Monday, January 24, 2011

ვერტმფრენი VS ქორი


გუშინ კახეთის თავზე, თელავის მახლობლად ვერტმფრენს, რომელშიც გახლდით, ქორი შეეჯახა (ან პირიქით, ჩვენ შევეჯახეთ).
მოულოდნელად, ისედაც ხმაურიანი ვერტმფრენის სალონში აფეთქებისმაგვარი ხმა გაისმა პილოტების კაბინიდან, კარი ზათქით გამოიგლიჯა და დავინახეთ სალონში ჰაერში გაფანტული შუშის ნამსხვრევები, აპარატურის დეტალები ხორცისა და ბუმბულის ფრაგმენტებით, ამავე დროს სალონში რაღაც უცნაურობა შემოვარდა, როგორც შემდეგ დავადგინეთ ქორის ფეხი ყოფილა თავისი დიდი კლანჭებით და დაზოლილი ბუმბულებით.
სალონში დასისხლიანებული პილოტი გამოვიდა, თავზე ორ-სამ ადგილას იყო დაჭრილი, ან დასვრილი ფრინველის ფრაგმენტებით. 3 წმ-ის შემდეგ ვერტმფრენმა სპირალურად, გვედზე გადახრილმა დაიწყო ქვემოთ დაშვება.

თურმე დანიშნულების ადგილას მისულიყო და გეგმიურად ჯდებოდა, კი არ ვარდებოდა, მეორე პილოტი მართავდა.
მოვასწარი თუ არა შეშინება?
ალბათ კი, ის კი ნამდვილად გავიფიქრე, რომ ზუსტად საწვავის ბაკების გვერდზე ვიჯექი, და ვარდნა რომ გაგრძელებულიყო, სადმე შორს უნდა გავფორთხებულიყავი.
თბილისში იგივე ვერტმფრენით დავბრუნდით, პილოტებს მოუწიათ ღია კაბინით ფრენა, ციოდა საკმაოდ.
მშვიდობიანად დაგვაბრუნეს.

მეტი რისთვისაა მოგონილი ბლოგი, ასეთები თუ არ დავწერე.




საკვანძო დამთხვევა:
ქორის შეჯახება და ვერტმფრენის გეგმიური დაჯდომა ერთდროულად.





ვაგროვებდი დროში უცნაირი დამთხვევების ფაქტებს, ეს ბოლო თავს გადამხდა და მისი ხათრით დამთხვევების მცირე კოლექციას დღესვე გამოვაქვეყნებ (დრაფტებში მქონდა).





დამთხვევები

-დეკემბერში კრედიტის შესატან ფულზე 20 ლარი მაკლდებოდა, ბანკის ბიჭისთვის უნდა მეთქვა, რამდენიმე დღეში დაგიმატებთ მეთქი, ვვარაუდობდი გამიშვებდა ჩემს კრედიტ ოფიცერთან და იმასთან მომიწევდა მისვლა (სხვაგან) და თხოვნა. მოკლედ, წინასწარ ვიყავი ბრაზიანი უბედური. ბანკის ბიჭმა მითხრა რომ გადასახდელი იმაზე 50 ლარით ნაკლები მქონია, ვიდრე ყოველთვიურად ვიხდიდი, წლის ბოლო ასე სრულდებაო, ამიხსნა.
ბანკიდან 30 ლარით გამოვედი საჩუქარმიღებულივით კმაყოფილი.




-დღეს შობაა, სამ სუფრაზე ვარ დაპატიჟებული. სამივეზე სიამოვნებით წავიდოდი, არადა ზოგჯერ სუფრაზე დასწრება ვალდებულებით გიწევს, დღევანდელებისგან განსხვავებით. მომიწევს უარის თქმა.
მივირბენ სამივესთან, რომ ჩამეთვალოს.



-ჩემი ნათესავი მხედრიონელის გასვენებაზე, რომელიც შიდა ომების დროს შეცდომით ისევ მხედრიონელებმა მოკლეს, მხედრიონელი "ჭირისუფლების" მიერ უაზროდ ნასროლი ტყვიით იმ ბიჭის მამიდა მოკვდა 1 თვის შემდეგ, მანამდე კი "ფეხზე მოტრიალე" ანუ დამხმარე ახლობელ ბიჭს, რომელიც თავისი ცოლშვილის გასვენებაში დაგვიანების გამო ნერვიულობდა, აცნობეს, შენი ცოლშვილი ავტოავარიაში დაიღუპნენო.



-გამსახურდია ინსპექტორმა სოხუმში არძინბა მძღოლი რომ გააჩერა, თუ პირიქით.



-ერთხელ მე სამორიგეოდ წასვლა რომ დამავიწყდა, მხოლოდ ღამე რომ გადავთვალე და აღმოვაჩინე, რომ მორიგე ვიყავი, დავრეკე საავადმყოფოში, და მიპასუხეს, დარჩი სახლში თინას (შემდეგ ცვლაში მომუშავე რეანიმატოლოგს) შეეშალა და შენს ნაცვლად მოვიდა სამორიგეოდო.




-წელს თოვლმა დააგვიანა. გუშინ 11 იანვარს ამ ზამთრის პირველი თოვლი მოვიდა. კედლის ჩამოსახევ ფურცლებიანი კალენდრის უკანა გვერდზე ლექსები ეწერა.
პირველი ლექსი იყო "პირველი თოვლი".



-ჩემმა პაციენტმა, ავარია ორჯერ გადამხდა, პირველად ბეწვზე გადავრჩი და შეთქმული ცხვარი რომ მიმყავდა დასაკლავად იმ გზაზე მეორე, უარესიო.


მარკონი პოპოვი
შონლაინ ჰენოხი
ჰოფმაისტერ ფინსტერერი
დაგერი ტალბოტი
არმსტრონგ ოლდრიჯი



თქვენც დაამატეთ დამთხვევების ფაქტები, აბა თუ გაიხსენებთ.

3 comments:

Anonymous said...

საცოდავი ქორი....

Anonymous said...

Hmm is anyone else having problems with the images on this blog loading?
I'm trying to find out if its a problem on my end or if it's the blog.
Any feed-back would be greatly appreciated.
Also visit my site current transfer news for arsenal

Anonymous said...

These are in fact enormous ideas in about blogging.
You have touched some pleasant things here. Any way keep up wrinting.
Also visit my blog : epl transfer news now