Sunday, October 31, 2010

კოშმარები





ყველა ეს სიტუაცია სიკვდილით დამთავრდა. 

მართალია მათი არც სახელები იცით და არც პირადად იცნობდით (იმედია), მაგრამ დამიჯერეთ თითოეულის სიკვდილთან ერთად ერთი ინდივიდუალური სამყარო, სამყარო ქვესკნელიდან კოსმოსამდე, ტალახიდან ინტერნეტამდე, გარმონიდან ორღანამდე, ტკივილიდან სიცილამდე, პენჯაბიდან ლასვეგასამდე მოკვდა. 

-ბებიას რომ გამოჰყავდა რეანიმაციიდან მორჩენილი ახალშობილი და პარმაღზე რომ წაიქცა ბავშვით ხელში.

-ბავშვი თავის ნათლობაში უკანუკან რომ წავიდა რათა წინ გამოქცეულიყო და ჩაკუზულ ხელებგაშლილ მამას ჩახუტებოდა, როცა უკან ხინკლის ქვაბი თუხთუხებდა. 

-ბავშვმა ეზოში თავდახურულ სარეცხის სახარშ ქვაბზე რომ მოინდომა ჩამოჯდომა. 

-მამამ შვილი მანქანიდან სიგარეტის საყიდლად რომ გადაუშვა, მაღაზია კი გზის გადაღმა იყო. 

-ექსკურსიის ავტობუსიდან გადმოსულმა გოგონამ  გზის გადარბენა რომ დაიწყო

-დედა ანთებულ ნავთის ლამპაში ნავთს რომ ასხამდა, ცეცხლი მოედო და გაქნეული ლამპა შვილს რომ გადაასხა

-ბავშვმა პირველად რომ მოინდომა ჭიქის მოწევა და ჩაი რომ გადაიღვარა

-ახალიწლის ღამეს დედის მეგობარმა ქალმა გოგო საჭესთან კალთაში რომ ჩაისვა

-ბავშვებმა ფეხბურთი რომ მოიგეს და მამებმა ბავშვებიანად ქალაქგარეთ რომ იქეიფეს

-დედა ვედროში წყალს რომ აცხელებდა სპირალით და ბავშვს რომ გაღვიძებოდა და პირდაპირ სააბაზანოში რომ შესულა

-ვიღაცეების ყაჩაღური გარჩევების დროს ტყვია მოზარდს კისერში რომ მოხვდა და ტეტრაპლეგია

-საკუთრმა ერთი თვის ეზოში ჩაკეტილმა ლეკვმა რომ უკბინა

-თურქეთში ვირის მუშად რომ იყო წასული და იქიდან შიდსით რომ დაბრუნდა

-პულსი რომ გაუქრა და ჯერ კიდევ თქმას რომ ცდილობდა გულის ტამპონადით

-კარატეს შეჯიბრზე ბიჭს საბუთები რომ გაუყალბეს მშობლებმა და უფროს ასაკში რომ გაიყვანეს. 

-ბეემვეს სიჩქარის  პირველ დატესტვაზე ძმაკაცი რომ ჩაისვა.

-რეანიმაციაში ექთანმა შეცდომით კალიუმი რომ გადაუსხა

-სახლში შემორბენილმა ბიჭუნამ ლიმონათის ბოთლი რომ მოიყუდა კაუსტიკური სოდით

-დენი რომ წავიდა და ხელოვნჯრი სუნთქვის აპარატი რომ გამოირთო

-რესტორნიდან გამოსული ტაქსს რომ აჩერებდა და ყველამ რომ დაინახა როგორ..

-ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დიდ ეკრანზე ყურებისას მოედანზე ბიჭი გრანიტის მოაჯირზე რომ დადგა

-ბიჭი სპილენძის მოსაპარად დენის ბუტკაში რომ შეძვრა

-დეიდა პლაჟზე კარტს რომ თამაშობდა და დისშვილი რომ ტალღებში წაექცა

-ბებო სოფელში ოჯახის თონეში პურს რომ აცხობდა

-ცურვის უცოდინარ ცოლქმარს თავისი მანქანით 7 ბავშვი რომ ჰყავდათ ჩამოყვანილი ურეკში  მანქანის გაბერილი კამერებით საბანაოდ.  6 გადარჩა.
 



ყველა ეს შემთხვევა ადამიანის სიკვდილით დამთავრდა .
ეს კოშმარები ჩემს საექიმო ბიოგრაფიაში ძალიან ახლო დისტანციაზე მოხდა, უმეტესობის შემსწრე თვითონ ვარ.
მათ უმეტესობას "ლხინი ჭირად ექცათ", დაისაჯნენ იმიტომ, რომ სიხარულით გათამემებულებმა დაივიწყეს რომ სიკვდილი ყოველთვის ახლოსაა და ხვეწნა არ ჭირდება.
მათი ლხინი 3 საათს უნდა გაგრძელებულიყო, ჭირი კი სამუდამო დაუდგათ.


ამ კოშმარებს თქვენ წინაშე ვდებ, როგორც აღსარებას და ვითვალისწინებ, რომ მომავალში ამ საიტზე შემოხედვისას შეიძლება უსიამოვნო ეჭვი დაგეუფლოთ, ისევ ხომ არ შევეყრები კოშმარებსო.

არა.

აღარ ვაპირებ, მოვრჩი.
პირიქით.

ჩემი შემდეგი პოსტი სასწაულებრივი გადარჩენების ჩამონაათვალი იქნება.

ასეა, რეანიმატოლოგები როგორც საშინელი ტრაგედიების, ასევე იღბლიანი გადარჩენების თვითმხილველები ვართ,და შესაბამისად ძალიან მორწმუნეები ან ძალიან ურწმუნოები.
    

3 comments:

მიშო said...

თვითონ უკვე სტუდენტი,მეგობრებთან ერთად ბირთვისებში ასული,კლდის თავზე ავიდა( მხოლოდ იქ იჭერდა ტელეფონი) თანაკლასელებისთვის უნარებში მაღალი ქულების მიღება რომ მიელოცა......:{

piccolina said...

ყველა ასეთი ამბის გაგება ისე მტკივა...
ალბათ ამიტომაც არ გამოვედი ექიმი

Unknown said...

და მერე მაინც უკვირთ ექიმები ასეთი ცივები და შეუტოკებლები რომ ვართ, არადა მთელი ჩვენი ემოციები ასეთ ფაქტეზე და მოვლენებზე იხარჯება.... ეხლა მოვხვდი თქვენს ბლოგზე, საშინლად ჩამითრია, მომეწონა..თან ჯერ სტუდენტი ვარ, ემერჯენსში ეხლაღა დავიწყე სიარული და წამადგა ბევრი ფაქტი, დავიჭირე ჩემს სასარგებლოდ. მეც რომ გავითვალისწინო... :)