ანუ იპოდრომი, ძველ იპოდრომზე ვამბობ, შეიძლბა მოირწყას, მისი მორწყვა ფანტასტიკა აღარ
არის, შესაძლებელია.
თანაც ტექნიკური და არა სასმელი წყლით.
ანუ ძველი იპოდრომის (შემდგომში იპოდრომი) მორწყვა თბილისის წყლით მომარაგებას ტვირთად არ დააწვება. არცერთი წვეთი სასმელი წყლისა არ დაიხარჯება.
რითია ეს ფაქტი მნიშვნელობანი?
თუკი იპოდრომი მოირწყვება მასზე მწვანე ბალახი იბიბინებს მთელი წელი.
და თუკი მას პარკი ერქმევა:
-თბილისს ექნება ახალი მიზიდულობის ცენტრი თავისი მაცხოვრებლებისთვის
-თბილისს ექნება ახალი მიზიდულობის ადგილი ქართველებისა და არაქართველებისთვის, მათ შორის სეპარატისტული რეგიონებისთვის
-თბილისს ექნება ახალი მიზიდულობის წერტილი მსოფლიოსთვის
-თბილისი შევა მსოფლიო იმ ელიტარული ქალაქების რიცხვში, სადაც მოქალაქეს მწვანე მოლზე წამოწოლა შეუძლია
-გაიზრდება თბილისის ავტორიტეტი.
ევროპა მწვანე კონტინენტია, ევროპელთათვის შინაურია გარემო, რომელიც მწვანე მოლითაა დაფარული, ევროპა-ამერიკაში მოლზე გავლა, დაჯდომა, წამოწოლა და ცის შეხედვა ის უპირატესობაა, რითაც ის დანარჩენ მსოფლიოს აღემატება.
აშშ-ს სამხრეთი შტატებისთვის ღირსების საქმეა არ ჩამოუვარდნენ ჩრდილოეთის შტათებს წამოკოტრიალებისთვის გამოსაგდეგი მწვანე პარკების არსებობით.
გაიხსენეთ ჰოლივუდური კლიშეები, რომელთაც დაუზარლად ტირაჟირებენ:
პრესტიჟულ ამერიკულ ქალაქში ფართო, და გულუხვ ნათელ ხასხასა მწვანე ტყეპარკებში დასეირნობენ ამერიკელი წარმატებული ახალგაზრდები.
მეორე მხრივ კი მექსიკის ყვითელ ხრიოკ ლანდშაფტებს ხშირად სერავს ქარის ატაცებული ბურთად შეკრული ეკლები.
საქართველო ევროპის მექსიკაა, თბილისში და მის გარშემო ბალახი ივნისის შუა რისხვებიდან იხრუკდბა, ყვითლდება.
რაც არ უნდა თანასწორუფლებიანი მეგობრობის პაქტები დაუდოს სახელმწიფო აშშ-მ სახელმწიფო მექსიკას, ყველა ამერიკელს მაინც ეცოდინება, რომ მექსიკელზე უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობს და მისი შვილთაშვილებიც მექსიკაზე უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ, ლაღ მწვანე პარკებში ისეირნებენ.
საქართველოს მსოფლიო ინტერესის დიდი ტალღა წინ აქვს,
საქართველოს მალე შემოხედავს მსოფლიო ახალი თვალით, აქ გაცილებით მეტი ტურისტი ჩამოვა ევროპის სანახავად.
აქ ევროპელმა უნდა განსაზღვროს, მართლაც ევროპაა საქართველო თუ პოლიტიკოსები ატყუებენ, აქ აზიელმა ევროპის ხიბლი უნდა დაინახოს.
იპოდრომი მორწყვადია
და ამ შესაძლებლობას შეუძლია თბილისი და საქართველო შეცვალოს.
ეს სულ ახალი შესაძლებლობაა
იპოდრომი არ იყო მორწყვადი.
ხვალ ის შეიძლება გახდეს მორწყვადი.
გუშინ წყლის, ელექტროენერგიის უზარმაზარი ხარჯის, სასტარტო დიდი ხარჯის მიუხედავად იპოდრომი შეიძლება მაინც გადახრუკული დარჩენილიყო,
მაგრამ დღეს შესაძლებელია საწყისი რაციონალური ხარჯით და მიმდინარე მცირე ხარჯით იპოდრომი მწვანედ ბიბინებდეს.
როგორ?
თბილისის მთავრობა ვერეს ხეობაში ახლადაშენებულ ბეტონის ჩქაროსნულ გზას გვირაბით უკავშირებს ბახტრიონის დასახლებას.
შესაბამისად, გვირაბის გავლით მდინარე ვერე ადვილად დაუკავშირდება იპოდრომის ზედა ფერდს, საიდანაც თვითდინებით მორწყავს უზარმაზარ ფართს.
ეს იქნება ოაზისი, უხვი სიმწვანე და არა ისეთი, როგორსაც შეჩვეულნი ვართ აღმოსავლეთ საქართველოში.
საჭიროა მცირე რეზერვუარი ან მცირე კაშხალი მდინარე ვერეზე, ტუმბო, რომელიც ვერეს წყალს აიტანს გვირაბის უმაღლეს წერტილამდე (დაახლოებით 5-10 მეტრზე) და წყალსადენი მილი, რომელიც გაივლის გვირაბის ერთერთ კუთხეში.
იპოდრომის ფერდზე შეიძლება გაკეთდეს წყლის მეორე რეზერვუარი- ტბა, რომელსაც ექნება როგორც სარწყავი, ასევე დეკორატიული ფუნქცია, იქვე შეიძლება მოეწყოს ხელოვნური ჩანჩქერი და შადრევანი ვაკის პარკის ანალოგიით.
ყვითლად აღნიშნულია მშენებარე გვირაბი.
googleearth-ის მიხედვით ვერე ამ ადგილზე ზღვის დონიდან 444 მეტრზეა, ხოლო გვირაბის დასაწყისი წერტილი 450-ზე გვირაბი ალბათ ჰორიზონტალური იქნება, შესაბამისად წყალი ასატუმბი იქნება 5-10 მეტრზე.
ვაკის პარკის კასკადი შადრევნები გაცილებით მძლავრ ტუმბოს ამუშავებენ.
სამი მთავარი იღბლიანი ფაქტორი უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს:
-იპოდრომის დიდი სივრცე
-ვერეს საკმარისზე მეტი წყალი
-გვირაბი, რომელიც შესაძლებელს ხდის ვერეს წყლის იპოდრომზე გადასროლას
ეს სამი ფაქტორი უსარგებლოა, თუკი ერთმანეთს არ დაუკავშირდა
-მეოთხე ფაქტორი ენერგიული, ინიციატივიანი და ძლიერი მერიაა, რომელიც გვყავს.
მას შეუძლია ყველა იღბლიანი ფაქტორის შეჯერებით საშვილიშვილო (სინამდვილეში სამუდამო) საქმე გააკეთოს. წინ გლობალური დათბობაა, განახლებული იპოდრომის მადლიერი დამსვენებლების რიცხვი მილიონს მალე გადააჭარბებს.
სიტყვა მერიაზეა და საქმეც.
მაგრამ მანამდე ერთი ომია მოსაგები, რომელსაც მერია ჩვენს გარეშე ვერ მოიგებს. იპოდრომი საზოგადოებრივ საკუთრებაში უნდა დავიბრუნოთ.
ამას კი წერილებით ვერ მოვახერხებთ, მხოლოდ ქმედებით, ერთად დგომით და სოლიდარობით.
დავიწყოთ დღესვე:
შევხედოთ ამ საკითხს როგორც საზოგადოებრივ ბიზნეს პროექტს.
ვისაც რა შეგვიძლია, დიზაინერმა შექმნას ვიზუალური მაკეტი, ჰიდროტექნიკოსმა (ინჟინერმა, არქიტექტორმა) გააკეთოს გათვლები, მელიორატორმა დახაზოს მორწყვის სწემა, მუსიკოსმა დადოს კულტურული ცენტრის პროექტი, არქიტექტორმა დადოს სცენა, ლანდშაფტის არქიტექტორმა ფერდის დიზაინი,სტუდენტმა, ფორუმელმა, ბლოგერმა დაჰკრას ბუკი და ნაღარა, ჟურნალისტმა აჟღარუნოს და ვინც ამ კატეგორიებში არ გავდივართ და ყველამ ერთად, ჩავიცვათ რაიმე მწვანე, შევიკრიბოთ, დავიყენოთ წინ კახა თოლორდავა და ხანგრძლივი ცოცხალი ჯაჭვი გავაკეთოთ იპოდრომის გარშემო.
განმეორებით ინსპირირებულია კახა თოლორდავას განმეორებითი წერილით იპოდრომის თემაზე "ლიბერალში".
FORUM.GE.
Wednesday, June 29, 2011
იპოდრომი მორწყვადია
Posted by cartwheel at 9:16 AM 3 comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი
Tuesday, June 28, 2011
ძმაკუშებოო
პათეტიკა და შფოთვა რომ კარგად გამოგვდის არამარტო ფოლკლორსა და კინემატოგრაფს, პოლიტიკასაც ეტყობა.
სიმღერაში იმდენად ხარისხიანი პათეტიკა შეგვიძლია, რომ ცდუნებას ვერ ვძლევთ ერთი კარგი დაშხოშიანი სულის შემძვრელი ჯგუფური კანსონი არია ქორო შევასრულოთ თუნდაც სალაღობო ტექსტზე.
"ამბობს მომღერალი, და ამით ყველაფერია ნათქვამი" ეს სულმნათი ევგენი მაჭავარიანის სიტყვებია. ეს ესტრადაა-ს წაყვანისას ის ხშირად გვითარგმნიდა სიმღერის ტექსტიდან ერთ ფრაზას და სიმღერაც, მუსიკა და ტექსტი ერთად ჩვენთვის გასაგები ხდებოდა.
ახალგაზაფხულებულზე მკვირცხლი ბიჭის აღმართზე შეყენებას და ძმაკუშებში ქეიფს რად უნდა თავგანწირული პათეტიკა.
არ უნდა.
0:50 ზე ნახე.
Posted by cartwheel at 2:14 PM 0 comments
Labels: ძირს პათეტიკა
Monday, June 27, 2011
რჩევები სტამბულის სტუმრებს
სტამბულს 1932 წლამდე კონსტანტინოპოლი ერქვა მსოფლიოსთვის, თვითონ თავის თავს კი 4 საუკუნე უწოდებდა სტამბულს.
სიტყვა სტამბულის სტ კონსტანტინოპოლის სტ-ია.
მსოფლიოში მხოლოდ ოთხია ასეთივე იღბლიანი ადგილი, რომელთა მნიშვნელობა მხოლოდ კონტინენტების მასშტაბით ხდება თვალსაჩინო.
-პანამის არხი
-სუეცის არხი
-გიბრალტარის სრუტე
და
-ბოსფორის სრუტე - კონსტანტინოპოლი.
თუმცა წინა ორისგან განსხვავებით ბოსფორი და დარდანელი ბუნებრივია, ის საჩუქარია. მათ გაჭრას არ დაჭირდა ათასობით მუშის მალარიით ან შრომის საფრთხეებით გმირული სიკვდილი, ისე როგორც ეს პანამისა და სუეცის გაყვანამ მოითხოვა.
ოთხივე ეს ადგილი შარიანი ისტორიის მქონეა: პანამისთვის იომეს ამერიკამ და ესპანეთმა, საფრანგეთმა, პანამამ.
სუეცისთვის ინგლისმა, ეგვიპტემ, გიბრალტარისთვის ინგლისმა და ესპანეთმა, არაბეთმა მაროკომ,
ბოსფორისთვის ბრძოლა გაცილებით მრავალსერიანი აღმოჩნდა, ის დროშასავით გადადიოდა ხელიდან ხელში. სპარსები, ბერძნები, რომაელები, ბიზანტიელები, თურქები, ჯვაროსნები, ინგლისი დროშებს აფრიალებდნენ ამ სრუტის ხელში ჩასაგდებად.
ბოსფორის სრუტის გასაღები კეტავს ან აღებს მსოფლიო ოკეანეს შავი ზღვის ქვეყნებისთვის: ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი, საქართველო პირდაპირ, ხოლო შუა აზია, სომხეთი , აზერბაიჯანი, მოლდოვა, უნგრეთი, ავსტრია (დუნაით), შავი ზღვის ქვეყნების გავლით უკავშირდება დედამიწას საზღვაო გზით.
საზღვაო გზის უპირატესობა კი ყველა სხვა გზას შორის, არის სიიაფე და მიღწევადობა.
მომავლის მსოფლიოში, სადაც საწვავს ოქროს ფასი დაედება, საზღვაო მგზავრობა იმ პატივისცემას დაიბრჯნებს, რლმელიც მას თვითმფრინავების გამოჩენამდე ჰქონდა.
სტამბულის ეს იღბლიანი ადგილმდებარეობა ანტიკური ხანიდან იცოდნენ გეოპოლიტიკური მასშტაბის სტრატეგებმა.
კონსტანტინემ სრულიად გააზრებულად ააშენა იმდროინდელ მსოფლიო იმპერიის დედაქალაქი ამ ადგილას.
აქ იყრიდა თავს ადამიანები, თემები, ეთნოსები, ერები, ხალხები, მათი ნაწარმი, შემოქმედება, ცოდნა და გამოცდილება.
ქალაქი ააყვავა როგორც ამ ქალაქის მასპინძელმა ბერძნულ- რომაულმა ჭკვიანმა და ნიჭიერმა მოსახლეობამ, ასევე, უზარმაზარი მასშტავის ვაჭრობამ.
კონსტანტინოპოლის დაცემისა და აქ თურქების გაბატონების შემდეგ, ქალაქმა ახალი ანტურაჟი შეიძინა, სტრატეგიული პლიუსები კი არანაკლები წარმატებით გამოიყენა.
ეს ქალაქი უკვე 14 საუკუნეა იგლობალური მეგაპოლისია.
და
არის
იმ
ქვეყნის დედაქალაქი, რომლის ტერიტორიაზე შორეულ პრეისტორიულ ხანაში დაიბადა ადამიანთა ცივილიზაცია, დაიბადა ადამიანი.
აქ
- დაწერეს პირველი სიტყვები ფინიკიელებმა თიხის ფირფიტებზე
-ააშენეს ტროა ტროელებმა
-კაპადოკიაში დახატეს პირველი ქრისტიანული ფრესკა
-იმღერეს ჰარი ჰარალე ურარტუელებმა
-ააშენეს ქრისტიანებმა აია სოფია
-აქვედუკები და ბაზილიკა ცისტერნა
-მოზაიკით მოხატეს ქორა
-აქ დაიბადნენ წმინდა ნინო და წმინდა ნიკოლოზი, რომელიც შემდეგ სანტა კლაუსად ტრანსფორმირდა და ქრისტიანულიდან ზოგადსაკაცობრიო ხატად ტრანსფორმირდა.
იუნესკოს მიერ კაცობრიიობის კულტურული მემკვიდრეობისათვის მიკუთვნებულ, მთელ მსოფლიოში გაფანტულ 300 ძეგლთაგან 9 თურქეთის ტერიტორიაზეა.
ოტომანთა იმპერატორის ბრძანებით აქ გადმოასვენეს დავითის xmali, მოსეს კვერთხი,
იოანე ნათლისმცემლის მკლავი და თხემის ძვალი.
აქვეა მუჰამედის ხმალი, ხელნაწერი და მოსასხამი.
სტამბულში თავმოყრილია არამარტო სტამბულის, და თურქეთის არამედ მთელი ოტომანთა იმპერიის ტერიტორიებიდან თურქი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი პრეანტიკური და ანტიკური ექსპონატები.
და ვინაიდან ოტომანთა იმპერია მოიცავდა შუამდინარეთის, მცირე აზიის და ეგვიპტის და ჩრდილოეთი აფრიკის მიწებსაც, სტამბულის არქეოლოგიურ მუზეუმში კაცობრიობის ისტორიას ნაბიჯნაბიჯ შეგიძლიათ მიჰყვეთ. შეგიძლიათ აღტაცდეთ ადამიანთა იმ ისტორიული ჯგუფების მიმართ, რომლებიც ბევრ სიტუაციაში იყვნენ პირველები, აღმომჩენები, გამომგონებლები, ავტორები, კორიფეები, უბადლოები და... არანაკლებ ჭკვიანები, ვიდრე ჩვენ 21-ე საუკუნეში.
მათი სამყარო ძალიან პატადა იყო ჩვენს სამყაროსთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარი უცხო და შეუცნობელი უკიდეგანო სარტყელით იყო შემოგარსული.
სოციალური გამოცდილება მიზერული ჰქონდათ ფაუნას კი ჩვენზე უკეთ იცნობდნენ.
ქმნიდნენ და წერდნენ წესებს, კანონებს, დებდნენ ხელშეკრულებებს, სჯიდნენ და ასამართლებდნენ მტყუანებს და დაზარალებულებს, ზრუნავდნენ საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, პატივს სცემდნენ გარდაცვლილებს და იმედოვნებდნენ ამინდისა და სიცოცხლის ღმერთების გულის მოლბობის.
ეს ყველაფერი თავმოყრილია სტამბულის არქეოლოგიის მუზეუმში, რომელიც სტამბულის ბრენდ სანახაობებში დაღლილთ, შეიძლება გამოგრჩეთ კიდევაც. არ შეიძლება, გიკრძალავთ სტამბულიდან წამოსვლას არქეოლოგიური მუზრუმის უნახავად.
აუცილებელი სანახაობები, რომლებიც უჩემოდაც იცით და აუცილებლად ნახავთ:
აია სოფია, სულთან ახმედი, ისტორიულ იპოდრომს ისედაც ნახავთ, მათ შუაა.
გრანდ ბაზარი
ადგილები, რომლებიც ძალიან კარგია თუ მოინახულებთ :
გალათას კოშკი
ტაქსიმი
პრინცის კუნძულები
დოლმაბახჩე
სასტუმრო:
ჩემი გამოცდილება ასეთია, სასტუმრო უნდა აიღოთ სულთანახმედზე, ისე რომ აია სოფიასა და სულთანახმედს ფანჯრიდან ხედავდეთ, დილის " შვედური" საუზმე კი ვერანდაზე უნდა გქონდეთ, საიდანაც ფანტასტიკური ხედი გარანტირებული გექნებათ.
მგზავრობა
ტრამვაი იაფია და მოსახერხებელია,
ტაქსი ძვირია.
ტრამვაის პლიუსებში შემყავს ის, რაც ადრე პარიზის მეტროზე დავწერე - მასპინძელ ადამიანებთან საყოფაცხოვრებო სიტუაციაში ერთადყოფნის სიხარული.
ტაქსი ამას ვერ მოგცემს.
ტრამვაი ადამიანების გალერეაა.
სტამბულის ტრამვაის ვაგონში რწმუნდები, რომ ცივილიზაციათა, კონტინენტთა, კულტურათა და რელიგიათა გადაკვეთაზე იმყოფები. და ეს ძალიან საინტერესოა.
კვება
ერთხელაც (საღამოს, შეღამებულზე ჯობია) აუცილებლად უნდა მიაკითხოთ რესტორანს.
მე გირჩევთ მოძებნოთ რესტორანი ვერანდაზე, საიდანაც აია სოფია და სულთანახმედი კარგად ჩანს.
მე ესეთი რესტორანი საკმაოდ იაფი მეჩვენა რესტორნისთვის.
ჩვეულებრივი კვება კი დაიწყება შვედური საუზმით, რომლითაც დაუღალავად უნდა დაიტვირთოთ. ეს ძნელი არაა, როგორც წესი უველაფერი გემრიელია.
სადილი, ვახშამი, წახემსება წინასსარდაუგეგმავ ადგილებში მოგიწევთ, მაკდონალდსები და კინგბურგერები ხშირად შეგხვდებათ, ერთი ორჯერ შეიძლება ცდუნდეთ, იგივეა რაც ჩვენთან, მაგრამ მე გირჩევთ თუ ჩქარობთ დააფასოთ ცხვრის შაუდმა და დონერები, თუ დაჯდომის დრო გაქვთ ენდეთ უსახელო ( ჩვდნთვის უსახელო) კერძებს, რომელთა დიდი არჩევანიდან ( დიდ ჩამწკრევებულ ოთხკუთხა ქვაბებში) კომბინაციას შენ თვითონ ამოირჩევ.
სითხე მიიღეთ იმაზე მეტი, ვიდრე გწყურიათ, იყიდეთ სახლისთვის ( ნომრისთვის) 2-3 ლიტრიანი წყალი, წვენი და განზავებული სვით. ამით თქვენს ფეხებს მეტი ძალა მიეცემა ქალაქში
მოძრაობისას და თქვენც უფრო ხალისიანნი იქნებით.
ფრეში თუ სქვოში, შენს თვალწინ გამოწურული ბროწეულის ან ფორთოხლის წვენები უგემრეიელესია, შეიძლება ძვირი მოგეჩვენოს 5 ლირა ერთი ჭიქისათვის, მაგრამ თუ დააკვირდები რომ, ის ეფენდი ერთი ჭიქის ასავსებად 5 - 6 ულამაზეს სანატურმორტე ბროწეულს თხლიშავს, მიხვდები რომ ძვირი არ არის.
სიტყვები რომლებიც უნდა იცოდე:
თეშექულე მადლობა
ეფენდი ბატონო
თამამ დათანხმება, მოწონება
სალამ
იახში
არკადაშ მეგობარო
Posted by cartwheel at 4:04 PM 3 comments
Labels: თურქეთი, სასარგებლო
სტამბული++
ხორას მონასტერში უმშვენიერესი მოზაიკით შესრულებული ფრესკებია
ამ გაუქმებულ ეკლესიასა და დღევანდელ თურქულ მუზეუმს 10- მდე სხვადასხვა ეროვნების ჯგუფი ერთდროულად ათვალიერებს.
ზოგს ინდივიდუალუფი აუდიო გიდი აქვს, ზოგს ჯგუფური აუდიოგიდი, გიდის მონათხრობი ყურსაცვამებში ესმის ჯგუფის წევრებს, იშვიათად ჯგუფს გიდი ახლოს თავმოყრილს ატარებს და ჩურჩულით უყვება ისტორიას. მიუხედავად სიჩუმის დაცვის ამ მცდელობებისა, ტაძარში მაინც ინტენსიური შარიშურია, აღტაცებული შეძახილების მინარევით.
ეს მონოტონური, თითქმის რიტუალური ზუზუნი ერთმა გიდმა დაარღვია, ის ხმამაღლა, მკვეთრი არტიკულაციით, არა მარტო თავისი, არამედ ყველას გასაგონად უყვებოდა თავის ჯგუფს ტაძრისა და ცალკეული ფრესკების შესახებ.
ენა ძალიან მელოდიური იყო, წინადადებები თითქოს წამღერებებით თავდებოდა რითაც რელიგიურ- მისტიკურ ელფერს იძენდა.
არასვის მოსვლია აზრად ესაყვედურა ხმამაღალი გიდისთვის, ის ბერძენი იყო, ბერძნული ენა კი იმ ტაძარს ამშვენებდა.
ბერძნებს ეკუთვნოდათ ხმამაღალი სიტყვა და ბერძენი გიდი ამ მორალურ უფლებას "მუზეუმის" შინაგანაწესზე მაღლა აყენებდა. მის ხმაში იყო სიამაყეც, სინანულიც და აღტაცებაც.
ბერძნები, გადაულაპარაკებდნენ დამთვალიერებლები ერთმანეთს ინგლისურად, ჩინურად, იაპონურად, რუსულად, და კიდევ 4-5 ენაზე, და თავისი გიდის ნაცვლად იმ უცნობ ბგერებს უსმენდნენ. ბგერებს, რომელთა ექოს ამ ტაძრის კედლები არანაკლებ 10საუკუნე გამოსცემდნენ.
საბერძნეთი ჩემი სასურველი დანიშნულების ადგილების სამეულშია, მე იქ მინდა პატივი ვცე ანტიკური ხანის ადამიანს, რომელმაც პართენონი ააშენა, დემოკრატია სახელმწიფო წყობად ჩამოაყალიბა, ფილოსოფოსთა, ფიზიკოსთა და მათემატიკოსთა პროფესიები შექმნა, იყვირა ევრიკა, იმღერა ილიადა, გასცურა არგოთი, მოიპოვა ცეცხლი ოლიმპოდან, გაჰკვეთა გორდიას კვანძი, დაახრჩო ლაოკონი, დააკანონა 7 საოცრება, თქვა ფარით ან ფარზე, ჩავიდა ავღანეთამდე, კაცობრიობას გზა დაანახა.
სწორედ ასეთ საბერძნეთს ველი მე საბერძნეთში.
მაგრამ ხომ იყო კიდევ ერთი დიდი საბერძნეთი.
ქრისტიანული საბერძნეთი, მართლმადიდებლობის ბურჯი, ბიბლიის ენა, ქრისტიანული ეკლესიის უმთავრესი საყრდენი იტალიასთან ერთად.
რატომღაც საბერძნეთში ჩასვლისას ამ საბერძნეთის ნახვის მოლოდინი არ მაქვს.
არც მინდა ქიტონიან ტუნიკიანი ანტიკური ბერძნები შუასაუკუნეების ქრისტიანებთან ამერიოს.
თურქეთი საუკეთესო საშუალებაა პატივი სცე მართლმადიდებელ საბერძნეთს. თურქეთში ქრისტიანი საბერძნეთის უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ძეგლია, ვიდრე დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე. აია სოფია, ხორა და მათში ფრესკები მოზაიკით , კაპადოკიის და სუმელას მონასტრები სრულიად საკმარისია რომ დიდი ბერძენი ხალხის მიმართ უდიდესი პატივისცემა იგრძნო.
ბერძენთა კაცობრიობის მიმართ წვლილის სანახავად მხოლოდ საბერძნეთის მონახულება საკმარისი არ არის, ბერძენთა ისტორიის მეორე პიკი დღევანდელ თურქეთში სტამბოლშია, ქალაქში, რომლის დასახელებაში ისტორიული სახელი კონსტანტინოპოლიდან მხოლოდ " სტ"- ღა შემორჩა.
Posted by cartwheel at 3:54 PM 3 comments
Labels: თურქეთი
სტამბული+
ბოსფორის სრუტით შავი ზღვა, ჩვენი ზღვა მსოფლიო ოკეანეს უკავშირდება
უხსოვარ დროს შავი ზღვა ტბა იყო, მაგფამ შავი ტბა არ ერქვა, არც ტბა ერქვა და საერთოდ არც არაფერი ერქვა, იმიტომ რომ მაშინ ადამიანები ლაპარაკს ისისაა სწავლობდნენ და გეოგრაფიული პუნქტებისთვის სახელების დარქმევა ჯერ არ მოეფიქრებინათ.
მაშინდელი შავი ტბა მსოფლიო ოკეანეზე 100-ოდე მეტრით დაბლა ლივლივებდა. ბოსფორის ქედი ( თუმცა მაშინ მას ასე, ასე კი არა საერთოდაც არ ერქვა) მსოფლიო ოკეანისგან იცავდა.
მაგრამ, დასრულდა დიდი გამყინვარება, გადნა მსოფლიო ყინული და მსოფლიო ოკეანემ 10 მეტრით აიწია.
აი აქ კი ვეღარ დაგვიცვა "ბოსფორის ქედმა".
მსოფლიო ოკეანე გადაევლო ქედს და ზათქით ჩაეშვა შავ ტბაში.
წყლის დონეები ზღვასა და ოკეანეში გათანაბრდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც წყლის ქვეშ აღმოჩნდა შავი ტბის გარშემო არსებული უზარმაზარი ტერიტორიები მთელს პერიმეტრზე.
იქნებ ეს მოვლენა იყო ბიბლიური წარღვნა, ატლანტიდა, სოდომი და გომორი, რომელთაც სახელები პოსტფაქტუმ პოსტმორტუმ დაარქვს ადამიანებმა, შავი ზღვის ფსკერზე განოსვენებენ ალბათ.
მაგრამ, მაინც როგორი იყო შავი ტბისპირა ქვეყნის წარღვნა?
იყო ის ერთმაშად ცუნამის კედლის მსგავსი, გზად ყველაფრის გამნადგურებელი, თუ იყო დუნე და თანდათანობითი?
ალბათ მაინც მეორე ვარიანტია რეალისტური.
წყალი ამოდიოდა და ამოდიოდა, ახრჩობდა მცენარეებს და დევნიდა გაკვირვებულ ცხოველებს. დევნიდა მაგრამ ვერ ახრჩობდა, სიჩქარე არ ჰყოფნიდა.
სტამბულში ყოფნისას ბოსფორის ხიდი 2 ჯერ გადავიარე, პირველად ვერც შევნიშნე, ვყვინთავდი ავტობუსში.
მეორედ დიდი თვალებით.
მინდოდა ის დრო წარმომედგინა, როცა მსოფლიო ოკეანე ცივ ჩანჩქერად ეშვებოდა თბილ შავ ტბაში.
დღევანდელი სტამბული უზარმაზარია, ეს არქაული მეგაგეოგრაფიული ისტორია მას უხდება.
ამ ქალაქში გეოპოლიტიკური გარდაქმნა დატბორვა, ცუნამი და ტრანსფორმაცია კიდევ მოხდა რამდენჯერმე, ყველაზე მკვეთრი კი 1600 წელს, როცა მანამდე უკვე ბიზანტიის დამტბორავმა თურქებმა კონსტანტინოპოლი დაამხეს.
ეს ისტორია ყველა ადამიანში მოსწავლეობიდანვე გააჩენს ქსენოფობიას და არატოლერანტულობას, თუმცა ამ გრძნობებს პატრიოტიზმი და კონსოლიდირებულობა ერქმევა.
Posted by cartwheel at 3:23 PM 0 comments
Labels: თურქეთი
Sunday, June 26, 2011
ან მწვადი, ან შამფური.
ერთერთი უნდა გავწიროთ, ან მწვადი, ან შამფური.
ქართული ზეპირსიტყვაობის მიხედვით საუკეთესო ვარიანტში არც მწვადი უნდა დაგეწვას და არც შამფური.
ანუ მწვადიც გემრიელი უნდა გააკეთო და თხილის შამფურიც სამომავლოდ გამოსადეგი დაიტოვო.
კარგი სურვილია, და კარგი ანდაზაა, ზომიერებას, წინდახედულობასა და რაცiონალობას ასწავლის ხალხს.
მაგრამ რატომღაც, ყოველთვის ირონია ახლავს თან. მისი მთქმელი ადრესატს კი არ აქებს, აი რა ჭკვიანი ყოფილაო, არამედ ამხელს, არაგულწრფელად გამოძვრა სიტუაციიდან, პრობლემის გადაჭრას და მის თანმხლებ უხერხულობებს დაუძვრაო.
შამფური ღერძია, ისარია, იარაღია, ინსტრუმენტია, ის მიზანი არ არის, საშუალებაა.
მწვადი მიზანია, სასურველია, ნერწყვის მომდენია, ენერგიაა, სასარგებლოა.
მას შემდეგ, რაც მწვადი შემწვარია, შენ
წვადი გინდა და არა შამფური.
შამფური შეიძლება მომავალში გამოგადგეს, მაგრამ ახლა მთავარი პრეისტორუილი რიტუალი გაქვს შესასრულებელი, მომავალზე არ ფიქრობ.
და სწორადაც იქცევი, მომავლის მწვადაობისთვის სხვა შამფურებს გამოთლი, ეს შამფურები შეგიძლია ისტორიას ჩაააბარო.
მაგრამ სასურველია ძველი შამფურიც შეინარჩუნო, წინაპრებიც ხომ ასეთ რჩევას გაძლევენ.
შამფური წარსულია, რომელიც მომავალში გამოგადგება,
მწვადი აწმყო და მომავალია, მან ენერგია და პოზიტიური განწყობა უნდა მოგცეს შემდეგი საქმეების საკეთებლად.
და ახლა როგორღა მოვიქცეთ, აწმყოში, როცა მწვადს ვწვავთ?
რომელზე ვიზდუნოთ?
მწვადზე თუ შამფურზე?
სასარგებლო ენერგიაზე თუ ჰიპოთეტურად გამოსადეგ ინსტრუმენფზე?
მწვადი საქართველოა, მომავალია, რომელიც შრომით, განათლებით, პროფესიონალიზმით, ზრუნვით უნდა შეიქმნა
შამფური ყველაფერი ისაა, რასაც კრებითი სახელი ქართველობა ქვია.
არ დავწვათ მწვადი, შამფურის მოვლის დრო ისევ მწვადს დავუთმოთ. დაიწვას შამფური, თუკი ამას მწვადის შეწვა მოითხოვს.
ნუღა ვიქნებით გაორებულები ორ ცეცხლს შუა - მივხედოთ მწვადს, ხოლო შამფური თუკი შემოგვეწვა, ახალი გამოვთალოთ.
ავაშენოთ საქართველო, ხოლო ქართველობა ნებაზე მივუშვათ, გადარჩება ის რაც დღევანდელი ქართველობაა? გადარჩეს, მოკვდება?
ახალი ქართველობა გამოვთალოთ.
Posted by cartwheel at 9:52 PM 0 comments
Labels: საზოგადოება, ძირს პათეტიკა
Thursday, June 23, 2011
რაშია ერის ნათელი მომავალი?
ეკლესია მონასტრების მშენებლობაში!
გვასწავლის ტელევიზორი.
რატომაც არა. ქართველნო, ერთად ღვთისკენ! ეს გამოცდილი გზაა, საქართველოში განსაკუთრებით.
მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ბიბლიაში ერები, ქვეყნები, საზღვრები, სახელმწიფო იერარქიები ფაქტიურად იგნორირებული ჰყავს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უმნიშვნელოდ თვლის, ქართველებისთვის, საქართველოსთვის რელიგია სახელმწიფოებრიობის ღერძი იყო თითქმის 2 მილენიუმის განმავლობაში.
სახელმწიფო მოითხოვდა იერარქიას, სუბორდინაციას, თავგანწირვას, თვითიდენტიფიკაციას- მტრისგან განსხვავებულობას. ჩვენი რწმენა საუკეთესო ინსტრუმენტი იყო ერის სახელმწიფოს სამსახურში ჩასაყენებლად.
ქართულ სახელმწიფოს უჭირს, იმპერიის კოლონიობიდან პირდაპირ შეაბიჯა ღარიბ, ათგზის წაგებულ, ტერიტორიებ შემოჭმულ ქვეყნობაში.
ბოლო ოცი წელია საქართველოს ბედს მნიშვნელოვნად საზღვრავს ხალხის საქციელი, და ეს საქციელი ხშირად იმპულსური, აგზნებული, წინდაუხედავი და საბოლოო ანგარიშით მავნეა.
ერის ნათელი მომავალი ეკლესია მონასტრების შენებაშია.
იქნებ ხელისუფლებაც ხეირში დარჩეს და სახელმწიფოც?
ასე არ იყო საუკუნეები?
ახლა რა ჭირი გვეტაკა, იმდენ ეკლესია მონასტერს ვაშენებთ და ვამოქმედებთ, ჯორდანო ბრუნომდე რომ არ აშენებულა.
ნათელი მომავალი კი მაინც შორსაა, ერი კვლავ ბორგავს, ფორიაქობს და სპასტიურ პარეზიანივით* საკუთარ თავს ეჭიდავება.
*/სპასტიური პარეზი ეს ისეთი მდგომარეობაა, როცა ავადმყოფს კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთები ერთად, ერთდროულად აქვს დაჭიმული, და შედეგად მოძრაობებს ძნელად, შენელებულად, არაკოორდინირებულად აწარმოებს/.
ზუსტად ასე ვართ, გაორებულები და უსარგებლოდ, საზიანოდ დაჭიმულები.
იქნებ მართლაც ეკლესია მონასტრებშია ჩვენი ერის ნათელი მომავალი.
რელიგია, და ქრისტიანული რელიგია განსაკუთრებით, კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე პროგრესული და კონსტრუქციული ფაქტორი იყო. იქნებ სულაც ისაა განმსაზღვრელი დასავლური, ევროპული კულტურის წარმატებისა მსოფლიო მასშტაბით?
ქრისტიანულმა რელიგიამ სხვა რელიგირბთან შედარებით უკეთესი პირობა შექმნა მეცნიერების განვითარებისათვის, რამაც საბოლოოდ მოიტანა პროგრესი, სიმდიდრე, გამრავლება, კომფორტი, ძალა,გავლენა.
მეცნიერებამ არაერთხელ დააყენა რელიგია უხერხულ მდგომარეობაში, მაგრამ ღმერთის ადგილს მაინც ყოველთვის ტოვებდა.
21-ე საუკუნის დასაწყისში ცერნის ლაბორატორიაში ფიზიკოსებმა ღმერთის ადგილი აღარ დატოვეს, თუმცა ამას მერე იტყვიან, მას შემდეგ, რაც მათი კვლევის შედეგები სასკოლო სახელმძღვანელოებში მოხვდება. გვიან, მაგრამ აუცილებლად იტყვიან და სამყაროს წარსულს და მომავალს 3D-ში დაგვიხატავენ.
დაგვაჯერებენ.
ჩვენ მაშინ უარს ვიტყვით რელიგიაზე, მაგრამ ბოლშევიკური სსრკსგან განსხვავებით მადლობით გავისტუმრებთ სუბკულტურის ნაჭუჭში.
რელიგია თავის მეგა როლს კაცობრიობის ისტორიაში დაასრულებს და დასჯერდება უწყინარი პოზიტიური აუტოტრენინგის ნიშას.
ასე ცხოვრობს დღეს ჩეხეთი.
ქვეყანა ევროპის ცენტრში, რომელსაც დიდი ცდუნება ჰქონდა კომუნისტური ოკუპაციური ცენზურისგან განთავისუფლებულს შუასაუკუნოვანი რელიგიური მწვერვალები მოეძებნა ორიენტირებად, მაგრამ ასე არ მოიქცა.
დიდი ნაბიჯით გაუსწრო დროს და .. უშუალოდ მის კბილა სლოვაკეთს, სადაც რელიგიური სენტიმენტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
დღეს ჩეხეთი ერთადერთი პოსტსოციალისტური ქვეყანაა, რომლის მიერ ნაწარმოებმა ავტომობილმა დასავლელთა აღიარება დაიმსახურა.
და ამ ქვეყანაში ეკლესია უსუსტესია, თითქმის ისეთი, როგორიც იქნება მომავალ გაბრწყინებულ მსოფლიოში.
სუსტი ისეთი, როგორიც იქნება მომავალ გაბრწყინებულ საქართველოში, თუკი უწერია საქართველოს გაბრწყინება.
გაბრწყინებულ საქაეთველოში წინაპართა დიდი პატივისცემა ექნებათ.
წინაპართა და საქართველოს სიყვარულის სეანსებს ეკლესიათა მონახულებისას ან თუნდაც დანახვისას მიიღებენ.
ოღონდ მოუწევთ გაარჩიონ, ეს ეკლესია, რომელსაც ხედავენ, ხუროთმოძღვართა, კირითხუროთა, ქვისმთლელთა, კურტნის მუშათა ოფლითა და სისხლითაა აშენებული, თუ მე 20-ე საუკუნის ბოლოსა და 21-ეს დასაწყისში ბეტონის პომპებით ჩამოსხმული.
ერის ნათელი მომავლის ერთერთი ბურჯი წინაპართა, წინაპართა შრომის, ბრძოლისა და კულტურის პატივისცემა იქნება.
კიდევ ორი, იქნებ სამი ბურჯი დასჭირდება ერის ნათელ მომავალს, სხვანაირად წაიქცევა.
რა ერქმევათ მათ, ერის ნათელი მომავლის დანარჩენ ბურჯებს?
Posted by cartwheel at 9:16 AM 0 comments
Labels: მე ათეისტი, საზოგადოება
დუელი 080808
ქართველების 1 მილიონს, რომელთა თვალწინაც ხდებოდა 080808 ომისათვის მზადება 07-ში სჯერა, რომ ომი ქართველებმა დავიწყეთ
რუსების 2 მილიონს, რომელთა თვალწინაც ხდებოდა ომისთვის მზადება 04-05-06-07 სჯერა, რომ ომი რუსებმა დაიწყეს
1 მლნ ქართველმა შეძლო დანარჩენი 3,5 მლნ ქართველების დარწმუნება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ
2 მლნ რუსს არც უცდია დანარჩენი 148 მლნ რუსის დარწმუნება ომი ჩვენი დაწყებულიაო, თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც:
ლარიონოვი, პანფილოვი, რიჟა გოგო
არიან უსახელოებიც, რომელთაც, მას შემდეგ რაც თავისი თვალით ნანახი მოყვნენ, ეშინიათ თავის სამშობლოში გიჟად და უცხოპლანეტელთა მოკავშირედ არ შერაცხონ.
ერთი ასეთი სტუმრად გვყავდა 18-19 მაისს, ზუსტად მიტინგებამდე.
სამხედრო ექიმი იყო მოსკოვის ჰოსპიტალიდან.
ლექციას ისე ტყვიამფრქვევივით კითხულობდა, ბრეჟნევისდროინდელი ვრემია გამახსენა და ეჭვი გამიჩნდა, ექიმი- პროფესორი ექიმ პროფესორად, მაგრამ გულში ალბათ რა ბაჯაღლო კაგებეშნიკური ზრახვები უდევს მეთქი.
შევმცდარვარ.
მცხეთა, შარდენი, მთაწმინდა, სამება და... ქალი ( ქალ ექიმ-პროფესორზე ვყვები) დადნა, კურიერს ეუხერხულება ისეთი რამეები თქვა თავისი ნაფიქრი:
ომი ჩვენ ( რუსებმა ) დავიწყეთ, მე 08080-მდე მინვოდში ვისვენებდი და ომამდე ჩემს თვალწინ ჩაიარა საზღვრისკენ მიმავალმა ტანკების უზარმაზარმა კოლონებმაო. როცა ამას ჩემებს ვუყვები, გიჟად მთვლიანო.
ჩვენს ( რუსეთის) ხელისუფლებას აწყობს თქვენთან ომი და საზღვრების დაკეტვა, იმიტომ რომ რუსებმა ( ხალხმა) რომ დაინახონ ის თუ როგორ ლამაზ ქვეყანას აშენებთ თქვენ, საკუთარ მთავრობას შეუტევენ, ჩვენთან ხომ არაფერი ( კარგი) ხდებაო.
და, რატომ ქვია ამ წერილს დუელი, ვინ მიხვდება?
აქ მოყვანილი ფაქტებიდან- სიმპტომებიდან, რომელი ფარული დუელის გამოაშკარავება შეგვიძლია?
დუელის საქართველოს მთავრობასა და რუსულ მასმედიას შორის? არა, ფართოდ იფიქრე.
დუელის რუსულ დერჟიმორდულ მენტალიტეტსა და რუსულ საქართველოსმოყვარულ მენტალიტეტებს შორის? არა, ფართოდ იფიქრე.
გეტყვით.
დუელი საქართველოსა და რუსეთს შორის.
080808 ომი იყო დანიშნული დუელის აღსრულება.
მას შემდეგ, რაც რუსეთი დარწმუნდა, რომ საქართველოს სამშვიდობო პრპექტები სულ უფრო პოპულარული ხდებოდა არა მარტო ევროპაში არამედ თვითონ სამხრეთ ოსეთშიც, რუსეთმა დაუნიშნა დუელი საქართველოს. დუელის შინაარსი იყო:
ჩემი ჯარი ჩადგება შენს მიწაზე სამხრეთ ოსეთის საზღვარზე და შენ იქ ფეხს არ დაგადგმევინებ.
და ეს მოხდება ახლა, უკვე მოვდივარ და შენ ვერაფერს გააწყობ ჩემს წინაშე.
საქართველოს შეეძლო არ მიეღო დუელი და არ დახვედროდა რუსეთს დე იურე ტერიტორიაზე, დარჩენილიყო დე ფაქტო საზღვრებში, და მერე ეწუწუნა, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება არის ამადაამ პაქტების დარღვევა. და ამ წუწუნს, დამიბრუნეთ მიწა, რომელზეც მე უკვე ოცი წელია ფეხი არ დამიდგამსო, ქნებოდა ძალიან უძლური მოთხოვნა, ცვედანი მოთხოვნა. რომლის მსგავს " დაძაბულობებს" ალბათ ყველა ქვეყნისა თავის თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მსოფლიო, გაერო, საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს მიჩქმალოს, გააცივოს, დე ფაქტო და არა ისტორიულ საზღვრებს დაუმორჩილოს.
საქართველომ დუელი მიიღო. ეს მოხდა 080808 მდე რამდენიმე დღით ადრე. მაშინ როდესაც ჩემი სტუმარი პროფესორის თვალწინ ტანკების უსასრულო კოლონა მირიხინებდა საქართველოს საზღვრისკენ.
ჩვენ დუელში დაგვამარცხეს.
გადავრჩით მხოლოდ იმიტომ, რომ მძიმედ დაჯრილი და განიარაღებული ეგონათ მოგვკლეს.
ალბათ " მუდრიი გრუზინსკი ნაროდ"-ის ეიმედებოდათ, რომელიც თავის " დურაცკოე პრავიწელსტვო"-ს მოიცილებდა და ციხეებში გაუშვებდა, მათ გასაკეთებელს აუსრულებდნენ, მაგრამ ვერ გათვალეს.
გრუზინსკი ნაროდი იმაზე წესიერი აღმოჩნდა ვიდრე ელოდნენ.
Posted by cartwheel at 12:14 AM 3 comments
Labels: რუსეთი
Wednesday, June 22, 2011
მოაწონე თავი რუსს!
+ 1 ახალი ლოზუნგი საქართველოსთვის
მოაწონე თავი რუსს!
რუსები თვლიან, რომ მოხარშულს გვიცნობენ.
იმ პორტრეტს, რომელიც გვაზდიკების გამყიდველ ულვაშა მიმინოს, გულში კარგ ადამიანს ზედ დაეხატა ბოლო 20 წელია, დღეს უარესი იერი აქვს ვიდრე სსრკს დროს.
ჩავთვალოთ, რომ შემფასებელია კარგი რუსი ადამიანი და არა დერჟიმორდა
ჩავთვალოთ რომ კარგი რუსი ადამიანები რუსეთში უმრავლესობას წარმოადგენენ
თქვენ მეტყვით, რომ როგორ უნდა ჩავთვალოთ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა კარგ ხალხად და არადერჟიმორდად, თუკი საქართველოს დაპყრობისას წითელ მოედანზე მხოლოდ 7 კაცი გავიდა ომის წინააღმდეგ საპროტესტოდ.
მე გეტყვით, მივცეთ მათ ერთი შანსი.
ეგ შანსი მათ დაიმსახურეს:
მათ დაამარცხეს ნაპოლეონის იმპერია და გაათავისუფლეს ევროპა
მათ დაამარცხეს ფაშიზმი და იხსნეს მსოფლიო
მათში იდეალიზმი იმდენად დიდია, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველად დააარსეს ადამიანის მოფიქრებული უტოპიური სოციალური წყობა კომუნიზმი, და გაავრცელეს დედამიწის ნახევარზე.
მათ ინგლისელთა და სხვა დიდ ევროპელ ერთა მსგავსად საკუთარი იმპერია უსისხლოდ დათმეს , გამოვიდნენ ავღანეთიდან
მათ როგორც ერს, ჰყავთ ყველაზე მეტი ნობელის პრემიანტი, ოლიმპიური მედალოსანი,
არიან ბალეტის მშობლები და კლასიკური მუსიკის მწვერვალების ავტორები,
მათ მუზეუმში, ერმიტაჟში კაცობრიობის ისტორიული შემოქმედების მეოთხედია თავმოყრილი
მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში იუნესკომ მათი 23 ძეგლი შეიყვანა.
მათი ექსტერიერი იმდენად კეთილადგანმაწყობელია, რომ ჩემს მიწაზე ავტომატიან მტერთანაც, დაპყრობიდან 2 წლის მერე, დალაპარაკება მინდება და არა მოკვლა.
მათ მიაღწიეს პიროვნებებად აღქმას მესამედი მსოფლიოს თვალში: ერთი ჩვეულებრივი რუსი თუნდაც ჯარისკაცი, მათთვის კალაშნიკოვის ავტომატიანი მკვლელი კი არ არის, არამედ ლეონოვია, კურავლიოვია, დასაევია, აგუტინია, შევჩუკია, ვარუმია, გურჩენკოა, შარაპოვაა ან მისი ბიძაშვილია.
გლობალური მასშტაბით ამ ქვეშეცნეულ სიმპატიაში მხოლოდ ამერიკას ჩამორჩებიან.
დაიმსახურეს რუსებმა, რომ თავი მოვაწონოთ.
ოღონდ რითი, ამით შემდეგ ვიმსჯელოთ.
Posted by cartwheel at 6:50 PM 0 comments
Labels: რუსეთი, საზოგადოება
მისი უდიდებულესობა ბრბო
ხალხი იყოფა ბრბოდ, საკუთრივ ხალხად, საზოგადოებად და ელიტად .
ხალხი ამავე დროს იყოფა ოპოზიციურ და პროსახელისუფლებო ხალხად.
ანუ ხალხი იყოფა:
ერთ მხრივ:
ოპოზიციური ხალხი
ოპოზიციური ბრბო
ოპოზიციური საზოგადოება
ოპოზიციური ელიტა
მეორე მხრივ
პროსახელისუფლებო ხალხი
პროსახელისუფლებო ბრბო
პროსახელისუფლებო საზოგადოება
პროსახელისუფლებო ელიტა
ანუ მარტივად რომ გავყოთ, ოპოზიციაში არიან კარგი და არცთუ კარგი ადამიანები. ამჯერად მე ოპოზიციონერ არცთუ კარგ ადამიანებზე ვისაუბრებ.
ოპოზიციონერ კარგ ადამიანებს სხვა წერილს დავუთმობ.
2011 წლის მაისში გავეცანით ოპოზიციურ ბრბოს.
არ ვიცი, გაიზიარებთ თუ არა ჩემს ოპტიმიზმს, მე(მეც) ვთვლი რომ მაისის შემდეგ ბრბოზე გათვლილი პოლიტიკის დრო დასრულდა. მაგრამ ბრბო არსად წასულა, ის ჩვენშია მინიმუმ 1 საათით დღეში.
ამიტომ გადავწყვიტე მისი უდიდებულესობა ბრბო დავინახო. დაიმსახურეს.
2007 ნოემბრის კრუნჩხვებიდან, 2008 იანვრის არჩევნებიდან და თბილისის წაგებიდან ახალდაძვრენილმა ხელისუფლებამ რამდენჯერმე უწოდა ხალხს მისი უდიდესებულობა.
"ჩვენ გავიგეთ მისი უდიდებულესობა ხალხის სათქმელი და ამიერიდან მის მოთხოვნას დავემორჩილებით"-ო.
და მართლაც, შეწყვიტეს გარაჟების და მიშენებების ნგრევა,
სუსიც აღარ დაუძრავთ, აუკრძალეს პოლიციას მძღოლთა დაჯარიმება,
მიაშავეს არტისტებს "კუთვნილი" ბინები,
მიაკუთვნეს აკადემიკოსებს მაღალი ხელფასი,
დაიყარეს ნაცარი საპატრიარქოს წინაშე,
დააზღვიეს მილიონამდე ადამიანი.
მისი უდიდებულესობა ხალხი მოლბა და შემდეგ არჩევნებზე ხელისუფლებისადმი მეტი ლმობიერება გამოიჩინა.
მაგრამ საქართველოში ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, ყველა მეტ ნაკლებად დიდ სოციუმში ხომ ბრბოცაა.
ანუ რან ჟირებაში:
ერის სინდისი,
ინტელიგენცია საზოგადოება
ფეისები
მასმედია
ხალხი და
ბრბო,
სწორედ ეს უკანასკნელი - ბრბოა ყველაზე აგრესიული, ზოგ ქვეყანაში კი უმრავლესობას წარმოადგენს.
TV- თი ჩანს რომ ყველაზე აგრესიული პროტესტანტები პოლიტიკოსები არიან, არადა ის პოლიტიკოსებიც ბრბოს ზრახვებს ითვალისწინებენ და ბრბოს უგორებენ კამათელს, ბრბოს აგრესია იმდენად ენერგიული და ტირაჟირებულია, რომ მის მოთხოვნებსა და დასკვნებს მასმედიაც ხალხის ღაღადად მიიჩნევს.
ერთერთი ასეთი თეზაა ძმები გაჩეჩილაძეების ლაჩრობა, რომელიც მათ გამოიჩინეს მაშინ , როდესაც სტადიონზე შეკრებილი ხალხით სამთავრობო შენობები არ დაიკავეს.
ბრბო უფრო რადიკალურია ვიდრე პოლიტიკოსები და საქმე სულაც არ არის იმაში, დაიჭერს თუ არა პლასმასის მილჩამოცმულ არმატურას ერთერთი ბრბოელი თუ არა.
აგრესიის ხარისხი შეიძლება ბრბოს 90%_ მა არანარი პოლიტიკური ნაბიჯით გამოხატოს, არამედ მუდმივად წამლოს თავისი გარემო და გარშემომყოფი პუბლიკა ამ მთავრობის გინებით და საკუთარი უსამართლოდ დაჩაგრულობის წუწუნით.
ერთი ესეთი ბრბოელი საკმარისია რათა მინიმუმ 10 ადამიანს ხელები ჩამოაშვებინოს და ყურები ჩამოაყრევინოს.
დღეს 2011-ის მაისისა და შერონ სტოუნის ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება თითქოს კვლავ სტაბილური, ორ ფეხზე მდგარი გვეჩვენება,
მაგრამ ბრბო არსად წასულა, ის მხოლოდ ახალ დასტვენას ელოდება,
აგერ სიმპტომები იმისა, რომ ბრბო აქვეა:
"კვირის პალიტრის" ერთ გამოკითხვაში ყველაზე კარგ რადიოსადგურად 68% ასახელებს რადიო " არ დაიდარდოს" კვირის პალიტრის შემდეგ გამოკითხვაში ყველაზე პროფესიონალი ჟურნალისტი, დიდი უპირატესობით ლიდერობს ნანა ლეჟავა.
ხელისუფლება მოეფერა ხალხს, როდის მოეფერება ბრბოს?
ბრბო დიდი ძალაა, ქვეყნის სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბრბო კმაყოფილი იყოს.
მოდით მოვეფეროთ ბრბოს ისევე როგორც მოვეფერეთ ხალხს (გარაჟები, ლოჯები,"რაც შენია შენია", რბილი პატრული, დაზღვევა სოციალურად დაუცველებს, ბინები არტისტებს, მაღალი ხელფასები აკადემიკოსებს..).
მოვეფეროთ,მაგრამ ჯერ შევიტყოთ რა სურს მის უდიდესებულობა ბრბოს.
კერძოდ და კონკრეტულად, რა სურდათ 2011 მაისის აქციებზე გამოსულ ადამიანებს, რა უნდოდათ მის ყველაზე ენერგიულ და თავდადებულ არსებებს, რატომ შეუშვირეს თავები დუბინკებს მაშინ, როდესაც შეეძლოთ გაცლოდნენ.
გამოვრიცხოთ, რომ ოცი ლარი ან რუსეთის შემოსვლა.
მოდი შევეცადოთ:
-საქართველო ქართველებს!
-არაქართველები მოჯდნენ თავის ადგილზე!
-საქართველო მართლმადიდებლებს!
-არამართლმადიდებლები ხმას ნუ იღებენ!
-სააართველო გამარჯვებული ტრადიციების განუხრელი დამცველი უნდა იყოს, ძირს ყველანაირი მორალური გადაცდენა!
-სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი ჩემი ოჯახი უნდა იყოს!
-ფანფარონული ძვირიანი ღონისძიებები და ფასად შადრევნებზე ფულის ყრა ჩემი ოჯახისთვის წართმეული ფულია,
-ნუ ააშენებენ სკვერებს, ნუ დადგავენ შადრევნებს, ნუ მოიწვევენ ოპერა- შმოპერის მომღერლებს, ეგ ფული მე მომცენ.
-ნუ დახარჯავენ ფულს ჯარისთვის, აღლუმსაც ნუ ჩაატერებენ, რუსებს ომს მაინც ვერ მოვუგებთ.
-ნუ დაფრინავს პრეზიდენტი, ნუ ხარჯავს საწვავს, იმგზავროს ტრანსპორტით, რა, ჩემზე მაგარი ხომ არ გონია თავი.
-გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომ რუსებმა გვაქონ, ჩემთვის დედამიწის 90% რუსეთია და ძალიან ვწუხვარ მთელი მსოფლიო რომ ცუდად მიმიჩნევს.
განა ძნელია ბრბოს მოთხოვნების გათვალისწინება?
საჭიროა მხოლოდ რამდენიმე ახალი ლოზუნგი:
"რუსეთო, რაც შენია, შენია"
" ქართველო, ერთ კანონდარღვევას რომელშიც გამოგიჭერ, გპატიობ"
" მართლმადიდებელუ ქართველები ამ ქვეყანაში მთავარი ადამიანები ვართ,
ჯერ ჩვენ, მერე სხვას"
"ხალხი, როგორც კლიენტი ყოველთვის მართალია"
" პრეზიდენტს უყვარხართ უმრავლესობა და მოგაცილებთ უმცირესობას"
"ჩვენ ყველას გვიყვარს საბჭოთა წარსული"
რა, ძნელია?
Posted by cartwheel at 6:49 PM 2 comments
Labels: ოპოზიცია, საზოგადოება
Monday, June 20, 2011
პროფესია სპეცრაზმელი
ისევე როგორც მობილური , თანამგზავრი, ნათურა , ფოტოაპარატი და მეტრო ჩვენ არ გამოგვიგონია მაგრამ ვსარგეობთ, ასევე არ გამოგვიგონია პროფესიები, მაგრამ ვსარგებლობთ.
ბუნდოვნად ვიცით, თუ ვის რა მოვალეობა აქვს და პროფესიის არჩევაში ყველაზე ხშირად შეჩვეულ ჭირს ვამჯობინებთ - მშობლების ან ახლო ნათესავთა პროფესიას ვირჩევთ
მარკშეიდერის ფუნქცია შეიძლება ჩემსავით ბევშვმა პირველად "ცისფერი მთებიდან" შეიტყო, მაგრამ არ გვეპატიება ბევრი საჭირო პროფესიის ფუნქციის არცოდნა.
ძალიან ზერელე წარმოდგენა გვაქვს ძალიან ბევრი პროფესიის შესახებ.
ვიცით ბაღისა, სკოლის მასწავლებელისა და დირექტორის ფუნქციები, დანარჩენზე რა მოგახსენოთ. ვიცით დედისა და მამის პროფესიული მოვალეობები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
ყველა პფოფესიას თავისი სირთულე აქვს.
სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს გული მისდით ქირურგის, გინეკოლოგის, რეანიმატოლოგის, ტრავმატოლოგის საქმიანობის ნახვისას.
მაგრამ შინაარსში გარკვევის შემდეგ თვითონვე ირჩევენ ამ პროფესიებს.
ყველა სტუდენტისთვის საშინელი დასანახია კანის გაკვეთა, მოტეხილი კიდურის რეპოზიცია, ინტუბაცია და ლავიწქვეშა ვენის კათეტერიზება.
ყველა ექიმი ამაყია, თუკი ეს მანიპულაციები კარგად გააკეთა.
როგორ შეიძლება იამაყო იმით, რაც საშინელი დასანახია?
ალბათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გეცოდინება ამ პროცედურების მნიშვნელობა და შესაძლო გართულებები ცუდად გაკეთების შემთხვევაში.
თუკი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს მისდით გული ექიმის საქმიანობის დანახვისას, რა გასაკვირია, რომ გაუთვითცნობიერებულ ნეიტრალურ მოქალაქეს მძაფრი ნეგატივიზმი გამოუვლინდეს ამ სამედიცინო მანიპულაციების, ჯარისკაცის მიერ მტრის მოკვლის, პოლიციელის მიერ დამნაშავის დაჭერის, სპეცნაზელის მიერ აჯანყებულთა დარბევის და დამორჩილების ხილვისას.
მაგრამ სტუდენტი ღებულობს პასუხისმგებლობას და ივიწყებს გარეგნულ ფორმას, ის მზად ხდება კანის გაკვეთისთვის, ძვლების გადალაგებისათვის, სახმო იოგებს შორის მილის ჩაცურებისათვის, ლავიწიდან ტრაქეამდე ხმალივით ნემსის შერჭობისთვის და ხდება ექიმი.
ღმერთმა ნუ ქნას, რომ ყვდლა სტუდენტი პირველი ვიზუალური შთაბეჭდილების ქვეშ დარჩეს. ვინღა გადაარჩენს მერე ავადმყოფებს?
ხალხი (ადამიანთა ერთობლიობა) რომელიც ჯარისკაცის საქმეს - მკვლელობას და სპეცნაზელის საქმეს - დაჩაგვრას, ცემას ვერ შეხედავს ჯარისკაცისა და სპეცნაზელის პასუხისმგებლობით, ვერ შექმნის ერს.
მე მგონი, რომ მწარე გაკვეთილებით ჩვენ მაინც მივდივართ უკეთესი საზოგადოებისა და უკეთესი ერისაკენ.
საშინელი სანახაობა- შეიარაღებული უმრავლესობის მიერ მსუბუქად შეიარაღებული უმცირესობის დაჩაგვრა, ცემა, ხელებშებორკვა და ნაწვიმარ ქვაფენილზე დაგდება, არ იქნა ხალხის მიერ განხილული, როგორც საშინელი უსამართლობა და ძალმომრეობა.
მოსახლეობამ სპეცნაზელთა (მთავრობის) პასუხისმგებლობის გაზიარების შედეგად, შეძლო სპეცნაზელთა საქმისათვის შეეხედათ როგორც აუცილებელ სასარგებლო საქმეს, რომლის გაუკეთებლობა ქვეყანას მოკლავს, ისევე როგორც ოპერაციის გაუკეთებლობა პაციენტს.
საზოგადოების განვითარებაში შემდეგი ნაბიჯი იქნება პროკურორის პასუხისმგებლობის გაზიარება
ვნახოთ, თუ მოვესწარით.
აი კიდევ პროფესიები, რომელთა საქმიანობის შეფასებასაც მათი პასუხისმგებლობის ნაწილის აღებით შევძლებთ ჩვენი საზოგადოების განვითარების პარალელურად:
ექიმი, პოლიციელი, მასწავლებელი, პოლოტიკოსი და .. პრეზიდენტი.
Posted by cartwheel at 7:42 PM 0 comments
Labels: პროკურორი, საზოგადოება
Sunday, June 19, 2011
წინ აისბერგია!!!
ანძაზე მყოფმა მორიგე მეზღვაურმა ღამის ბინდბუნდში გემის კურსისი წინ გაარჩია აისბერგის საშიში სილუეტი.
ელდა!
უსწრაფესი რეაქცია - მისი ხმა კატეგორიული უნდა იყოს, წამის დაყოვნება დაუშვებელია, შტურვალი ამავე წამს უნდა ამოძრავდეს მაქსიმალურად დიდი ბრუნით მარცხნივ!
ეჭვი არავის უნდა შეეპაროს ინფორმაციის სერიოზულობაში, აღარ უნდა ჩაეკითხნონ, წამის მეასედიც მნიშვნელოვანია. აისბერგი წინაა, "ტიტანიკი" პირველივე რეისში კატასროფაში ხვდება.
"წინ აისბერგია!!
სრული სვლით მარცხნივ!!!
სრული სვლით უკან!!!"
ბრძანებები დაუყივნებლივ სრულდება.
ქალაქი სახელად ტიტანიკი რეაგირებს, მგზავრები უჩვეულო მანევრს გრძნობენ, ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვან მზერებს სტყორჩნიან " თქვენც შეამჩნიეთ? ეს ნორმალურია?"
და...
შეჯახება
ოღონდ მადლობა ღმერთს, მხოლოდ გვერდითი შემხები და არა პირდაპირი.
წარმატება.
და ..
გრძელი, ხანგრძლივი ხრაჭუნ-კრაჭუნი პირდაპირი შეჯახება აცილებულია, ტიტანიკი აისბერგს გვერდიდან შეეჯახა და ინერციით გაეხახუნა კიდევ 60 მეტრის სიგრძეზე.
და შვება..
აისბერგი უკან დარჩა, გემი ძველ მშვიდ ლივლივს აგრძელებს, გადავრჩით.
თუმცა, სანერვიულო ისედაც არაფერი იყო, ტიტანიკი ხომ ისეა აგებული, რომ მისი 3 სექტორის წყლით სრულად გავსების შემთხვევაშიც კი გემი ცურვას განაგრძობს და არ ჩაიძირება.
მაგრამ
აისბერგმა ნაკაწრი 3-ზე მეტ სექტორს დაუტოვა.
პირდაპირი შეჯახების შემთხვევაში მხოლოდ ერთი სექტორი დაზიანდებოდა, მაქსიმუმ ორი.
გემი გადარჩებოდა, 2000 ადამიანს შვილიშვილთათვის მოსაყოლი ექნებოდათ თავისი ლეგენდარული რეისის შთაბეჭდილებები. მაგრამ არა, მორიგე მეზღვაური ანძაზე ფხიზელი იყო, გემის გუნდი ტრენირებული, მექანიზმები დამჯერე და .. გემმა მოხვევა მოასწრო. დაზიანებები 3 სექტორზე მეტზე გავრცელდა წყლით სავსე 5-მა სექტორმა გემი ქალაქი სახელად "ტიტანიკი" ჩაძირა.
რა არის წარმატება?
Posted by cartwheel at 11:18 AM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
Thursday, June 16, 2011
რაც შენია, შენია!
ეს ქართული ფენომენია, ის ისეთი ძვირფასია, იმდენად საკრალურია, იმდანად ხელშეუხებელია, რომ შეგვიძლია მის დასაცავად ხელისუფლება ავაყირავოთ.
ვაშა შენებას!ვაშა შენებას!ვაშა შენებას!
Posted by cartwheel at 1:48 PM 0 comments
Wednesday, June 15, 2011
წინდახედული ერი
ჩვენ ვართ ბრძენი, ისტორიის ქარცეცხლებში გამობრძმედილი, ამაყი, არტისტული, განათლებული, კულტურული თანაც წინდახედული ერი, .
ზუსტად ასე, წინდახედული.
წინ გვაქვს დახედული, აი, წინ გახედვაზე ვერ ვქაჩავთ, მხოლოდ ძირს ვიხედებით, ძაღლის ქაქში არ გვინდა ფეხის ჩადგმა, არც დაბრეცილი ასფალტი წაგვაქცევს, წინ ხომ გვაქვს დახედილი.
ოდესმე იქნებ წინაც გავიხედოთ, ცოტა უფრო შორს, ცოტა უფრო წინ.
მაგალითად, 10 წლით.
წინ და(გა?)ხედული ერი
Posted by cartwheel at 1:14 PM 0 comments
Labels: ვინიგრეტი, ძირს პათეტიკა
Friday, June 3, 2011
ხელმოცარული?
უჯარმა დაინგრა, ჩვენ მისგან ხეირი არ მოგვყვა,
არტანუჯი დაინგრა და ახლა თურქებს აქვთ,
მამიკონიანთან ერთობლივი ომი სპარსების წინააღმდეგ წავაგეთ,
თბილისი, ვახტანგ გორგასლის კიდევ ერთი საეჭვო პროექტი, წარმატებული აღმოჩნდა. აშენდა.
ოღონდ აშენდა ვახტანგ გორგასლის სიკვდილის შემდეგ, დაჩიმ ააშენა.
ვახტანგ გორგასალი იმქვეყნად ხელმოცარული წავიდა, ხოსროიდების წინაპარ სპარსთაგან დაწყევლილი, თავისივე ქვეშევრდომის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი.
იმ დროს ვიღაცეები ჭაპანს წევდნენ და ყელყელაობდნენ და არ იცოდნენ, რომ მათი შთამომავლები 4 საუკუნის შემდეგ ამ ქვეყნის სამეფო ტახტს ჩაიბარებდნენ. თანაც 9 საუკუნით და დედამიწაზე ერთერთი ხანგრძლივი და სახელოვანი დინასტიის ისტორიას დატოვებდნენ.
მანამდე კი ყველაზე ცნობილი ხოსროიდები გავიხსენოთ:
მირიანი - საქართველოს გამქრისტიანებელი
ვახტანგი - თბილისის დამაარსებელი და
არჩილი - წნინდანად შერაცხული. მან ქრისტიანობა არ დათმო და მუსულმანი არ გახდა არაბთა ბატონობის დროს, რისთვისაც სიკვდილით იქნა დასჯილი.
მათი სისხლი დღეს ჩვენ უცნობ და უსახელო თანამემამულეებში ტრიალებს, მაგრამ ალბათ არც იციან ვისი შთამომავალნი არიან.
Posted by cartwheel at 2:45 PM 2 comments
Labels: ადამიანები, ვინიგრეტი
Thursday, June 2, 2011
დაიწონა- აიწონა
ამ მთავრობამ დაგვინგრია- აგვიშენა
დაგვინგრია:
ანდროპოვის ყურები
რესტორნები რიყეზე
პოსეიდონი
სახლი ათონელზე
ბათუმის მედეა
ბათუმის კოლხეთი
ბათუმის დაუმთავრებელი ბიზნეს რკალი
იმ ადგილებზე ააშენა:
გამოდის რომ სადაც მეტი დაანგრია, იქ მეტი ააშენა.
ხშირად გვესმის ამ მთავრობამ დაგვინგრია განათლების დისტემა, ჯანდაცვა,
რას აგიშენებს ჯერ კიდევ ნათელი არაა, იქნებ სწორედ ზემოთმოყვანილი პრინციპით აგვიშენოს ერთიც და მეორეც.
რაღაც ეტაპზე ამ ხელისუფლების ხელში დაშლილი იყო პოლიცია და საბაჟო. პერსონალი დათხოვნილი იყო და ანარქიამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი.
დღეს პოლიცია და საბაჟო აშენებულია.
კიდევ ერთი, რაც ამ მთავრობის მიერ დანგრეულთა ნუსხაშია შეტანილი, ეს ქართული ტრადიციული მეობა, მენტალიტეტი და კაცობაა.
თუმცა ტყუილად. ამ კატეგორიებს ჯერჯერობით ხელისუფლებამ ძვრა ვერ უყო.
მაგრამ რქებით კი ჰყავს დათრეული. უფრო ზუსტად გეტყვით, რქებით კიარა, ღვედით ჰყავს მიბმული ავტომობილის წინა სავარძლებზე. და წვეთწვეთ, ღვედის საკეტის ყველა გაჩხაკუნებით მასობრივად და გულცივად კლავს ჩვენში იმ ნეტარხსენებულ ქართველს.
დაიწონა-აიწონა გრძელდება:
აიღო სტალინი
დადგა მედეა
გადაიტანა აღმაშენებელი
გამოიტანა ოკუპაციის მუზეუმი
გაყიდა ქართული სახლი არბატზე
დადგა რუსთაველი რომში
გაამაგრებს ტაოკლარჯეთის ძეგლებს
ააშენებინებს მეჩეთს სამხრეთ საქართველოში
ჩამოიყვანა იგლისურის ამერიკელი მასწავლებლები
ჩამოიყვანს ბურებს
ჩაასხა ბადაგონი ტრაპში
აღკვეთა ღვინის ფალსიფიკაცია
დააკნინა ინტელიგენტთა ზეპური წრე
მიაკუთვნა აკადემიკოსებს მაღალი ხელფასი
ხელგაშლილად აფინანსებს პოპს და პიარს
(იხდის მილიონებს)
ძუნწად უმატებს პენსიასა და შემწეობებს
(ზოგავს ასეულ მილიონებს)
ყველგან და ყველაფერში შეყო ცხვირი
დაიკიდა საკუთარი მომხრე და ნეიტრალური მოსახლეობა, როდესაც ისინი 2008 წლის მომიტინგეების მიერ არაერთხელ იქნენ შეურაცხყოფილი, ნაცემი ან შეზღუდულნი.
to be continued...
Posted by cartwheel at 3:22 PM 3 comments
Labels: ვინიგრეტი, საზოგადოება, ხალხი