ა დ ა მ ი ა ნ ია?????
და ბოლოს, არის ბევრი რამ, რაც ადამიანის გონებისთვის შეუცნობელია. ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას , რომ არ არსებობს. აი, როგორ და რა სახით არსებობს, არვინ იცის. მაგრამ სიყვარული რომ სჯობს ბოროტებას, საქმე- უსაქმურობას. ვფიქრობ ეს საკამათო არაა. მაშ, გვიყვარდეს და ვაკეთოთ კეთილი საქმე.
ღმერთმა ჯანსაღი ცხოვრება და ბევრი სიხარული მოგცეთ. ისე კი, მგონია ჩემს ყველაზე უახლოეს ადამიანს ვესაუბრები.
Its such as you read my mind! You seem to know so much about this, such as
you wrote the e book in it or something. I believe that you simply could do with some % to pressure the message house a little bit, however other than that, this is great blog. A great read. I will certainly be back.
Also visit my weblog : transfer news
Attractive component to content. I simply stumbled
upon your weblog and in accession capital to assert that
I get actually enjoyed account your weblog posts. Any way
I will be subscribing on your feeds and even I success
you get right of entry to persistently quickly.
Also visit my web blog transfer news chelsea now
Post a Comment