Thursday, June 23, 2011

რაშია ერის ნათელი მომავალი? 





ეკლესია მონასტრების მშენებლობაში! 
გვასწავლის ტელევიზორი. 
რატომაც არა. ქართველნო, ერთად ღვთისკენ! ეს გამოცდილი გზაა, საქართველოში განსაკუთრებით. 
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს  ბიბლიაში ერები, ქვეყნები, საზღვრები, სახელმწიფო იერარქიები ფაქტიურად იგნორირებული ჰყავს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უმნიშვნელოდ თვლის, ქართველებისთვის, საქართველოსთვის რელიგია სახელმწიფოებრიობის ღერძი იყო თითქმის 2 მილენიუმის განმავლობაში. 
სახელმწიფო მოითხოვდა იერარქიას, სუბორდინაციას, თავგანწირვას, თვითიდენტიფიკაციას- მტრისგან განსხვავებულობას. ჩვენი რწმენა საუკეთესო ინსტრუმენტი იყო ერის სახელმწიფოს სამსახურში ჩასაყენებლად. 
ქართულ სახელმწიფოს უჭირს, იმპერიის კოლონიობიდან პირდაპირ შეაბიჯა ღარიბ, ათგზის წაგებულ, ტერიტორიებ შემოჭმულ ქვეყნობაში. 
ბოლო ოცი წელია საქართველოს ბედს მნიშვნელოვნად საზღვრავს ხალხის საქციელი, და ეს საქციელი ხშირად იმპულსური, აგზნებული, წინდაუხედავი და საბოლოო ანგარიშით მავნეა. 

ერის ნათელი მომავალი ეკლესია მონასტრების შენებაშია. 

იქნებ ხელისუფლებაც ხეირში დარჩეს და სახელმწიფოც? 

ასე არ იყო საუკუნეები? 



ახლა რა ჭირი გვეტაკა, იმდენ ეკლესია მონასტერს ვაშენებთ და ვამოქმედებთ,  ჯორდანო ბრუნომდე რომ არ აშენებულა. 





 ნათელი მომავალი კი მაინც შორსაა, ერი კვლავ ბორგავს, ფორიაქობს და სპასტიურ პარეზიანივით* საკუთარ თავს ეჭიდავება. 



*/სპასტიური პარეზი ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა ავადმყოფს კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთები ერთად, ერთდროულად აქვს დაჭიმული, და შედეგად მოძრაობებს ძნელად, შენელებულად, არაკოორდინირებულად აწარმოებს/. 

ზუსტად ასე ვართ, გაორებულები და უსარგებლოდ, საზიანოდ დაჭიმულები. 

იქნებ მართლაც ეკლესია მონასტრებშია ჩვენი ერის ნათელი მომავალი. 


რელიგია, და ქრისტიანული რელიგია განსაკუთრებით, კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე პროგრესული და კონსტრუქციული ფაქტორი იყო. იქნებ სულაც ისაა განმსაზღვრელი დასავლური, ევროპული კულტურის წარმატებისა მსოფლიო მასშტაბით? 

ქრისტიანულმა რელიგიამ სხვა რელიგირბთან შედარებით უკეთესი პირობა შექმნა მეცნიერების განვითარებისათვის, რამაც საბოლოოდ მოიტანა პროგრესი, სიმდიდრე, გამრავლება, კომფორტი, ძალა,გავლენა. 


მეცნიერებამ არაერთხელ დააყენა რელიგია უხერხულ მდგომარეობაში, მაგრამ ღმერთის ადგილს მაინც ყოველთვის ტოვებდა. 

21-ე საუკუნის დასაწყისში ცერნის ლაბორატორიაში ფიზიკოსებმა ღმერთის ადგილი აღარ დატოვეს, თუმცა ამას მერე იტყვიან, მას შემდეგ, რაც მათი კვლევის შედეგები სასკოლო სახელმძღვანელოებში მოხვდება. გვიან, მაგრამ აუცილებლად იტყვიან და სამყაროს წარსულს და მომავალს 3D-ში დაგვიხატავენ. 
დაგვაჯერებენ. 
ჩვენ მაშინ უარს ვიტყვით რელიგიაზე, მაგრამ ბოლშევიკური სსრკსგან განსხვავებით მადლობით გავისტუმრებთ სუბკულტურის ნაჭუჭში. 
რელიგია თავის მეგა როლს კაცობრიობის ისტორიაში დაასრულებს და დასჯერდება უწყინარი პოზიტიური აუტოტრენინგის ნიშას. 
ასე ცხოვრობს დღეს ჩეხეთი. 
ქვეყანა ევროპის ცენტრში, რომელსაც დიდი ცდუნება ჰქონდა კომუნისტური ოკუპაციური ცენზურისგან განთავისუფლებულს შუასაუკუნოვანი რელიგიური მწვერვალები მოეძებნა ორიენტირებად, მაგრამ ასე არ მოიქცა. 
დიდი ნაბიჯით გაუსწრო დროს და .. უშუალოდ მის კბილა სლოვაკეთს, სადაც რელიგიური სენტიმენტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. 

დღეს ჩეხეთი ერთადერთი  პოსტსოციალისტური ქვეყანაა, რომლის მიერ ნაწარმოებმა ავტომობილმა დასავლელთა აღიარება დაიმსახურა. 

და ამ ქვეყანაში ეკლესია უსუსტესია, თითქმის ისეთი, როგორიც იქნება მომავალ გაბრწყინებულ მსოფლიოში. 
სუსტი ისეთი, როგორიც იქნება მომავალ გაბრწყინებულ საქართველოში, თუკი უწერია საქართველოს გაბრწყინება. 

გაბრწყინებულ საქაეთველოში წინაპართა დიდი პატივისცემა ექნებათ. 
წინაპართა და საქართველოს სიყვარულის სეანსებს ეკლესიათა მონახულებისას ან თუნდაც დანახვისას მიიღებენ. 
ოღონდ მოუწევთ გაარჩიონ, ეს ეკლესია, რომელსაც ხედავენ, ხუროთმოძღვართა, კირითხუროთა, ქვისმთლელთა, კურტნის მუშათა ოფლითა და სისხლითაა აშენებული, თუ მე 20-ე საუკუნის ბოლოსა და 21-ეს დასაწყისში ბეტონის პომპებით ჩამოსხმული.

ერის ნათელი მომავლის ერთერთი  ბურჯი წინაპართა, წინაპართა შრომის, ბრძოლისა და კულტურის პატივისცემა იქნება. 

კიდევ ორი, იქნებ  სამი ბურჯი დასჭირდება ერის ნათელ მომავალს, სხვანაირად წაიქცევა. 

რა ერქმევათ მათ, ერის ნათელი მომავლის დანარჩენ ბურჯებს? 

No comments: